შპს „სმარტნეტის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 02, 2021 18:44
მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2021
შპს „სმარტნეტის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სმარტნეტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-7/4928,08.11.2021) ავტორიზაციის გავლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სმარტნეტის“ ავტორიზაციის დეკლარაცია არ იყო სრულყოფილად წარმოდგენილი, კერძოდ, არასწორად იყო შევსებული საწარმოს რეგისტრაციის პარამეტრებში საიდენტიფიკაციო კოდის ველი, არ იყო შევსებული დამფუძნებლის ველი. ავტორიზაციის განცხადების თანდართულ დოკუმენტებში ავტორიზებადი საქმიანობის კატეგორიებში გაუგებარი იყო, თუ რა ტიპის/ტექნოლოგიით საქმიანობაზე სურდა კომპანიას ავტორიზაციის გავლა. არ იყო წარმოდგენილი კომპანიის წესდება.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თუ დეკლარაციის თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის 5-დღიან ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის 2021 წლის 11 ნოემბრის Nგ-21-22/612 გადაწყვეტილებით შპს „სმარტნეტს“ განესაზღვრა 5 დღე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადების №შ-21-7/4928, 08.11.2021) და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით. შპს „სმარტნეტს“ კომისიის გადაწყვეტილება გაეგზავნა 2021 წლის 17 ნოემბერს ელექტრონულ მისამართზე, კომპანიას ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს შპს „სმარტნეტის” (ს/კ400292606) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-7/4928, 08.11.2021);
2. განემარტოს შპს „სმარტნეტს“, რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „სმარტნეტისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „სმარტნეტისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს „სმარტნეტისთვის“ ჩაბარებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტის) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
