სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 19, 2021 20:44
მიღების თარიღი ივნისი 10, 2021
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ (რეგისტრირებულია საგადასახადო ინსპექციის მიერ 1995 წლის 18 აპრილს; ს.კ. №204858163) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-21-7/2184, 19.05.21) და მოითხოვა კომისიის 2011 წლის 17 ივნისის № 276/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული 2 რადიოსარელეო სიხშირის განმეორებით 5 წლის ვადით მინიჭება. სიხშირეები გათვალისწინებულია ქ.თბილისის ფარგლებში, სატელევიზიო ჩართვების განსახორციელებლად მობილური რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კომისია მაუწყებელს რადიოსიხშირებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ანიჭებს მაუწყებლობის განხორციელების ვადით. მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი) რადიოსიხშირული სპექტრის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურს.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „საზოგადოებრივ მაუწყებელს და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება ენიჭება უფასოდ, კომისიის გადაწყვეტილებით.“
კომისია აღნიშნავს, კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის რომ 2021 წლის 31 მაისის N 21-10-957 სამსახურებრივი ბარათის თანახმად სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შესაძლებელია მიენიჭოს რადიოსიხშირეები სამსახურებრივი ბარათში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 10 ივნისის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური, დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭება 5 წლის ვადით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ 71 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლება N F 2562 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 7983.5 მჰც ± 14 მჰც და 8011.75 მჰც ± 14 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 28 მჰც), ქ.თბილისის ფარგლებში მობილური რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 5 წლით ვადით (17.06.2026);
2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;
3.საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
4. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);
5. დაევალოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი) სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი, მეორე და მეექვსე პუნქტების შესრულებაზე დაევალოს აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტისა) დაევალოს აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
