წვდომის მენიუ

სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ შოთა შოთაძის საჩივრის განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-21-13 / 350

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 19, 2021 20:56

მიღების თარიღი ივნისი 10, 2021

 სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ შოთა შოთაძის საჩივრის განხილვის თაობაზე 

I. საქმის აღწერა 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ შოთა შოთაძემ კომისიას სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ საჩივრით (შ-21-9/1743, 16.04.2021) მიმართა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სს ,,სილქნეტი“ არღვევს ,,ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ (შემდგომში - რეგლამენტი) 24-ე მუხლს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, გაფრთხილებით განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ, დააჯარიმოს მომხმარებელი სააბონენტო გადასახდელის ან/და წუთობრივი მომსახურების საფასურის გადაუხდელობისათვის ან/და განვადების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს გადასახდელი    საფასურის    ოდენობის    20%-ს.    საჩივარში    მითითებულია,    რომ    სს ,,სილქნეტის“ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდების სტანდარტული სააბონენტო ხელშეკრულების (ფიზიკური პირი აბონენტებისთვის) (შემდგომში - ხელშეკრულება) 7.1.4. პუნქტის შესაბამისად, აბონენტი ვალდებულია მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მიღებული მომსახურება და არ დაუშვას კომპანიისაგან მიღებული მომსახურების შემდგომი გადაყიდვა პირდაპირი ან ირიბი ფორმით (მაგალითად, აბონენტების აყვანა ან სხვ.)/ან ნებისმიერი სხვა ფორმით გადაცემა მესამე პირზე; აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართზე განთავსებული უძრავი ნივთი გაქირავებულია და გამქირავებელს დამქირავებლისთვის გადაცემული აქვს მომსახურების მიღების უფლება); ამ პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია დააკისროს აბონენტს ჯარიმა, კომპანიისგან მიღებული მომსახურების შემდგომი გადაყიდვის შემთხვევაში - 20000, ხოლო შემდგომი გადაცემის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით და მოითხოვოს კომპანიისთვის მიყენებული ზიანის/ზარალის ანაზღაურება. მომჩივანი აღნიშნავს, რომ რეგლამენტით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეუძლია მომსახურების მიმწოდებელს მომხმარებლის დაჯარიმება და ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა. შესაბამისად, ხელშეკრულების 7.1.4 პუნქტი არღვევს რეგლამენტის 24-ე მუხლს და ხელშეკრულების 1.11. და 7.1.4. პუნქტები კაბალურია. მომჩივანი განმარტავს, რომ სს ,,სილქნეტის“  აბონენტების  უმრავლესობა  იძულებულია  დაარღვიოს ხელშეკრულების 7.1.4 პუნქტი მესამე პირისთვის გადაცემის ნაწილში, ვინაიდან, კაბალური ხელშეკრულებით მხოლოდ აბონენტს აქვს უფლება გამოიყენოს ინტერნეტი და ყველა სხვა პირი, მათ შორის ოჯახის წევრები/სტუმრები, წარმოადგენენ მესამე პირებს და შეუძლებელია და უსამართლობაა ინტერნეტის მესამე პირისთვის გადაცემის შეზღუდვა.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რეგლამენტი, ასევე სხვა კანონები არ უკრძალავენ მომხმარებლებს მესამე პირისთვის ინტერნეტის გადაცემას/გამოყენებას. კანონი მხოლოდ ავტორიზაციის გარეშე საქმიანობას კრძალავს და მხოლოდ კომისიაა ვალდებული კანონის დარღვევაზე რეაგირება მოახდინოს და დააჯარიმოს კანონდამრღვევი. მომჩივანი აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი და კომუნიკაციების კომისია ვალდებულია მომხმარებლები დაიცვას მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებული კომპანიების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან და კაბალური ხელშეკრულებისაგან და ითხოვს საჩივრის განხილვას ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63- ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით საჯარო ადმინისტრაციული წესით და სს ,,სილქნეტის“ ხელშეკრულების უკანონო და კაბალური მუხლების გაუქმებას.

სს ,,სილქნეტი“ 2021 წლის 28 აპრილის წერილობით ახსნა-განმარტებაში სააბონენტო ხელშეკრულების N2 დანართის 7.1.4. ქვეპუნქტთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ აღნიშნული  ქვეპუნქტის  მიზნობრიობასა  და  კანონმდებლობასთან  შესაბამისობაზე  სს „სილქნეტს“ არაერთხელ  აქვს მიცემული როგორც ზეპირი, ისე წერილობითი განმარტებები როგორც კომისიაში გამართულ სხდომებზე, ისე კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვისაც. შოთა შოთაძის 2019 წლის ივლისის განცხადების საფუძველზე, სს „სილქნეტის“ სააბონენტო ხელშეკრულების 7.1.4. ქვეპუნქტის განმარტების საკითხთან დაკავშირებით საქმე წარმოებაში იყო მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში. აღნიშნული წარმოების ფარგლებში, მოქალაქე შოთაძეს სხვა სახის პრეტენზია მოცემულ პირობასთან დაკავშირებით არ დაუფიქსირებია და არც კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მხრიდან მომხდარა სს „სილქნეტისთვის“ რაიმე სახის დამატებითი მითითების ან რეკომენდაციის გაცემა კომპანიისთვის.

კომისიის 2021 წლის 29 აპრილის სხდომაზე, სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელმა კ. ყურაშვილმა სააბონენტო ხელშეკრულების 7.1.4. ქვეპუნქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ აღნიშნული ქვეპუნქტი ეხება ორ შემთხვევას, როდესაც ბოლო მომხმარებელი პრაქტიკულად ეწევა ავტორიზებულ საქმიანობას.  კერძოდ, მის მიერ მიღებული მომსახურების გადაყიდვას ან ამ მომსახურების მეზობლებში გავრცელებას, რითაც პრაქტიკულად იგივე შედეგი დგება კომპანიისთვის.  საკუთარი მოხმარება იმას ნიშნავს, რომ ბოლო მომხმარებელმა და მისმა ოჯახმა და ამ ოჯახში მყოფმა პირებმა უნდა ისარგებლონ სერვისით. კონტრაქტში არსად წერია, რომ ოჯახის წევრებმა არ გამოიყენონ კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებული ინტერნეტი და გამოიყენოს მხოლოდ სააბონენტო ხელშეკრულებაზე ხელმომწერმა პირმა.   სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თუ ნორმა კიდევ უფრო მეტი სიცხადის შეტანას საჭიროებს, კომპანია მზად არის კიდევ ერთხელ იმსჯელოს ამაზე საზოგადოებრივი დამცველის სამსახურთან და კიდევ უფრო დააზუსტოს ნორმის შინაარსი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2021 წლის 20 მაისის N გ-21-23/290 გადაწყვეტილებით დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ შ. შოთაძის საჩივრის განხილვის მიზნით, ხოლო საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2021 წლის 3 ივნისს, 15:00 საათზე.

2021 წლის 3 ივნისს, სს ,,სილქნეტმა“ კომისიაში წარმოადგინა წერილობითი ახსნა- განმარტება (შ-21-6/2440, 3.06.2021), სადაც აღნიშნავს, რომ სააბონენტო ხელშეკრულების 7.1.4. ქვეპუნქტის მიზნობრიობასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე სს „სილქნეტს“ არაერთხელ აქვს მოცემული როგორც ზეპირი, ისე წერილობითი განმარტებები, როგორც კომისიაში, სილქნეტსა და მის აბონენტს შორის დავის განხილვისთვის გამართულ სხდომებზე, ისე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის.  შოთა  შოთაძის  2019  წლის  ივლისის  განცხადების საფუძველზე,  სს „სილქნეტის“ სააბონენტო ხელშეკრულების 7.1.4. ქვეპუნქტის განმარტების საკითხთან დაკავშირებით საქმე წარმოებაში იყო მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში, რომლის ფარგლებშიც, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს არ მოუცია სს „სილქნეტისთვის“ რაიმე სახის დამატებითი მითითებები ან რეკომენდაციები სააბონენტო ხელშეკრულების 7.1.4. ქვეპუნქტის უკანონობის ან/და მისი რედაქციული დაზუსტების საჭიროების შესახებ. განმცხადებელი შოთაძე სადაოდ ხდის აღნიშნული სააბონენტო პირობის თავსებადობას რეგლამენტის 24-ე მუხლის მოთხოვნებთან, კერძოდ, 7.1.4. ქვეპუნქტით განსაზღვრული ჯარიმის (20 000 ლარი) რეგლამენტის 24-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის მაქსიმალურ ოდენობასთან შეუსაბამობაზე. სს ,,სილქნეტი“ განმარტავს, რომ სააბონენტო ხელშეკრულების 7.1.4. ქვეპუნქტით განსაზღვრული ჯარიმა წარმოადგენს არა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების საფასურის გადაუხდელობისთვის დაწესებულ ჯარიმას, რომელიც რეგლამენტის 24-ე მუხლის თანახმად, არ უნდა აღემატებოდეს მომსახურებისთვის გადასახდელი საფასურის 20%-ს, არამედ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების ზემოაღნიშნული (არასწორი) გადაცემით წარმოქმნილი რისკების პრევენციისა და კომპანიისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსაციას საშუალებას, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტებისთვის განმტკიცებულია სამოქალაქო კანონმდებლობით. შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის მხრიდან ჯარიმის, როგორც უზრუნველყოფის საშუალების გამოყენება არ ეწინააღმდეგება რეგლამენეტის 24-ე მუხლით განსაზღვრულ შეზღუდვას, ხოლო მისი ოდენობა, ისე უნდა იყოს დადგენილი, რომ ჯარიმამ შეასრულოს უზრუნველყოფის ეფექტური ღონისძიების როლი, მოახდინოს დარღვევის პრევენცია, დამდგარი ზიანის მთლიანად ან ნაწილობრივ ანაზღაურება. სს ,,სილქნეტი“ აღნიშნავს, რომ 7.1.4. ქვეპუნქტის ჩანაწერი ჯარიმაზე ატარებს სახელშეკრულებო პირობის დარღვევის პრევენციულად დაზღვევის შინაარსს, კერძოდ, გამიზნულია იმაზე, რომ აბონენტის მიერ არ მოხდეს ინტერნეტ მომსახურების გადაცემა უცხო პირებზე მისამართის გარეთ, სარგებლით ან სარგებლის მიღების გარეშე, რაც თავის მხრივ წარმოადგენს არა მხოლოდ ინტერნეტ მომსახურების გაწევას ავტორიზაციის გარეშე, არამედ ავტორიზებულ პირს აყენებს მნიშვნელოვან ზიანს (მიუღებელი შემოსავალი პოტენციური აბონენტებისაგან) და არაჯანსაღ კონკურენტულ გარემოს უქმნის კონკრეტულ ლოკაციაზე. სს ,,სილქნეტი“ განმარტავს, რომ აღნიშნული ჩანაწერი არ ითვალისწინებს ინტერნეტ მომსახურებით სარგებლობის შეზღუდვას ოჯახის წევრებთან ან კონკრეტულ მისამართზე (ბინაში) მყოფ პირებთან მიმართებით. ასევე აღნიშნავს, რომ „კაბალური ხელშეკრულების“ როგორც სამართლებრივი ინსტიტუტის ცნებას საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს. საქართველოს კანონმდებლობა იცნობს საცილოდ, უცილოდ და მერყევად ბათილ გარიგებებს. იმისათვის, რომ გარიგება ასეთებად შეფასდეს ადგილი უნდა ჰქონდეს სამოქალაქო  კოდექსის  შესაბამისი  მუხლებით  განსაზღვრულ  გარემოებებს, რაც  გარდა იმისა, რომ მეტად რთული ნორმაშეფარდებითი საქმიანობაა, ამავდროულად განეკუთვნება სამოქალაქო სასამართლოს და არა კომუნიკაციების კომისიის შეფასების საგანს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით „სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს შორის, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის“. ამდენად, სს ,,სილქნეტს“ მიაჩნია, რომ ხელშეკრულების ესა თუ ის პუნქტი ეწინააღმდეგება თუ არა კანონმდებლობის რომელიმე ნორმას, ამ საკითხზე პასუხის გაცემისათვის უფლებამოსილი ერთადერთი უწყება სამოქალაქო სასამართლოა, რომელსაც სხვა უწყებებთან შედარებით გააჩნია გამომრიცხველი იურისდიქცია სამოქალაქო გარიგებების სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით. მაგალითად, თავის 2019 წლის 23 იანვრის #ას-975-2018 გაჩინების 24-ე აბზაცში საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება მისი მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ დომინირებული მდგომარეობის გამოყენებით, კაბალური პირობებით გააფორმა მოპასუხესთან იპოთეკის ხელშეკრულებები“. იმავე სასამართლომ 2018 წლის 23 მარტის # ას-272-272-2018 განჩინებაში განმარტა, რომ „საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორების მითითება, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება მათ მიმართ იყო კაბალური და არღვევდა სსკ-ის 625-ე მუხლის მესამე ნაწილსა და 868-ე მუხლის მოთხოვნებს“. სს ,,სილქნეტი“ განმარტავს, რომ სააბონენტო ხელშეკრულების აღნიშნული პირობა, გარდა ზემოაღნიშნულისა, ვერ ჩაითვლება კანონსაწინააღმდეგოდ (ე.წ. კაბალურად) რადგან: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლის თანახმად, იმისთვის რომ ხელშეკრულების სტანდარტული პირობა ბათილად იქნეს ცნობილი, იგი უნდა ეწინააღმდეგებოდეს ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს და საზიანო იყოს მეორე მხარისთვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამ პირობების ხელშეკრულებაში შეტანის გარემოებები და მხარეთა ორმხრივი ინტერესებიც. სახეზე არ გვაქვს არც ე.წ. „უფლებათა ასიმეტრია“ (რაც ასევე წარმოადგენს სტანდარტული პირობის ბათილობის ერთ-ერთ საფუძველს), რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთი ჩანაწერით არ ხდება მხარეთა უფლებების არათანაბარი გადანაწილება. სააბონენტო ხელშეკრულების შესრულების/აღსრულების უზრუნველყოფის მექანიზმი - ჯარიმა, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების კანონიერი მექანიზმია და დარღვევის საპირწონედ და პრევენციისათვის არის გათვალისწინებული და ის არ მოქმედებს იმ მიზნით, რომ არ დადგეს ხელშეკრულების პირობის დარღვევის ფაქტი. მეტიც, აბონენტის უკანონო ქმედებით ოპერატორ კომპანიას შესაძლოა დადგენილი ჯარიმის ოდენობაზე ბევრად მეტი ზარალიც მიადგეს, ხოლო აბონენტის მხრიდან ასეთი გადაყიდვა-გადაცემის დაშვება- არდაშვება თავად მის ნებელობით აქტზეა დამოკიდებული და ვერ ჩაითვლება სააბონენტო ურთიერთობებში მისი რაიმე სახით უკანონოდ მბოჭავ ვალდებულებად, რაც აბონენტს ხელს შეუშლიდა ინტერნეტ მომსახურების ჯეროვნად და სათანადო ხარისხით მიღება- სარგებლობაში. სს ,,სილქნეტი“ განმარტავს, რომ მომხმარებლებს მიუხედავად იმისა, რომ სს „სილქნეტი“ წარმოადგენს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორ კომპანიას, იგი არ არის ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელი (მათ შორის მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე) ერთადერთი კომპანია ქართულ ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე და შესაბამისად, მომხმარებელი არ და ვერც იქნება შეზღუდული ინტერნეტ მომსახურების სხვა ოპერატორებისგან მიღების მხრივ. შესაბამისად, სს „სილქნეტის“ აღნიშნული პირობა ვერ იქნება კაბალური და პოტენციურ მომხმარებელთა „გამოუვალი მდგომარეობის“ გამო აბონენტებზე იძულებით თავსმოხვეული, და ასეთი მიზანი კომპანიას არც ჰქონია ამ ჩანაწერის ხელშეკრულებაში ასახვისას. სს ,,სილქნეტი“ განმარტავს, რომ რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ლ) ქვეპუნქტის თანახმად, ბოლო მომხმარებელმა (აბონენტმა), რომელიც საკუთარი მოხმარებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება, მიზნად არ უნდა დაისახოს მისი შემდგომი მიყიდვა სხვა მომხმარებელზე. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისთვის, კანონმდებლობით დადგენილია აღნიშნული საქმიანობის სავალდებულო წესით ავტორიზაცია; შესაბამისად, ცალკეული აბონენტების (ბოლო მომხმარებლების) მხრიდან ინტერნეტ მომსახურების გადაყიდვა/გადაცემისას ხდება მათი ასეთი ქმედების გადაზრდა არაავტორიზებულ საქმიანობაში, რისთვისაც გათვალისწინებულია   შესაბამისი ადმინისტრაციული     პასუხისმგებლობა,     თუმცა ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრება, ცხადია ვერ აკომპენსირებს ოპერატორისათვის ასეთი უკანონო ქმედებით მიყენებულ ზიანს/ზარალს. სს ,,სილქნეტი“ განმარტავს, რომ მომსახურების გადაყიდვასთან ერთად სააბონენტო ხელშეკრულების მოცემულ პირობაში გათვალისწინებულ იქნა   მესამე   პირებზე   გადაცემაც,   ვინაიდან,   როდესაც   ხდება ავტორიზებული   საქმიანობის   არაავტორიზებულ   და   სააბონენტო   ხელშეკრულების პირობების დარღვევით      განხორციელება,  მაგალითად,  მომსახურების      ბოლო მომხმარებლის მიერ გადაყიდვა, ცხადია, ასეთ დროს გადაყიდვის ფაქტის დამდგენი დოკუმენტაცია როგორც წესი არ იქმნება (გადახდის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ დგება). შესაბამისად, რთულია გადაყიდვის ფაქტის დადგენა, როდესაც აბონენტი, მის სადარბაზოში ან გვერდზე კორპუსში ან სადარბაზოში მცხოვრებ პირებს უფლებას აძლევს, ისარგებლოს მის ინდივიდუალურ სარგებლობაში არსებული ინტერნეტ მომსახურებით/პაკეტით.       შესაბამისად,  ყველა       ზემოაღნიშნულ       შემთხვევაში, მომსახურების როგორც   სასყიდლიანი,   ისე   უსასყიდლო   გადაცემა   ერთგვაროვნად აზარალებს ოპერატორ კომპანიებს, რადგან ინტერნეტ მომსახურების ასეთი სასყიდლიანი ან უსასყიდლოდ გადაცემა/ გაზიარება რეალურად იწვევს ოპერატორი კომპანიის პოტენციური აბონენტების რაოდენობის    შემცირებას.    ყოველივე    აღნიშნულიდანა გამომდინარე, სს    სილქნეტს“    მიაჩნია,   რომ    შოთა    შოთაძის    საჩივრი    არ    უნდა დაკმაყოფილდეს: სააბონენტო ხელშეკრულების 7.1.4. ქვეპუნქტი არ ეწინააღმდეგება რეგლამენტსა და მის 24-ე მუხლს; ზემოაღნიშნული პუნქტი არ არის კანონსაწინააღმდეგო (ე.წ. კაბალური), ვინაიდან იგი არ ეწინააღმდეგება ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს და ვერ იქნება საზიანო მეორე მხარისთვის, არაკეთილსინდისიერად, სახელშეკრულებო პირობების დარღვევის გარეშე. გარდა ამისა, სახეზე არ გვაქვს არც ე.წ. „უფლებათა ასიმეტრია“, რადგან მოქმედებს მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, ხოლო დარღვევის (გადაყიდვა/გადაცემა) დაშვება-არდაშვება თავად მხარის ნებელობით აქტზეა დამოკიდებული. შესაბამისად, უზრუნველყოფის ფორმად ჯარიმის გათვალისწინება ხელშეკრულებაში, ვერ ჩაითვლება სააბონენტო ურთიერთობებში, აბონენტის რაიმე სახით უკანონოდ მბოჭავ ვალდებულებად, რაც აბონენტს ხელს შეუშლიდა ინტერნეტ მომსახურების ჯეროვნად და სათანადო ხარისხით მიღება-სარგებლობაში. შესაბამისად, არ არსებობს, სააბონენტი ხელშეკრულების 7.1.4. ქვეპუნქტის ბათილობის საფუძვლები. სს ,,სილქნეტი“ აცხადებს, რომ თუ სააბონენტო ხელშეკრულების 7.1.4. ქვეპუნქტი საჭიროებს რედაქციულ ან/და შინაარსობრივ დაზუსტებას, რათა ის აბონენტისათვის უფრო მარტივად გასაგები/აღსაქმელი იყოს, კომისიასთან მოქმედ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურთან ერთად და მისი რეკომენდაციებით, ის მზად არის გადახედოს ქვეპუნქტის რედაქციას.

კომისიის 2021 წლის 3 ივნისის სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა კ. ყურაშვილმა აღნიშნა, რომ კომპანია წლების განმავლობაში მუშაობდა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურთან და ხელშეკრულების ეს ნორმა რამდენჯერმე  დაკორექტირდა.    კერძოდ,  მასში    კონკრეტული    სერვისების    ბინის დამქირავებლების  მიერ  გამოყენების  შესაძლებლობა აისახა.  ხელშეკრულება  ოჯახის წევრებს,    სტუმრებს,    მოიჯარეებს,    მოქირავნეებს არ გულისხმობს.    სააბონენტო ხელშეკრულებაში აღნიშნული ნორმა  გამოყენებულია,  როგორც სააბონენტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალება, რათა არ მოხდეს კომპანიის მიერ ბოლო მომხმარებლისთვის მიწოდებული სერვისების გადაყიდვა ან სხვა ფორმით გადაცემა სხვა პირებისათვის. აქ იგულისხმება ისეთი გადაცემა, როდესაც პრაქტიკულად ხორციელდება     ავტორიზებული    საქმიანობა,    რა    დროსაც    პირი მომსახურებას გადასცემს უცხო პირებს, რომლებში არ იგულისხმებიან ოჯახის წევრები, სტუმრები, კონკრეტულ მისამართზე მყოფი ნებისმიერი სხვა პირი, მეზობელი, მეგობარი, მოქირავნე, არამედ იგულისხმება სადარბაზოს, მეზობელი სადარბაზოს, სხვა კორპუსი და ა.შ.      როდესაც,   როგორც   წესი,   არ   დგება   საგადახდო   დოკუმენტაცია.   თუ   პირი არაავტორიზებად საქმიანობას ახორციელებს, გადაყიდვას ეწევა, ძალიან რთულია ასაბუთოს   კომპანიამ,   რომ   ბოლო   მომხმარებელმა   გადაყიდა   სერვისი.   ამიტომაც, ხელშეკრულებაში    გამოყენებულია    ტერმინები    -    გადაყიდვა,    გადაცემა    და    ამის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულია ჯარიმა, როგორც პრევენციული ზომა. სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ რეგლამენტის 24-ე მუხლი ეხება საგადახდო ვალდებულების, სააბონენტოს, წუთობრივის, დარიცხული თანხების გადაუხდელობის შემთხვევებს და ამ ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ითვალისწინებს ჯარიმებს, რომელიც გადასახდელი თანხის 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს. სს „სილქნეტის“ სააბონენტო ხელშეკრულებაში ეს ზუსტად ასეა ასახული. ხოლო რაც შეეხება მეორე ჯარიმას, ეს არ არის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული ჯარიმა. ეს არის საკმაოდ ნორმალური და არაკაბალური ფორმა სააბონენტო ხელშეკრულებისთვის, რაც გამოიყენება ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, მთავარია ის იყოს დარღვევის თანაზომიერი. სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენლის განმარტებით, რეგლამენტმაც გაითვალისწინა, რომ შეიძლება არსებობდეს ჯარიმა, რომელიც არ უნდა იყოს გადასახდელი საფასურის 20%-ზე მეტი. რეგლამენტს ეს რომც არ გაეთვალისწინებინა, ვერავინ დაასაბუთებს, რომ მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჯარიმა როგორც უზრუნველყოფის საშუალება, წარმოადგენს კაბალურ პირობას. ტერმინს „კაბალური“ არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, მაგრამ სტანდარტული ხელშეკრულების პირობების ბათილად ცნობის საფუძვლებს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლი, რომლის თანახმად, იმისთვის რომ ხელშეკრულების სტანდარტული პირობა ბათილად იქნეს ცნობილი, იგი უნდა ეწინააღმდეგებოდეს ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს და საზიანო იყოს მეორე მხარისთვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამ პირობების ხელშეკრულებაში შეტანის    გარემოებები    და    მხარეთა    ორმხრივი ინტერესებიც. სახეზე არ გვაქვს არც ე.წ. „უფლებათა ასიმეტრია“ (რაც ასევე წარმოადგენს სტანდარტული პირობის ბათილობის ერთ- ერთ საფუძველს), რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთი ჩანაწერით არ ხდება მხარეთა უფლებების არათანაბარი გადანაწილება. სააბონენტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არის თანაბრად გადანაწილებული, არ არის ასიმეტრიული.    სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენლის განმარტებით, ჯარიმა არის სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების კანონიერი მექანიზმი და დარღვევის საპირწონედ და პრევენციისთვის არის გათვალისწინებული და ის არ მოქმედებს იმ მიზნით, რომ არ დადგეს ხელშეკრულების პირობის დარღვევის ფაქტი. ეს ვერ შეუშლის ხელს აბონენტს, რომ მან ინტერნეტ მომსახურება ჯეროვნად ან სათანადო ხარისხით მიიღოს სახელშეკრულებო ვალდებულებების და უფლებების სამართლიანად გადანაწილების პირობებში, ერთი გამონაკლისის გარდა - თუ მომხმარებელმა მიზნად დაისახა დაარღვიოს სახელშეკრულებო პირობა და არადანიშნულებისამებრ გამოიყენოს სააბონენტო ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სერვისები. ანუ, თუ აბონენტი თავისი     ნებელობითი     აქტით,     არაკეთილსინდისიერად     დაარღვევს     სააბონენტო ხელშეკრულებით გაწერილი პირობას, ამ შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელი გამოიყენებს ჯარიმას, როგორც უზრუნველყოფის საშუალებას. სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისიასთან, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან სააბონენტო ხელშეკრულებებზე მუშაობის მნიშვნელოვანი პრაქტიკა გააჩნია კომპანიას და თუ კომისია მიიჩნევს, რომ ეს ნორმა შინაარსობრივად კიდევ უფრო დასაზუსტებელია, კვლავაც მზად არის ამაზე იმუშაოს. სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ დავის ფარგლებში გაუჩნდა მოსაზრება, რომ ვინაიდან, ბატონ შოთაძეს გაუჩნდა შთაბეჭდილება, რომ შესაძლოა ოჯახის სხვა წევრების, მეზობლების, მეგობრების მიერ სერვისის მოხმარებას ზღუდავს კომპანია, იქნებ აჯობებს უფრო დაზუსტდეს, რომ კონკრეტული ინსტალაციის მისამართის გარეთ მესამე პირების მიერ გამოყენებაზეა საუბარი. მისი აზრით, შესაძლებელია რედაქციულად ამ ნორმაზე მუშაობა. მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ სააბონენტო ხელშეკრულებაში უზრუნველყოფის სახით ჯარიმის გათვალისწინება, ამ ხელშეკრულებას კაბალურს და არაკანონიერს ხდის. გარდა ამისა, 2022 წლის პირველ იანვრამდე ისადაც მოუწევთ სააბონენტო ხელშეკრულების გადახედვა. რეგლამენტის ახალი რედაქციიდან გამომდინარე, კომპანიებს მთელი რიგი აქტივობები ექნებათ განსახორციელებელი, მათ შორის სააბონენტო ხელშეკრულებასთან მიმართებით. სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჯარიმა, როგორც უზრუნველყოფის საშუალება, კანონიერია. ის გათვალისწინებულია როგორც სამოქალაქო კანონმდებლობით, ისე კომისიის მიერ მიღებული რეგლამენტით. ასევე, ეს არ ეწინააღმდეგება რეგლამენტის არც დღეს მოქმედ რედაქციას და არც 2022 წლის პირველი იანვრიდან ასამოქმედებელ რედაქციას. შესაბამისად, ვერ დაეთანხმება მომჩივანს, რომ რადგანაც ჯარიმის ოდენობა გადასახდელი თანხის 20%-ს აღემატება, ის რეგლამენტის საწინააღმდეგოა. ეს ჯარიმა არ არის სააბონენტო საფასურის გადაუხდელობისთვის დადგენილი. გარდა ამისა, მიაჩნიათ, რომ აღნიშნული უზრუნველყოფის საშუალება არის ეფექტური და პრევენციული, პრაქტიკაში მისი გამოყენების ფაქტი არასდროს დადასტურებულა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პუნქტი სააბონენტო ხელშეკრულებაში წლებია არის. ეს პუნქტი უფრო მძიმე რედაქციის იყო, შემდეგ საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე ამ ფორმით ჩამოყალიბდა და საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, ასრულებს პრევენციულ ფუნქციას, აბონენტმა   იცის, რომ საკუთარი მოხმარებისთვის მიღებული სერვისები არ უნდა გადაყიდოს, უცხო პირებს სხვა მისამართზე არ უნდა მისცეს მისი გამოყენების საშუალება რაიმე სარგებლის მიღების, ნატურით ან თანხის გადახდის პირობით. ამ პრევენციული ნორმის არსებობა არ აქცევს ხელშეკრულების მხარეთა შორის ვალდებულებათა და უფლებამოსილებათა ასიმეტრიულ განაწილებას. ეს სამართლიანია და თუ აბონენტი, როგორც ხელშეკრულების მხარე, კეთილსინდისიერად მოქმედებს, ამ ნორმის ამოქმედება არ ხდება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,სილქნეტს“ მიაჩნია, რომ ბატონი შოთაძის საჩივარი არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა კომისიასთან და საზოგადოებრივ დამცველთან ამ ნორმის რედაქციული სრულყოფისთვის თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამენ.

კომისიის 2021 წლის 3 ივნისის სხდომაზე შოთა შოთაძემ აღნიშნა, რომ რეგლამენტის დანიშნულებაა დაიცვას მომხმარებელი და მისი 24-ე მუხლი განსაზღვრავს რა შემთხვევაში შეუძლია კომპანიას დააჯარიმოს მომხმარებელი. შესაბამისად, სს „სილქნეტს“ არანაირი უფლება არ აქვს მომხმარებელს დააკისროს ჯარიმა. ხელშეკრულების მიხედვით მესამე პირებისთვის სერვისის მოხმარება აკრძალულია, ხოლო ოჯახის წევრი წარმოადგენს მესამე პირს. შესაბამისად, უსამართლობაა მნიშვნელობა არ აქვს, რა განმარტებას აკეთებს სს „სილქნეტი“, მთავარი ისაა, რაც ხელშეკრულებაში წერია და ეს რას ნიშნავს სამართლებრივად.

კომისიის 2021 წლის 3 ივნისის სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ე. მიროტაძემ აღნიშნა, რომ შოთა შოთაძის 2019 წლის 24 მაისის საჩივრის საფუძველზე, საკითხის შესწავლის მიზნით, 2019 წლის 28 მაისს და ივნისს სს „სილქნეტისგან“ გამოითხოვა განმარტება ხელშეკრულების მე-2 დანართის 7.1.4. პუნქტთან დაკავშირებით. ასევე, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა კომპანიას მიმართა კონკრეტული კითხვებით და გამოითხოვა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა კონტექსტში განმარტავდა და იყენებდა კომპანია აღნიშნულ დანაწესს. კერძოდ, მესამე პირისთვის სხვა ფორმით გადაცემა მოიაზრებდა თუ არა შემდეგ ქმედებებს: პირი სარგებლობს თუ არა ინტერნეტ მომსახურებით და WiFi მოწყობილობაზე პაროლი არ უდევს, რითაც მესამე პირებს ეძლევათ საშუალება ისარგებლონ ინტერნეტით; პირი სარგებლობს ინტერნეტმომსახურებით, რომლის WiFi მოწყობილობაზე არსებულ პაროლს იგი არამატერიალური მიზნით, სარგებლის მიღების მიზნის გარეშე გადასცემს მესამე პირს. სამსახურის მიერ აღწერილ ორივე შემთხვევაზე სს „სილქნეტმა“ წერილობით დაადასტურა, რომ აღნიშნული ქმედებები არ გამოიწვევდა ხელშეკრულების 7.1.4. პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრებას და აღნიშნული დანაწესის მიზანია არ მოხდეს აბონენტის ქმედების ავტორიზებად საქმიანობაში გადაზრდა, სხვა პირთა მომსახურება და ამით სარგებლის მიღება. სს „სილქნეტისგან“ მიღებული როგორც ზეპირი, ისე არაერთი წერილობითი განმარტების, მომხმარებლის ოჯახის წევრების მიერ ინტერნეტით სარგებლობასთან და მომსახურების მიღების ადგილას მისული სტუმრების მიერ ინტერნეტით სარგებლობასთან დაკავშირებით კომპანიას არასდროს არანაირი შეზღუდვა და მითუმეტეს, საჯარიმო ღონისძიება არ გამოუყენებია. სამსახურმა ხელშეკრულების აღნიშნული დანაწესი მისი მიზნიდან გამომდინარე შეაფასა და არ ჩათვალა არაკანონიერად. ამასთან, ბატონ შოთაძეს განემარტა, რომ ნებისმიერ ისეთ შემთხვევაში, თუ კომპანიის მხრიდან გაცემული ხელშეკრულებისგან განსხვავებით მოხდებოდა ხელშეკრულების დანაწესის გამოყენება, სამსახურის მიერ ასეთი ქმედება შეფასდებოდა არაკანონიერად და სს „სილქნეტისგან“ მიღებული განმარტებები მტკიცებულებების სახით იქნებოდა გამოყენებული მომხმარებლების ინტერესების დაცვის და აღნიშნულის არაკანონიერების დასასაბუთებლად. საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, ბატონმა შოთაძემ 2020 წლის ივლისში კვლავ მომართა დამცველის სამსახურს აღნიშნულ საკითხზე, თუმცა ამ შემთხვევაში საჩივარში დამატებით საუბარი იყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 24-ე მუხლის მოთხოვნებთან სს „სილქნეტის“ ხელშეკრულების 7.1.4. პუნქტის შეუსაბამობაზე, რასთან დაკავშირებითაც ბატონ შოთაძეს წერილობით განემარტა, რომ რეგლამენტის 24-ე მუხლის მიხედვით, საუბარია სააბონენტო გადასახდელის ან წუთობრივი მომსახურების საფასურის გადაუხდელობისთვის, ან განვადების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მომხმარებლისთვის ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობაზე და მისი მაქსიმალური ოდენობის თაობაზე. სს „სილქნეტის“ ინტერნეტით მომსახურების სააბონენტო ხელშეკრულება კი ჯარიმის განსხვავებულ ოდენობას ადგენდა არა ზემოთ ჩამოთვლილ დარღვევებზე, არამედ მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებით აკრძალული მიზნებით მომსახურების გამოყენებისთვის. აღნიშნული არ წარმოადგენს რეგლამენტის 24-ე მუხლის რეგულირების საგანს. საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წარმოების ფარგლებში სს „სილქნეტის“ წარმომადგენლის მიერ საჯაროდ დაფიქსირდა მზაობა დამცველის სამსახურთან თანამშრომლობაზე ხელშეკრულების აღნიშნული დანაწესის კორექტირებასა დაზუსტებასთან დაკავშირებით. სამსახურსა და კომპანიას შორის იყო კომუნიკაცია და იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველგვარი ორაზროვნების თავიდან აცილების მიზნით,  ხელშეკრულებაში  ნებისმიერი  სხვა  ფორმით  მესამე  პირისთვის  გადაცემის საკითხის დაზუსტება და ჩანაწერის ფორმულირება იმ მიზნის შესაბამისად, რა განმარტებაც კომპანიამ გააკეთა.

კომისიის 2021 წლის 10 ივნისის სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ე. მიროტაძემ აღნიშნა, რომ სს ,,სილქნეტმა“ დააზუსტა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველის მოვალეობის შემსრულებელთან შეათანხმა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდების სააბონენტო ხელშეკრულების 7.1.4. ქვეპუნქტი, სადაც უფრო ცხადად არის გამოხატული, რომ მესამე პირებში არ მოიაზრება   აბონენტის ოჯახის წევრები/სტუმრები და წარმოადგინა ხელშეკრულების აღნიშნული ქვეპუნქტის დაზუსტებული რედაქცია: ,,7.1.4. მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მიღებული მომსახურება და არ დაუშვას კომპანიისაგან მიღებული მომსახურების შემდგომი გადაყიდვა პირდაპირი ან ირიბი ფორმით (მაგალითად, აბონენტების აყვანა ან სხვ.)/ ან ნებისმიერი სხვა ფორმით გადაცემა მესამე პირზე, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მოწყობის სააბონენტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ფიზიკური მისამართის  (საცხოვრებელი  ბინა,  სახლი  ან/და  აბონენტის  მართლზომიერ მფლობელობასა ან/და სარგებლობაში არსებული სხვაგვარი მისამართიანი უძრავი ნივთი) გარეთ; შესაბამისად, მესამე პირში არ იგულისხმება და შეზღუდვა არ ვრცელდება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მოწყობის მისამართზე ფიზიკურად მყოფ პირებზე, ასევე, იმ შემთხვევაზე, როცა სააბონენტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მოწყობის მისამართზე განთავსებული უძრავი ნივთი გაქირავებულია და გამქირავებელს დამქირავლებისათვის გადაცემული აქვს მომსახურების მიღების უფლება; ამ პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია დააკისროს აბონენტს ჯარიმა, კომპანიისგან მიღებული მომსახურების შემდგომი გადაყიდვის შემთხვევაში - 20,000.00 (ოცი ათასი), ხოლო შემდგომი გადაცემის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით და მოითხოვოს კომპანიისთვის მიყენებული ზიანის/ზარალის ანაზღაურება“.

II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები:

1. შოთა შოთაძის საჩივარი (შ-21-9/1743, 16.04.2021).

2. სს ,,სილქნეტის“ ფიზიკური პირი აბონენტებისთვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდების სტანდარტული სააბონენტო ხელშეკრულება.

3. სს ,,სილქნეტის“ 2021 წლის 28 აპრილის №შ-21-6/1914б და 3 ივნისის №შ-21-6/2440 წერილები.

4. კომისიის 2021 წლის 20 მაისის, 3 ივნისის და 10 ივნისის სხდომებზე სს ,,სილქნეტის“, შოთა შოთაძის    და    მომხმარებელთა    ინტერესების    საზოგადოებრივი    დამცველის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.  ფიზიკურმა პირმა შოთა შოთაძემ კომისიას სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ საჩივრით (შ-21-9/1743, 16.04.2021) მიმართა და მოითხოვა  სს ,,სილქნეტის“ ფიზიკური პირები აბონენტების  ელექტრონული  საკომუნიკაციო მომსახურებების  მიწოდების სტანდარტული სააბონენტო ხელშეკრულების 7.1.4. და 1.11. პუნქტების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულების 7.1.4 პუნქტი არღვევს რეგლამენტის 24-ე მუხლს და ხელშეკრულების  1.11.  და  7.1.4.  პუნქტები კაბალურია.  მომჩივანი  განმარტავს,  რომ აბონენტების უმრავლესობა იძულებულია დაარღვიოს ხელშეკრულების 7.1.4 პუნქტი მესამე პირისთვის გადაცემის ნაწილში, ვინაიდან, ხელშეკრულებით მხოლოდ აბონენტს აქვს უფლება გამოიყენოს ინტერნეტი და ყველა სხვა პირი, მათ შორის ოჯახის წევრები/სტუმრები, წარმოადგენენ მესამე პირებს და უსამართლობაა ინტერნეტის მესამე პირისთვის გადაცემის შეზღუდვა. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რეგლამენტი, ასევე სხვა კანონი არ უკრძალავს მომხმარებლებს მესამე პირისთვის ინტერნეტის გადაცემას/გამოყენებას. კანონი მხოლოდ ავტორიზაციის გარეშე საქმიანობას კრძალავს და მხოლოდ კომისიის ვალდებულებაა კანონის დარღვევაზე რეაგირება და კანონდამრღვევის დაჯარიმება.

მტკიცებულება: შოთა შოთაძის საჩივარი (შ-21-9/1743, 16.04.2021).

2. სს ,,სილქნეტის“ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდების სტანდარტული სააბონენტო ხელშეკრულების 7.1.4. ქვეპუნქტის შესაბამისად, აბონენტი ვალდებულია/აცხადებს თანხმობას მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მიღებული მომსახურება და არ დაუშვას კომპანიისაგან მიღებული მომსახურების შემდგომი გადაყიდვა პირდაპირი ან ირიბი ფორმით (მაგალითად, აბონენტების აყვანა ან სხვ.)/ ან ნებისმიერი სხვა ფორმით გადაცემა მესამე პირზე; აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართზე განთავსებული უძრავი ნივთი გაქირავებულია და გამქირავებელს დამქირავებლისათვის გადაცემული აქვს მომსახურების მიღების უფლება); ამ პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია დააკისროს აბონენტს ჯარიმა, კომპანიისგან მიღებული მომსახურების შემდგომი გადაყიდვის შემთხვევაში - 20000 ლარი, ხოლო შემდგომი გადაცემის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით და მოითხოვოს კომპანიისთვის მიყენებული ზიანის/ზარალის ანაზღაურება. ამავე ხელშეკრულების 1.11. ქვეპუნქტის თანახმად, „აბონენტი“ არის ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი ან/და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი (რომელიც წარმოადგენს ბოლო მომხმარებელს და რომელსაც ეკრძალება „მომსახურების“ შემდგომი გადაყიდვა ან/და სხვაგვარად „მესამე პირებისათვის“ მიწოდება), რომლის მიერაც ხდება „ხელშეკრულების“ დანართ(ებ)ით განსაზღვრული ,,მომსახურების ღირებულების“ გადახდა, რომლის სახელი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვა სახის ინფორმაცია მოცემულია  „ხელშეკრულებაში“,  ხოლო  ხელშეკრულების  1.12.  ქვეპუნქტის  თანახმად, „მესამე პირი“ არის ნებისმიერი პირი გარდა „აბონენტისა“ ან/და „კომპანიისა“.

მტკიცებულება:   სს   ,,სილქნეტის“   ელექტრონული   საკომუნიკაციო   მომსახურებების მიწოდების სტანდარტული სააბონენტო ხელშეკრულება.

3. მიუხედავად იმისა, რომ სს ,,სილქნეტის“ სააბონენტო ხელშეკრულების სადავოდ ქცეული დებულებები წლებია არსებობს და სს ,,სილქნეტისთვის“ ცნობილია, რომ აბონენტისთვის მიწოდებულ ინტერნეტ მომსახურებას იყენებს არა მხოლოდ აბონენტი, არამედ მისი   ოჯახის   წევრები/სტუმრები,   სს   ,,სილქნეტის“   მიერ   აბონენტისთვის ხელშეკრულების 7.1.4.   ქვეპუნქტით   გათვალისწინებული   ჯარიმის   დაკისრებასთან დაკავშირებით კომისიაში და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან არცერთი საჩივარი არ შემოსულა. სს ,,სილქნეტის“ განმარტებით, ელექტრონული საკომუნიკაციო   მომსახურებების მიწოდების    სტანდარტული  სააბონენტო ხელშეკრულების 7.1.4  ქვეპუნქტით გათვალისწინებული  ჯარიმა ატარებს სახელშეკრულებო პირობის დარღვევის პრევენციულად დაზღვევის შინაარსს, კერძოდ, გამიზნულია იმაზე, რომ აბონენტის მიერ არ მოხდეს ინტერნეტ მომსახურების გადაცემა უცხო პირებზე აბონენტის მისამართის გარეთ, სარგებლით ან სარგებლის მიღების გარეშე, რაც თავის მხრივ წარმოადგენს არა მხოლოდ ინტერნეტ მომსახურების გაწევას ავტორიზაციის გარეშე, არამედ ავტორიზებულ პირს აყენებს მნიშვნელოვან ზიანს (მიუღებელი შემოსავალი პოტენციური აბონენტებისაგან) და არაჯანსაღ კონკურენტულ გარემოს უქმნის კონკრეტულ ადგილზე. აღნიშნული ჩანაწერი არ ითვალისწინებს ინტერნეტ მომსახურებით სარგებლობის შეზღუდვას ოჯახის წევრებთან ან კონკრეტულ მისამართზე (ბინაში) მყოფ პირებთან მიმართებით. ხელშეკრულებაში არსად არ წერია, რომ კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებული ინტერნეტი უნდა გამოიყენოს მხოლოდ სააბონენტო ხელშეკრულებაზე ხელმომწერმა პირმა, ხოლო მისი ოჯახის წევრებმა არა. საკუთარი მოხმარება იმას ნიშნავს, რომ ბოლო მომხმარებელმა, არა მხოლოდ ერთმა ფიზიკურმა პირმა, არამედ მისმა ოჯახმა, სადაც ინსტალირებულია მომსახურება და ამ ოჯახში მყოფმა პირებმა უნდა ისარგებლონ სერვისით.

მტკიცებულება: სს ,,სილქნეტის“ 2021 წლის 28 აპრილის და 3 ივნისის წერილობითი ახსნა- განმარტებები; სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენლისა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებლის მიერ კომისიის 2021 წლის 20 მაისის, 3 ივნისის და 10 ივნისის სხდომებზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები.

4. სს ,,სილქნეტმა“ დააზუსტა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელთან შეათანხმა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდების სააბონენტო ხელშეკრულების 7.1.4. ქვეპუნქტის შინაარსი, რათა აბონენტებისთვის მარტივად აღსაქმელი იყოს, რომ მესამე პირებში არ მოიაზრება აბონენტის ოჯახის წევრები/სტუმრები. კერძოდ, დაზუსტებული რედაქციით: ,,7.1.4. მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მიღებული მომსახურება და არ დაუშვას კომპანიისაგან მიღებული მომსახურების შემდგომი გადაყიდვა პირდაპირი ან ირიბი ფორმით (მაგალითად, აბონენტების აყვანა ან სხვ.)/ან ნებისმიერი სხვა ფორმით გადაცემა მესამე პირზე, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მოწყობის სააბონენტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ფიზიკური მისამართის (საცხოვრებელი ბინა, სახლი ან/და აბონენტის მართლზომიერ მფლობელობასა ან/და სარგებლობაში არსებული სხვაგვარი მისამართიანი უძრავი ნივთი) გარეთ; შესაბამისად, მესამე პირში არ იგულისხმება და შეზღუდვა არ ვრცელდება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მოწყობის მისამართზე ფიზიკურად მყოფ პირებზე, ასევე, იმ შემთხვევაზე, როცა სააბონენტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მოწყობის მისამართზე განთავსებული უძრავი ნივთი გაქირავებულია და გამქირავებელს დამქირავლებისათვის გადაცემული აქვს მომსახურების მიღების უფლება; ამ პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია დააკისროს აბონენტს ჯარიმა, კომპანიისგან მიღებული მომსახურების შემდგომი გადაყიდვის შემთხვევაში - 20,000.00 (ოცი ათასი), ხოლო შემდგომი გადაცემის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით და მოითხოვოს კომპანიისთვის მიყენებული ზიანის/ზარალის ანაზღაურება.“.

მტკიცებულება: კომისიის 2021 წლის 10 ივნისის სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებლის და სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად,   ელექტრონული   კომუნიკაციების      სფეროში   მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების   დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების     სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, აგრეთვე დაკავშირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებთან, კომისია  განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავა განიხილება კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციულ წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა ის განცხადებები და საჩივრები, რომლებიც ეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისიის მიერ განიხილება მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წესით. ამავე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესაბამისად.

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომხმარებელი არის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, ხოლო ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბოლო მომხმარებელი არის მომხმარებელი, რომელიც საკუთარი მოხმარებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებლისათვის. ამავე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აბონენტი არის ბოლო მომხმარებელი, რომელსაც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელთან წინასწარ გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე მიეწოდება საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება.

5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ძ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი არის ელექტრონული საკომუნიკაციო   ქსელის   ოპერატორი   ან   მისი   ქსელის   შესაბამის ელემენტებთან ან რესურსებთან დაშვებული ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს ქსელის ამ ელემენტებით ან რესურსებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, ხოლო ,,ც“ ქვეპუნქტის თანახმად,   ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი არის ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ან ქსელის შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფას და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ავტორიზებული პირის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვებას, ასევე მათი გამოყენებით მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას.

6. კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, გაფრთხილებით განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ, დააჯარიმოს მომხმარებელი სააბონენტო გადასახდელის ან/და წუთობრივი მომსახურების საფასურის გადაუხდელობისათვის ან/და განვადების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს გადასახდელი საფასურის ოდენობის 20%-ს.

7. კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი მომხმარებლის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, უფლებამოსილია თავად განსაზღვროს მომსახურების კონკრეტული სახეობით მოხმარების წესები, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ კანონმდებლობას და რომელიც, შეიძლება მოიცავდეს დამატებით უფლებებსა თუ ვალდებულებებს.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ“ რეგლამენტის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია გაფრთხილებით განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ, დააჯარიმოს მომხმარებელი სააბონენტო გადასახდელის, ან/და წუთობრივი მომსახურების საფასურის გადაუხდელობისათვის, ან/და განვადების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს გადასახდელი საფასურის ოდენობის 20%-ს.   სს „სილქნეტის“ ხელშეკრულების 7.1.4. ქვეპუნქტის თანახმად, ,,აბონენტი” ვალდებულია/აცხადებს თანხმობას მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მიღებული მომსახურება და არ დაუშვას კომპანიისაგან მიღებული მომსახურების შემდგომი გადაყიდვა პირდაპირი ან ირიბი ფორმით (მაგალითად, აბონენტების აყვანა ან სხვ.)/ან ნებისმიერი სხვა ფორმით გადაცემა მესამე პირზე; აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართზე განთავსებული უძრავი ნივთი გაქირავებულია და გამქირავებელს დამქირავებლისთვის გადაცემული აქვს მომსახურების მიღების  უფლება);  ამ  პუნქტის  დარღვევის  შემთხვევაში,  კომპანია  უფლებამოსილია დააკისროს აბონენტს ჯარიმა, კომპანიისგან მიღებული მომსახურების შემდგომი გადაყიდვის შემთხვევაში - 20000 ლარის, ხოლო შემდგომი გადაცემის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით და მოითხოვოს კომპანიისთვის მიყენებული ზიანის/ზარალის ანაზღაურება.

ამდენად, რეგლამენტის 24-ე მუხლი ითვალისწინებს სააბონენტო გადასახდელის ან/და გაწეული მომსახურების საფასურის გადაუხდელობისას ან/და განვადების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ჯარიმას, რომელიც გადასახდელი თანხის 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო სს „სილქნეტის“ სააბონენტო ხელშეკრულების 7.1.4 ქვეპუნქტი განსაზღვრავს აბონენტის მიერ კომპანიისაგან მიღებული მომსახურების მოხმარების წესს, რომელიც მოიცავს აბონენტის ვალდებულებას მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის გამოიყენოს კომპანიის მიერ მისთვის მიწოდებული მომსახურება და არ დაუშვას კომპანიისაგან მიღებული მომსახურების შემდგომი გადაყიდვა/გადაცემა მესამე პირზე და ამ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ითვალისწინებს ჯარიმას, სამოქალაქო კოდექსისა და რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი მომხმარებლის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, უფლებამოსილია თავად განსაზღვროს მომსახურების კონკრეტული სახეობით მოხმარების წესები, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ კანონმდებლობას და რომელიც, შეიძლება მოიცავდეს დამატებით უფლებებსა თუ ვალდებულებებს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე,   კომისიას მიაჩნია, რომ სს ,,სილქნეტის“ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდების სააბონენტო ხელშეკრულების 7.1.4. ქვეპუნქტი წინააღმდეგობაში არ მოდის  რეგლამენტის 24-ე მუხლთან.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბოლო მომხმარებელი არის მომხმარებელი, რომელიც საკუთარი მოხმარებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებლისათვის. ამავე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აბონენტი არის ბოლო მომხმარებელი, რომელსაც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელთან წინასწარ გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე მიეწოდება საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება. რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ..ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომხმარებელი არის ბოლო მომხმარებელი, რომელიც საკუთარი მოხმარებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებელზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია განმარტავს, რომ ბოლო მომხმარებელმა მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის უნდა გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებით მისთვის მიწოდებული მომსახურება და არ უნდა მოახდინოს მესამე პირებისთვის მომსახურების მიწოდება და განახორციელოს ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობა.

სს ,,სილქნეტის“ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდების სააბონენტო ხელშეკრულების 7.1.4. ქვეპუნქტის შესაბამისად, აბონენტმა მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის უნდა გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მიღებული მომსახურება და არ დაუშვას კომპანიისაგან მიღებული მომსახურების შემდგომი გადაყიდვა ან გადაცემა მესამე პირზე, ამავე დროს, ადგენს გამონაკლისს უძრავი ნივთის დამქირავებლისთვის. ხელშეკრულების 1.12. ქვეპუნქტის თანახმად, „მესამე პირი“ არის ნებისმიერი პირი გარდა „აბონენტისა“ ან/და „კომპანიისა“, ხოლო 1.11 ქვეპუნქტის თანახმად, „აბონენტი“ არის პირი, რომლის მიერ ხდება „ხელშეკრულების“ დანართ(ებ)ით განსაზღვრული ,,მომსახურების ღირებულების“ გადახდა, რომლის სახელი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვა სახის ინფორმაცია მოცემულია „ხელშეკრულებაში“.

კომისია აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების 7.1.4. ქვეპუნქტიდან მკაფიოდ არ ჩანს, რომ მესამე პირებში არ მოიაზრება აბონენტის ოჯახის წევრები/სტუმრები,   შესაბამისად, მნიშვნელოვანია თუ როგორ ხდება აღნიშნული დებულების პრაქტიკაში გამოყენება და განმარტება. კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სს ,,სილქნეტის“ სააბონენტო ხელშეკრულების     სადავოდ     ქცეული  დებულებები წლებია     არსებობს  და  სს ,,სილქნეტისთვის“ ცნობილია, რომ აბონენტისთვის მიწოდებულ ინტერნეტ მომსახურებას იყენებს არა მხოლოდ აბონენტი, არამედ მისი ოჯახის წევრები/სტუმრები, სს ,,სილქნეტის“ მიერ აბონენტისთვის ხელშეკრულების 7.1.4. ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების გამო კომისიისთვის და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისთვის საჩივრით არავის არ მიუმართავს, რაც, ასევე ადასტურებს იმას, რომ სს

,,სილქნეტი“ სადავო დებულებას არ განმარტავს ისე, როგორც ამას განმარტავს საჩივრის ავტორი და მესამე პირებში არ მოიაზრებს აბონენტის ოჯახის წევრებს/სტუმრებს, რის შესახებ   მას არერთხელ აქვს გაკეთებული განმარტება. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ ხელშეკრულების დებულების არსებობის მანძილზე არცერთი სხვა აბონენტის მხრიდან არ გამხდარა აღნიშნული დებულების შინაარსი სადავო და კომისიისთვის და მომხმარებელთა ინტერესების    საზოგადოებრივი    დამცველისთვის    საჩივრით  არ მოუმართავს,    რაც    მიუთითებს    იმაზე,    რომ    არც    სხვა    აბონენტები    განმარტავენ ხელშეკრულების დებულებას საჩივრის ავტორის მსგავსად. აღსანიშნავია, ასევე ის, რომ სს ,,სილქნეტმა“ დააზუსტა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველის მოვალეობის შემსრულებელთან       შეათანხმა       ელექტრონული       საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდების სააბონენტო ხელშეკრულების 7.1.4. ქვეპუნქტის შინაარსი, რათა აბონენტებისთვის მარტივად აღსაქმელი იყოს, რომ მესამე პირებში არ მოიაზრება აბონენტის ოჯახის წევრები/სტუმრები.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა“,  ,,ვ“, ,,ო“, ,,ც“ და ,,ძ“ ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების, კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“, ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების და მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 25-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შოთა შოთაძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2.   გადაწყვეტილება   ძალაში შედის გადაწყვეტილების   შოთა   შოთაძისთვის და სს ,,სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.  თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების სს ,,სილქნეტისთვის“ და შოთა შოთაძისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შოთა შოთაძისთვის და სს ,,სილქნეტისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება (ო. ვოტ).

5.  აღნიშნული  გადაწყვეტილების  (მე-5  პუნქტის  გარდა)  შესრულებაზე  კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები