შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმებისა და შპს „ინექსფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 21, 2021 10:47
მიღების თარიღი აპრილი 15, 2021
შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმებისა და შპს „ინექსფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-6/1303, 18.03.2021) მიმართა შპს „ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს”-მ და შპს „ინექსფონმა“, შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N424 უფლებით გათვალისწინებული რესურსის შპს „ინექსფონისთვის” სასარგებლოდ დათმობის თაობაზე.
კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელს უფლება აქვს კომისიას მოსთხოვოს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება იმ მოტივით, რომ ნუმერაციის რესურსს უთმობს სხვა პირს. ამ შემთხვევაში ნუმერაციის რესურსის მფლობელი და რესურსის მაძიებელი ერთობლივი განცხადებით მიმართავენ კომისიას. კომისია განცხადებას განიხილავს ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ინექსფონი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე: A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:
ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.4. მაუწყებლობის ტრანზიტი:
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;
B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:
ტექსტური შეტყობინების მომსახურება;
მულტიმედიური მომსახურება;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს” კომისიის 2018 წლის 26 აპრილის №245/24 გადაწყვეტილებით ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილისში ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N424 უფლებას ხუთი არათანმიმდევრული ბლოკისგან შემდგარ 1000 სააბონენტო ნომერზე (2450XXX-2454XXX). კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა)ქვეპუნქტის შესაბამისად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მინიმუმ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე. შესაბამისად შპს „ინექსფონს“ უნდა მიენიჭოს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება არა ათას სააბონენტო ნომერზე არამედ 5000 სააბონენტო ნომერზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად პირი იხდის „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრული ოდენობის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს. კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება ხორციელდება - გეოგრაფიული ნომრებზე და მისი გამოყენება შესაძლებელია ერთი ნუმერაციის ზონის ფარგლებში; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს - 1 სააბონენტო ნომერზე.
კომისიამ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ის და შპს „ინექსფონის“, მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ის და შპს „ინექსფონის“ მიერ წარმოდგენილი ერთობლივი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; კერძოდ, შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ის და შპს „ინექსფონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია ერთობლივი განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და შპს „ინექსფონის“ მიერ რესურსით სარგებლობის საფასურის - 500 ლარის (0,10 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) კომისიის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N424 უფლება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2018 წლის 26 აპრილის №245/24 გადაწყვეტილება;
2. მიენიჭოს შპს „ინექსფონს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №578 უფლება და განესაზღვროს შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 2450000-2454999, სულ 5000 (ხუთი ათასი) სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;
გ) უფლების მოქმედების ვადა: 2021 წლის 15 აპრილიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;
დ) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
4. ეცნობოს შპს „ინექსფონს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭებიდან/განახლებიდან არაუგვიანეს 1 წლისა, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენით.
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;
6. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:
ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);
ბ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ისთვის და შპს „ინექსფონისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ისთვის და შპს „ინექსფონისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
