წვდომის მენიუ

შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: გ-21-16 / 1

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 26, 2021 12:45

მიღების თარიღი იანვარი 21, 2021

შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა  და  დავის  განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

I.         საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში: „კომისია“) საჩივრით (04/01/2021, N 2/07) მიმართა სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“. საჩივარში მითითებულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2020 წლის 17 დეკემბრის N783/7 წერილით კომისიას ეცნობა, რომ სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ კომპანია The Walt Disney Company CIS LLC-გან შეიძინა მხატვრული და ანიმაციური ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ჩვენების უფლება. აღნიშნული ინფორმაცია ასევე გავრცელდა პირველი არხის ეთერში. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მიმდინარე წლის 2 იანვარს სამაუწყებლო კომპანია GDS-ის ეთერში გავიდა მხატვრული ფილმი „მარტო სახლში“ (პირველი და მე-2 ნაწილები), რომლის ექსკლუზიური ჩვენების უფლება ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მიენიჭა საზოგადოებრივ მაუწყებელს. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ მოცემული მხატვრული ფილმების პირველი არხის საახალწლო ეთერში განთავსების შესახებ წინასწარ გავრცელდა საანონსო რგოლების სახით, ასევე წინასწარ დაანონსებული იყო არხის პროგრამა, რომელშიც ასახული იყო ეს მხატვრული ფილმები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნილია საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების მიღება, აღნიშნული საკითხის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და შესაბამისი რეაგირების განხორციელება.

შპს    „ჯი-დი-ეს   თი-ვის“   მიმართ   სსიპ   „საზოგადოებრივი   მაუწყებლის“ საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 21 იანვარს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომისიის შეტყობინებებით (N გ-21-03/59, 20/01/2021 და N გ-21-03/61, 20/01/2021) ეცნობათ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ და სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“.

კომისია აქვე განმარტავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.

მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია 3 სამუშაო დღით ადრე გამოაქვეყნოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის N698 დადგენილების თანახმად, 2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა უქმე დღეებად.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარი კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2021 წლის 4 იანვარს. იმის გათვალისწინებით, რომ საჩივარი წარმოდგენილ იქნა უქმე დღეს და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სხდომის გამართვის დღეა, როგორც წესი, ყოველი სამუშაო კვირის ხუთშაბათი. შესაბამისად, კანონით განსაზღვრული 7 დღიანი ვადის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიამ გადაუდებელი აუცილებლობით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად ჩანიშნა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობისას კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სხდომის გამართვის თაობაზე  მხარეებს  დაუყოვნებლივ  ეცნობათ  კომისიის  შეტყობინებებით  (N  გ-21-03/59, 20/01/2021 და N გ-21- 03/61, 20/01/2021) და ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge).

კომისიის 2021 წლის 21 იანვრის სხდომაში მონაწილეობდნენ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი დიმიტრი ბერძენიშვილი და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ წარმომადგენელი ნინო ფაშალიშვილი.

2020 წლის 21 იანვარს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა სადაო ფილმთან დაკავშირებით გამოწერილი ინვოისი და გადახდის ქვითარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/188, 21.01.21).

II.       სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში  კომისიის  ფუნქციებს   განეკუთვნება „მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების  გადაწყვეტა  თავისი  უფლებამოსილების  ფარგლებში“,  ამავე პუნქტის  „ვ“ ქვეპუნქტით თანახმად, „მაუწყებლობის  სფეროში მოქმედი    კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე   ზედამხედველობა  და   კონტროლი;  ამ   მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“, ხოლო „ი“ ქვეპუნქტით კი - საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

2. „მაუწყებლობის   შესახებ"   საქართველოს   კანონის   მე-14   მუხლის   21  პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.

5. „მაუწყებლობის   შესახებ"   საქართველოს   კანონის   მე-15   მუხლის   მიხედვით, პოლიტიკური და  კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების  შესაბამისი,  მრავალფეროვანი  პროგრამების  საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით ეს კანონი აფუძნებს ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიო მაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის   იურიდიული   პირი,   რომელიც   არ   ექვემდებარება   არც   ერთ სახელმწიფო უწყებას.

6. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი   მაუწყებლის   პროგრამები   დაცულია   „საავტორო და  მომიჯნავე უფლებების  შესახებ“  საქართველოს  კანონით  და  მათზე  არ  ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი.

7.  „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობა ხორციელდება ავტორიზაციის ან ლიცენზიის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი მაუწყებლობის სახეებია ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა. ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ხორციელდება    ავტორიზაციის საფუძველზე. საეთერო რადიომაუწყებლობა ხორციელდება ლიცენზიის საფუძველზე.

8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.

8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, ავტორიზებულ პირებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ  სხდომას  საჩივრის/განცხადების  რეგისტრაციიდან 10  სამუშაო  დღის ვადაში, ხოლო მაუწყებლებს, მაუწყებლებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში – საჩივრის/განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. თუ არსებობს დავის არსებითი განხილვის წინაპირობები, მოსამზადებელი სხდომა შეიძლება გადაიზარდოს დავის არსებითი განხილვის სხდომაში.

9. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს.

ამრიგად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად,   მაუწყებლობის   სფეროში   კომისიის   ფუნქციებს   განეკუთვნება „მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“. ამასთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად უნდა დადგინდეს, უკავშირდება თუ არა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარში დასმული საკითხი კომისიისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას.

საჩივრის ავტორი, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე დაფუძნებული საზოგადოებრივი მაუწყებელია. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად   შპს „ჯი-დი-ეს თი- ვი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საჩივრით ითხოვს, რომ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ დაეკისროს პასუხისმგებლობა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევისათვის.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომისიის ფუნქციებს განეკუთვნება „მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“, ხოლო „ი“ ქვეპუნქტით კი - საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვიმ“ უნებართვოდ მხატვრული ფილმის „მარტო სახლში“ მაუწყებლის ეთერში განთავსებით დაარღვია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონი, ვინაიდან ექსკლუზიურ უფლებას  აღნიშნული  ფილმების    ჩვენების    აქვს  მხოლოდ სსიპ„საზოგადოებრივ    მაუწყებელს“.    „მაუწყებლობის    შესახებ"  საქართველოს კანონის ზემოთდასახელებული ნორმების გათვალისწინებით, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ  კანონმდებლობის კონტროლი მაუწყებლობის სფეროში. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიამ განსახილველად უნდა მიიღოს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარი, ხოლო საკითხის განხილვის დღედ უნდა განისაზღვროს 2021 წლის 28 იანვარი, 15:00 საათი.

ამასთან, კომისიას მიაჩნია, რომ მხარეებს უნდა დაევალოთ ფილმის „მარტო სახლში“ (პირველი  და მე-2  ნაწილის)     მართლზომიერი     ჩვენების     დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

III.      სარეზოლუციო ნაწილი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, მე-14 მუხლის 21    და მე-3 პუნქტების, მე-15 მუხლის, მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის, 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარი (N 2/07, 04/01/2021) მიღებულ იქნას განსახილველად;

2.    საჩივრის განხილვა გაიმართოს 2021 წლის 28 იანვარს, 15:00 საათზე;

3. დაევალოთ   მხარეებს   ფილმის   „მარტო   სახლში“   (პირველი   და   მე-2  ნაწილი) მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის  წარმოდგენა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 2021 წლის 27 იანვრამდე;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი   დაევალოს    კომისიის    აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე      წევრი

მერაბ ქათამაძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები