სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ მომხმარებელ ლ. გურგენიძის განცხადების განუხილველად დატოვებისა და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 01, 2021 17:45
მიღების თარიღი თებერვალი 25, 2021
სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ მომხმარებელ ლ. გურგენიძის განცხადების განუხილველად დატოვებისა და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა მომხმარებელ ლ. გურგენიძის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის N Nშ-21-9/743; 18.02.2021), რომლის თანახმად, ის სადავოდ ხდის სს,,სილქნეტის“ მიერ მისთვის მიწოდებული ინტერნეტმომსახურების ხარისხს და მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიწოდებისთვის დარიცხულ საფასურს. განმცხადებლის განმარტებით, მას ინტერნეტ მომსახურება მიეწოდება დაბალი სიჩქარით, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების საფასური გაურკვეველი მიზეზით ყოველთვე იზრდება, კერძოდ, მომსახურების სააბონენტო გადასახდელი თავდაპირველად იყო 48 ლარი, შემდგომ სააბონენტო გადასახდელი გახდა 61 ლარი, ხოლო 2021 წლის 9 თებერვალს აბონენტს დაერიცხა 78,43 ლარი. განცხადებაში ასევე, აღნიშნულია, რომ მომხმარებელს არ მოუთხოვია სს ,,სილქნეტისგან“ სატელევიზიო პაკეტის ან სხვა მსგავსი მომსახურების დამატება. განმცხადებელი ითხოვს კომისიის მიერ ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას მისი უფლებების დასაცავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ მომხმარებელ ლ. გურგენიძის განცხადების განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2021 წლის 25 თებერვალს, რის თაობაზეც განმცხადებელს და სს ,,სილქნეტს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებებით (Nგ-21-03/422; 22.02.2021; Nგ-21-03/421; 22.02.2021).
2021 წლის 24 თებერვალს კომისიაში შემოვიდა მომხმარებელ ლ. გურგენიძის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-9/853; 24.02.2021), რომლის თანახმად, მის განცხადებაში აღნიშნული პრობლემა კომისიისა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ჩართულობის შედეგად მოგვარდა. შესაბამისად, მას არ ჰქონდა პრეტენზია სს ,,სილქნეტის“ მიმართ და არ სურდა მისი განცხადების განხილვა კომისიის მიერ.
2021 წლის 24 თებერვალს კომისიაში შემოვიდა სს ,,სილქნეტის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/849; 24.02.2021), რომლის თანახმად, სს ,,სილქნეტმა“ გაითვალისწინა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წერილობითი რეკომენდაციები აქციის ფარგლებში გაქტიურებულ პაკეთებთან/გააქტიურებულ სერვისებთან დაკავშირებით და აბონენტს გადაუანგარიშდა ჯამში 13.69 ლარი. აბონენტი ასევე შეყვანილია სპეციალურ სიაში და მას აქციის ფარგლებში დამატებითი სერვისი/პაკეტი არ გაუაქტიურდება. სს ,,სილქნეტის“ განცხადებით, ა/წ 22 თებერვალს მომხმარებელთან სატელეფონო საუბრის დროს ლ. გურგენიძემ დაადასტურა, რომ მას ინტერნეტზე რაიმე შეფერხება ან რაიმე სახის პრეტენზია არ ჰქონდა და მიეწოდებოდა პაკეტით განსაზღვრული სიჩქარით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,სილქნეტი“ ითხოვს შეწყდეს დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, უსაფუძვლობის გამო.
II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია.
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელის მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს თავად ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს ან/და კომისიას ან პირდაპირ სასამართლოს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას.
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება.
კომისია აღნიშნავს, რომ მომხმარებელმა ლ. გურგენიძემ კომისიას აცნობა, რომ მის განცხადებაში აღნიშნული პრობლემა მოგვარდა და შესაბამისად, მას არ სურდა კომისიის მიერ მისი განცხადების განხილვა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვის საფუძველია მომხმარებლის საჩივარი/განცხადება და ამასთანავე, მომჩივანს არ სურს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყება სს ,,სილნეტის“ წინააღმდეგ მისი განცხადების განხილვის მიზნით, კომისიას მიაჩნია, რომ მომხმარებელ ლ. გურგენიძის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს და ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს მომხმარებელ ლ. გურგენიძის განცხადება სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ და შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწვეტილების მომხმარებელ ლ. გურგენიძისა და სს ,,სილქნეტისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.comcom.ge გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მომხმარებელ ლ. გურგენიძისა და სს ,,სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი
№64) მომხმარებელ ლ. გურგენიძისა და სს ,,სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
