წვდომის მენიუ

შპს ,,ახტელის“ და შპს ,,ახალი ქსელების“ მიმართ შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივრების განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-21-16 / 225

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 15, 2021 11:48

მიღების თარიღი აპრილი 08, 2021

შპს ,,ახტელის“  და  შპს ,,ახალი  ქსელების“  მიმართ  შპს ,,სერვისბოქსის“  საჩივრების განხილვის თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომ ,,კომისია“) საჩივრებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/754;18.02.2021; Nშ-21-6/753; 18.02.2021) მიმართა შპს,,სერვისბოქსმა“, შპს ,,ახტელის“ და შპს ,,ახალი ქსელების“ წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით. შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ 2020 წლის თებერვლის დასაწყისამდე შპს ,,სერვისბოქსი“ შპს ,,ახტელი“ და შპს ,,ახალი ქსელები“ სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, თავის აბონენტებს აწვდიდნენ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებისა და ინტერნეტმომსახურების ერთობლივ პროდუქტს, სადაც მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიწოდება ხდებოდა Martv- ის ტელევიზიის სახით შპს ,,სერვისბოქსის“ მიერ, ხოლო ინტერნეტმომსახურების მიწოდება    შპს ,,ახტელის“ და შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ. მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის გამო, 2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან შპს ,,სერვისბოქსი“, შპს ,,ახტელი“ და შპს ,,ახალი ქსელები“ აღარ აწვდიან აბონენტებს მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებისა და ინტერნეტმომსახურების ერთობლივ პროდუქტს. შპს ,,სერვისბოქსის“ განმარტებით, შპს ,,ახტელი“, ასევე, შპს ,,ახალი ქსელები“ მხარეთა როგორც ძველ, ისე ახალ აბონენტებს აწვდის ინტერნეტმომსახურებას და მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებას, სადაც აბონენტებს მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებას აწვდის თავისი კუთვნილი ტელევიზიით.

შპს,,სერვისბოქსის“ მიერ შპს,,ახტელის“ მიმართ წარმოდგენილი საჩივრის(Nშ-21-6/754;18.02.2021) თანახმად, შპს,,ახტელთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტიდან, შპს ,,ახტელის“ თანამშრომლების მიერ სისტემატიურად ხდებოდა შპს,,სერვისბოქსის“აბონენტებისთვის შესაბამის მისამართებზე Martv-ის დეკოდერის შეცვლა შპს,,ახტელის“ ტელევიზიის დეკოდერით. აღნიშნულ აბონენტთა გარკვეულმა ნაწილმა დღემდე არ იცის, რომ მას შეუცვალეს ტელევიზია და იგი აღარ სარგებლობს Martv-ის ტელევიზიით ან მასში დაბნეულობას იწვევს მის მიმართ დასმული კითხვა თუ რომელი ტელევიზიით სარგებლობს იგი. აღნიშნულის დასადასტურებლად შპს ,,სერვისბოქსს“ წარმოდგენილი აქვს, როგორც ის უთითებს საჩივარში, აბონენტებსა და Martv-ის თანამშრომლებს შორის შემდგარი სატელფონო საუბრების აუდიოჩანაწერები.

შპს,,სერვისბოქსი“ საჩივარში ასევე, უთითებს, რომ შპს ,,ახტელი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას კანონით მოეთხოვება ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისთვის შექმნას ოფიციალური ვებგვერდი და ამ უკანასკნელის გამოყენებით მოახდინოს ინფორმაციის განთავსება მომხმარებლისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების შესახებ. დღეის მდგომარეობით, ინტერნეტ სივრცეში შპს ,,ახტელის“ აქტიური ვებგვერდი არ იძებნება, ხოლო კომისიის უწყებრივ რეესტრში შპს ,,ახტელის“ შესახებ მონაცემებში მითითებული ვებგვერდი  www.newnet.ge, შპს ,,სერვისბოქსის“ ვარაუდით, ეკუთვნის სხვა კომპანიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,სერვისბოქსს“ მიაჩნია, რომ შპს ,,ახტელის“ მიერ დარღვეულია ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ,,კანონის“) და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა  უფლებების  დაცვის  შესახებ“  რეგლამენტის  (შემდგომ,,რეგლამენტი“) შემდეგი ნორმები:

1. ,,კანონის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი ისეთი ძირითადი პრინციპის შესაბამისად, როგორიცაა თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარება;

2. ,,კანონის“ 62-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მომხმარებელს აქვს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების სახეობის თავისუფლად არჩევის უფლება;

3. ,,რეგლამენტის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, მომხმარებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, უტყუარი, ამომწურავი და გასაგები, რომელსაც არ ექნება დამაბნეველი ან მაცდური ხასიათი;

4. ,,რეგლამენტის“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია, მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე, ასევე, ინფორმაცია წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე;

5. ,,რეგლამენტის“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია მომხმარებლებისთვის  შეთავაზებული მომსახურების  პირობების,  მათ  შორის, მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე, ასევე ინფორმაცია მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და მომსახურების პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, შპს ,,სერვისბოქსი“ ითხოვს:

1. დაეკისროს შპს ,,ახტელს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა აბონენტების მოტყუების და მომსახურების პირობებში ცვლილებების შეტანის შესახებ აბონენტის ინფორმირების ვალდებულების დარღვევისთვის, მათ მიმართ განხორციელებული იძულებისთვის და თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების პრინციპის დარღვევისთვის;

2. დაეკისროს შპს ,,ახტელს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ვებგვერდის ქონის ვალდებულების დარღვევისთვის.

ამავე საჩივრით, შპს ,,სერვისბოქსი“ შუამდგომლობს კომისიის წინაშე, რომ კომისიაში წარმოდგენილი სატელეფონო ჩანაწერებისა და მათი შინაარსის სანდოობასა და სიზუსტეში მეტად დარწმუნების მიზნით, კომისია საჩივრის განხილვის ეტაპზე დაუკავშირდეს საჩივარში ჩამოთვლილ აბონენტებს მითითებულ სატელეფონო ნომრებზე და თავად უზრუნველყოს ამ ჩანაწერებში აბონენტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ავთენტურობისა დსა სანდოობის მათთან პირადად დადგენა, ასევე, დაუსვას დამატებითი კითხვები, საჭიროების შესაბამისად. შპს ,,სერვისბოქსის“ განცხადებით, აბონენტებისგან მოპოვებული აქვთ შესაბამისი ნებართვა და ისინი მზად არიან კომისიასთან თანამშრომლობისთვის.

შპს ,,სერვისბოქსის“ მიერ შპს ,,ახალი ქსელების“ მიმართ წარმოდგენილი საჩივრის (Nშ-21-6/753; 18.02.2021) თანახმად, შპს ,,ახალ ქსელებთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტიდან    შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ ძველი საერთო აბონენტების მიმართ ხორციელდება შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ მიწოდებული მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების შესახებ შეცდომაში შემყვანი და დამაბნეველი ხასიათის ინფორმაციის მიწოდება, აგრეთვე, შპს ,,ახალი ქსელებისგან“ იკვეთება იძულებით გადაბირების ნიშნები, რომელიც გამოიხატება აბონენტისთვის მის მიერ შეთავაზებული ტელევიზიის ინსტალაციის    დავალდებულების    ფორმით.    აღნიშნულის    დასადასტურებლად  შპს,,სერვისბოქსს“ წარმოდგენილი აქვს, როგორც ის უთითებს საჩივარში, აბონენტებსა და Martv-ის თანამშრომლებს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერები.

შპს,,სერვისბოქსის“ განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის პირველი თებერვლიდან კომპანიები აღარ აწვდიან აბონენტებს მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებისა და ინტერნეტმომსახურების ერთობლივ პროდუქტს, შპს ,,ახალი ქსელების“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.ak.ge არსებულ ონლაინ შეკვეთის ველში აბონენტებისთვის  დღემდე  ხელმისაწვდომია  Martv-ის  ტელევიზიის  მისაღებად შესაბამისი ელექტრონული ფორმის შევსების ოფცია. აღნიშნულის დასადასტურებლად შპს ,,სერვისბოქსს“ კომისიაში წარმოდგენილი აქვს სანოტარო წესით დამოწმებული 2020 წლის 12 ოქტომბრის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი და აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული Martv-ის ტელევიზიის ონლაინ შეკვეთის ელექტრონული ფორმის ამონაბეჭდი.

ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, შპს,,სერვისბოქსი“ ითხოვს:

1.     დაეკისროს      შპს      ,,ახალ      ქსელებს“      ადმინისტრაციული      პასუხისმგებლობა აბონენტებისთვის შეცდომაში შემყვანი და დამაბნეველი ინფორმაციის მიწოდებისა და მათ მიმართ განხორციელებული იძულებისთვის და აგრეთვე, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების პრინციპის დარღვევისთვის;

2. დაევალოს შპს ,,ახალ ქსელებს“   მისი კუთვნილი ოფიციალური ვებგვერდიდან www.ak.ge, კერძოდ, მისი ტელევიზიის ონლაინ შეკვეთის ფორმიდან წაშალოს მითითება Martv-ზე. საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და საჩივრის განხილვის დღის დანიშვნის მიზნით კომისიის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2021 წლის 4 მარტს. კომისიის დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდა შპს ,,სერვისბოქსის“ წარმომადგენელი. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადნენ შპს ,,ახალი ქსელების“ და შპს ,,ახტელის“ წარმომადგენლები.

2021 წლის 4 მარტს, შპს ,,ახტელმა“ და შპს ,,ახალმა ქსელებმა“ წერილობით იშუამდგომლეს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1010; 04.03.2021; Nშ-21-6/1011; 04.03.2021) კომისიის მოსამზადებელი სხდომის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ საჩივრები მოცულობითია, მათი შესწავლა და კომპანიების პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა საჭიროებს გონივრულ ვადას. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ გადადო მოსამზადებელი სხდომა 2021 წლის 11 მარტისთვის.

2021 წლის 10 მარტს, შპს ,,ახტელმა“ კომისიაში წარმოადგინა წერილობითი პოზიცია (Nშ-21-6/1134; 10.03.2021)თანდართული დოკუმენტაციით, რომლის თანახმად, საჩივარში განვითარებული მსჯელობა მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ რეალობას. შპს,,ახტელის“ განმარტებით, იმ გარემოებას, რომ აბონენტები ინფორმირებულები იყვნენ Martv-ის ტელევიზიის დეკოდერის შეცვლის თაობაზე ადასტურებს მის მიერ კომისიაში წარმოდგენილი  შემდეგი  მტკიცებულებები:  1. წერილობითი  მიღება-ჩაბარების  აქტები, რომლის ხელმომწერი და შემდგენი ერთი მხრივ არის მომსახურების გამწევი კომპანია და მისი წარმომადგენელი, ხოლო მეორე მხრივ, თავად აბონენტი, რომელიც ასევე, იდენტიფიცირებულია;  2.  ტელევიზორის  ეკრანზე  ასახული  შეტყობინება ხელშეკრულების დადების ინსტრუქციის თაობაზე, ვებ-გვერდის მეშვეობით ხელშეკრულების დადასტურების თაობაზე მონაცემები, შპს ,,ახტელის“ ანგარიშზე მომსახურების საფასურის გადახდისა და აბონენტთათვის მიწოდებული მომსახურების შესახებ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი Excel-ის ფორმატში და ხელშეკრულების დადასტურების პროცედურის აღწერის დოკუმენტი (დანართები 2,3,4), რომლებითაც დასტურდება, რომ მომხმარებელთათვის ცნობილი იყო მომსახურების გამწევი კომპანიის ვინაობა. კერძოდ, მომხმარებლები კომპანიის სახელით იღებენ აქტივაციის კოდს, რომლის გააქტიურება შესაძლებელია ვებგვერდის გზით, კომპანიის მითითებით. მხოლოდ ამგვარი აქტივაციის მეშვეობით, სადაც მითითებულია კომპანიის დასახელება, ხდება მხარე ხელშეკრულების მონაწილე და შეუძლია მიიღოს მომსახურება. მოცემულ შემთხვევაშიც, შოს ,,სერვისბოქსის საჩივრებში დასახელებულმა აბონენტებმა აღწერილი პროცედურის მიხედვით, ვებგვერდის მეშვეობით განახორციელეს ხელშეკრულების დადასტურება. 3. მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება შპს ,,ახტელის“ ანგარიშზე“. შესაბამისად,    მომხმარებელი    თავად    ირჩევს    კომპანიის    დასახელებას    გაწეული სატელევიზიო მომსახურების სანაცვლო ანგარიშსწორებისთვის, რაც შპს ,,ახტელის“ განცხადებით, დასტურდება შპს ,,ახტელის“ ანგარიშზე მომსახურების საფასურის გადახდისა და აბონენტთათვის მიწოდებული მომსახურების შესახებ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტით Excel-ის ფორმატში (დანართი 2). 4. ყველა აპარატურას, რომელიც გადაეცემა აბონენტს, აქვს უნიკალური ნომერი და მომსახურების გამწევი კომპანიის საფირმო სახელწოდება დატანილი, რაც შპს ,,ახტელის“ განცხადებით, დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი აპარატურის ამსახველი ფოტოსურათით (დანართი 5). 5. კომპანიის ვებგვერდზე გაკეთებულია სპეციალური განცხადება იმ მიზნით, რომ მომხმარებელი არ იყოს შეცდმაში შეყვანილი (დანართი 6. შპს ,,ახტელისა“ და ,,ახალი ქსელების“ ვებ- გვერდიდან ამონარიდი).

შპს ,,სერვისბოქსის“ მიმართ თავისუფალი მეწარმეობის და კონკურენციის განვითარების პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, შპს ,,ახტელი“ ყურადღებას ამახვილებს მის მიერ წარმოდგენილ აუდიოჩანაწერებზე (დანართი 7), რომლებიც მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ჰქონდა კომისიის 2020 წლის 18 ივნისის Nგ-20-16/511 გადაწყვეტილების მიღების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რომლითაც, მისი განმარტებით, დასტურდება შპს ,,ახტელისა“ და შპს ,,ახალი ქსელების“ საქმიანი რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შექმნა.  შპს,,ახტელი“ ასევე უთითებს კომისიის 2020 წლის 18 ივნისის Nგ-20-16/511 გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლის თანახმად, ,,სატელეფონო ჩანაწერებში არც პირდაპირ და არც არაპირდაპირ არ არის მითითებული არც შპს „სერვისბოქსის“ და არც მისი რომელიმე თანამშრომლის  მიერ  ინფორმაციის  გავრცელების  თაობაზე  […]  არ დასტურდება შპს„სერვისბოქსის“ მიერ რაიმე ინფორმაციის გავრცელების ფაქტი.“ შესაბამისად, იმ პირობებში, როცა შპს ,,სერვისბოქსის“ მიერ მოცემული დავის ფარგლებში არ არის სხვა რაიმე სახის მტკიცებულება წარდგენილი, გარდა ჩანაწერისა, ხოლო შპს ,,ახტელის“ მიერ განხვავებით წინა წარმოების ფარგლები შესწავლილი მტკიცებულებებისა, წარმოდგენილი იქნა ჩანაწერის შინაარსის მცდარობის დამადასტურებელი მთელი რიგი წერილობითი მტკიცებულებები, შპს ,,ახტელს“ მიაჩნია, რომ კომისიის მიერ ვერც თავისუფალი კონკურენციის ნაწილზე მხარის მოთხოვნა ვერ იქნება მიჩნეული დასაბუთებულად. საწინააღმდეგო მოცემულობა, შპს ,,ახტელის“ განცხადებით, ნიშნავს მხარეთა თანასწორობის პრინიცპის დარღვევას, ვინაიდან, მსგავსი ფაქტობრივი მოცემულობისა და წარდგენილი მტკიცებულებების მიმართ კომისიის სამართლებრივი შეფასება არ შეიძლება იყოს არაერთგვაროვანი.

შპს ,,ახტელი“ თავის წერილობით პოზიციაში ასევე უთითებს კომისიის 2020 წლის 18 ივნისის Nგ-20-16/511 გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლის თანახმად, ,,განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მოწოდებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ საგადახდო სისტემებში აბონენტებთან ანგარიშსწორება ხდება მომსახურების სახის, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის სახელწოდების (ზოგჯერ - ასევე ლოგოს ან სავაჭრო ნიშნის) არჩევის შემდგომ საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის გზით. კომისია მიიჩნევს, რომ ავტორიზებული პირების მომსახურებისა და ანგარიშების ამგვარი გამიჯვნის პირობებში მიღებულია სათანადო ზომები აბონენტთა დაბნევისა და შეცდომაში შეყვანის   თავიდან აცილების    მიზნით.“ შპს ,,ახტელის“ განმარტებით, მის მიერ წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი  მონაცემები  ზუსტად  ამ  გარემოების  დამადასტურებელია  და  შპს,,სერვისბოქსის“ მიერ წარმოდგენილი აუდიოჩანაწერები არ ადასტურებს საჩივარში მოყვანილ გარემოებებს.

შპს ,,ახტელის“ განცხადებით, შპს ,,ახტელს“ გააჩნია თავისი საიტი www.akhteli.ge , თუმცა, წლების მანძილზე მომხმარებელთა მიერ ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი გახდა  www.ak.ge .აღნიშნული აბრივიატურა შეესაბამება როგორც ,,ახალი ქსელების“, ისე,,ახტელის“ საფირმო სახელწოდებას. აღნიშნული ვებგვერდის მისამართი აგრეთვე გამოყენებულია აბონენტთან დადებულ მომსახურების ხელშეკრულებაში. აღნიშნულ ინტერნეტ გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია ორივე კომპანიის შესახებ, მათ შორის, მომსახურების ფასები, პირობები, განცხადებები და ა.შ.

შპს ,,ახტელის“ განცხადებით, მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილ რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შპს ,,ახტელის“ მიერ მომხმარებლის თავისუფალი არჩევანისთვის დამაბრკოლებელი გარემოებების შექმნას, რადგან მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, შპს ,,ახტელს“ მიაჩნია, რომ შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2021 წლის 10 მარტს, შპს ,,ახალმა ქსელებმა“ წარმოადგინა წერილობითი პოზიცია (Nშ-21-6/1136; 10.03.2021) რომლის თანახმად, საჩივარში განვითარებული მსჯელობა მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ რეალობას. აღნიშნულის დასადასტურებლად შპს ,,ახალი ქსელები“ თავის საჩივარში უთითებს შპს ,,ახტელის“ მიერ ა/წ 10 მარტს წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. ამასთანავე, შპს ,,ახალმა ქსელებმა“ ა/წ 10 მარტს კომისიაში წარმოადგინა მონაცემები აბონენტთათვის მიწოდებული მომსახურების სახის, მომსახურების აქტივაციის, მომსახურების საფასურის გადახდის და სხვ. შესახებ Excel-ის ფორმატში. შპს ,,ახალი ქსელების“ განცხადებით, შპს ,,ახტელის“ საჩივარში აღწერილი ხელშეკრულების დადასტურების პროცედურის გათვალისწინებით, იმ პირობებშიც კი, რომ ვებგვერდზე მითითებული იყო ონლაინ შეკვეთის ველში MarTv-ის ტელევიზია, აბონენტების მხრიდან შპს ,,ახალი ქსელების“ და შპს ,,სერვისბოქსის“ პროდუქტის ერთმანეთში აღრევის რისკი არ არსებობს. შპს ,,ახალი ქსელები“ ასევე, უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ვებგვერდზე ხსენებული უსწორობის ფაქტის დადასტურება 2020 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით არის წარმოდგენილი, რაც არაავთენტურია დღევანდელი მოცემულობისათვის და სურს მხოლოდ შექმნას მისთვის სასურველი ვითარება.

შპს ,,ახალი ქსელების“ განმარტებით, ვებგვერდზე ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში განთავსებული იყო განცხადება, რომელიც მიზნად ისახავდა სწორედ მომხმარებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდებას, რომ შპს ,,ახტელის“ დსა შპს ,,ახალი ქსელების“ სატელევიზიო პროდუქტის სახელწოდება იყო ,,ახალი“, ხოლო შპს ,,სერვისბოქსის“ - ,,მარტივი“ (შპს,,ახტელის“ წერილობითი პოზიციის დანართი 6).

შპს ,,ახალი ქსელების“ განმარტებით, საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი სატელეფონო ჩანაწერებით დასტურდება, რომ მომხმარებელს აქვს სრული ინფორმაცია მათთვის მიწოდებული პროდუქტის  და  მომსახურების  მიმწოდებელი  კომპანიის  შესახებ.  შპს,,ახალი ქსელების“ განმარტებით, კომპანიის მხრიდან ხდება აბონენტების ინფორმირება მიწოდებული სერვისების თაობაზე. შპს ,,ახალ ქსელებს“ არ და ვერ ექნება ვალდებულება მიაწოდოს მომხმარებლებს ინფორმაცია, მათ შორის, იმ პროდუქტის ირგვლივ, რომლის წარმდგენიც და მესაკუთრეც სხვა სამეწარმეო სუბიექტია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ახალ ქსელებს“ მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

2021 წლის 11 მარტს, კომისიამ მიიღო Nგ-21-16/176 გადაწყვეტილება „შპს ,,ახტელის“ და შპს ,,ახალი ქსელების“ მიმართ შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის თაობაზე“. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივარი შპს ,,ახალი ქსელების“ მიმართ მიღებულ იქნას განსახილველად. შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივარი შპს,,ახტელის“ მიმართ მიღებულ იქნა განსახილველად საჩივრის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება შპს ,,სერვისბოქსის“ მიმართ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის განხორციელებას, მომხმარებელთათვის უზუსტო, შეცდომაში შემყვანი, არასარწმუნო, არასათანადო ინფორმაციის მიწოდებისა და მომსახურებაზე არასწორი წარმოდგენის შექმნის შედეგად, ხოლო საჩივრის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება შპს ,,ახტელის“ მიერ ვებგვერდის ქონის ვალდებულების სავარაუდო შეუსრულებლობას, ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, შპს ,,სერვისბოქსს“ დაევალა კომისიაში წარმოედგინა მის 2021 წლის 18 თებერვლის Nშ-21-6/753 და Nშ-21-6/754 საჩივრებში მითითებულ აბონენტებთან გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულებები ან სხვა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ საჩივარში მითითებული პირები იყვნენ მისი აბონენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 2021 წლის 18 მარტამდე. ასევე, ეთხოვა კომისიაში წარმოედგინა მის საჩივრებში მითითებული ფიზიკური პირების წერილობითი დასტური იმისა, რომ შპს ,,სერვისბოქსის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სატელეფონო ჩანაწერებში მათი საუბარია ასახული და ასევე, ამ პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ამავე ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილებით, შპს ,,ახტელს“ და შპს ,,ახალ ქსელებს“ დაევალათ ა/წ 18 მარტამდე კომისიაში წარმოედგინათ იმ აბონენტებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები და მათი საბილინგო მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 2020 წლის იანვრისა და თებერვლის პერიოდზე, რომლებთანაც 2020 წლის 15 იანვარს და 22 იანვარს შემდგარი სატელეფონო საუბრების ამსახველი აუდიოჩანაწერები შპს ,,ახტელმა“ წარმოადგინა 2021 წლის 10 მარტის Nშ-21-6/1134 განცხადებით. ამავე გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს ეთხოვა შპს ,,ახტელის“ მიერ ვებგვერდის ქონის ვალდებულების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლა და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის კომისიისთვის წარმოდგენა საკითხის ცალკე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განსახილველად. ასევე, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს ეთხოვა კომისიაში წარმოედგინა ინფორმაცია, შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივრებში მითითებულმა პირებმა მიმართეს თუ არა შპს ,,ახტელისა“ და შპს ,,ახალი ქსელების“ წინააღმდეგ  საჩივრით,    მათთვის  შეცდომაში    შემყვანი    ინფორმაციის    მიწოდების საფუძვლით.

2021 წლის 17 მარტს, შპს ,,ახალმა ქსელებმა“ წარმოადგინა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1265; 17.03.2021) იმ ორ აბონენტთან გაფორმებული ხელშეკრულებები და მიღება- ჩაბარების აქტები, რომლებთანაც 2020 წლის 15 იანვარს და 22 იანვარს შემდგარი სატელეფონო საუბრების ამსახველი აუდიოჩანაწერები შპს ,,ახტელმა“ წარმოადგინა 2021 წლის 10 მარტის Nშ-21-6/1134 განცხადებით.

2021 წლის 18 მარტს, შპს ,,სერვისბოქსმა“ წარმოადგინა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1302; 18.03.2021) მის 2021 წლის 18 თებერვლის Nშ-21-6/753 და Nშ-21-6/754 საჩივრებში მითითებულ აბონენტებთან გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულებები, ასევე, მის საჩივრებში მითითებული ფიზიკური პირების წერილობითი დასტური იმისა, რომ შპს,,სერვისბოქსის“   მიერ   კომისიაში   წარმოდგენილი   სატელეფონო   ჩანაწერებში   მათი საუბარია ასახული და ასევე, ამ პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2021 წლის 24 მარტს, შპს ,,სერვისბოქსმა“ წარმოადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის  Nშ-21-6/1425;  24.03.2021)  შპს ,,ახალი  ქსელების“  და  შპს,,ახტელის“ მიერ აბონენტებისთვის Martv-ის ტელევიზიის akhali ტელევიზიით შეცვლის თაობაზე ინფორმირების დასადასტურებლად წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. შპს ,,სერვისბოქსის“ განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა ერთობლივი პროდუქტის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, 2020 წლის პირველი თებერვლიდან უწყვეტად გაგრძელდა აბონენტების მიერ ტელევიზიით სარგებლობა და არ შეცვლილა გადახდის არხი აბონენტებისთვის, შპს ,,ახალი ქსელების“ და შპს ,,ახტელის“ მიერ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ უნდა იქნას მიჩნეული საკმარისად, სათანადო და არაორაზროვან ინფორმირებასთან დაკავშირებით. შპს ,,სერვისბოქსის“ განმარტებით, აბონენტთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, რომლის საფუძველზეც მისთვის მოხდა ტელევიზიის ახალი დეკოდერის გადაცემა, ვერ იქნება მისთვის მომსახურების მიმწოდებლის ცვლილებაზე სათანადო და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების დამადასტურებელი გარემოება, ვინაიდან, აბონენტმა შესაძლოა ივარაუდოს, რომ დეკოდერის შეცვლით მას ეცვლება არა მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიმწოდებელი, არამედ ხდება მისთვის გადაცემული ძველი დეკოდერის ჩანაცვლება ახლით, რასაც ადასტურებს შპს ,,სერვისბოქსის“ მიერ წარმოდგენილი აბონენტთა სატელეფონო ჩანაწერები. შპს ,,სერვისბოქსი“ ასევე, უთითებს იმ გარემოებაზე, რომ აბონენტები იშვიათად ეცნობიან ბოლომდე და სათანადოდ მომსახურების შესახებ მომსახურების მიმწოდებლის მიერ მათთვის წარდგენილი დოკუმენტაციის პირობებს. შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირის ცვლილების შესახებ ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია აბონენტს უნდა მიეწოდოს ისეთი ფორმით, რომელიც გარკვევით და ნათლად წარმოაჩენს მომსახურების მიმწოდებლის ცვლილების შესახებ ინფორმაცია.

შპს ,,სერვისბოქსის“ განმარტებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით აბონენტის მომსახურების მიმწოდებლის ოფიციალურ საიტზე გადამისამართება შესაბამის ხელშეკრულებაზე დათანხმების მიზნით არ წარმოადგენს სატელევიზიო პროვაიდერის ცვლილებასთან დაკავშირებით აბონენტის სათანდო ინფორმირებას იმგვარად, რაც მომავალში გამორიცხავს აბონენტის შეცდომაში შეყვანისა და მომსახურების მიმწოდებლის შესახებ მისთვის დამაბნეველი წარმოდგენის შექმნის რისკს. ასეთი ფორმით მიწოდებული ინფორმაცია არ შეიძლება მივიჩნიოთ ამომწურავად, ვინაიდან, ასეთ დროს აბონენტი შესაძლოა ფიქრობდეს, რომ მისი ხელშეკრულებაზე გადამისამართების მიზანია მისთვის ხელშეკრულებაში შეტანილი ახალი პირობის გაცნობა, რაც თავისთავად არ ნიშნავს, რომ აბონენტს ეცვლება მომსახურების მიმწოდებელი.

შპს ,,სერვისბოქსის“ განმარტებით, მისსა და შპს ,,ახტელისა“ და შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ მათი საერთო აბონენტებისთვის ერთობლივი პროდუქტის მიწოდების პერიოდში, აბონენტების მიერ შპს,,სერვიბოქსის“ Martv-ის მომსახურების საფასურის გადახდა შპს,,ახტელისა“ და შპს ,,ახალი ქსელების“ ანგარიშზე ხდებოდა, რის შემდეგაც თავად შპს,,ახტელი“ და შპს ,,ახალი ქსელები“ უზრუნველყოფდნენ აბონენტების მიერ გადახდილი Martv-ის მომსახურების საფასურის დარიცხვას შპს ,,სერვისბოქსის“ შესაბამის საბანკო ანგარიშზე. შესაბამისად, აბონენტებისათვის შპს ,,ახტელისა“ და შპს ,,ახალი ქსელების“ ანგარიშზე ტელევიზიის მომსახურების საფასურის გადახდა არც ანგარიშსწორების ახალ წესს წარმოადგენს და არც ტელევიზიის მომსახურების პროვაიდერის ცვლილებასთან დაკავშირებით აბონენტების ინფორმირების საკმარის მტკიცებულებად შეიძლება იქნეს მიჩნეული. შპს ,,სერვისბოქსის“ განცხადებით, შპს ,,ახალ ქსელებს“ და შპს ,,ახტელს“ არ წარმოუგენიათ შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რომ აბონენტებს ნამდვილად ახალი ტვ-ით ბრენდირებული დეკოდერები დაუყენეს.

შპს ,,ახტელის“ წერილობითი პოზიციის დანართ N6-ით წარმოდგენილ კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული განცხადებასთან დაკავშირებით, შპს ,,სერვიბოქსი“ უთითებს, რომ აღნიშნული განცხადების შინააარსით ვერ დგინდება ტელევიზიის მომსახურების მიმწოდებლის ცვლილების თაობაზე აბონენტთა ინფორმირება და ხდება მხოლოდ ტელევიზიის მომსახურებათა და მომსახურების მიმწოდებელთა გამიჯვნა. ამასთანავე, შპს,,ახალ ქსელებსა“ და შპს ,,სერვისბოქსს“ შორის ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად, შპს ,,ახალი ქსელების“ ოფიციალურ ვებგვერდზე Martv ტელევიზიის ონლაინ შეკვეთის ველის არამართლზომიერად არსებობის დასადასტურებლად შპს ,,სერვისბოქსს“ კომისიაში წარმოდგენილი აქვს 2020 წლის 12 ოქტომბრის სანოტარო აქტით დამოწმებული შპს ,,ახალი ქსელების“ ოფიციალურ ვებგვერდზე Martv ტელევიზიის ონლაინ შეკვეთის ველის სქრინი და ასევე, მისი განმარტებით, საჩივრის კომისიაში წარდგენის თარიღისთვის შპს ,,ახალი ქსელების“ ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული Martv ტელევიზიის ონლაინ შეკვეთის ველის შესაბამისი სქრინი. შპს ,,სერვისბოქსის“ განცხადებით, შპს ,,ახალი ქსელებს“ Martv ტელევიზიის ონლაინ შეკვეთის ველის წაშლის ვალდებულება წარმოეშვა ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვლიდან, როცა მხარეთა შორის შეწყდა ხელშეკრულება. გარდა ამისა, დღეის მდგომარეობით შპს ,,ახალი ქსელების“ ვებგევრდზე არ იძებნება აღნიშნული ველი, რაც ადასტურებს იმას, რომ შპს ,,ახალმა ქსელებმა“ ამოიღო Martv ტელევიზიის ონლაინ  შეკვეთის  ველი  და  ამით  აღიარა  მიერ  მიერ  ვალდებულების  დარღვევა.  შპს,,სერვისბოქსის“ განცხადებით, აღნიშნული ხაზს უსვამს შპს ,,ახალი ქსელების“ მხრიდან აბონენტის შეცდომაში შეყვანის მცდელობას და მის სურვილს აბონენტს ეგონოს, რომ მას ჯერ კიდევ Martv ტელევიზია მიეწოდება.

შპს ,,სერვისბოქსის“ განცხადებით, მასსა და შპს ,,ახტელსა“ და შპს ,,ახალ ქსელებს“ შორის ქსელით სარგებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულებები შეწყდა 2021 წლის პირველი თებერვლიდან, ხოლო ამ შეწყვეტაზე ჯერ კიდევ სამი თვით ადრე იყო ცნობილი მხარეებისთვის. ხელშეკრულებების შეწყვეტამდე დაახლოებით 9 დღით ადრე მათი თანამშრომლის მიერ აბონენტებისთვის მიწოდებულ ინფორმაცია, რომ იგი მომავალშიც შეძლებდა Martv-ის მომსახურებით სარგებლობას, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შპს,,ახტელისა“ და შპს ,,ახალი ქსელების“ მხრიდან აბონენტების მოტყუებას და მათთვის შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდების ფაქტს. აღნიშნულის დასადასტურებლად შპს ,,სერვისბოქსი“ უთითებს შპს ,,ახტელისა“ და ,,ახალი ქსელების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ 2020 წლის 22 იანვრის სატელეფონო ჩანაწერს ერთ-ერთ აბონენტთან. სტანდარტულ შემთხვევაში, ეს რომ არ ყოფილიყო ერთობლივი პროდუქტის მიწოდების შეწყვეტის შემდგომი პერიოდი შპს ,,ახტელისა“ დსა შპს ,,ახალი ქსელების“ მირ წარმოდგენილი პროცედურა და შესაბამისი დოკუმენტაცია შესაძლებელია ჩათვლილიყო აბონენტის სათანადო ინფორმირებად, ხოლო მოცემულ შემთხვევაში აბონენტისთვის რთული მისახვედრია, რომ მას შეეცვალა ტელევიზიის მომსახურების პროვაიდერი, თუ არ მოხდებოდა ამის შესახებ მისი ძალიან ცხადად და ცალსახად ინდივიდუალური შეტყობინების ინფორმირება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,სერვიბოქსს“ მიაჩნია, რომ შპს ,,ახტელისა“ და შპს,,ახალი ქსელების“ მიერ მიზანმიმართულად და კომპლექსურად, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით განხორციელდა როგორც აბონენტების არასათანადო, ისე ცრუ ინფორმირება მათი გადაბირების მიზნით, რითაც დაირღვა  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი  და მე-4 პუნქტები, ასევე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების  დაცვის  შესახებ“  რეგლამენტის მე-4  მუხლის  მე-3  და  მე-6  პუნქტები  და ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლი.

შპს ,,ახტელის“ და შპს ,,ახალი ქსელების“ მიმართ შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივრების განხილვის მიზნით კომისიის სხდომა გაიმართა 2021 წლის 25 მარტს. კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,სერვისბოქსის“ დირექტორი დ. ჯიქია და შპს ,,სერვისბოქსის“ წარმომადგენლები  თ.  ხარაზიშვილი და  გ.  სანებლიძე,  ასევე,  შპს  ,,ახტელისა“  და  შპს,,ახალი ქსელების“ წარმომადგენელი ხ. ინჯია. კომისიამ მოისმინა მხარეების ახსნა- განმარტებები და შპს ,,ახტელსა“ და შპს ,,ახალ ქსელებს“ დაავალა ხელშეკრულებების დადებაზე აბონენტთაგან მოპოვებული თანხმობის დამადასტურებელი მტკიცებულების (ე.წ. log-ბის) წარმოდგენა, ასევე, ისეთი დოკუმენტის წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ აბონენტებმა იცოდნენ რა მომსახურებისთვის იხდიდნენ საფასურს და ვის უხდიდნენ მას. შპს ,,ახალ ქსელებს“ ასევე, დაევალა შპს ,,სერვისბოქსის“ მიერ მის მიმართ წარდგენილ საჩივარში მითითებულ სამ აბონენტთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების წარმოდგენა.

2021 წლის 30 მარტს, შპს ,,ახალმა ქსელებმა“ კომისიაში წარმოადგინა საბილინსო სისტემიდან აბონენტების შესახებ მონაცემების ამსახველი ამონარიდი (ე.წ. სქრინშოთი), კერძოდ, მონაცემები აბონენტების სახელის, გვარის, ფიქსირებული ტელეფონის ნომრის, საკონტაქტო მობილური ნომრის, დისტანციური ხელშეკრულების დადების თარიღის, უსაფრთხოების კოდის, ხელშეკრულების ნომრის, ხელშეკრულების დადების თარიღის შესახებ მონაცემები, ასევე, აბონენტთა მიერ მომსახურების საფასურის გადახის თაობაზე მონაცემები Excel-ის ფორმატში, აბონენტთა საბილინგო მონაცემები Excel-ის ფორმატში და შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივარში მითითებული შპს ,,ახალი ქსელების“ სამ აბონენტთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები.

2021 წლის პირველ აპრილს, შპს ,,სერვისბოქსმა“ წარმოადგინა წერილობითი ახსნა- განმარტება (Nშ-21-6/1541; 01.04.2021) შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ 2021 წლის 30 მარტს კომისიაში წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. შპს ,,სერვისბოქსის“ მოსაზრებით, შპს ,,ახალი ქსელებისა“ დსა შპს ,,ახტელის“ მიერ წარმოდგენილი მიღება- ჩაბარების აქტები აბონენტისთვის დამაბნეველი და შეცდომაში შემყვანი შინაარსის მქონეა, ვინაიდან მისი სახელწოდებაა ,,აქტი მიღება-ჩაბარებისა და დაზიანებული მოწყობილობის შეცვლის შესახებ“. შესაბამისად, ეს აქტი აბონენტს, ალბათობის მაღალი ხარისხით უყალიბებს რწმენას, რომ თითქოს იგი ეხება მისთვის ძველი და დაზიანებული აპარატურის ახლით ჩანაცვლებას, რის საფუძველზეც აბონენტი სწორედ ძველ დაზიანებულ მოწყობილობას გადასცემს უკან კომპანიას, ხოლო იგი მისგან იღებს ახალს. რამდენიმე აბონენტთან გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებში შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს ,,ახტელის“ მიერ არ ხდება ამ აქტების დადების საფუძველზე მითითება და ასევე, ხდება მითითება არა IPTV მოდემის გადაცემაზე, არამედ დისტანციური მართვის პულტის გადაცემაზე, რაც ვერ ადასტურებს  შპს ,,ახალი ქსელებისა“ დსა შპს ,,ახტელის“ მიერ იმ IPTV მოდემის გადაცემის ფაქტს, რომელიც მათი განმარტებით, წარმოადგენს პროვაიდერის ცვლილებაზე აბონენტის ინფორმირების ფორმას. მიღება-ჩაბარების აქტები კონკრეტულად არ განსაზღვრავს, რომ აბონენტს გადაეცემა ახალი ტვ-ის ტელევიზიის დეკოდერი, რაც უფრო ზრდის აბონენტის დაბნევის რისკს. მიღება-ჩაბარების აქტებში, შპს,,ახალ ქსელებსა“ და შპს ,,ახტელს“ მითითებული აქვთ ორი პუნქტი, რომლის მიხედვით, ერთი მხრივ, გადასცემენ აბონენტებს თავისი ტელევიზიის დეკოდერებს, ხოლო მეორე მხრივ, აბონენტებისგან იბარებენ მათ მისამართზე განთავსებულ ძველ დეკოდერებს. აღნიშნული კი ცხადყოფს, რომ მოცემული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე აბონენტებისთვის თავიანთი ტელევიზიის დეკოდერების გადაცემის ეტაპზე შპს ,,ახტელი“ და შპს ,,ახალი ქსელები“ ახდენდნენ მათგან Martv-ის ტელევიზიის დეკოდერის წამოღებას, რითაც   არ   უტოვებდნენ   აბონენტებს  შესაძლებლობას   დაეტოვებინათ   აღნიშნული დეკოდერები და თავად გაეკეთებინათ თავისუფალი არჩევანი თუ რომელი მომსახურებით სარგებლობის გაგრძელება სურდათ მათ. შპს ,,სერვისბოქსის“ განცხადებით, აღნიშნულს ცხადყოფს, ასევე, მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული დეკოდერების ე.წ. mac ნომრები, რომლებიც იდენტურია Martv-ის დეკოდერების mac ნომრებისა.

შპს ,,სერვისბოქსის“ განმარტებით, შპს ,,ახალი ქსელების“ და შპს ,,ახტელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი Excel-ის ფაილში შეყვანილი მონაცემები, რომელიც არ შეიძლება აკმაყოფილებდეს დადგენილი მტკიცების სტანდარტს, ვინაიდან ასეთი ინფორმაციის  სანდოობისა    და  უტყუარობის  დასაბუთებისთვის    მხარეს    უნდა წარმოედგინა შესაბამისი ბანკის მიერ გაცემული ვალიდური დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება მოცემული აბონენტების მიერ მოცემული მომსახურების საფასურის ფაქტობრივად გადახდის შესაბამისი ტრანზაქცია.

შპს ,,სერვისბოქსის“ განმარტებით, შპს ,,ახტელმა“ და შპს ,,ახალმა ქსელებმა“ კომისიაში ე.წ. log-ბის სახით წარმოადგინეს ამონაწერი თავისი საბილინგო შიდა სისტემიდან, რაც ადასტურებს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ მათ დაარეგისტრირეს საჩვრებში მითითებულ აბონენტები, რაც ნათლად არ ასახავს და ვერ ამტკიცებს მათი მხრიდან ამ აბონენტებისთვის დისტანციური ხელშეკრულების დადებას იმ პროცედურის დაცვით, რომლებზეც მხარემ მიუთითა თავის 2021 წლის 10 მარტის წერილობით პოზიციაში.

შპს ,,ახტელის“ და შპს ,,ახალი ქსელების“ მიმართ შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივრების განხილვის მიზნით კომისიის სხდომა გაიმართა 2021 წლის 2 აპრილს. კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,სერვისბოქსის“ დირექტორი დ. ჯიქია და შპს ,,სერვისბოქსის“ წარმომადგენლები  თ.  ხარაზიშვილი და  გ.  სანებლიძე,  ასევე,  შპს  ,,ახტელისა“  და  შპს,,ახალი ქსელების“ წარმომადგენელი ხ. ინჯია. კომისიამ მოისმინა მხარეთა ახსნა- განმარტებები. კომისიის გადაწყვეტილების გამოცხადების დღედ განისაზღვრა 2021 წლის 8 აპრილი.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1.   შპს,,სერვიბოქსის“   საჩივარი   შპს,,ახტელის“   მიმართ (Nშ-21-6/754; 18.02.2021) თანდართული    ხუთი აბონენტის სატელეფონო    საუბრის    ჩანაწერებით    და  შპს,,სერვისბოქსის“ შესახებ ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

2. შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივარი შპს ,,ახალი ქსელების“ მიმართ (Nშ-21-6/753; 18.02.2021) თანდართული სამი აბონენტის სატელეფონო საუბრის ჩანაწერებით, 2020 წლის 12 ოქტომბრის სანოტარო აქტით დამოწმებული შპს ,,ახალი ქსელების“ ოფიციალურ ვებგვერდზე Martv ტელევიზიის ონლაინ შეკვეთის ველის ამსახველი ამონარიდით (ე.წ. სქრინშოთი), ასევე, შპს ,,ახალი ქსელების“ ოფიციალურ ვებგვერდზე Martv ტელევიზიის ონლაინ შეკვეთის ველის ამსახველი ამონარიდით (ე.წ. სქრინშოთი) და შპს ,,სერვისბოქსის“ შესახებ ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3. შპს ,,ახტელის“ წერილობითი პოზიცია (Nშ-21-6/1134; 10.03.2021), რომელსაც ერთვის აბონენტებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები; შეტყობინება ხელშეკრულების დადების    ინსტრუქციის     თაობაზე,     ვებ-გვერდის     მეშვეობით     ხელშეკრულების დადასტურების   თაობაზე   მონაცემების,   შპს   ,,ახტელის“   ანგარიშზე   მომსახურების საფასურის  გადახდისა   და  აბონენტთათვის   მიწოდებული   მომსახურების   შესახებ ინფორმაციის ამსახველი      დოკუმენტი    Excel-ის      ფორმატში,      ხელშეკრულების დადასტურების                პროცედურის     აღწერის    დოკუმენტი,     აპარატურის     ამსახველი ფოტოსურათი,  შპს ,,ახტელისა“ და ,,ახალი ქსელების“ ვებ-გვერდიდან ამონარიდი და შპს,,ახტელისა“ და შპს ,,ახალი ქსელების“ ორ აბონენტთან შემდგარი სატელეფონო საუბრების ჩანაწერები;

4. შპს ,,ახალი ქსელების“ წერილობითი პოზიცია (Nშ-21-6/1136; 10.03.2021), რომელსაც ერთვის მონაცემები აბონენტთათვის მიწოდებული მომსახურების სახის, მომსახურების აქტივაციის, მომსახურების საფასურის გადახდის და სხვ. შესახებ Excel-ის ფორმატში;

5. შპს ,,ახალი ქსელების წერილი (Nშ-21-6/1265; 17.03.2021), რომელსაც ერთვის ორ აბონენტთან გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები;

6. შპს ,,სერვისბოქსის“ წერილი (Nშ-21-6/1302; 18.03.2021), რომელსაც ერთვის აბონენტებთან გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულებები, ასევე, ფიზიკური პირების წერილობითი დასტური იმისა, რომ შპს ,,სერვისბოქსის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სატელეფონო ჩანაწერებში მათი საუბარია ასახული და ასევე, ამ პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

7.შპს ,,სერვისბოქსის“ წერილობითი ახსნა-განმარტება (Nშ-21-6/1425; 24.03.2021);

8. შპს ,,ახალი ქსელების“ წერილი (Nშ-21-6/1510; 30.03.2021), რომელსაც ერთვის საბილინსო სისტემიდან აბონენტების შესახებ მონაცემების ამსახველი ამონარიდი (ე.წ. სქრინშოთი), ასევე, აბონენტთა მიერ მომსახურების საფასურის გადახის თაობაზე მონაცემები Excel-ის ფორმატში, აბონენტთა საბილინგო მონაცემები Excel-ის ფორმატში და შპს ,,ახალი ქსელების“ სამ აბონენტთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები;

9. შპს ,,სერვისბოქსის“ წერილობითი ახსნა-განმარტება (Nშ-21-6/1541; 01.04.2021);

10. „შპს „სერვისბოქსის“ და სს „სილქნეტის“ მიმართ შპს „ახალ ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ერთობლივი საჩივრის (დაზუსტებული განცხადება: №შ-20-6/2921, 03.06.2020) და შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ (№შ-20-6/2574, 15.05.2020) და შპს „სისტემ ნეტის“ (№შ-20-6/2698, 22.05.2020) მიმართ შპს „სერვისბოქსის“ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და განცხადების განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“ კომისიის 2020 წლის 4 ივნისის Nგ-20-16/484 გადაწყვეტილება;

11. მონაცემები შპს ,,სერვისბოქსის“, შპს ,,ახტელის“ და შპს ,,ახალი ქსელების“ შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

12. შპს ,,სერვისბოქსის“ დირექტორისა და წარმომადგენლების, ასევე, შპს ,,ახტელის“ და შპს ,,ახალი ქსელების“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა- განმარტებები.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს ,,სერვისბოქსი“, შპს ,,ახტელი“ და შპს ,,ახალი ქსელები“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს;

მტკიცებულება: მონაცემები შპს ,,სერვისბოქსის“, შპს ,,ახტელის“ და შპს ,,ახალი ქსელების“ შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

2. შპს ,,სერვისბოქსსა“ და შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივრებში მითითებულ აბონენტებს შორის 2017-2018 წლების პერიოდში გაფორმებული იყო ხელშეკრულებები IPTV ტექნოლოგიით მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებისა და შესაბამისი აპარატურის მიწოდების თაობაზე. ხელშეკრულებებში მითითებულია აბონენტების მიერ არჩეული მომსახურების პაკეტების სახელწოდებები: ,,მარტვ+OPT22-9”, ,,სრული“, ,,მარტვ+OPT29-16”, ,,სრული“, ,,ძირითადი“,  ,,ოპტიკა  +  მარტვ 29“.  სააბონენტო  ხელშეკრულებების  მიხედვით,  შპს,,სერვისბოქსმა“     აბონენტებს     დროებით    სარგებლობაში     გადასცა     მომსახურების მიღებისათვის საჭირო მოწყობილობები, რომლებიც ეკუთვნოდა შპს ,,მალტისოფტს“. ერთი აბონენტის შემთხვევაში, მომხმარებელს გადაეცა შპს ,,სერვისბოქსის“ მოწყობილობა. აღნიშნულ ხელშეკრულებებს ერთვის შპს ,,სერვისბოქსს“, შპს ,,ახტელს“ ან შპს ,,ახალ ქსელებსა“ და აბონენტს შორის გაფორმებული შეთანხმებები შპს ,,ახტელის“ ან შპს ,,ახალი ქსელების“ ინტერნეტმომსახურებისა და შპს ,,სერვისბოქსის“ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების ერთობლივად მიწოდების თაობაზე, მომსახურებათა პაკეტების სახეებზე მითითებით. სააბონენტო ხელშეკრულებაში აპარატურის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევისთვის, უფასო კონსულტაციების, ტექნიკური ჯგუფის გამოძახების და არსებული მომსახურების პაკეტის შეცვლის მიზნებისთვის მითითებულია შპს ,,ახალი ქსელების“ და შპს ,,ახტელის“ ცხელი ხაზის ნომერი 110000, ხოლო აბონენტისგან მომსახურების საფასურის ამომღებად მითითებულია შპს ,,ახტელის“ ან შპს ,,ახალი ქსელები“.

მტკიცებულება:  შპს  ,,სერვისბოქსის“ წერილი  (Nშ-21-6/1302; 18.03.2021),  რომელსაც  ერთვის აბონენტებთან გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულებები.

3. შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივრებში მითითებულ აბონენტებსა და შპს ,,სერვისბოქის“ წარმომადგენელს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრების ჩანაწერების მიხედვით, აბონენტთა ნაწილი აცხადებს, რომ შპს ,,ახტელის“ ან შპს ,,ახალი ქსელებისგან“ მიღებული ინფორმაციით, თუ ჩართავდნენ Martv-ის, მაშინ შპს ,,ახალი ქსელების“ ან შპს ,,ახტელის“ ინტერნეტით ვერ ისარგებლებდნენ დეკოდერების არათავსებადობის გამო. აბონენტთა ნაწილი აცხადებს, რომ მათ იცოდნენ, რომ სარგებლოდნენ შპს ,,ახტელის“ ან შპს ,,ახალი ქსელების“         მაუწყებლობის    ტრანზიტით    მომსახურებით,    თუმცა,    მათ    აწვდიდნენ ინფორმაციას,   რომ    თუ    სურდათ    შპს    ,,ახტელის“    ან    შპს  ,,ახალი ქსელების“ ინტერნეტმომსახურებით  სარგებლობა,  ვალდებულნი  იყვნენ  1  წელი  ესარგებლათ  შპს,,ახტელის“ ან შპს ,,ახალი ქსელების“ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებით. ცალკეულ აბონენტებს უჭირდათ იმის გახსენება, თუ ვისი და რომელი მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებით სარგებლობდნენ. ზოგმა აბონენტმა განაცხადა, რომ მას შეუცვალეს რესივერი, თუმცა, არ იცოდა რომელი მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებით სარგებლობდა. აბონენტთა ნაწილის განცხადებით, მათ დაპირდნენ ინტერნეტმომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, რის გამოც დათანხმდნენ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების შეცვლას, თუმცა, ინტერნეტმომსახურების ხარისხი არ გაუმჯობესებულა. წარმოდგენილი სატელეფონო საუბრები შედგა 2020 წლის სექტემბერში, ოქტომბერში და ნოემბერში.

მტკიცებულება: შპს ,,სერვიბოქსის“ საჩივარი შპს ,,ახტელის“ მიმართ (Nშ-21-6/754; 18.02.2021) თანდართული ხუთი აბონენტის სატელეფონო საუბრის ჩანაწერებით; შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივარი შპს  ,,ახალი ქსელების“ მიმართ (Nშ-21-6/753; 18.02.2021) თანდართული სამი აბონენტის სატელეფონო საუბრის ჩანაწერებით, შპს  ,,სერვისბოქსის“ წერილი (Nშ-21-6/1302; 18.03.2021), რომელსაც ერთვის აბონენტებთან გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულებები და აბონენტთა წერილობითი დასტური  იმისა,  რომ  შპს  ,,სერვისბოქსის“ მიერ  კომისიაში  წარმოდგენილი სატელეფონო ჩანაწერებში მათი საუბარია ასახული და ასევე, აბონენტთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

4. შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს ,,ახტელის“ მიერ წარმოდგენილია მისი საბილინგო სისტემიდან აბონენტების შესახებ მონაცემები შპს ,,სერვისბოქსის საჩივრებში მითითებულ აბონენტებთან მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიწოდებაზე დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე ამ აბონენტთა თანხმობის დასადასტურებლად, კერძოდ, წარმოდგენილია       აბონენტის   სახელი,  გვარი,   ფიქსირებული   ტელეფონის   ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, ხელშეკრულების ნომერი, ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის დადასტურების თარიღი და დრო, უსაფრთხოების  კოდი. შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს ,,ახტელს“ ოფიციალურ ვებგვერდზე მოცემულია კონტრაქტზე დადასტურების ველი და თავად კომპანიების ხელშეკრულებების ფორმები, რომელთა მიხედვით, ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს ან შპს ,,ახტელი“ ან შპს ,,ახალი ქსელები“, ხოლო ხელშეკრულების საგანია მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება IPTV ტექნოლოგიით. შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს ,,ახტელის“ ვებგვერდზე შესაძლებელია საკომუნიკაციო მომსახურებების (მათ შორის, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების (ახალი ტვ) შეკვეთა და მომსახურების პაკეტის (,,სრული“, ,,ძირითადი“ და ძირითადი +“) არჩევა ონლაინ. შპს ,,ახალი ქსელებისა“ დსა შპს ,,ახტელის“ ვებგვერდის მიხედვით, მომსახურებების შეკვეთის რეგისტრაცია ასევე, შესაძლებელია ფიქსირებული ნომრიდან 11 00 00 ან მობილურიდან 0 800 00 50 50. შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს ,,ახტელის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების სხვადასხვა პაკეტი.

მტკიცებულება: შპს ,,ახალი ქსელების“ წერილი (Nშ-21-6/1510; 30.03.2021), რომელსაც ერთვის საბილინსო სისტემიდან აბონენტების შესახებ მონაცემების ამსახველი ამონარიდი (ე.წ. სქრინშოთი). ინფორმაცია შპს  ,,ახტელისა“ და  შპს  ,,ახალი ქსელების“ ვებ-გვერდიდან www.ak.ge  ( http://www.ak.ge/index.php?mmd=100&smd=31&lang=ge ; http://www.ak.ge/online_shek.php?mmd=0&smd=0&lang=ge );

5.  შპს,,ახტელისა“  და  შპს,,ახალი ქსელების“  მიერ  კომისიაში  წარმოდგენილია  შპს,,სერვისბოქსის“ საჩივრებში მითითებულ აბონენტებთან 2020 წლის აპრილისა და მაისის თვეებში გაფორმებული მიღება-ჩაბარებისა და დაზიანებული მოწყობილობის შეცვლის შესახებ აქტები, რომლებსაც აბონენტებთან ერთად ხელს აწერენ შპს ,,ახტელის“ ან შპს,,ახალი ქსელების“ წარმომადგენლები. ამ აქტების მიხედვით, შპს ,,ახტელი“ ან შპს ,,ახალი ქსელები“ გადასცემს მომხმარებელს აქტში მითითებულ მოწყობილობას, ხოლო მომხმარებელი გადასცემს და შპს ,,ახტელის“ ან შპს ,,ახალი ქსელები“ იღებს მისგან ამავე აქტში  მითითებულ  მოწყობილობას  (შენიშვნა: ყველა აქტში მითითებულია ორი მოწყობილობის -  IPTV მოდემის სერიული ნომერი). ცალკეულ  აქტებში მონიშნულია როგორც მოწყობილობის შპს ,,ახტელის“ ან შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ მომხმარებლისთვის გადაცემის, ასევე,   მომხმარებლისგან მოწყობილობის   მიღების გრაფები, ერთ აქტში ეს გრაფები მონიშნული არ არის და ასევე, მასში მონიშნული არ არის გადასაცემ მოწყობილობათა ჩამონათვალიდან არცერთი მოწყობილობა, ხოლო ერთ აქტში მითითებულია დისტანციური მართვის პულტის გადაცემის თაობაზე, დაზიანების გამო.

მტკიცებულება: შპს  ,,ახტელის“ წერილობითი პოზიცია (Nშ-21-6/1134; 10.03.2021), რომელსაც ერთვის მიღება-ჩაბარებისა და დაზიანებული მოწყობილობის შეცვლის შესახებ აქტები; შპს ,,ახალი ქსელების წერილი (Nშ-21-6/1510; 30.03.2021), რომელსაც ერთვის აბონენთა მიღება-ჩაბარების აქტები.

6. 2020 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით, შპს ,,ახტელისა“ და შპს ,,ახალი ქსელების“ ოფიციალურ ვებგვერდზე ონლაინ შეკვეთის ველში მითითებულ შეთავაზებათა შორის იყო Martv-ის მომსახურება. საკითხის განხილვისა და წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის შპს ,,ახტელისა“ და შპს ,,ახალი ქსელების“ ოფიციალურ ვებგვერდზე ონლაინ შეკვეთის ველში არ არის მითითებული Martv-ის მომსახურება.

მტკიცებულება:  შპს,,სერვისბოქსის“ საჩივარი შპს,,ახალი ქსელების“ მიმართ (Nშ-21-6/753;18.02.2021), რომელსაც ერთვის 2020 წლის 12 ოქტომბრის სანოტარო აქტით დამოწმებული შპს,,ახალი  ქსელების“ ოფიციალურ ვებგვერდზე Martv  ტელევიზიის ონლაინ  შეკვეთის ველის ამსახველი ამონარიდი (ე.წ. სქრინშოთი); www.ak.ge .

7. შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს ,,ახტელის“ ოფიციალურ ვებგვერზე კომპანიის სიახლეთა განყოფილებაში გამოქვეყნებულია შემდეგი შინაარსის ინფორმაცია: ,,ახალი ქსელების და ახტელის სატელევიზიო პროდუქტი არის ახალი ტვ, ხოლო სერვის ბოქსის სატელევიზიო პროდუქტი არის მარტვ. თუ გსურთ მიიღოთ ახალი ქსელების ინტერნეტ და სატელევიზიო სერვისები, გთხოვთ თანხა ჩარიცხოთ ახალი ქსელების საგადახდო აპლიკაციაზე“;

მტკიცებულება:   შპს ,,ახტელის“ წერილობითი პოზიცია (Nშ-21-6/1134; 10.03.2021), რომელსაც ერთვის ამონარიდი (ე.წ. სქრინშოთი) ვებგვერდიდან www.ak.ge ;

8. შპს ,,ახტელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2020 წლის 15 იანვრის სატელეფონო ჩანაწერის მიხედვით, შპს ,,ახტელის“ აბონენტი შპს ,,ახტელის“ ცხელი ხაზის ოპერატორთან საუბარში აცხადებს, რომ ჰქონდა ახტელის ტელეფონი, ინტერნეტი და ტელევიზია. რამდენიმე დღის წინ დაურეკეს Martv-დან და უთხრეს, რომ შპს ,,ახტელის“ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება უქმდებოდა და შემოდიოდა Martv-ის მომსახურება. მომხმარებლის განცხადებით, Martv-ის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ პირველი თებერვლიდან შპს ,,ახტელის“ ინტერნეტ მომსახურება დარჩებოდა, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება არ ექნებოდა. შპს ,,ახტელის“ ცხელი ხაზის ოპერატორმა განუცხადა, რომ ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ ეტყოდა და დაუკავშირდებოდნენ კვირის ბოლოს. ცხელი ხაზის ოპერატორის განმარტებით, ჯერჯერობით Marttv-სთან ხელშეკრულება ძალაში იყო და თუ რაიმე ცვლილება იქნებოდა დაგეგმილი, აუცილებლად შეეხმიანებოდნენ და მოინიშნა აბონენტის მობილური ნომერი დაკავშირების მიზნით. შპს,,ახტელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2020 წლის 22 იანვრის სატელეფონო ჩანაწერის მიხედვით, შპს ,,ახალი ქსელების“ აბონენტი ცხელი ხაზის ოპერატორთან საუბარში აცხადებს, რომ მოტყუებით დაუყენეს სს ,,სილქნეტის“ ინტერნეტი, მაშინ, როცა სარგებლობდა შპს ,,ახალი ქსელების“ ინტერნეტით. შესაბამისად, სურდა შპს ,,ახალი ქსელების“ ინტერნეტის აღდგენა და ამასთან, Martv-ის მომსახურების შენარჩუნება. მან მიიღო რეკომენდაცია შპს ,,ახალი ქსელების“ ინტერნეტის აღდგენის მიზნით გაეუქმებინა სს ,,სილქნეტის“ ინტერნეტი. მომხმარებელს  დაუდასტურეს, რომ ასეთ პირობებში Martv- ის მომსახურება, რომლის შენარჩუნება უნდოდა, ისევ ექნებოდა. შპს ,,ახალი ქსელების“ სხვა წარმომადგენელთან სატელეფონო საუბარში მომხმარებელი აცხადებს, რომ ეცნობა Martv-ის  შპს  ,,ახალი  ქსელებისგან“  გამოყოფის  თაობაზე და  რომ  შესთავაზეს  სს''სილქნეტის“  ინტერნეტმომსახურების  ჩართვა.  მომხმარებელი     დათანხმდა    სს,,სილქნეტის“  ინტერნეტმომსახურების     ჩართვას,     რადგან     როგორც     განუმარტეს, სხვაგვარად ვერ შეიანრჩუნებდა Martv-ის მომსახურებას. შპს ,,ახა;ო ქსელების“ ცხელი ხაზის ოპერატორმა დაუდასტურა, რომ თუ Martv-ის-მომსახურებზე რაიმე შეიცვლებოდა და        არ    იქნებოდა     Martv-ის     მომსახურება,     აუცილებლად     სხვა     პროდუქტით ჩაანაცვლებდნენ. შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს ,,ახტელის“ მიერ წარმოდგენილია ზემოთ მითითებულ შპს ,,ახტელის“ და შპს ,,ახალი ქსელების“ აბონენტებთან ამავე კომპანიების მიერ დადებული სააბონენტო  ხელშეკრულებები   (აქედან   ADSL-2-ის   გამოყენებით ციფრული სააბონენტო ხაზის ორგანიზების თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წელს, ხოლო ინტერნეტ ქსელში FTTH ტექნოლოგიით ჩართვის თაობაზე ხელშეკრულება -2017 წელს), ასევე, ამ ორ აბონენტთან 2017 წელს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები.

მტკიცებულება: შპს  ,,ახტელის“ წერილობითი პოზიცია (Nშ-21-6/1134; 10.03.2021), რომელსაც ერთვის შპს ,,ახტელისა“ და შპს ,,ახალი ქსელების“ ორ აბონენტთან   შემდგარი სატელეფონო საუბრის ჩანაწერები; შპს ,,ახალი ქსელების წერილი (Nშ-21-6/1265; 17.03.2021), რომელსაც ერთვის ორ აბონენტთან გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები.

9. 2020 წელსა და 2021 წლის 18 მარტამდე პერიოდში შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივრებში მითითებულ არცერთ აბონენტს არ მიუმართავს საჩივრით მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისთვის მისთვის შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდების გამო.

მტკიცებულება: მომხმარებელთა ინტერესების საზოგადებრივი დამცველის მიმართვა (N 21-10-555; 22.03.2021).

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“  ქვეპუნქტის   თანახმად,   კომისიის   ძირითად   ფუნქციებს   მიეკუთვნება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილი დავების გადასაწყვეტად იყენებს ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულ ნორმატიულ აქტებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეებს სურთ ურთიერთობა ამ კანონით მოაწესრიგონ.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი  პუნქტის    მიხედვით,    დავა    განიხილება    შეჯიბრებითობის    პრინციპის საფუძველზე, კომისიის სხდომაზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაედოს საფუძვლად           მათ      მოთხოვნებს      ან      რომელი      მტკიცებულებებით    უნდა  იქნეს დადასტურებული ისინი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი - ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეჯიბრებითობის პრინციპი არ ზღუდავს კომისიას, საქმის გარემოებათა გასარკვევად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოითხოვოს მტკიცებულებები.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მხარეებმა უნდა დაამტკიცონ ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზედაც ამყარებენ საკუთარ მოთხოვნებს, ხოლო მე-6 პუნქტის მიხედვით, კომისია აფასებს მტკიცებულებებს, რაც ემყარება მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. ამავე კანონის  42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავა არსებითად წყდება კომისიის გადაწყვეტილებით.

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა ხორციელდება სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი ისეთი ძირითადი პრინციპის შესაბამისად,  როგორიცაა თავისუფალი  მეწარმეობისა  და  კონკურენციის  განვითარება.

,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო ეკონომიკის რეგულირებად სფეროში ამ კანონით გათვალისწინებული საკითხების შესწავლისას ხელმძღვანელობს ამ კანონის მე-3 და მე-6−მე-9 მუხლებით, მე-11 მუხლის პირველი−მე-8 პუნქტებით, 111  მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-6−მე-12 პუნქტებითა და 27-ე, 33-ე და 331 მუხლებით, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტს, მე-5 მუხლს, 111 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებსა და 112, მე-18, 22-ე−25-ე და 32-ე მუხლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს,  თუ    ეკონომიკის    შესაბამისი    რეგულირებადი  სფეროს    მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მომხმარებელს აქვს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების სახეობის თავისუფლად არჩევის უფლება.

7. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის (შემდგომში: „რეგლამენტი“) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედით, მომხმარებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, უტყუარი, ამომწურავი  და  გასაგები,  რომელსაც  არ  ექნება  დამაბნეველი  ან  მაცდური  ხასიათი.

,,რეგლამენტის“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია, მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე, ასევე, ინფორმაცია წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.

შპს ,,სერვისბოქსი“ საჩივრებში (Nშ-21-6/754; 18.02.2021; Nშ-21-6/753; 18.02.2021) ითხოვს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას შპს ,,ახტელისა“ და შპს ,,ახალი ქსელებისთვის“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის დარღვევისთვის,  კერძოდ, მის მიმართ    არაკეთილსინდისიერი კონკურენციის განხორციელებისთვის, შპს ,,ახტელისა“ და შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ აბონენტთა   მოტყუების,    მომსახურების    პირობებში ცვლილების  შეტანის შესახებ ინფორმირების ვალდებულების, შეცდომაში შემყვანი და დამაბნეველი ინფორმაციის მიწოდებისა და მათ მიმართ განხორციელებული იძულების შედეგად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს ადგილი ჰქონდა  თუ  არა მომხმარებელთა  უფლებების  დარღვევას,  რომელმაც  გამოიწვია  შპს,,სერვისბოქსის“ მიმართ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის განხორციელება.

განსახილველი დავის სამართლებრივი შედეგი, შესაძლოა, იყოს ავტორიზებული პირის მიერ სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენა და მისთვის ამა თუ იმ პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება, რომლის მტკიცებულებითი სტანდარტი საკმაოდ მკაცრია. ავტორიზებულ პირს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი დამაჯარებელი და უტყუარი მტკიცებულებები. დაუშვებელია პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება მარტოოდენ მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით,   დავა   განიხილება   შეჯიბრებითობის   პრინციპის   საფუძველზე, კომისიის სხდომაზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაედოს საფუძვლად მათ  მოთხოვნებს ან   რომელი   მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ისინი. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მხარეებმა უნდა დაამტკიცონ ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზედაც ამყარებენ საკუთარ მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში კომისიამ უნდა შეაფასოს მხარეთა მიერ წარმოდგენილი, აგრეთვე  მის მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებები და შეგროვებული ფაქტობრივი  გარემოებები, რათა დაადგინოს, რამდენად დამაჯერებლად და უტყუარად ადასტურებენ ისინი შესაბამისი ავტორიზებული პირების მიერ სამართალდარღვევის ჩადენას.

შპს ,,ახტელის“ და შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ შპს ,,სერვისბოქსის“ აბონენტათვის საკუთარი  მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიწოდების მიზნით, აბონენტთა მოტყუების, მომსახურების პირობებში ცვლილების შეტანის შესახებ ინფორმირების ვალდებულების დარღვევის,  შეცდომაში   შემყვანი   და   დამაბნეველი   ინფორმაციის მიწოდებისა  და  მათ მიმართ  იძულების განხორციელების  დასადასტურებლად,  შპს,,სერვისბოქსს” წარმოდგენილი  აქვს  შპს  ,,სერვისბოქსის“ ყოფილ  აბონენტებსა  და  შპს,,სერვისბოქსის“ წარმომადგენელს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრების ჩანაწერები (იხ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მე-3 პუნქტი).

აღსანიშნავია,   რომ   შპს   ,,სერვისბოქსის“   მიერ   წარმოდგენილ   მტკიცებულებით   - აბონენტების სატელეფონო ჩანაწერებით არ დასტურდება  შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს,,ახტელის“ მიერ რაიმე ინფორმაციის გავრცელების ფაქტი. არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომლითაც კომისიის წინაშე   დამაჯერებლად და უტყუარად დადასტურდებოდა, რომ შპს ,,ახალმა ქსელებმა“ და შპს „ახტელმა“ აბონენტებს მიაწოდა შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია  მომსახურების მიმწოდებლის, მომსახურების პაკეტისა და მომსახურების პირობების შესახებ. ასევე, შპს ,,ახტელის“ მიერ წარმოდგენილი სატელეფონო ჩანაწერებით, რომლებზეც უთითებს შპს ,,სერვისბოქსი“ სამართალდარღვევის  ჩადენის  ფაქტის  დადასტურების  მიზნით,    არ  დასტურდება  შპს,,ახტელის“ ან შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ აბონენტის შეცდომაში შეყვანის ფაქტი (იხ.ფაქტობრივი გარემოებების მე-8 პუნქტი).

შპს ,,სერვისბოქსის“ ყოფილი აბონენტების შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდების ფაქტის გამოკვლევის მიზნით, კომისიამ შპს ,,ახტელისა“ და შპს ,,ახალი ქსელებისგან“ გამოითხოვა აბონენტებთან ტრანზიტით მაუწყებლობის მომსახურების მიწოდების თაობაზე ხელშეკრულებების დადების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ასევე, ამ აბონენტებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების   აქტები.   საქმეზე  ასევე, შპს,,სერვისბოქსის“ მიერ წარმოდგენილია თავის ყოფილ აბონენტებთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებები და ასევე, შპს ,,ახტელსა“ და შპს ,,ახალ ქსელებთან“ ერთობლივად აბონენტებთან გაფორმებული შეთანხმებები კონკრეტულ მომსახურების პაკეტებზე მითითებით. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, დგინდება, რომ შპს,,ახტელს“ და შპს ,,ახალ ქსელებს“ დისტანციურად მოპოვებული ჰქონდა აბონენტებისგან თანხმობა მათთვის მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიწოდების თაობაზე. ამასთანავე, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებიდან და ვებგვერდზე გამოქვეყნებული ხელშეკრულების ფორმიდან გამომდინარე, აბონენტებისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ მათ მომსახურებას აწვდიდა შპს ,,ახალი ქსელები“ და შპს ,,ახტელი“ (იხ. ფაქტობრივი გარემოებების მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტები).

შპს ,,ახტელის“ და შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ აბონენტათვის საკუთარი მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიწოდების მიზნით, აბონენტთა მოტყუების, მომსახურების პირობებში ცვლილების შეტანის შესახებ ინფორმირების ვალდებულების დარღვევის, შეცდომაში შემყვანი და დამაბნეველი ინფორმაციის მიწოდებისა და მათ მიმართ იძულების განხორციელების დასადასტურებლად, შპს ,,სერვისბოქსმა“ ასევე, წარმოადგინა 2020 წლის 12 ოქტომბრის სანოტარო აქტით დამოწმებული შპს ,,ახალი ქსელების“ და შპს,,ახტელის“ ოფიციალურ ვებგვერდზე Martv ტელევიზიის ონლაინ შეკვეთის ველის ამსახველი  ამონარიდი  (ე.წ.  სქრინშოთი),  რომლის  მიხედვით,  შპს  ,,ახტელისა“  და შპს,,ახალი ქსელების“ ოფიციალურ ვებგვერდზე ონლაინ შეკვეთის ველში მითითებულ შეთავაზებათა შორის იყო MarTV-ის მომსახურება, რომლის განთავსების კანონიერი საფუძველი, შპს ,,სერვისბოქსის“ განმარტებით, შპს ,,ახტელს“ და შპს ,,ახალ ქსელებს“ არ ჰქონდა იმის გათვალისწინებით, რომ მხარეები აღარ აწვდიდნენ აბონენტებს ერთობლივ მომსახურებას (იხ. ფაქტობრივი გარემოებების მე-6 პუნქტი).

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვის დროისთვის შპს ,,ახტელისა“ და შპს ,,ახალი ქსელების“ ოფიციალურ ვებგვერდზე არ იძებნება Martv ტელევიზიის ონლაინ შეკვეთის ველი.   ასევე,   Martv  ტელევიზიის  ონლაინ შეკვეთის ველთან დაკავშირებით   შპს,,სერვისბოქსის“ მიერ ა/წ 18 თებერვალს საჩივრით კომისიაში წარმოდგენილი ამონარიდი შპს ,,ახალი ქსელების“ და შპს ,,ახტელის“ ოფიციალური ვებგვერდიდან არ არის დათარიღებული. კომისია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საჩივრის ავტორის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ აღნიშნული აპლიკაცია შპს „ახტელისა“ და შპს „ახალი ქსელების“ ვებგვერდზე განთავსებული იყო იმ პერიოდში, როცა იმ აბონენტებთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელთა შეცდომაში შეყვანაზეც უთითებს საჩივრის ავტორი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ შპს ,,ახტელის“ და შპს ,,ახალი ქსელების“ საკომუნიკაციო მომსახურებების შეკვეთის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ვებგვერდის მეშვეობით, ასევე, ცხელი ხაზის ნომრების მეშვეობით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ვერ დგინდება თუ რომელი საშუალება გამოიყენეს აბონენტებმა შპს,,ახტელის“ ან შპს ,,ახალი ქსელების“ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების შეკვეთის რეგისტრაციისთვის.

კომისია აღნიშნავს იმასაც, რომ სატელეფონო ჩანაწერების მიხედვით, აბონენტთა უმრავლესობას არ გამოუხატავს სურვილი MarTV-ის მომსახურების ხელახლა ჩართვაზე. ორმა აბონენტმა გამოთქვა სურვილი MarTV-ის მომსახურების ხელახლა ჩართვაზე, თუმცა აბონენტის მიგრაციის მტკიცებულება საქმეში არ არის. ამასთანავე, საჩივრებში მითითებულ არცერთ აბონენტს არ მიუმართავს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისთვის საჩივრით, მისთვის შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდების გამო. კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ახალი ქსელების“ და შპს ,,ახტელის“ ვებგვერდზე Martv ტელევიზიის ონლაინ შეკვეთის ველის განთავსების პერიოდში (2020 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით) Martv ტელევიზიის მომსახურების მისაღებად შესაბამისი ელექტრონული ფორმის შევსების ოფციის ხელმისაწვდომობა შესაძლებელია შეცდომაში შემყვანი ან დამაბნეველი ყოფილიყო აბონენტებისთვის, თუმცა მხოლოდ ვარაუდი არ შეიძლება იყოს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, მაშინ როცა არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ აბონენტების მიერ შპს „ახალ ქსელებთან“ და შპს „ახტელთან“ ხელშეკრულებების გაფორმება აღნიშნული აპლიკაციის მათ ვებგვერდზე განთავსებით იყო განპირობებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ შპს ,,სერვისბოქსის“ მიმართ ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ კონკურენციას, კერძოდ კი ისეთი ქმედების განხორციელებას, რომელმაც გამოიწვია აბონენტთა შეცდომაში შეყვანა და ამან აბონენტებს უბიძგა გარკვეული ეკონომიკური ქმედებისკენ (ამ შემთხვევაში გამხდარიყვნენ შპს „ახალი ქსელების“ ან შპს „ახტელის“ აბონენტები ან/და არ გამხდარიყვნენ შპს „სერვისბოქსის“ აბონენტები). საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება, რომ აბონენტების მიერ შპს „ახალ ქსელებთან“ და შპს „ახტელთან“ ხელშეკრულებების გაფორმება მოხდა მათთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების შედეგად და რომ სხვა შემთხვევაში ისინი აღნიშნულ ოპერატორებთან ხელშეკრულებას არ გააფორმებდნენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივრები შპს ,,ახტელისა“ და შპს ,,ახალი ქსელების“ მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის,  მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის,   37-ე,  მე-40 და  42-ე მუხლების,   62-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის, VII თავის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს,,სერვისბოქსის“ საჩივრები შპს,,ახტელისა“ და შპს,,ახალი ქსელების“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს,,სერვისბოქსის“, შპს„ახალი ქსელებისა“ და შპს„ახტელისთვის“ დაუყოვნებლივ  გაგზავნა  და  კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,სერვისბოქსის“, შპს„ახალი  ქსელებისა“ და შპს„ახტელისთვის“ ჩაბარების დღიდან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარეებისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

5. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე        წევრი

ეკატერინე იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე       წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები