შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ გიგა გუდაძის, ბესარიონ წულაიას, არჩილ შატბერაშვილის, გიორგი გოცირიძის, გიორგი ყიფიანის და მამია გრიგოლიას საჩივრის (Nშ-20-9/1757; 19.04.2021) განსახილველად მიღების საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2021 11:29
მიღების თარიღი აპრილი 22, 2021
შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ გიგა გუდაძის, ბესარიონ წულაიას, არჩილ შატბერაშვილის, გიორგი გოცირიძის, გიორგი ყიფიანის და მამია გრიგოლიას საჩივრის (Nშ-20-9/1757; 19.04.2021) განსახილველად მიღების საკითხის განხილვის შესახებ
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ 2021 წლის 19 აპრილს კომისიას საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-9/1757; 19.04.2021) მიმართეს ფიზიკურმა პირებმა გიგა გუდაძემ, ბესარიონ წულაიამ, არჩილ შატბერაშვილმა, გიორგი გოცირიძემ, გიორგი ყიფიანმა და მამია გრიგოლიამ შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ, მის მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების ეთერში განთავსებისა და მაუწყებელთა მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამაუწყებლო ბადის დაგეგმვის შეზღუდვების შესაძლო დარღვევის გამო. საჩივრის მიხედვით, შპს „ფორმულას“ ეთერში 2021 წლის 7 მარტის გადაცემა „დროებას“ სიუჟეტში „13 მარტიდან ჩცდ ბრუნდება“, 22 საათსა და 07 წუთზე მსახიობმა შოთა ნოზაძემ შეურაცხმყოფელი ლექსიკის (გინება) გამოყენებით მიმართა მაყურებელს, რომ ეყურებინათ აღნიშნული სერიალისთვის. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მიხედვით, 23 საათამდე არ უნდა იქნეს განთავსებული 15 წლამდე ასაკისათვის შეუსაბამო მასალა, ხოლო ამავე კანონის 562 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ასეთ მასალას მიეკუთვნება „შეურაცხმყოფელი ლექსიკა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია“. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ ამ სიუჟეტში შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება კონტექსტით არ იყო გამართლებული. საჩივრის მიხედვით, საჩივრის ავტორები ითხოვენ დაისაჯოს ტელეარხი „ფორმულა“ და კომისიამ დაავალოს მაუწყებელს მოახდინოს დარღვევის დეკლარირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ ფიზიკური პირების, გიგა გუდაძის, ბესარიონ წულაიას, არჩილ შატბერაშვილის, გიორგი გოცირიძის, გიორგი ყიფიანის და მამია გრიგოლიას საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2021 წლის 22 აპრილს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც შეტყობინებებით ეცნობათ ფიზიკურ პირებსა და შპს „ფორმულას“. შეტყობინებით, მაუწყებელს და ფიზიკურ პირებს ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2021 წლის 22 აპრილის დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდნენ შპს „ფორმულას“ წარმომადგენელი ე. ქათამაძე და საჩივრის ავტორები, გიორგი ყიფიანი და გიგა გუდაძის წარმომადგენელი ლევან გორხელაშვილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჩივრის (Nშ-20-9/1757; 19.04.2021) დანარჩენ ავტორებს, რომლებიც არ ესწრებოდნენ კომისიის სხდომას, სხდომის გამართვის თაობაზე ეცნობათ საჩივარში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე და არცერთ მათგანს არ წარმოუდგენია წერილობითი შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყო საჩივრის ავტორთა მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და კომისია უფლებამოსილი იყო განეხილა საკითხი.
II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით, ხოლო მე-11 ნაწილის თანახმად, მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო „ი1“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია ბავშვის უფლებათა კოდექსის საფუძველზე ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების წესების დაცვის კონტროლი. ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს, ხოლო 21 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.
4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა.
5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით: ა) 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე; ბ) 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე; გ) 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე; დ) 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე;
6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს; ბ) სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენას ან მის გრაფიკულ გამოსახულებას; გ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია; დ) ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან.
7. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
8. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილოს შესაბამისი დარღვევის საკითხი.
9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
10. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას.
კომისია განმარტავს, რომ კომისიამ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა განსაზღვროს წარმოადგენს თუ არა საჩივრებში აღნიშნული საკითხები კომისიის რეგულირების სფეროს და წარმოადგენენ თუ არა საჩივრის ავტორები დაინტერესებულ პირებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვის ზოგად წესებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი ,,ბავშვის უფლებების კოდექსი“, რომლის 66-ე მუხლის მიხედვით, ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვას ზედამხედველობს კომისია. ასევე ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია ბავშვის უფლებათა კოდექსის საფუძველზე ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების წესების დაცვის კონტროლი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში კი შესაბამისი სანქციების დაკისრება. ამავე კანონის 561 მუხლი ადგენს არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების დროით შეზღუდვებს, ხოლო 562 მუხლი განსაზღვრავს არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების კატეგორიებს. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია. ამდენად, კომისიის უფლებამოსილებას მიეკუთვნება ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვაზე ზედამხედველობა და ბავშვის დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების წესების დაცვის კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
კომისია აღნიშნავს, რომ ფიზიკური პირები, გიგა გუდაძე, ბესარიონ წულაია, არჩილ შატბერაშვილი, გიორგი გოცირიძე, გიორგი ყიფიანი და მამია გრიგოლია ასაჩივრებენ შპს „ფორმულას“ მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების ეთერში განთავსებას და მაუწყებელთა მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამაუწყებლო ბადის დაგეგმვის შეზღუდვების დარღვევას. კერძოდ, საჩივრის მიხედვით, შპს „ფორმულას“ ეთერში 2021 წლის 7 მარტის გადაცემა „დროებას“ სიუჟეტში „13 მარტიდან ჩცდ ბრუნდება“, 22 საათსა და 07 წუთზე მსახიობმა შოთა ნოზაძემ შეურაცხმყოფელი ლექსიკის (გინება) გამოყენებით მიმართა მაყურებელს ეყურებინათ სერიალისთვის. საჩივრის მიხედვით, ფიზიკური პირები ითხოვენ, დაისაჯოს შპს„ფორმულა“ და კომისიამ დაავალოს მაუწყებელს მოახდინოს დარღვევის დეკლარირება.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს არასრულწლოვანი პირის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი. ფიზიკურ პირებს, გიორგი ყიფიანს და არჩილ შატბერაშვილს კომისიაში არ წარმოუდგენიათ დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ ისინი წარმოადგენენ დაინტერესებულ პირებს. არასრულწლოვან შვილთა დაბადების მოწმობები წარმოადგინეს საჩივრის შემდეგმა ავტორებმა: გიგა გუდაძემ, ბესარიონ წულაიამ, გიორგი გოცირიძემ და მამია გრიგოლიამ. შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და დაბადების მოწმობების საფუძველზე დგინდება, რომ ისინი წარმოადგენენ დაინტერესებულ პირებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მათ აქვთ უფლება საჩივრით მიმართონ კომისიას და მოითხოვონ მაუწყებელთა მიმართ შესაბამისი ზომების მიღება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ ფიზიკური პირების გიგა გუდაძის, ბესარიონ წულაიას, გიორგი გოცირიძის და მამია გრიგოლიას საჩივარი უნდა იქნეს განსახილველად მიღებული, რადგან მათ მიერ წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და დაბადების მოწმობების საფუძველზე დგინდება, რომ ისინი წარმოადგენენ დაინტერესებულ პირებს. ხოლო ამავე საჩივარზე ხელმომწერ ფიზიკურ პირებს, გიორგი ყიფიანს და არჩილ შატბერაშვილს კომისია ადმინისტრაციული წარმოების შემდეგ ეტაპზე ვერ განიხილავს ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე დაინტერესებულ პირებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების ეთერში განთავსების და მაუწყებელთა მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამაუწყებლო ბადის დაგეგმვის შეზღუდვების სავარაუდო დარღვევის თაობაზე იგივე საჩივარზე ხელმომწერი პირების, გიორგი ყიფიანის და არჩილ შატბერაშვილის მიმართ საჩივარი არ უნდა იქნეს მიღებული განსახილველად.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილოს შესაბამისი დარღვევის საკითხი. მოცემულ შემთხვევაში, მაუწყებლის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულების სავარაუდო დარღვევის საკითხის განხილვა არ არის ინიცირებული კომისიის მიერ, არამედ აღნიშნული საკითხის განხილვას ითხოვენ ფიზიკური პირები გიგა გუდაძე, ბესარიონ წულაია, გიორგი გოცირიძე, მამია გრიგოლია, გიორგი ყიფიანი და არჩილ შატბერაშვილი. შესაბამისად, გიორგი ყიფიანის და არჩილ შატბერაშვილის საჩივრების განხილვაზე უარის თქმა შედეგად არ გამოიწვევს მაუწყებლის მიერ კანონის სავარაუდო დარღვევის საკითხის რეაგირების მიღმა დარჩენას, რადგან იგივე საკითხი იმავე მაუწყებლების მიმართ კომისიის მიერ განხილული იქნება იმავე საჩივარზე ხელმომწერი პირების გიორგი გოცირიძის, გიგა გუდაძის, მამია გრიგოლიას და ბესარიონ წულაიას საჩივრის საფუძველზე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. აღნიშნულ შემთხვევაში, მოცემული საქმის გარემოებების, ადმინისტრაციული წარმოების მასალების, ასევე საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებების (მაგ. დავის მხარეთა რაოდენობა) და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების ეთერში განთავსებას და მაუწყებელთა მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამაუწყებლო ბადის დაგეგმვის შეზღუდვების სავარაუდო დარღვევის დასადგენად შესწავლილ უნდა იქნეს შპს „ფორმულას“ ეთერში გასული 2021 წლის 7 მარტის გადაცემა „დროებას“ სიუჟეტში 22 საათსა და 07 წუთზე გასული ერთი სიუჟეტის მხოლოდ ერთი ეპიზოდი, კომისიას მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას და შესაძლებელია საკითხის განხილვა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია საკითხი განიხილოს მარტივი ადმინისტრაციული წესით, რომლის ფარგლებშიც დაევალება კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს საჩივრის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ 66-ე მუხლის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-14 მუხლის, 561 და 562 მუხლების, 70-ე მუხლის პირველი და მე- 2 პუნქტების და 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ გიგა გუდაძის, ბესარიონ წულაიას, გიორგი გოცირიძის და მამია გრიგოლიას საჩივარი (Nშ-20-9/1757; 19.04.2021) მიღებულ იქნეს განსახილველად.
2. შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ გიორგი ყიფიანის და არჩილ შატბერაშვილის საჩივარი (Nშ-20-9/1757; 19.04.2021) არ იქნეს მიღებულ განსახილველად.
3. შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ ფიზიკური პირების გიგა გუდაძის, ბესარიონ წულაიას, გიორგი გოცირიძის და მამია გრიგოლიას საჩივრის არსებითი განხილვა დაინიშნოს 2021 წლის 29 აპრილს, 15:00 საათზე.
4. დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს შეისწავლოს შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ ფიზიკური პირების გიგა გუდაძის, ბესარიონ წულაიას, გიორგი გოცირიძის და მამია გრიგოლიას საჩივარი და 2021 წლის 29 აპრილამდე წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა (ი. მახარაძე).
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ფორმულას“ და ფიზიკური პირების, გიგა გუდაძის, ბესარიონ წულაიას, არჩილ შატბერაშვილის, გიორგი გოცირიძის, გიორგი ყიფიანის და მამია გრიგოლიასათვის გაგზავნა და ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
6. გადაწყვეტილება (გარდა მე-2 პუნქტისა) ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადების დღიდან.
7. გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ძალაში შევიდეს მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან.
8. გადაწყვეტილება (გარდა მე-2 პუნქტისა) ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
9. გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
