წვდომის მენიუ

სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ მომხმარებელ თ. ბოლქვაძის განცხადების განუხილველად დატოვებისა და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

ნომერი: გ-21-16 / 25

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 02, 2021 22:55

მიღების თარიღი იანვარი 28, 2021

სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ მომხმარებელ თ. ბოლქვაძის განცხადების განუხილველად დატოვებისა და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა მომხმარებელ თ. ბოლქვაძის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-9/44; 11.01.2021), რომლის თანახმად, მომხმარებელი სადავოდ ხდიდა სს ,,სილქნეტის“ მიერ მისთვის მომსახურების პაკეტის ,,სილკ +“-ის შეფერხებით მიწოდების პერიოდზე მომსახურების საფასურის დარიცხვას და ასევე, დამატებითი მომსახურების (სამაუწყებლო არხის) მომხმარებლის თანხმობის გარეშე ჩართვას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომხმარებელი ითხოვდა მისი, როგორც აბონენტის უფლებების დაცვას.

2021 წლის 21 იანვარს კომისიაში შემოვიდა თ. ბოლქვაძის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-9/173; 21.01.2021), რომლის თანახმად, მას ამ ეტაპზე არ სურდა დავა სს ,,სილქნეტთან“ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მისთვის დარიცხული საფასურის გადაუხდელობის პირობებში სს ,,სილქნეტს“ მომსახურება არ შეუწყვიტავს მომხმარებლისთვის და ასევე, სს ,,სილქნეტის“ ოპერატორმა დაუდასტურა, რომ დარიცხულ მომსახურების საფასურს დაუკორექტირებდნენ. შესაბამისად, მომხამრებელმა განცხადებაში დაადასტურა სურვილი სს ,,სილქნეტთან“ არსებული სადავო საკითხები მოეგვარებინა მოლაპარაკებით, კომისიის ამ პროცესში ჩართვის გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წლის 28 იანვარს დაინიშნა კომისიის სხდომა სს,,სილქნეტის“ წინააღმდეგ მომხმარებელ თ. ბოლქვაძის განცხადების განუხილველად დატოვებისა და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რის შესახებაც მომხმარებელს  და  სს  ,,სილქნეტს“  ეცნობათ  კომისიის შეტყობინებებით  (Nგ-21-03/142;26.01.2021; Nგ-21-03/141; 26.01.2021).

2021 წლის 26 იანვარს, კომისიაში შემოვიდა თ. ბოლქვაძის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-9/286; 26.01.2021), რომლითაც მან აცნობა კომისიას, რომ საჩივარში აღნიშნული საკითხი დარეგულირებული იყო და მოითხოვა მისი კომისიის სხდომაზე დასწრების გარეშე საჩივრის განუხილველად დატოვება.

II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია.

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელის მიერ მომხმარებელთა  უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს    კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს თავად ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს ან/და კომისიას ან პირდაპირ სასამართლოს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას.

3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად,  განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ა)  ქვეპუნქტის  თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება.

კომისია აღნიშნავს, რომ  მომხმარებელმა თ. ბოლქვაძემ კომისიას აცნობა, რომ საჩივარში აღნიშნული საკითხი დარეგულირებული იყო და შესაბამისად, არ სურდა კომისიის მიერ მისი საჩივრის განხილვა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვის საფუძველია მომხმარებლის საჩივარი/განცხადება და ამასთანავე, მომჩივანს არ სურს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყება სს ,,სილნეტის“ წინააღმდეგ მისი საჩივრის განხილვის მიზნით, კომისიას მიაჩნია, რომ მომხმარებელ თ. ბოლქვაძის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის   და 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  განუხილველად  დარჩეს  მომხმარებელ  თ.  ბოლქვაძეს  საჩივარი  სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ და შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის  ადმინისტრაციას (ნ.    ჯავახიძე)  აღნიშნული გადაწვეტილების მომხმარებელ თ. ბოლქვაძისთვის და სს ,,სილქნეტისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  www.comcom.ge (ნ. შოვნაძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მომხმარებელ თ. ბოლქვაძისა და სს ,,სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ.   თბილისის   საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64) მომხმარებელ თ. ბოლქვაძისა და სს ,,სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები