შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ გიგა გუდაძის, ბესარიონ წულაიას, გიორგი გოცირიძის და მამია გრიგოლიას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2021 16:09
მიღების თარიღი აპრილი 29, 2021
შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ გიგა გუდაძის, ბესარიონ წულაიას, გიორგი გოცირიძის და მამია გრიგოლიას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ 2021 წლის 19 აპრილს კომისიას საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-9/1757;19.04.2021) მიმართეს ფიზიკურმა პირებმა გიგა გუდაძემ, ბესარიონ წულაიამ, არჩილ შატბერაშვილმა, გიორგი გოცირიძემ, გიორგი ყიფიანმა და მამია გრიგოლიამ შპს„ფორმულას“ წინააღმდეგ, მის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების ეთერში განთავსებისა და მაუწყებელთა მიერ სამაუწყებლო ბადის დაგეგმვის შეზღუდვების შესაძლო დარღვევის გამო.
საჩივრის მიხედვით, შპს „ფორმულას“ ეთერში 2021 წლის 7 მარტის გადაცემა „დროებას“ სიუჟეტში „13 მარტიდან ჩცდ ბრუნდება“, 22 საათსა და 07 წუთზე მსახიობმა შოთა ნოზაძემ შეურაცხმყოფელი ლექსიკის (გინება) გამოყენებით მიმართა მაყურებელს, რომ ეყურებინათ აღნიშნული სერიალისთვის. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის
561 მუხლის მიხედვით, 23 საათამდე არ უნდა იქნეს განთავსებული 15 წლამდე ასაკისათვის შეუსაბამო მასალა, ხოლო ამავე კანონის 562 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ასეთ მასალას მიეკუთვნება „შეურაცხმყოფელი ლექსიკა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია“. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ ამ სიუჟეტში შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება კონტექსტით არ იყო გამართლებული. საჩივრის ავტორები ითხოვენ დაისაჯოს მაუწყებელი „ფორმულა“ და კომისიამ დაავალოს მაუწყებელს მოახდინოს დარღვევის დეკლარირება.
კომისიის 2021 წლის 22 აპრილის N გ-21-16/244 გადაწყვეტილებით ფიზიკური პირების, გიორგი ყიფიანის და არჩილ შატბერაშვილის მიმართ საჩივარი არ იქნა მიღებული განსახილველად, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენდნენ დაინტერესებულ პირებს, ხოლო ამავე გადაწყვეტილებით გიგა გუდაძის, ბესარიონ წულაიას, გიორგი გოცირიძის და მამია გრიგოლიას საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და საკითხის არსებითი განხილვა
დაინიშნა 2021 წლის 29 აპრილს, 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე მხარეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობათ.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს კომისიის მიერ დაევალა შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ ფიზიკური პირების საჩივარის შესწავლა და 2021 წლის 29 აპრილამდე შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ (სამსახურებრივი ბარათის N 21-10-770;28/04/2021) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეურაცმყოფელი ლექსიკის შემცველი პროგრამა 15 წლამდე არასრულწოვანთათვის შეუფერებლადაა მიჩნეული, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მისი გამოყენება კონტექსტით გამართლებულია. გადაცემა „დროებას“ მიმდინარეობისას გასულ სიუჟეტში მსახიობმა შოთა ნოზაძემ დააანონსა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სეზონის დაწყება და მოუწოდა მაყურებელს სერიალის ყურებისკენ. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოწოდებისას მსახიობმა განასახიერა საკუთარი პერსონაჟი, თენგო მაზიაშვილი, რომლისთვისაც დამახასიათებელია სპეციფიკური ლექსიკისა და ტერმინოლოგიის გამოყენება. სიუჟეტის სადავო ნაწილში გაკეთებული მიმართვის ავტორი სწორედ მხატვრული ნაწარმოების, სერიალის პერსონაჟია. ამიტომ, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ პროგრამაში შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება განპირობებულია პროგრამის პერსონაჟის მახასიათებლითა და ნაწარმოების მხატვრული ღირებულებით, რაც გამოყენებული ტერმინის კონტექსტით გამართლების საფუძველია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი, შეურაცხმყოფელ ლექსიკას, მათ შორის კონტექსტით გამართლებულს 12 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებლად მიიჩნევს. კანონის 561 მუხლის თანახმად კი, 12 წლამდე ასაკის პირთათვის შეუფერებელი ლექსიკა 21 საათის შემდეგ უნდა განთავსდეს. განცხადებაში მითითებული სიუჟეტი მაუწყებლის ეთერში 22:07 საათზე განთავსდა, შესაბამისად დაცულია კანონით დადგენილი მოთხოვნები.
კომისიის 2021 წლის 29 აპრილის დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდნენ შპს„ფორმულას“ წარმომადგენელი ე. ქათამაძე და საჩივრის ავტორის, გიგა გუდაძის წარმომადგენელი ლ. გორხელაშვილი.
ლ. გორხელაშვილმა აღნიშნა, რომ საჩივარში ყველაფერი ნათლად არის ჩამოყალიბებული, უხამსობა სახეზეა, ეთერში გაჟღერდა ლანძღვა-გინება, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებული ეთიკის ნორმებს და სადავო არაა, რომ მას არავითარი კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება არ გააჩნია. გარდა ამისა, პროგრამა გადაცემული იყო შეზღუდულ დროს. ტელეკომპანიების მიერ ასეთი ქმედება თავიდან უნდა იქნეს აცილებული და განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდონ შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას. მოცემულ შემთხვევაში ასეთი ლექსიკის გამოყენება კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო და შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა სახეზეა და მისი თხოვნაა, დააკმაყოფილოს კომისიამ საჩივარი.
შპს „ფორმულას“ წარმომადგენლის ე. ქათამაძის განმარტებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, რომ შეურაცხმყოფელი ლექსიკის შემცველი პროგრამა, მათ შორის კონტექსტით გამართლებული, შეიძლება განთავსდეს „+12“ ასაკობრივი კატეგორიისთვის განკუთვნილ დროს, 21:00 საათის შემდეგ. მოცემული სიუჟეტი განთავსდა 22:07 საათზე, შესაბამისად, კანონის მოთხოვნა, 21:00 საათის შემდეგ, კონტექსტით გამართლებული შეურაცხმყოფელი ლექსიკის შემცველი პროდუქციის განთავსებაზე, დაკმაყოფილებულია. რაც შეეხება კანონის მეორე მოთხოვნას, შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენების კონტექსტით გამართლებას ასეთ შემთხვევაში უნდა მოიშველიოს კომისიის გადაწყვეტილება, რათა დადგინდეს, რა არის კონტექსტით გამართლებული. აღნიშნულის შესახებ კომისიამ ერთხელ უკვე იმსჯელა 2020 წლის გადაწყვეტილებაში, რომელიც ასევე შეეხებოდა „ჩცდ“-ს და შეურაცხმყოფელ ლექსიკას, და განმარტა, რომ კონტექსტით გამართლების საფუძველი შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც პერსონაჟი იყენებს მისთვის დამახასიათებელ ტერმინოლოგიას. ეს წარმოადგენს კონტექსტით გამართლების საფუძველს. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო სიუჟეტი შეეხებოდა „ჩცდ“-ს ეთერში დაბრუნებას და სხვა მსახიობებთან ერთად მსახიობი შოთა ნოზაძე იძლევა ინტერვიუს როგორც მსახიობი. ინტერვიუს ბოლოში, როგორც „ჩცდ“-ს პერსონაჟი, რომელიც ბრუნდება სერიალში (წინა სეზონში ეს პერსონაჟი არ მონაწილეობდა), პერსონაჟისათვის დამახასიათებელი ხმის ტემბრით, საუბრის მანერით, პერსონაჟისთვის დამახასიათებელი სიტყვებით მიმართავს მაყურებელს. სწორედ აქედან გამომდინარე, უნდა გაიმიჯნოს მსახიობის მიმართვა პერსონაჟის მიმართვისგან, ვინაიდან ასეთი მიმართვა პერსონაჟის მიერ, არის კონტექსტით გამართლებული. ამიტომაც მიაჩნიათ, რომ საჩივარი შპს „ფორმულას“ მიმართ, არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან უნდა იქნეს მიჯნა გავლებული მსახიობსა და პერსონაჟს შორის.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. გიგა გუდაძის, ბესარიონ წულაიას, გიორგი გოცირიძის და მამია გრიგოლიას საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-9/1757; 19.04.2021) თანდართული მასალით შპს„ფორმულას“ წინააღმდეგ.
2. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-770; 28/04/2021).
3. ბესარიონ წულაიას, გიორგი გოცირიძის და მამია გრიგოლიასათვის გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2021 წლის 29 აპრილის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
4. მონაცემები შპს ,,ფორმულას“ შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
5. კომისიის სხდომებზე შპს ,,ფორმულას“ და საჩივრის ავტორი ფიზიკური პირების და მათი წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები გაკეთებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამართულ კომისიის სხდომებზე.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ფორმულა“ (ს/კ 405345666) წარმოადგენს მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი;22.07.2019);
მტკიცებულება:შპს „ფორმულას“ შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირების რეესტრიდან.
2. შპს „ფორმულას“ ეთერში 2021 წლის 7 მარტის გადაცემა „დროებას“ სიუჟეტში „13 მარტიდან ჩცდ ბრუნდება“, 22 საათსა და 7 წუთზე მსახიობმა, შოთა ნოზაძემ შეურაცხმყოფელი ლექსიკის (გინება) გამოყენებით მიმართა მაყურებელს ეყურებინა სერიალისთვის.
მტკიცებულება:ფიზიკური პირების, გიგა გუდაძის, ბესარიონ წულაიას, გიორგი გოცირიძის და მამია გრიგოლიას საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-9/1757;19.04.2021).
3. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, განხორციელებული მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ სიუჟეტი მოიცავს ბილწსიტყვაობის შემცველ სცენას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეურაცხმყოფელი ლექსიკის შემცველი პროგრამა 15 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებლადაა მიჩნეული, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მისი გამოყენება კონტექსტით გამართლებულია. აუდიო- ვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გადაცემა „დროებას“ მიმდინარეობისას გასულ სიუჟეტში მსახიობმა შოთა ნოზაძემ დააანონსა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სეზონის დაწყება და მოუწოდა მაყურებელს სერიალის ყურებისკენ. მოწოდებისას მსახიობმა განასახიერა საკუთარი პერსონაჟი - თენგო მაზიაშვილი, რომლისთვისაც დამახასიათებელია სპეციფიური ლექსიკისა და ტერმინოლოგიის გამოყენება. სიუჟეტის სადავო ნაწილში გაკეთებული მიმართვის ავტორი სწორედ მხატვრული ნაწარმოების - სერიალის პერსონაჟია. ამიტომ, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ პროგრამაში შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება განპირობებულია პროგრამის პერსონაჟის მახასიათებლითა და ნაწარმოების მხატვრული ღირებულებით, რაც გამოყენებული ტერმინის კონტექსტით გამართლების საფუძველია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი, შეურაცხმყოფელ ლექსიკას, მათ შორის კონტექსტით გამართლებულს 12 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებლად მიიჩნევს. კანონის 561 მუხლის თანახმად კი, 12 წლამდე ასაკის პირთათვის შეუფერებელი ლექსიკა 21 საათის შემდეგ უნდა განთავსდეს. განცხადებაში მითითებული სიუჟეტი მაუწყებლის ეთერში 22:07 საათზე განთავსდა, შესაბამისად დაცულია კანონით დადგენილი მოთხოვნები.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-770; 28/04/2021).
4. შპს „ფორმულას“ მიმართ იდენტური/მსგავსი დარღვევისთვის ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გამოყენებულია ჯარიმა.
მტკიცებულება: კომისიის 2020 წლის 31 დეკემბრის N გ-20-18/966 გადაწყვეტილება.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით, ხოლო მე-11 ნაწილის თანახმად, მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო „ი1“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია ბავშვის უფლებათა კოდექსის საფუძველზე ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების წესების დაცვის კონტროლი. ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს, ხოლო 21 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას.
4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი, ხოლო „ტ2“ ქვეპუნქტის თანახმად, ტელემაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოვიზუალური პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია.
5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; მოახდინონ პროგრამების, მათ შორის, ფილმების, კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით.
7. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით: ა) 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე; ბ) 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე; გ) 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე; დ) 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე;
8. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას; ბ) ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით ხორციელდება; გ) უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია; დ) ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა); ე) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ახსნა-განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას; ვ) თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას; ზ) ნარკოტიკის, საინექციო ხელსაწყოს, ნარკოტიკული ნივთიერების მომზადების ტექნოლოგიის ან გამოყენების პროცესის ახსნა-განმარტებას; თ) სცენას, რომელიც ეწევა თვითდასახიჩრების ან თვითმკვლელობის პროპაგანდას, აღწერს თვითმკვლელობის პროცესს ან საშუალებას; ი) იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის (დანა, ნაჯახი და სხვა) ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენას; კ) აზარტული თამაშობის ამსახველ სცენას, მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით; ლ) ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს; მ) ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს; ბ) სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენას ან მის გრაფიკულ გამოსახულებას; გ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია; დ) ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს; ბ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს, აგრეთვე მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენის მომხდენი შინაარსის მქონე სცენას ან სიუჟეტს.
9. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
10. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილოს შესაბამისი დარღვევის საკითხი.
11. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა და შესაბამისი დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება, თუ მისი აღმოფხვრა, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, „მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია“.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია, როგორც მაუწყებლის ვალდებულება მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანის დაცვის შესახებ, ისე პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები. კერძოდ, აღნიშნული კანონის 561 მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა. მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის სოციალიზაციას.
მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად. მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით: „ა) 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე; ბ) 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე; გ) 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე; დ) 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე. ამასთან, თუ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, სამაუწყებლო ბადეში ასეთი პროგრამა შეიძლება განთავსდეს მხოლოდ სათანადო და მკაფიო გაფრთხილებით, რომ იგი შესაბამისი ასაკის არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ მასალას შეიცავს. გაფრთხილება მოიცავს სპეციალურ ვიზუალურ ნიშანდებას მასალის გადაცემისას განუწყვეტლად, აგრეთვე ტექსტურ და ვერბალურ გაფრთხილებას წინასწარ, მასალის გადაცემამდე. ფასიანი სამაუწყებლო არხი უფლებამოსილია არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თუ მოქმედებს სავალდებულო PIN-კოდით დაცული სისტემა ან სხვა დამბლოკავი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული პროგრამის მხოლოდ უფლებამოსილი სრულწლოვანი აბონენტისთვის ხელმისაწვდომობას.
ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას. კერძოდ, ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია. ამდენად, კომისიის უფლებამოსილებას მიეკუთვნება ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვაზე ზედამხედველობა და ბავშვის დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების წესების დაცვის კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილოს შესაბამისი დარღვევის საკითხი. კომისია აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ფიზიკური პირების საჩივრის საფუძველზე. ფიზიკური პირები, გიგა გუდაძე, ბესარიონ წულაია, გიორგი გოცირიძე და მამია გრიგოლია ასაჩივრებენ შპს „ფორმულას“ მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების ეთერში განთავსებას და მაუწყებელთა მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამაუწყებლო ბადის დაგეგმვის შეზღუდვების დარღვევას. კერძოდ, საჩივრის მიხედვით, ფიზიკური პირები სადავოდ ხდიდნენ ტელემაუწყებელ „ფორმულას“ ეთერში, 7 მარტს 22:07 საათზე განთავსებული გადაცემა „დროებას“ სიუჟეტს. განმცხადებლების თანახმად, სიუჟეტში მსახიობმა შოთა ნოზაძემ შეურაცხმყოფელი ლექსიკის (გინების) გამოყენებით მიმართა მაყურებელს ენახათ სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“. საჩივრის ავტორები ითხოვენ დაისაჯოს შპს „ფორმულა“ და კომისიამ დაავალოს მაუწყებელს დარღვევის შესახებ დეკლარირება.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს შეურაცხმყოფელ ლექსიკას. ხოლო ამავე კანონის 56 1 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შეზღუდვების გათვალისწინებით, კერძოდ, 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე.
აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ სიუჟეტი მოიცავს ბილწსიტყვაობის შემცველ სცენას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეურაცხმყოფელი ლექსიკის შემცველი პროგრამა 15 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებლადაა მიჩნეული, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მისი გამოყენება კონტექსტით გამართლებულია. მოცემულ შემთხვევაში, გადაცემა
„დროებას“ მიმდინარეობისას გასულ სიუჟეტში მსახიობმა შოთა ნოზაძემ დააანონსა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სეზონის დაწყება და მოუწოდა მაყურებელს სერიალის ყურებისკენ. მოწოდებისას მსახიობმა განასახიერა საკუთარი პერსონაჟი - თენგო მაზიაშვილი, რომლისთვისაც დამახასიათებელია სპეციფიკური ლექსიკისა და ტერმინოლოგიის გამოყენება. სიუჟეტის სადავო ნაწილში გაკეთებული მიმართვის ავტორი სწორედ მხატვრული ნაწარმოების - სერიალის პერსონაჟს განასახიერებდა ამავე სერიალის დააანონსების მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროგრამაში შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება განპირობებულია პროგრამის პერსონაჟის მახასიათებლითა და ნაწარმოების მხატვრული ღირებულებით, რაც გამოყენებული ტერმინის კონტექსტით გამართლების საფუძველია. (იხ. „შპს „ფორმულასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-18/966 გადაწყვეტილება) ამავე მუხლის მე-3 პუნქტი, შეურაცხმყოფელ ლექსიკას, მათ შორის კონტექსტით გამართლებულს 12 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებლად მიიჩნევს. კანონის 561 მუხლის თანახმად კი, 12 წლამდე ასაკის პირთათვის შეუფერებელი ლექსიკა 21 საათის შემდეგ უნდა განთავსდეს. განცხადებაში მითითებული სიუჟეტი კი მაუწყებლის ეთერში 22:07 საათზე განთავსდა. აქედან გამომდინარე, მაუწყებლის მიერ დაცული იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, შპს „ფორმულას“ მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების ეთერში განთავსებისა და სამაუწყებლო ბადის დაგეგმვის შეზღუდვების შესახებ რეგულაცია არ დარღვეულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ ფიზიკური პირების, გიგა გუდაძის, ბესარიონ წულაიას, გიორგი გოცირიძის და მამია გრიგოლიას საჩივარი (Nშ-209/1757; 19.04.2021) არ უნდა დაკმაყოფილდეს.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-14 მუხლის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის, 561 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 562 მუხლის მე-2 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 451 მუხლის გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ გიგა გუდაძის, ბესარიონ წულაიას, გიორგი გოცირიძის და მამია გრიგოლიას საჩივარი (Nშ-209/1757; 19.04.2021) არ დაკმაყოფილდეს.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ფორმულას“ და ფიზიკური პირების, გიგა გუდაძის, ბესარიონ წულაიას, გიორგი გოცირიძის და მამია გრიგოლიასათვის გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
