წვდომის მენიუ

სს „მედია ჰოლდინგის“ წინააღმდეგ ფიზიკური პირის თორნიკე მურღულიას საჩივრის განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-21-16 / 351

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2021 22:16

მიღების თარიღი ივნისი 10, 2021

სს „მედია ჰოლდინგის“ წინააღმდეგ ფიზიკური პირის თორნიკე მურღულიას საჩივრის განხილვის თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2021 წლის 20 მაისის N21-23/287   გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება სს „მედია ჰოლდინგის“ წინააღმდეგ მოქალაქე თ.მურღულიას  საჩივრის  (Nშ-21-9/2109 14.05.21) განხილვის მიზნით. საჩივრის თანახმად, სს ,,მედია ჰოლდინგის“ სამაუწყებლო არხი - „კომედი არხის“ ეთერში 2021 წლის 8 მაისს 21:30 საათზე    განთავსდა არასრულწლოვნებისთვის  შეუფერებელი პროგრამა    - „ანეგდოტები“, პროგრამას არ ჰქონდა ნიშანდება.

თ.მურღულია ითხოვს მაუწყებლის დაჯარიმებას, ან გადაცემის წამყვანის ნ.არაბიძის მიერ საჯარო ბოდიშის მოხდას.

კომისიის 2021 წლის 20 მაისის N21-23/287 გადაწყვეტილების შესაბამისად, საჩივრის განსახილველად ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2021 წლის 3 ივნისს.

2021 წლის 3 ივნისს გამოცხადდნენ საჩივრის ავტორი თორნიკე მურღულია და  სს „მედია ჰოლდინგის“ წარმომადგენელი ანანო ბურდილაძე.

საჩივრის ავტორის თ. მურღულიას განმარტებით, სადაო პროგრამაში ისეთ სიტყვებს ადევს გადაფარვის სიგნალი, რომ ადვილად მისახვედრია რა სიტყვები შეიძლებოდა გაჟღერებულიყო და ფაქტობრივად ყველაფერი ისმის. თ.მურღულიას განცხადებით, გადაცემაში გარკვევით ისმის სიტყვა „შიგ“ შეუფერებელ კონტექსტში. ასევე ერთ-ერთ ანეკდოტში, არასრულწლოვანი ამბობს „გაიხადა...“. კომისიის სხდომაზე დასმულ შკითხვაზე საჩივრის ავტორს არ დაუსახელებია, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლით განსაზღვრული, არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამის კრიტერიუმი, რომელიც დარღვეულია სადავო პროგრამის განთავსებისას და განაცხადა, რომ კომისიის გადასაწყვეტია, რამდენად სწორია რეიტინგის გამო მსგავსი პროგრამების ეთერში განთავსება.

სს „მედია ჰოლდინგის“ წარმომადგენელმა ა.ბურდილაძემ განაცხადა, რომ მაუწყებელი ცდილობს სამაუწყებლო ბადე შეადგინოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ბადის დაგეგმვისას ითვალისწინებს კანონის ყველა ნორმას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სადაც კი უწმაწური სიტყვა იყო გაჟღერებული, დაედო გადაფარვის სიგნალი. შესაბამისად, ა.ბურდილაძის მოსაზრებით, არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი ქმედება და პროგრამა სახეზე არ ყოფილა.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. თ.მურღულიას  საჩივარი  (Nშ-21-9/2109 14.05.21) სს „მედია ჰოლდინგის“ წინააღმდეგ;

2. სს „მედია ჰოლდინგის“ სამაუწყებლო არხის „კომედი არხის“ ეთერში განთავსებული სადაო პროგრამის ვიდეომასალა;

3.კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-996  03.06.2021 ).

4. მონაცემები  სს  „მედია ჰოლდინგის“  შესახებ  მეწარმეთა  და  არასამეწარმეო (არაკომერციული)    იურიდიულ პირების  რეესტრიდან  და კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

5. კომისიის სხდომებზე სს ,,მედია ჰოლდინგის“ წარმომადგენლის ა.ბურდილაძის   და საჩივრის ავტორის თ.მურღულიას ახსნა-განმარტებები გაკეთებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამართულ კომისიის სხდომებზე.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. სს „მედია ჰოლდინგი“ წარმოადგენს მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს და ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა;

2. სს „მედია ჰოლდინგის“ სამაუწყებლო არხის „კომედი არხის“ ეთერში 2021 წლის 8 მაისს 21:30 საათზე განთავსებულ    გადაცემა „ანეგდოტებში“ არასრულწლოვნები ყვებიან ანეგდოტებს, რომელთა ნაწილს ადევს ხმოვანი სიგნალი და გრაფიკული გამოსახულება, ისე, რომ ხმის და პირის მოძრაობის გარჩევა შეუძლებელია;

3. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, განხორციელებული მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ გადაცემაში არასრულწლოვნები ანეკდოტების მოყოლისას იყენებენ შეურაცხმყოფელ ლექსიკას,  თუმცა, უშუალოდ შეურაცხმყოფელი შინაარსის  მქონე ტერმინები გადაფარულია    სპეციალური  სიგნალით,  შესაბამისად,   შეურაცხმყოფელი   ლექსიკის უშუალოდ გამოყენებას გადაცემაში ადგილი არ აქვს. აღნიშნული დასკვნის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლი განსაზღვრავს არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების კატეგორიზაციის კრიტერიუმებს. გამომდინარე იქედან, რომ პროგრამაში გამოყენებული შეურაცხმყოფელი ტერმინები გადაფარულია სპეციალური სიგნალით, განმცხადებლის მიერ მითითებული პროგრამა არ ექცევა კანონით გაწერილ არც ერთ კრიტერიუმში.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.  საქართველოს   კანონის   ,,ბავშვის   უფლებათა   კოდექსის“   66-ე   მუხლის   პირველი ნაწილის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით, ხოლო მე-11 ნაწილის თანახმად, მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო „ი1“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია ბავშვის უფლებათა კოდექსის საფუძველზე ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების წესების დაცვის კონტროლი. ამავე პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო კ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს, ხოლო 21  პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას.

4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  მაუწყებელი    არის    საზოგადოებრივი    მაუწყებელი,    საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი, ხოლო „ტ2“ ქვეპუნქტის თანახმად, ტელემაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოვიზუალური პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია.

5.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში    მოქმედი კანონმდებლობა,  მათ  შორის,  კომისიის  დადგენილებები  და გადაწყვეტილებები.

6. ,,მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   561       მუხლის   მე-4   პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად,   მაუწყებელი    ვალდებულია    სამაუწყებლო  ბადე  დაგეგმოს შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით: ა)18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე; ბ) 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე; გ) 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე; დ) 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე;

7.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562  მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა    პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას; ბ) ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით ხორციელდება; გ) უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია; დ) ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა); ე) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ახსნა-განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას; ვ) თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას; ზ) ნარკოტიკის, საინექციო ხელსაწყოს, ნარკოტიკული ნივთიერების მომზადების ტექნოლოგიის ან გამოყენების პროცესის ახსნა-განმარტებას; თ) სცენას, რომელიც ეწევა თვითდასახიჩრების ან თვითმკვლელობის პროპაგანდას, აღწერს თვითმკვლელობის პროცესს ან საშუალებას; ი) იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის (დანა, ნაჯახი და სხვა) ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენას;  კ)  აზარტული  თამაშობის ამსახველ  სცენას,  მისი  პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით; ლ) ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს; მ) ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,   15   წლამდე  არასრულწლოვნისთვის   შეუფერებლად  მიიჩნევა   პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს; ბ) სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენას ან მის გრაფიკულ გამოსახულებას; გ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია; დ) ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან.

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს  მის     მიერ     გადაცემული პროგრამების,    რეკლამისა  და   სპონსორების    შესახებ    ინფორმაციის    საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

9. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561  ან 562  მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილოს შესაბამისი დარღვევის საკითხი.

10.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის  მიერ  საქართველოს  კანონმდებლობის  დარღვევის  ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561     ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა და შესაბამისი დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება, თუ მისი აღმოფხვრა, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონის ,,ბავშვის   უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია    გამოიყენოს  სამაუწყებლო  პროგრამათა   კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, „მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია“.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია, როგორც მაუწყებლის ვალდებულება მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანის დაცვის შესახებ, ისე პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები. კერძოდ, აღნიშნული კანონის 561 მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა. მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის სოციალიზაციას.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილოს შესაბამისი დარღვევის საკითხი. კომისია აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ფიზიკური პირის საჩივრის საფუძველზე.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური    მედია    მომსახურებების    რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული     მონიტორინგისას     გამოვლინდა,   რომ გადაცემაში არასრულწლოვნები ანეკდოტების მოყოლისას იყენებენ შეურაცხმყოფელ ლექსიკას,  თუმცა, უშუალოდ  შეურაცხმყოფელი  შინაარსის  მქონე     ტერმინები გადაფარულია სპეციალური    სიგნალით,  ამასთან  აღნიშნულ  სიგნალთან  ერთად გამოყენებულია გრაფიკული საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს    ანეგდოტის მთხრობელის პირის მოძრაობის დაფარვას.

კომისია აღნიშნავს, რომ სადავო გადაცემა „კომედი არხის“ ეთერში განთავსებულია 21:30 საათიდან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთში. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561  მუხლის მე-5 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების თანახმად, მაუწყებლის ეთერში 21:00 საათიდან 23:00 საათამდე დროის მონაკვეთში არ უნდა განთავსდეს 12-დან 15 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამა.   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის შესაბამისად დადგენილია, ამ ასაკობრივი (12-15 ) კატეგორიისთვის შეუფერებელი პროგრამების შემდეგი კრიტერიუმები:

- სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას;

- ისეთ სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით ხორციელდება;

- უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია;

- ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა);

- ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ახსნა-განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;

- თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;

- ნარკოტიკის, საინექციო ხელსაწყოს, ნარკოტიკული ნივთიერების მომზადების ტექნოლოგიის ან გამოყენების პროცესის ახსნა-განმარტებას;

- სცენას, რომელიც ეწევა თვითდასახიჩრების ან თვითმკვლელობის პროპაგანდას, აღწერს თვითმკვლელობის პროცესს ან საშუალებას;

- იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის (დანა, ნაჯახი და სხვა) ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენას;

- აზარტული თამაშობის ამსახველ სცენას, მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით;

- ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს;

- ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალას.

- სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ    სცენას    ან    მის    გრაფიკულ გამოსახულებას;

- შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია;

- ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან.

ამდენად, მხოლოდ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების დამრღვევი პროგრამა შეიძლება იქნეს მიჩნეული 12-დან 15 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებელ პროგრამად.

იმის გათვალისწინებით, რომ შეურაცხმყოფელი ლექსიკის უშუალოდ გამოყენებას გადაცემაში ადგილი არ აქვს, ვინაიდან იგი გადაფარულია, როგორც ხმოვანი ისე გრაფიკული საშუალებებით, სახეზე არ  არის 12-დან 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის განთავსების ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ სს „მედია ჰოლდინგის“ წინააღმდეგ ფიზიკური პირის თორნიკე მურღულიას საჩივარი (Nშ-21-9/2109 14.05.21) არ უნდა დაკმაყოფილდეს.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13,  53-ე,  54-ე,  76-ე  მუხლის,  95-ე,  96-ე,  97-ე,  98-ე,  99-ე  მუხლებისა  და  VII  თავის, საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-14 მუხლის, 561  მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 562   მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 451 მუხლის გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. სს   „მედია ჰოლდინგის“   წინააღმდეგ თ.მურღულიას საჩივარი (Nშ-21-9/2109 14.05.21) არ დაკმაყოფილდეს;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების სს „მედია ჰოლდინგის“ და თ.მურღულიასთვის გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს   ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) გადაწყვეტილების მხარეებისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

5.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური                 თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე             წევრი

ეკატერინე იმედაძე         წევრი

ნათია კუკულაძე             წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები