შპს ,,სისტემ ნეტის“ მიმართ შპს ,,მალტისოფტის” საჩივართან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 04, 2021 16:09
მიღების თარიღი იანვარი 28, 2021
შპს ,,სისტემ ნეტის“ მიმართ შპს ,,მალტისოფტის” საჩივართან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ 2020 წლის 30 დეკემბერს, შპს ,,მალტისოფტმა“ საჩივრით მიმართა კომისიას შპს ,,სისტემ ნეტის“ წინააღმდეგ. საჩივარში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 16 დეკემბერს, შპს ,,მალტისოფტმა“ წერილობით მიმართა შპს ,,სისტემ ნეტს“ და მოითხოვა გაფართოებული ურთიერთჩართვის მიზნით შპს ,,სისტემ ნეტის“ შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვება 10 გბ/წმ გამტარუნარიანობის არხით, დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით, შეუზღუდავად და არადისკრიმინაციულად. 2020 წლის 23 დეკემბერს, შპს ,,მალტისოფტმა“ კვლავ მიმართა შპს ,,სისტემ ნეტს“ და მოსთხოვა 2 სამუშაო დღის ვადაში მიეცა მისთვის პასუხი და გადაედგა შესაბამისი ნაბიჯები ურთიერთჩართვის უზრუნველსაყოფად. შპს ,,სისტემ ნეტმა“ 2020 წლის 24 დეკემბრის წერილით უარი განაცხადა შპს ,,მალტისოფტის“ მის ქსელებთან გაფართოებული ურთიერთჩართვით უზრუნველყოფაზე და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე იმ საფუძვლით, რომ შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“ და შპს ,,სერვისბოქსს“, რომლებიც წარმოადგენენ შპს ,,მალტისოფტის“ აფილირებულ კომპანიებს, გააჩნიათ დავალიანება შპს ,,სისტემ ნეტის“ წინაშე.
შპს ,,მალტისოფტი“ საჩივარში აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს საერთო სარგებლობის საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს მოსთხოვოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვება ან/და ურთიერთჩართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება.
შპს ,,მალტისოფტი“ საჩივარში აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 30 ოქტომბრის №608/9 გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ გაფართოებული ურთიერთჩართვა, ისევე როგორც ხმოვანი ურთიერთჩართვა, კანონით დადგენილი ვალდებულებაა. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის #გ-20-16/893 გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, ურთიერთჩართვის მთავარი მიზანი არის ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს მიეცეს შესაძლებლობა დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, ხოლო ეს დაკავშირება უნდა განხორციელდეს ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით. ამდენად, ურთიერთჩართვა კანონმდებლის მიერ მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით შექმნილი სიკეთეა, რომელიც ყველა ავტორიზებული პირისთვის უნდა იყოს შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული.
შპს ,,მალტისოფტი“ საჩივარში აღნიშნავს, რომ კომისიის ამავე გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ შპს ,,სისტემ ნეტის“ მიმართ შპს ,,მალტისოფტის“ ან მისი აფილირებული ნებისმიერი პირის ფულადი ვალდებულება, იმ შემთხვევაშიც კი თუ ასეთი ვალდებულების რეალური არსებობა დადგინდება, ვერ გახდება ურთიერთჩართვის დამაბრკოლებელი გარემოება. შესაბამისად, შპს ,,სიტემ ნეტის“ მიერ 2020 წლის 24 დეკემბრის წერილით შპს ,,მალტისოფტისთვის“ გაცხადებული უარი იმ საფუძვლით, რომ შპს ,,მალტისოფტთან“ აფილირებულ კომპანიებს - შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“ და შპს ,,სერვისბოქსს“ შპს ,,სისტემ ნეტის“ წინაშე გააჩნიათ დავალიანება, წარმოადგენს ,,ელექტრონული კომუნკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას.
შპს ,,მალტისოფტი“ საჩივარში აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკური და სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირება, ხოლო მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკურენციის რეგულირების მიზნებისთვის კომისიის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობა და მათი თანასწორუფლებიანობა; მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან არადისკრიმინაციული დაშვება ან/და ურთიერთჩართვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,მალტისოფტი“ ითხოვს: 1. დაეკისროს შპს ,,სისტემ ნეტს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შპს ,,მალტისოფტისთვის“ გაფართოებული ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის ვალდებულების დარღვევისთვის, რაც გათვალისწინებულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით. 2. დაევალოს შპს ,,სისტემ ნეტს“ გაფართოებული ურთიერთჩართვის მიზნით შპს ,,მალტისოფტის“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაშვება საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან 10 გბ/წმ გამტარიანობის არხით, დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით, შეუზღუდავად და არადისკრიმინაციულად და აღნიშნულთან დაკავშირებით შპს ,,მალტისოფტთან“ შესაბამისი ხელშეკრულების დადება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,მალტისოფტსა“ და შპს ,,სისტემ ნეტს“ შორის დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2021 წლის 28 იანვარს, რის შესახებ შეტყობინებით ეცნობათ მხარეებს. შეტყობინებით, მათ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვნის უფლება. კომისიის სხდომაზე შპს ,,მალტისოფტის“ და შპს ,,სისტემ ნეტის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შპს „მალტისოფტსა“ და შპს ,,სისტემ ნეტს“ შორის ურთიერთჩართვასთან/დაშვებასთან დაკავშირებით არსებული დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში.
შპს ,,მალტისოფტის“ საჩივრისა და კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე მხარეების მიერ მიცემული ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.
შპს „მალტისოფტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ- ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. ინტერნეტ მომსახურება - ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება.
შპს ,,სისტემ ნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი 05.02.2010). ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით უზრუნველყოფა და მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება; მაუწყებლობის ტრანზიტი; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს,,მალტისოფტი“ და შპს ,,სისტემ ნეტი“ წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს და არსებობს მათ შორის დავა ურთიერთჩართვასთან/დაშვებასთან დაკავშირებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს„მალტისოფტსა“ და შპს ,,სისტემ ნეტს“ შორის ურთიერთჩართვასთან/დაშვებასთან დაკავშირებული დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 36-ე და 38-ე მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „მალტისოფტსა“ და შპს „სისტემ ნეტს“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2021 წლის 11 თებერვალს, 15:00 საათზე.
2. დავის განხილვის დღის შესახებ მხარეები გაფრთხილდნენ კომისიის 2021 წლის 28 იანვრის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) ინტერნეტში გამოქვეყნებისთანავე.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტი) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება და მხარეებისთვის გაგზავნა.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-5 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი.ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
