წვდომის მენიუ

შპს „სითი ტელეკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივართან (№შ-21-6/77,15.01.2021) დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: გ-21-16 / 41

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 08, 2021 19:54

მიღების თარიღი თებერვალი 04, 2021

შპს „სითი ტელეკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივართან (№შ-21-6/77,15.01.2021) დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

I.  საქმის აღწერა

1.  საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნულ  კომისიას  (შემდგომში: „კომისია“)  შპს„სითი ტელეკომის“ მიმართ საჩივრით (№შ-21-6/77, 15.01.2021) მიმართა შპს „ვიონი საქართველომ“. საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს „ვიონი საქართველოს“ და შპს „სითი ტელეკომს“ შორის დადებულია ურთიერთჩართვის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.  აღნიშნული  ხელშეკრულების  ფარგლებში  შპს  „სითი ტელეკომს“  შპს „ვიონი საქართველოს“ მიმართ წარმოეშვა დავალიანება. ამასთან, 2018 წლის 15 მაისს კომპანიები შეთანხმდნენ, რომ შპს „სითი ტელეკომი“ დავალიანებას დაფარავდა 15 კალენდარული თვის განმავლობაში. შპს „ვიონი საქართველო“ საჩივარში აღნიშნავს, რომ შპს „სითი ტელეკომი“ დავალიანებას მხოლოდ 2 თვის განმავლობაში იხდიდა და მას შემდეგ არ გადაუხდია.

2. საჩივარში ასევე მითითებულია, რომ შპს „ვიონი საქართველომ“ დასახელებულ საკითხზე ერთხელ უკვე მიემართა კომისიას საჩივრით და მოითხოვა შპს „სითი ტელეკომთან“ არსებული ურთიერთჩართვის მომსახურების შეჩერებაზე თანხმობა. „შპს„სითი   ტელეკომის“   მიმართ   შპს   „ვიონი   საქართველოს“   საჩივართან  (№შ-20-6/4767,15.09.2020) დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილებით (№გ-20-16 / 804, 15.10.2020) შპს „ვიონი საქართველოს“ უარი ეთქვა ურთიერთჩართვის მომსახურების შეჩერებაზე. საჩივრის ავტორის განმარტებით, ამავე გადაწყვეტილებაში გაკეთდა დათქმა, რომ თუ შპს „ვიონი საქართველო“ მართლაც დაადასტურებდა შპს „სითი ტელეკომის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს და იმ გარემოებას, რომ არ ხდება აღიარებული დავალიანების გადახდა უკვე შეთანხმებული გრაფიკით, ეს გადაწყვეტილება შემდგომი მომართვის შემთხვევაში შეიცვლებოდა.

3. შპს „ვიონი საქართველოს“ განმარტებით, კომისიის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ (2020 წლის 15 ოქტომბრიდან) შპს „სითი ტელეკომის“ მიერ კვლავ არ განხორციელებულა  შესაბამისი  გრაფიკით  გადახდა  (დავალიანება  შემცირდა მხოლოდ 1809.62 ლარით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ხარჯზე), რაც დასტურდება საოქმო გადაწყვეტილებებითა და ბუღალტრული სისტემიდან ამონაწერით.  შესაბამისად,  შპს„სითი    ტელეკომის“   მიერ   კვლავ   დაირღვა  ნაკისრი  ვალდებულება.  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ვიონი საქართველო“ ითხოვს შპს „სითი ტელეკომთან“ არსებული ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობას.

4.  შპს  „ვიონი  საქართველოს“  საჩივართან  დაკავშირებით  კომისიას  წერილობითი მოსაზრებით მიმართა შპს „სითი ტელეკომმა“ (№შ-21-6/488, 03.02.2021). შპს „სითი ტელეკომის“ განმარტებით, შპს „ვიონი საქართველოს“ არ ჰქონია მცდელობა, მომხდარიყო ორ კომპანიას შორის შედარება და დადგენილიყო ფინანსურ-ბუღალტრული ბალანსი. შპს„სითი ტელეკომმა“ წერილობით მიმართა შპს „ვიონი საქართველოს“ შედარების თხოვნით, რაზეც პასუხი არ მიუღია. გარდა ამისა, შპს „სითი ტელეკომი“ მიუთითებს, რომ კომისიის გადაწყვეტილების შემდგომ (2 თვის განმავლობაში) შპს „სითი ტელეკომის“ სასარგებლოდ დამატებით წარმოიშვა დავალიანება 1809,62 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, შპს „სითი ტელეკომმა“ შპს „ვიონი საქართველოს“ ანგარიშზე ჩარიცხა 4000 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სითი ტელეკომი“ მიიჩნევს, რომ კომპანია არათუ არ არიდებს თავს ვალდებულების შესრულებას, არამედ - ითხოვს რეალური ბალანსის დადგენას, რათა შეიქმნას ვალდებულების შესრულების კანონიერი საფუძველი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამრიგად, შპს „სითი ტელეკომი“ მიიჩნევს, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივარი უსაფუძვლოა და კომისიამ არ უნდა გასცეს თანხმობა ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე.

5. შპს „სითი ტელეკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივართან (№შ-21-6/77,15.01.2021) დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და განცხადების განხილვის დღის დანიშვნის მიზნით კომისიის მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2021 წლის 28 იანვარს, 15:00 საათზე. შპს „სითი ტელეკომის“ შუამდგომლობის გათვალისწინებით კომისიის 2021 წლის 28 იანვრის საოქმო გადაწყვეტილებით მოსამზადებელი სხდომა გადაიდო და გაიმართა 2021 წლის 4 თებერვალს, 15:00 საათზე.

6. 2021 წლის 4 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე მონაწილეობდა შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი ხუციშვილი. მისი განმარტებით, შპს „სითი ტელეკომსა“ და შპს „ვიონი საქართველოს“ შორის დაწყებულია მოლაპარაკებები და არსებობს შესაძლებლობა, რომ დავა დასრულდეს ურთიერთშეთანხმების გზით.

II.  სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

 

 

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-2  პუნქტის  „ვ“  ქვეპუნქტის  თანახმად,  კომისიის  ძირითად  ფუნქციებს მიეკუთვნება„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების მიხედვით დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის    ხელშეკრულების    პირობების    შეუსრულებლობის  შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილი დავების გადასაწყვეტად იყენებს ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულ ნორმატიულ აქტებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეებს სურთ ურთიერთობა ამ კანონით მოაწესრიგონ“.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირებს შორის დავის თაობაზე წარდგენილი განცხადება „მიიღება, თუ მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებს“.

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „დავა განიხილება შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, კომისიის სხდომაზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ისინი“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეჯიბრებითობის პრინციპი არ ზღუდავს კომისიას, საქმის გარემოებათა გასარკვევად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოითხოვოს მტკიცებულებები.

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს“. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“.

7. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, ავტორიზებულ პირებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას საჩივრის/განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მაუწყებლებს, მაუწყებლებსა და მომხმარებლებს შორის დავის განხილვის შემთხვევაში – საჩივრის/განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. თუ არსებობს დავის არსებითი განხილვის წინაპირობები, მოსამზადებელი სხდომა შეიძლება გადაიზარდოს დავის არსებითი განხილვის სხდომაში.

ამრიგად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია, განიხილოს ავტორიზებულ პირებს შორის დავა, რომელიც უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას. კომისიის უწყებრივი რეესტრის მიხედვით, შპს „ვიონი საქართველო“ და შპს „სითი ტელეკომი“ განეკუთვნებიან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს. შესაბამისად, უნდა განისაზღვროს, რამდენად უკავშირდება საჩივარში დაყენებული მოთხოვნა კომისიის მიერ მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციის განხორციელებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარის უფლებამოსილებას, მხოლოდ ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით. ამრიგად, კომისიის კომპეტენციებს განეკუთვნება ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორისთვის ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედი ურთიერთჩართვის თაობაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვა.

როგორც აღინიშნა, შპს „ვიონი საქართველო“ ითხოვს კომისიის თანხმობას შპს „სითი ტელეკომთან“ ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე. შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივრის განხილვა მიეკუთვნება კომისიის კომპეტენციებს და იგი მიღებული უნდა იქნეს განსახილველად.

გარდა ამისა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე კომისია უფლებამოსილია საქმის გარემოებათა გასარკვევად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოითხოვოს მტკიცებულებები. კომისია მიიჩნევს, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივარზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი გარემოებების გამოსარკვევად უნდა დადგინდეს შპს „ვიონი საქართველოსა“ და შპს „სითი ტელეკომს“ შორის არსებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან მომდინარე ურთიერთვალდებულებების მოცულობა. შესაბამისად, მხარეებმა არსებითი განხილვის სხდომამდე 2021 წლის 11 თებერვლის 15:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შპს „ვიონი საქართველოსა“ და შპს „სითი ტელეკომს“   შორის არსებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შედარების აქტი წარმოდგენის მომენტისათვის არსებული ურთიერთვალდებულებების ოდენობების მითითებით (როგორც დაზუსტებული, ისე - დაუზუსტებელი/შეუთანხმებელი ვალდებულებების ოდენობის ჩათვლით).

III.       სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს  კანონის  11-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის  „ა“,  „ბ“  და  „ვ“ ქვეპუნქტების,  მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 36-ე მუხლის, 37-ე მუხლის, 38-ე მუხლის პირველი პუნქტის, 62-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის,   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული   კომისიის   2003   წლის  27   ივნისის   №1   დადგენილებით   დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შპს „სითი ტელეკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივარი (№შ-21-6/77, 15.01.2021) მიღებულ იქნეს განსახილველად.

2.  შპს  „ვიონი  საქართველოს“  და  შპს  „სითი  ტელეკომს“  შორის  დავის  განხილვა დაინიშნოს 2021 წლის 11 თებერვალს, 15:00 საათზე.

3. შპს „ვიონი საქართველოს“ და შპს „სითი ტელეკომს“ დაევალოთ 2021 წლის 11 თებერვლის 15:00 საათამდე წარმოადგინონ „ვიონი საქართველოსა“ და შპს „სითი ტელეკომს“   შორის არსებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შედარების აქტი წარმოდგენის მომენტისათვის არსებული ურთიერთვალდებულებების ოდენობების მითითებით (როგორც დაზუსტებული, ისე - დაუზუსტებელი/შეუთანხმებელი ვალდებულებების ოდენობის ჩათვლით).

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

 

 

 

 

 

 

 

 

კახი ბექაური

 

 

 

თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე

 

 

წევრი

 

ელისო ასანიძე

 

 

 

წევრი

 

მერაბ ქათამაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები