წვდომის მენიუ

შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივრის განხილვისა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-21-16 / 55

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 11, 2021 13:53

მიღების თარიღი თებერვალი 04, 2021

შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივრის განხილვისა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.  საქმის აღწერა

საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნულ   კომისიას   (შემდგომში „კომისია“) საჩივრით (04.01.2021    N 2/07) მიმართა სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“. საჩივარში მითითებულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2020 წლის 17 დეკემბრის N783/7 წერილით კომისიას ეცნობა, რომ სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ კომპანია The Walt Disney Company CIS LLC-გან შეიძინა მხატვრული და ანიმაციური ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ჩვენების უფლება. აღნიშნული ინფორმაცია ასევე გავრცელდა პირველი არხის ეთერში. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მიმდინარე წლის 2 იანვარს სამაუწყებლო კომპანია GDS-ის ეთერში გავიდა მხატვრული ფილმი „მარტო სახლში“ (პირველი და მე-2 ნაწილები), რომლის ექსკლუზიური ჩვენების უფლება ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მიენიჭა საზოგადოებრივ მაუწყებელს. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ მოცემული მხატვრული ფილმის პირველი არხის საახალწლო ეთერში განთავსების შესახებ წინასწარ გავრცელდა საანონსო რგოლების სახით, ასევე წინასწარ დაანონსებული იყო არხის პროგრამა, რომელშიც ასახული იყო ეს მხატვრული ფილმები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,   საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოითხოვა მათი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების მიღება, აღნიშნული საკითხის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და შესაბამისი რეაგირების განხორციელება.

2020 წლის 21 იანვარს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა სადაო ფილმთან დაკავშირებით 2014 წლის 17 დეკემბრით დათარიღებული ინვოისი (გამოწერილია რიგ ფილმებზე, მათ შორის, „მარტო სახლში“ პირველი და მეორე ნაწილები) და 2015 წლის 13 იანვრის N216 საგადასახადო დავალება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/188, 21.01.21). წერილს არ ახლავს ხელშეკრულება.

კომისიის 2021 წლის 21 იანვრის N გ-20-16/1 გადაწყვეტილებით კომისიის მიერ განსახილველად იქნა მიღებული სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარი (04.01.2021 N 2/07) შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიმართ. ამავე გადაწყვეტილებით, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2021 წლის 28 იანვარი, 15:00 საათი. ასევე, მხარეებს დაევალათ ფილმის „მარტო სახლში“ (პირველი და მე-2 ნაწილი) მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 2021 წლის 27 იანვრამდე.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ სადაო მხატვრული ფილმის ჩვენების დოკუმენტაციის სრულყოფილად, ქართულ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული სახით წარმოდგენის უზრუნველსაყოფად, კომისიის სხდომა გადაიდო 2021 წლის 4 თებერვლისთვის.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური    მედია    მომსახურებების    რეგულირების დეპარტამენტის  სამსახურებრივი  ბარათის  (N  21-10-160,  01/02/2021) თანახმად  სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ 2021 წლის 01 თებერვალს კომისიაში წარმოადგინა ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება, რომ 2021 წლის 01 იანვრიდან საჩივრის ავტორს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება საქართველოს ტერიტორიაზე ფილმების „მარტო სახლში“ და „მარტო სახლში 2“-ის სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათიდან ასევე ირკვევა, რომ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მხრიდან უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის. ამასთან, დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილ იქნა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს 2021 წლის 02 იანვრის სამაუწყებლო  ბადის ჩანაწერი  და დადგინდა,  რომ მაუწყებელმა  02 იანვარს განათავსა „მარტო სახლში“ პირველი და მეორე სერიები/ნაწილები.

დამატებით, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N 21-10-213, 04/02/2021) ირკვევა, რომ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მხრიდან ხელშეკრულებები ფილმებზე „მარტო სახლში“ და „მარტო სახლში 2“-ის წარმოდგენილი იყო კომისიაში, თუმცა ჩვენების უფლება მაუწყებელს ჰქონდა 2017 წლის 30 ივნისამდე. შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასულია.

კომისიის 2021 წლის 4  თებერვლის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს სსიპ„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელმა დ. ბერძენიშვილმა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ წარმომადგენელმა ნ. ფაშალიშვილმა.

კომისიის 2021 წლის 4 თებერვლის სხდომაზე შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ წარმომადგენელმა ნ. ფაშალიშვილმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულება ვერ მოიძიეს და ისარგებლეს საახალწლო ბადის    სიით,    რომელიც    წინა    წლებში    იყო    გაკეთებული.    ამასთან,    მართალია „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ წინასწარ აცნობა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ აღნიშნული ფილმების თაობაზე, ამის მიუხედავად აღნიშნულ გაუგებრობას ადგილი მაინც ჰქონდა. მან აღიარა დარღვევა და თხოვნით მიმართა კომისიას, მინიმალური სანქციის ზომა გამოიყენოს დამრღვევი ავტორიზებული პირის მიმართ.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათი საჩივრები მსგავსი პრობლემის სამომავლო პრევენციას ემსახურება და მათი სურვილია, ასეთი შემთხვევა აღარ განმეორდეს.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1.   ამონაწერი  მეწარმეთა  და  არასამეწარმეო  (არაკომერციული)  იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან სსიპ    „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ შესახებ;

2.   სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარი (04.01.2021  N 2/07);

3.   შპს   „ჯი-დი-ეს თი-ვის“   წერილი   Nშ-21-6/188, 21.01.21)   თანდართული მასალებით (ინვოისი და საგადასახადო ქვითარი);

4.   კომისიის გადაწყვეტილება ( N გ-20-16/1, 21.0.2021) „შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“;

5. კომისიის წერილი (N გ-21-03/154, 27/01/2021) სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“;

6. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“   წერილები (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/242, 25.01.2021 და Nშ-21-6/456, 01.02.2021), რომლითაც წარმოდგენილ იქნა ფილმის „მარტო    სახლში“    (პირველი  და მე-2 ნაწილის)  მართლზომიერი    ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

7. სსიპ   „საზოგადოებრივი   მაუწყებლის“   წერილობითი   შუამდგომლობა  (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/374, 28.01.2021);

8. კომისიის  აპარატის აუდიო-ვიზუალური  მედია მომსახურებები რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N21-10-160, 01/02/2021);

9.   კომისიის შეტყობინებები (Nგ-21-03/217, 02/02/2021 და Nგ-21-03/216, 02/02/2021) სსიპ„საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“;

10. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების   რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-213, 04/02/2021);

11. მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. კომისიას   საჩივრით  (04/01/2021,  N  2/07)  მიმართა  სსიპ  „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, რომლის თანახმად მიმდინარე წლის 2 იანვარს სამაუწყებლო კომპანია GDS-ის ეთერში გავიდა მხატვრული ფილმი „მარტო სახლში“ (პირველი და მე-2 ნაწილები), რომლის ექსკლუზიური ჩვენების უფლება მინიჭებული აქვს   საჩივრის ავტორს.

მტკიცებულება: სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“  საჩივარი (04/01/2021, N 2/07);

2.  საჩივრის ავტორი, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე დაფუძნებული საზოგადოებრივი მაუწყებელია. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად,  შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია.

მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრი

3.   შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ 2020 წლის 21 იანვარს კომისიაში წარმოდგენილ იქნა სადაო ფილმთან დაკავშირებით 2014 წლის 17 დეკემბრით დათარიღებული ინვოისი (გამოწერილია  რიგი  ფილმებზე,  მათ  შორის,  „მარტო  სახლში“  პირველი და  მეორე სერია/ნაწილი) და 2015 წლის 13 იანვრის N216 საგადასახადო დავალება (გადახდის დამადასტურებელი ქვითარი). ამასთან, კომისიაში ინახე შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება, საიდანაც დგინდება, რომ მაუწყებელს ფილმების („მარტო სახლში“ და „მარტო სახლში 2“) ჩვენების უფლება ჰქონდა 2017 წლის 30 ივნისამდე. შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასულია.

მტკიცებულება:  შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/188, 21.01.21) თანდართული დოკუმენტაციით; კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-213, 04/02/2021).

4. შპს „უოლტ დისნეი კომპანი დსთ“-სა და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელს“ შორის დადებული შეთანხების თანახმად, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ 2020 წლის 25 დეკემბრიდან ფლობს ფილმების, მათ შორის, ფილმ „მარტო სახლში“ და „მარტო სახლში 2“-ის ექსკლუზიური ჩვენების უფლებას.

მტკიცებულება: სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილი და ნოტარიული თარგმანი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/242, 25.01.2021; Nშ-21-6/456, 01.02.2021), კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-160, 01/02/2021).

5. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვიმ“ 2021 წლის 02 იანვარს განათავსა ფილმის - „მარტო სახლში“ პირველი და მეორე სერიები/ნაწილები („მარტო სახლში“ და „მარტო სახლში 2“), ისე, რომ აღნიშნული ფილმების მართლზომიერი  ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ხელშეკრულება მაუწყებელს კომისიაში არ წარმოუდგენია.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია  მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-160, 01/02/2021).

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებს განეკუთვნება „მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“;

2. „მაუწყებლობის    შესახებ"    საქართველოს    კანონის   მე-2  მუხლის   ჰ) ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლობა – საქართველოს  კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო  ქონების  საფუძველზე   ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომელიც არ   ექვემდებარება    არც   ერთ  სახელმწიფო   უწყებას   (შემდგომში    – საზოგადოებრივი  მაუწყებელი),  მიერ განხორციელებული  მაუწყებლობა,  რომლის მიზანია პოლიტიკური და  კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება საზოგადოებისათვის;   ამავე   მულის   ტ)   ქვეპუნქტის თანახმად, ტ)მაუწყებელი– საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო,  ამ  კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის  ან/და  რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 21  პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის      შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ხოლო, ამავე  მუხლის  მე-6  პუნქტის  თანახმად,  დარღვევის  სიმძიმის  გათვალისწინებით, კომისია  უფლებამოსილია  განიხილოს  მაუწყებლის   მიმართ  შესაბამისი  სანქციის გამოყენების საკითხი;

4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით  დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად,  დავა განიხილება შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ისინი. შეჯიბრებითობის პრინციპი არ ზღუდავს კომისიას საკითხთან დაკავშირებული გარემოებების გასარკვევად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოითხოვოს მტკიცებულებები;

5.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს    საერთაშორისო    ხელშეკრულებები,    საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“    საქართველოს კანონები,    სხვა    საკანონმდებლო    და    კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე    რეკლამის    შესახებ    საკანონმდებლო    აქტების    შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო ამავე პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის  ფუნქციასა  და  ვალდებულებას     წარმოადგენს     მაუწყებლის     მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი   კანონმდებლობა,   მათ   შორის,   კომისიის   დადგენილებები   და გადაწყვეტილებები;

8. „ლიტერატურისა  და  მხატვრული  ნაწარმოებების  დაცვის  შესახებ”  ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური       საკუთრების       მსოფლიო       ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის  № 879  დადგენილებით)  მიერთებით,  საქართველომ  იკისრა  ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

9. „ლიტერატურული  და  მხატვრული  ნაწარმოებების  დაცვის  შესახებ”  ბერნის კონვენციის მე-11bis       მუხლისა    და    „ისმო-ს საავტორო    უფლებების   შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ  გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და  კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები;

10. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

11. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური  უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;

12. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;

13. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი  პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას    ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის  ჩანაწერის   რეპროდუცირება,  გარდა იმ  შემთხვევისა,  როდესაც  გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;

14. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია 

15. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,   მაუწყებლის   მიერ   საქართველოს   კანონმდებლობის   დარღვევის  ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციებს განეკუთვნება „მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“, ხოლო ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით კი - საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივრის განხილვის მიზნით გამართული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადასტურდა, რომ მხატვრული ფილმის „მარტო სახლში“ (პირველი და მეორე სერიები/ნაწილები) ექსკლუზიური ჩვენების უფლებას ფლობს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, რაც ავტომატურად გამორიცხავს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ ამ ფილმების 2021 წლის 2 იანვარს ჩვენების მართლზომიერებას, ვინაიდან „სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულების თანახმად, „უდკ დსთ“ გადასცემს ლიცენზიანტს ექსკლუზიურ ლიცენზიას საქართველოს ტერიტორიაზე ეთერში გაშვების გზით ფილმების ექსკლუზიურ გამოყენებაზე... სალიცენზიო პერიოდის განმავლობაში ფილმების ჩვენების დადგენილი რაოდენობით (მარტო სახლში - 01.01.2021 -31.12.2022; მარტო სახლში 2 – 01.01.2021 -31.12.2022). თავის მხრივ, აღნიშნული ფილმების მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ლიცენზია/ხელშეკრულება) შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ კომისიაში წარმოდგენილი არ აქვს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე მხატვრული ფილმის „მარტო სახლში“   და „მარტო სახლში 2“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებით, მაუწყებლის მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის,   „საავტორო   უფლებების   შესახებ”   ისმო-ს  ხელშეკრულების   მე-8   მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37- ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა 2021 წლის 2 იანვრის ეთერში, მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე ფილმების: „მარტო სახლში“ და „მარტო სახლში 2“-ის  ჩვენების გამო. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, მას უნდა დაეკისროს წერილობითი გაფრთხილება.

V.  სარეზოლუციო ნაწილი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ) და ტ) ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, მე-14 მუხლის 21    და მე-6 პუნქტების, 451  მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 71-ე მუხლი პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის    საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების“    451  მუხლის მე-5 პუნქტის,„ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 58-ე მუხლის, გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარი (N 2/07, 04/01/2021) შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიმართ;

2. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ დაეკისროს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37- ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

3.  დაევალოს       კომისიის       აპარატის       ადმინისტრაციას       (ო.  ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს  ,,ჯი-დი-ეს  თი- ვისთვის“    და    სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4.  დაევალოს     კომისიის     აპარატის     სამართლებრივ     დეპარტამენტს (თ.გოშუა) შპს,,ჯი-დი-ეს თი-ვისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ.   თბილისის   საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№64) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის   მხარეებისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების   შესრულებაზე   (გარდა  მე-3  და მე-4 პუნქტისა)   დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები