წვდომის მენიუ

შპს „სითი ტელეკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივარზე (№შ-21-6/77, 15.01.2021) დავის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: გ-21-16 / 59

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2021 20:53

მიღების თარიღი თებერვალი 11, 2021

შპს „სითი ტელეკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივარზე (№შ-21-6/77, 15.01.2021) დავის წარმოების შეწყვეტის შესახებ

I.          საქმის აღწერა

1.  საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნულ  კომისიას  (შემდგომში:  „კომისია“)  შპს „სითი ტელეკომის“ მიმართ საჩივრით (№შ-21-6/77, 15.01.2021) მიმართა შპს „ვიონი საქართველომ“. საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს „ვიონი საქართველოს“ და შპს „სითი ტელეკომს“ შორის დადებულია ურთიერთჩართვის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.  აღნიშნული  ხელშეკრულების  ფარგლებში  შპს  „სითი  ტელეკომს“  შპს „ვიონი საქართველოს“ მიმართ წარმოეშვა დავალიანება. ამასთან, 2018 წლის 15 მაისს კომპანიები შეთანხმდნენ, რომ შპს „სითი ტელეკომი“ დავალიანებას დაფარავდა 15 კალენდარული თვის განმავლობაში. შპს „ვიონი საქართველო“ საჩივარში აღნიშნავს, რომ შპს „სითი ტელეკომი“ დავალიანებას მხოლოდ 2 თვის განმავლობაში იხდიდა და მას შემდეგ არ გადაუხდია.

2. საჩივარში ასევე მითითებულია, რომ შპს „ვიონი საქართველომ“ დასახელებულ საკითხზე ერთხელ უკვე მიემართა კომისიას საჩივრით და მოითხოვა შპს „სითი ტელეკომთან“ არსებული ურთიერთჩართვის მომსახურების შეჩერებაზე თანხმობა. შპს „სითი   ტელეკომის“ მიმართ  შპს   „ვიონი   საქართველოს“   საჩივართან   (№შ-20-6/4767, 15.09.2020) დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილებით (№გ-20-16 / 804, 15.10.2020) შპს „ვიონი საქართველოს“ უარი ეთქვა ურთიერთჩართვის მომსახურების შეჩერებაზე. საჩივრის ავტორის განმარტებით, ამავე გადაწყვეტილებაში გაკეთდა დათქმა, რომ თუ შპს „ვიონი საქართველო“ მართლაც დაადასტურებდა შპს „სითი ტელეკომის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს და იმ გარემოებას, რომ არ ხდება აღიარებული დავალიანების გადახდა უკვე შეთანხმებული გრაფიკით, ეს გადაწყვეტილება შემდგომი მომართვის შემთხვევაში შეიცვლებოდა.

3.  შპს  „ვიონი  საქართველოს“  განმარტებით,  კომისიის  გადაწყვეტილების  მიღების შემდეგ   (2020  წლის 15   ოქტომბრიდან)   შპს   „სითი   ტელეკომის“   მიერ   კვლავ   არ განხორციელებულა შესაბამისი გრაფიკით  გადახდა  (დავალიანება  შემცირდა  მხოლოდ 1809.62 ლარით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ხარჯზე), რაც დასტურდება საოქმო გადაწყვეტილებებითა  და  ბუღალტრული  სისტემიდან ამონაწერით.  შესაბამისად,  შპს „სითი ტელეკომის“   მიერ   კვლავ   დაირღვა   ნაკისრი  ვალდებულება.  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ვიონი საქართველო“ ითხოვს შპს „სითი ტელეკომთან“ არსებული ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობას.

4. შპს  „ვიონი  საქართველოს“  საჩივართან  დაკავშირებით  კომისიას  წერილობითი მოსაზრებით მიმართა შპს „სითი ტელეკომმა“ (№შ-21-6/488, 03.02.2021). შპს „სითი ტელეკომის“ განმარტებით, შპს „ვიონი საქართველოს“ არ ჰქონია მცდელობა, მომხდარიყო ორ კომპანიას შორის შედარება და დადგენილიყო ფინანსურ-ბუღალტრული ბალანსი. შპს „სითი ტელეკომმა“ წერილობით მიმართა შპს „ვიონი საქართველოს“ შედარების თხოვნით, რაზეც პასუხი არ მიუღია. გარდა ამისა, შპს „სითი ტელეკომი“ მიუთითებს, რომ კომისიის გადაწყვეტილების შემდგომ (2 თვის განმავლობაში) შპს „სითი ტელეკომის“ სასარგებლოდ დამატებით წარმოიშვა დავალიანება 1809,62 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, შპს „სითი ტელეკომმა“ შპს „ვიონი საქართველოს“ ანგარიშზე ჩარიცხა 4000 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სითი ტელეკომი“ მიიჩნევს, რომ კომპანია არათუ არ არიდებს თავს ვალდებულების შესრულებას, არამედ - ითხოვს რეალური ბალანსის დადგენას, რათა შეიქმნას ვალდებულების შესრულების კანონიერი საფუძველი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამრიგად, შპს „სითი ტელეკომი“ მიიჩნევს, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივარი უსაფუძვლოა და კომისიამ არ უნდა გასცეს თანხმობა ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე.

5. შპს „სითი ტელეკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივრის არსებითი განხილვა დაინიშნა 2021 წლის 11 თებერვალს, 15:00 საათზე. 2021 წლის 11 თებერვალს კომისიას წერილობით მიმართა შპს „ვიონი საქართველომ“ და უარი თქვა საჩივარზე.

II.        სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-2  პუნქტის  „ვ“  ქვეპუნქტის  თანახმად,  კომისიის  ძირითად  ფუნქციებს  მიეკუთვნება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“.

2.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების მიხედვით დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილი დავების გადასაწყვეტად  იყენებს  ამ  კანონის  ამოქმედებისთანავე  ძალადაკარგულ  ნორმატიულ აქტებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეებს სურთ ურთიერთობა ამ კანონით მოაწესრიგონ“.

4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, განმცხადებელი/საჩივრის ავტორი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე. მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის/საჩივრის ავტორის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

განსახილველ შემთხვევაში საჩივრის ავტორმა შპს „ვიონი საქართველომ“ უარი თქვა საჩივარზე. შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451  მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შპს „სითი ტელეკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივარზე (№შ-21-6/77, 15.01.2021) დავის წარმოება უნდა შეწყდეს.

III.       სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 36-ე მუხლის, 41-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შეწყდეს შპს „სითი ტელეკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივარზე (№შ-21-6/77, 15.01.2021) დაწყებული დავის წარმოება.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3.  გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   მისი   დამოწმებული   ასლის   მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ვიონი საქართველოსთვის“ და შპს „სითი ტელეკომისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

5. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ელისო ასანიძე წევრი

მერაბ ქათამაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები