წვდომის მენიუ

შპს „ტოკ ტვ“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-21-18 / 162

გამოქვეყნების თარიღი მარტი 17, 2021 11:43

მიღების თარიღი მარტი 11, 2021

შპს „ტოკ ტვ“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათის (N 21-10-396, 04/03/2021) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტოკ ტვ“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის  სამსახურებრივ ბარათში (N 21-10-396,  04/03/2021)  აღნიშნულია,  რომ ავტორიზებული  პირი  შპს  „ტოკ  ტვ“  არ  ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად არაუგვიანეს 1 თებერვლისა გამოაქვეყნონ და კომისიას წარმოუდგინონ შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.

მაუწყებლებს 2021 წლის 26 იანვარს გაეგზავნათ წერილი (Nგ-21-03/143), ზემოაღნიშნული ინფორმაციის კომისიაში კანონით დადგენილ ვადაში წარმოდგენის თაობაზე. მიუხედავად ამისა, შპს „ტოკ ტვ“-ის კომისიაში ინფორმაცია დღემდე არ წარმოუდგენია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიმართ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს  კანონით  დადგენილი  მოთხოვნების  შეუსრულებლობის გამო დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის    დაკისრების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტოკ ტვ“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 11 მარტს, 15:00 საათზე, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით. ამავე შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტოკ ტვ“-იმ 2021 წლის 5 მარტს კომისიაში წარმოადგინა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/1053, 05.03.2021 და სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი N 21-10-482; 11.03.2021), რომლითაც წარმოდგენილ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, რითაც კომპანიის მიერ სრულად აღმოფხვრილ იქნა დარღვევა. კომისიის 2021 წლის 11 მარტის სხდომას არ დასწრებია შპს„ტოკ ტვ“-ის წარმომადგენელი, რომელსაც შეტყობინება გაეგზავნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და ინფორმირებული იყო სხდომის თაობაზე.

II.   გამოკვლეული მტკიცებულებები

1.   კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-396, 04/03/2021).

2.   კომისიის მიერ მაუწყებლებისთვის გაგზავნილი წერილი (N გ-21-03/143; 26/01/2021).

3.   მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტოკ ტვ“-ის შესახებ მონაცემები.

4.  შპს „ტოკ ტვ“-ისათვის გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2021 წლის 11 მარტის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

5.   სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-482; 11.03.2021).

6. შპს „ტოკ ტვ“-ის მიერ წარმოდგენილი წერილი თანდართული დოკუმენტაციით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/1053, 05.03.2021).

III. დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „ტოკ ტვ“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს.

მტკიცებულება:   მონაცემები    მეწარმეთა    და         არასამეწარმეო    (არაკომერციული) იურიდიული  პირების რეესტრიდან და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

2. შპს „ტოკ ტვ“-ის გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, კომისიაში წარმოსადგენი ჰქონდა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, კერძოდ: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის  შესახებ;  ე)  პერიოდულ  ბეჭდვით  გამოცემაში  წილის  ან  აქციების  ფლობის შესახებ;  ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-396, 04/03/2021).

3. შპს „ტოკ ტვ“-იმ 2021 წლის 5 მარტს კომისიაში წარმოადგინა წერილი, რომლითაც წარმოდგენილ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, რითაც კომპანიის მიერ სრულად აღმოფხვრილ იქნა დარღვევა.

მტკიცებულება: შპს „ტოკ ტვ“-ის მიერ 2021 წლის 5 მარტს კომისიაში წარმოადგინა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/1053, 05.03.2021); სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი N 21-10-482; 11.03.2021.

3. შპს  „ტოკ  ტვ“-ის  მიმართ  ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში  იგივე  დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV.   გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.  ,,მაუწყებლობის   შესახებ”   საქართველოს   კანონის   მე-2   მუხლის   ტ)   ქვეპუნქტის მიხედვით, მაუწყებელი გულისხმობს ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და             რადიომაუწყებლობის   განმახორციელებელ   ლიცენზიის   მფლობელ   ან/და ავტორიზებულ პირს;

2.  ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო    ხელშეკრულებები,    საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“    საქართველოს    კანონები,    სხვა    საკანონმდებლო    და    კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

4. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  61-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა;

5. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  71-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს   კანონმდებლობის   დარღვევის   ან კომისიის გადაწყვეტილების      შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი   საკითხი.   დარღვევის   ფაქტის   დადასტურების  შემთხვევაში  კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი     წერილობით     გააფრთხილოს.   კომისიის    მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტოკ ტვ“-ის მიერ 2021 წლის პირველი თებერვლიდან დღემდე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი  და მე-2 პუნქტები, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ტოკ ტვ“-ის მიერ 2021 წლის 5 მარტს კომისიაში წარომდგენილი წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/1053, 05.03.2021) წარმოდგენილ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61- ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, რითაც კომპანიის მიერ სრულად იქნა აღმოფხვრილი დარღვევა, კომისია უფლებამოსილია შპს „ტოკ ტვ“ სცნოს სამართალდამრღვევად და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი  პუნქტის,   მე-5  მუხლის  მე-3  პუნქტის ვ)  ქვეპუნქტის, 61-ე  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 71-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შპს „ტოკ ტვ“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო.

2.   შპს „ტოკ ტვ“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ)  გადაწყვეტილების შპს „ტოკ ტვ“-ისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. კაველიძე) შპს „ტოკ ტვ“-ის        სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

5.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ტოკ ტვ“-ისათვის ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

ელისო ასანიძე       წევრი

მერაბ ქათამაძე       წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები