შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 22, 2021 13:23
მიღების თარიღი მარტი 17, 2021
შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N21-10-396, 04.03.2021) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (N 21-10-396, 04.03.2021) აღნიშნულია, რომ მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი შპს „აგრომედია“ არ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად არაუგვიანეს 1 თებერვლისა გამოაქვეყნონ და კომისიას წარმოუდგინონ შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.
მაუწყებლებს 2021 წლის 26 იანვარს გაეგზავნათ წერილი (Nგ-21-03.143), ზემოაღნიშნული ინფორმაციის კომისიაში კანონით დადგენილ ვადაში წარმოდგენის თაობაზე. მიუხედავად ამისა, შპს „აგრომედიას“ კომისიაში ინფორმაცია არ წარმოუდგენია.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „აგრომედიისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 11 მარტს, 15:00 საათზე, რის შესახებაც მაუწყებელს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით. ამავე შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინებით, შპს „აგრომედიას“ ასევე, ეცნობა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, კომისია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით, გაეგზავნებოდათ სპეციალური ბმული (ლინკი), კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად, შპს „აგრომედიას“ ეთხოვა, რომ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე (https://eforms.gncc.ge) უმოკლეს ვადაში განეახლებინა ან/და კომისიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე (post@comcom.ge) გამოეგზავნათ მათი საკონტაქტო მონაცემები (ელფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იხელმძღვანელებდა მის ხელთ არსებული ბოლო საკონტაქტო მონაცემებით, რომელზეც გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლებოდა ოფიციალურად გაგზავნილად, ყველა თანმდევი სამართლებრივი შედეგით. ამასთანავე, შპს ,,აგრომედიას“ ეცნობა, რომ კომისიის შესაბამისი შეტყობინებები და გადაწყვეტილებები გამოქვეყნდებოდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც (www.comcom.ge).
კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 9 მარტს კომისიაში შემოვიდა შპს „აგრომედიას“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1095) თანდართული დოკუმენტაციით, რომლითაც წარმოდგენილ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია.
კომისიის 2021 წლის 11 მარტის სხდომაზე შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი დამატებით მოკვლევის მიზნით, გადაიდო 2021 წლის 17 მარტის სხდომისთვის.
კომისიის 2021 წლის 17 მარტის სხდომაზე გამოცხადდა შპს „აგრომედიას“ წარმომადგენელი რ.ბაბალაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიას ჰყავდა სხვა დირექტორი, რომელსაც გამორჩა აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა და სთხოვა კომისიას პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გათვალისიწინებით მიეღო გადაწყვეტილება.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N21-10-396, 04.03.2021);
2. კომისიის მიერ მაუწყებლებისთვის გაგზავნილი წერილი (N გ-21-03/143; 26.01.2021).
3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „აგრომედიას“ შესახებ მონაცემები.
4. შპს „აგრომედიასთვის“ გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2021 წლის 11 და 17 მარტის სხდომებზე მოწვევის თაობაზე;
5. შპს „აგრომედიას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილი (09.03.2021 Nშ-21-6/1095) თანდართული დოკუმენტაციით;
6. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N21-10-463 10.03.2021).
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „აგრომედია“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს.
მტკიცებულება: მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
2. შპს „აგრომედიას“ კომისიაში წარმოსადგენი ჰქონდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, კერძოდ: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-396, 04.03.2021);
3. კომისიის 2020 წლის 30 აპრილის Nგ-20-18/425 გადაწყვეტილებით შპს „აგრომედიას“ დაეკისრა გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის (მაუწყებლის საკუთრების გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი ინფორმაცია) 2020 წლის პირველ თებერვლამდე წარმოუდგენლობისთვის, ანალოგიური დარღვევისთვის.
მტკიცებულება: მონაცემები ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
4. 2021 წლის 9 მარტს შპს „აგრომედიამ“ სრულად წარმოადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია;
მტკიცებულება: შპს „აგრომედიას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილი (09.03.2021 Nშ-21-6/1095) თანდართული დოკუმენტაციით;
5. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (N21-10-463 10.03.2021) თანახმად, შპს „აგრომედიას“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავალი 2500 ლარზე ნაკლებია.
მტკიცებულება: კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N21-10-463 10.03.2021).
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის მიხედვით, მაუწყებელი გულისხმობს ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან.და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელ ლიცენზიის მფლობელ ან.და ავტორიზებულ პირს;
2. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა;
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის. ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ამ გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „აგრომედიას“ მიერ 2021 წლის პირველი თებერვლიდან დღემდე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
იმის გათვალისწინებით, რომ შპს „აგრომედიას“ მიმართ კომისიის 2020 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით იდენტური დარღვევისთვის გამოყენებული იქნა წერილობითი გაფრთხილება (იხ. კომისიის 2020 წლის 30 აპრილის Nგ-20-18/425 გადაწყვეტილება) და გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩადენილია ახალი დარღვევა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „აგრომედიას“ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71- ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია კომპანიას დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს „აგრომედიას“ ბოლო 12 თვის შემოსავალი ნაკლებია 2500 ლარზე, შესაბამისად, შპს „აგრომედიას“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 71-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 72 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99- ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „აგრომედიას“ დაეკისროს ჯარიმა - 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო;
2. შპს „აგრომედიამ“ უზრუნველყოს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
სახაზინო კოდი - 300773251;
ბ) გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში წარმოდგენა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „აგრომედიასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს„აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „აგრომედიასთვის“ ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
