შპს „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-21-18 / 22

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2021 12:20

მიღების თარიღი იანვარი 28, 2021

შპს „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

I.          საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში: „კომისია“) აუდიო- ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№20-10-2618, 28/12/2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო. სამსახურებრივ ბარათში მითითებულია რომ 2020 წლის 12 დეკემბერს, 21:57 საათზე მაუწყებლის ეთერში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში - „მთავარი შაბათს“ განთავსდა უხამსობის ნიშნების შემცველი სიუჟეტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის შესახებ.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის შეფასებით, შპს „მთავარი არხის“ ეთერში განთავსებული სიუჟეტი შეიცავს ქმედებებს (განცხადებებს), რომლებიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. ამასთან, აღნიშნულ არაეთიკურ ქმედებებს (განცხადებებს) არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და მეცნიერული ღირებულება და ცალსახად ლახავს ადამიანისა და მოქალაქის ღირსებას და ძირითად უფლებებს.  სამსახურებრივი  ბარათის  თანახმად,  იკვეთება  შპს  „მთავარი  არხის“  მიერ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის ნიშნები.

შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართა 2021 წლის 21 იანვარს, 15:00 საათზე, რის შესახებაც მაუწყებელს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

2021 წლის 21 იანვრის სხდომას ესწრებოდნენ შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენელი თამთა მურადაშვილი, ამავე მაუწყებლის ჟურნალისტი ბექა ყორშია, შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი და ა(ა)იპ „საქართველო დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელი მარინე კაპანაძე.

შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენლის, თამთა მურადაშვილის განმარტებით, კომისიის მიერ იდენტიფიცირებულ სიუჟეტში ასახული ფაქტი დაფიქსირდა საჯარო დაწესებულებაში - საქართველოს პარლამენტში, სადაც მედია-ლოჟაში განთავსებულია კამერები. შესაბამისად, ყველა იქ მყოფ პირს აქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ უღებენ. სიუჟეტში ასახულია, რომ ადამიანი საკუთარ სხეულს საკუთარი ნებით შეეხო, რაც, როგორც ჩანს არ მიიჩნია ღირსების შემლახავად. გარდა ამისა, კომისიას არ მოუწვევია თავად ი. მაჭავარიანი, რომელიც, შესაძლოა, საერთოდ არ მიიჩნევს, რომ შეილახა მისი ღირსება. აქედან გამომდინარე, წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ კომისია იცავს არა ი. მაჭავარიანის უფლებებს - არამედ - განზრახული აქვს მედიის ცენზურა.

შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენელი არ იზიარებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილებით გაუქმდა კომისიის მიერ სამართლებრივი რეაგირების შემზღუდველი ნორმა. მისი მტკიცებით, გადაწყვეტილება შეეხებოდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და მასში კომისია ნახსენები არ არის. გარდა ამისა, კომისიის კომპეტენციები ამომწურავად არის ჩამოთვლილი „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში და არ მოიცავს უხამსობის შემცველ პროგრამებზე სამართლებრივ რეაგირებას.

შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ სიუჟეტის იმ ნაწილში, რომელშიც ასახულია ი. მაჭავარიანის გრაფიკული გამოსახულება, საუბარია პოლიტიკურ პარტიაზე განზოგადებულად და იგი არ არის კონკრეტულად ი. მაჭავარიანისადმი მიმართული. სიუჟეტი შეეხება ერთპიროვნულ პარლამენტსა და პოლიტიკურ პარტიას. სიუჟეტის  მეორე   ნაწილთან    დაკავშირებით  წარმომადგენელი    განმარტავს,    რომ ჟურნალისტმა  მოიყვანა ციტატა ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებიდან. შესაბამისად, ამ კომპონენტის უხამსად განმარტების პირობებში უხამსობად ჩაითვლება პროგრამები, რომლებიც   შეიცავს   ქართულ   ხალხურ   შაირებს,   სადაც   ასევე   არის ეროტიკული კომპონენტები, ან ფერწერულ ტილოებს, რომლებზეც მკაფიოდ ჩანს ადამიანის გენიტალიები. შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენლის მითითებით, სიუჟეტს აქვს პოლიტიკური ღირებულება, რაც კონტექსტის გათვალისწინებით ცალსახად ჩანს მის შინაარსსა და კონკრეტულ კომპონენტებში.

შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ სიუჟეტის განთავსებით არ დარღვეულა პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. კერძოდ, პოლიტიკოსებს აქვთ თმენის უფრო მაღალი ვალდებულება, ვიდრე ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს. ამას ადასტურებს, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება.  კონკრეტული  კადრები,  რომლებიც  გასდევს  სიუჟეტს,  ვითარდება საქართველოს პარლამენტში, სადაც წარმოდგენილი არიან პოლიტიკოსები, პარლამენტარები და მინისტრთა კაბინეტი. შესაბამისად, ზედმეტია საუბარი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ კომისიას ი. მაჭავარიანისთვის შეტყობინებაც კი არ გაუგზავნია.

შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენელმა აუდიტორიის უფლებებთან დაკავშირებით განმარტა, რომ განსახილველი გადაცემის აუდიტორია არის მკაფიოდ განსაზღვრული, ამ სიუჟეტს არასრულწლოვნები ვერც გაიგებდნენ, იმიტომ რომ ეს არის სარკაზმის ენა და აქვს პოლიტიკური შინაარსი. კომისია ვერ დაადგენს, მაყურებელმა იგრძნო თუ არა თავი შეურაცხყოფილად. ეს არის პოლიტიკური სატირა და სარკაზმი.

შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენლის მითითებით, ჟურნალისტის მიერ რესპოდენტისთვის შეურაცხყოფის მიყენებასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი საქმე, მაგალითად „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“, „ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ“, სადაც ოპონენტს ჟურნალისტმა იდიოტი, უკანასკნელი ოპორტუნისტი, უღირსი ადამიანი უწოდა და ეს შეურაცხყოფად იყო აღქმული, თუმცა სასამართლომ თქვა, რომ ეს არის დარღვევა, თუ ჩაერევიან და სანქციას დაუწესებენ ან შეზღუდავენ მაუწყებლის უფლებას. ამასთან, „პრესა არის პრესა“, მათ შორის, მაუწყებლობა და ბეჭდური მედია. მაშინ, როდესაც ობერშლიკის და ლინგენსის საქმე იყო ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა პრესას. ის, რომ კონკრეტულად მაუწყებელზე არ არის ეს საქმე, არ ნიშნავს, რომ მაუწყებლობაზეც არ ვრცელდება და არარელევანტურია.

წარმომადგენელმა ასევე დაასახელა საქმე „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ - სადაც მისი მითითებით, სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს, რომ მოვისმინოთ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვსიამოვნებს, არამედ ისეთი ინფორმაციაც დაცულია, რომელი შოკს იწვევს ან გვაშფოთებს.

შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ უხამსობის შემცველი პროგრამის განთავსებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება შეეწინააღმდეგება განჭვრეტადობის პრინციპის მოთხოვნებს, ვინაიდან 2009 წლიდან დღემდე არცერთი მაუწყებლის მიმართ ამ საფუძვლით პასუხისმგებლობა არ ყოფილა დაკისრებული და მათ არ ჰქონდათ პასუხისმგებლობის დაკისრების მოლოდინი.

შპს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ბექა ყორშიამ აღნიშნა, რომ კომისიის მიერ ამ საკითხის განხილვა არის მავნებლობა და იზღუდება მისი და უამრავი სხვა ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლება.    აღნიშნული,    თავის    მხრივ,    მედიასივრციდან    ყველა საპირისპირო აზრის ალაგმვას ემსახურება.

შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ დირექტორმა აღნიშნა, რომ საკითხი არ არის კომისიის განსჯადი. თუ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, დავა გაგრძელდება და სტრასბურგის სასამართლომდეც მივა. მისი მითითებით, ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება იქნება პრეცედენტი, რომელიც ხვალ შეეხება მას და სხვა ტელევიზიებს. კომისიამ გადაწყვიტა, რომ დაიწყოს კონკრეტული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების ცენზურა და ამისთვის წამოიწყო ეს საქმე. პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ნაწილი ვერ იქნება ის, რასაც  იგი  აკეთებს  პარლამენტის  დარბაზში  ათეულობით  კამერის  წინ.  გარდა  ამისა, უხამსობა არ არის მწერლის ციტატების მოყვანა, მაშინ როდესაც უხამსი სიტყვები არ არის გამოყენებული.

ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელმა, მარინე კაპანაძემ აღნიშნა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არცერთ გადაწყვეტილებაში არ უღიარებია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმართვა არის დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ეს დამატებით მეტყველებს იმაზე, რომ არცერთი გადაწყვეტილებიდან, მათ შორის, განსაკუთრებით 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილებიდან საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, არ შეიძლება გამომდინარეობდეს ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აღიარებს სამართლიანი სასამართლოს ნაწილად კომისიისთვის მიმართვას.

ა(ა)იპ „საქართველო დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენლის, მ. კაპანაძის განმარტებით, სიუჟეტში მოყვანილი იყო ციტატა ლიტერატურული ნაწარმოებიდან და კონკრეტული უცენზურო სიტყვა არ გაჟღერებულა. იგი ამ ნაწილში არაეთიკურს ვერაფერს ხედავს. ამაზე დამატებით მეტყველებს ის ფაქტი, რომ წარმოდგენილი იყო არა სიუჟეტის წამყვანის სიტყვები, არამედ ამონარიდი ლიტერატურული ნაწარმებიდან, რომელსაც აქვს ცალკე აღებული ლიტერატურული ღირებულება. მისი აზრით, სიტყვებთან მიმართებით საკითხი დღის წესრიგში არ უნდა დადგეს არც პირველ, არც მეორე ნაწილთან დაკავშირებით. რაც შეეხება ვიდეოში ნაჩვენებ სცენას, კადრში ასახულმა პირმა იცოდა, რომ მას კამერები უღებდნენ და პირველ რიგში მას ჰქონდა ვალდებულება, რომ ისეთი არაფერი გაეკეთებინა, რაც შეიძლებოდა კადრში მოხვედრილიყო და ინტერესის საგანი გამხდარიყო. იმის გამო, რომ კამერამ გარკვეული ქმედება დააფიქსირა და ეს მაუწყებელმა გაასაჯაროვა, მედია არ შეიძლება გახდეს ცენზურის საგანი და ჩაითვალოს, რომ მან გადასცა უხამსობა. მ. კაპანაძემ ასევე მიუთითა, რომ აუდიტორიასთან დაკავშირებით მისთვის ბუნდოვანია, ვისი უფლებები შეიძლებოდა დარღვეულიყო, ან რა მასშტაბით, მით უფრო, რომ გადაცემა საკმაოდ გვიან გადიოდა და მისი ძირითადი შინაარსი იყო პოლიტიკური.

II.        გამოკვლეული მტკიცებულებები

1.          ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „მთავარი არხის“ შესახებ;

2.        კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№ 20-10-2618, 28/12/2020) თანდართული მასალებით;

3.          კომისიის 2021 წლის 21 იანვრის №1 სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები;

III.       დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.          შპს „მთავარი არხი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირია.

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს  „მთავარი არხის“ შესახებ.

2.          2020   წლის   12   დეკემბერს   შპს   „მთავარი   არხის“   ეთერში   საზოგადოებრივ- პოლიტიკურ გადაცემაში „მთავარი შაბათს“ 21:57 საათზე განთავსდა სიუჟეტი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომის თაობაზე. სიუჟეტის პირველ ნაწილში ნაჩვენებია პარლამენტის დარბაზში მყოფი (სიუჟეტის გასვლის მომენტისას) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ივანე მაჭავარიანი. კადრი გადატანილია ახლო ხედით შარვალთან, გენიტალიებზე ფოკუსით და მკაფიოდ ჩანს როგორ იკიდებს ხელს შარვალზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. კადრს მიჰყვება ჟურნალისტის აუდიო ნარატივი „აგერ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მართალია სხეულის ენით, მაგრამ ძალიან გარკვევით და გასაგებად გვაჩვენა რის გაკეთებას აპირებს მეათე მოწვევის პარლამენტი“. სიუჟეტი გრძელდება პარლამენტის დარბაზის კადრებით, რომლის ფონზეც ჟურნალისტი ამბობს: „ხომ გახსოვთ, რას წერს ჩაკ პალანიკი რომანში „მებრძოლთა კლუბი"? - ჩვენი პარლამენტი და პრეზერვატივი მხოლოდ იმით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ პრეზერვატივში მხოლოდ ერთი (ისმის ჩახველება) ეტევა და პარლამენტში კიდევ ბევრიო.“

მტკიცებულება: კომისიის  აპარატის  აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი  (№20-10-2618,  28/12/2020)) თანდართული მასალებით.

3.          შპს „მთავარი არხის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს  „მთავარი არხის“ შესახებ.

IV.       სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებს განეკუთვნება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

2.  „მაუწყებლობის   შესახებ"  საქართველოს  კანონის  მე-3  მუხლის  მე-2  პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

3.  „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს  კანონის  56-ე  მუხლის  მე-4  პუნქტის მიხედვით, იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას.

4.  „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ12“ ქვეპუნქტის თანახმად უხამსობა განმარტებულია როგორც „ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ- პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება“.

5.   „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს  კანონის  მე-14  მუხლის  მე-2  პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი მე-2 პუნქტის სიტყვები „გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“ - საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 – სსმ IV, №82, 17.11.2009წ., გვ.1).

6.   „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი პირველი და მე-2 პუნქტების სიტყვები „ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე ...მუხლებით გათვალისწინებული ნორმების“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“ - საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 – სსმ IV, №82, 17.11.2009წ., გვ.1).

7.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

8.   „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი.  დარღვევის  ფაქტის  დადასტურების  შემთხვევაში  კომისია  უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.

1.   დარღვევაზე რეაგირების საკანონმდებლო საფუძველი

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით მაუწყებლებს ეკრძალებათ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას. თავის მხრივ,

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე კომისიის ფუნქციებს განეკუთვნება დასახელებულ დარღვევაზე სამართლებრივი რეაგირება. ამავე კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად კი - მაუწყებლის მიერ საქართველოს    კანონმდებლობის      დარღვევის   ან  კომისიის      გადაწყვეტილების შეუსრულებლობის,  აგრეთვე  ლიცენზიის/ავტორიზაციის     პირობების     დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი.

აღსანიშნავია, რომ 2009 წლამდე აღნიშნულ სამართალდარღვევაზე რეაგირება შესაძლებელი იყო მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში და ამ საკითხის განხილვა არ დაიშვებოდა სასამართლოსა და კომისიაში. კერძოდ, 2009 წლამდე ხსენებულ დარღვევაზე სამართლებრივ რეაგირებას ზღუდავდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი და 591 მუხლი.

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით „მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს“ (2009 წლის 17 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია). ამავე კანონის 591 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება (2009 წლის 17 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია).

ზემოთდასახელებული საკანონმდებლო დებულებები საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად ცნო იმ ნაწილში, „რომელიც ეხება 56-ე მუხლის  მე-4  პუნქტის  სიტყვებს  „ადამიანისა  და  მოქალაქის  ღირსებისა  და  ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტები).

2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში საკონსტიტუციო სასამართლომ დააკონკრეტა, რომ ნორმები ძალადაკარგულია მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც ეხება კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“. აღნიშნულისგან განსხვავებით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას იმის შესახებ, რომ ნორმები ძალადაკარგულია მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის ნაწილში და არ მოიცავს კომისიაში განხილვას. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევაზე (უხამსობის შემცველი პროგრამის/რეკლამის განთავსება) რეაგირების შეზღუდვა არაკონსტიტუციურად ცნობილი და ძალადაკარგულია სრულად, როგორც კომისიაში, ისე - სასამართლოში განხილვის თაობაზე.

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა, გვიანდელ ვადას. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი შეუსრულებლობა ისჯება კანონით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი - არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს ძალას საკონსტიტუციო  სასამართლოს   მიერ   შესაბამისი   გადაწყვეტილების   გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა, გვიანდელ ვადას. თავის მხრივ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის 15  პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის  გათვალისწინებით    საკონსტიტუციო    სასამართლოს    გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი მოცემულია მის სარეზოლუციო ნაწილში. საქართველოში არცერთ ორგანოს, მათ შორის, არც კომისიას არ აქვს უფლება, გამოიყენოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ძალადაკარგულად ცნობილი ნორმატიული აქტი. დაუშვებელია ამა თუ იმ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო   ნაწილზე    მითითებით    საკუთარი    ინტერპრეტაციით    დაავიწროვოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მოქმედება და ამ საფუძვლით გამოიყენოს ძალადაკარგულად ცნობილი აქტი.

აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს სარეზოლუციო ნაწილით გათვალისწინებული ძალადაკარგული ნორმის იდენტიფიცირებისას სამოტივაციო ნაწილის გამოყენებას, იგი თავადვე აკეთებს ამგვარ მითითებას უშუალოდ სარეზოლუციო ნაწილში. მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო  სასამართლომ  2018  წლის  30  ივლისის  №1/3/1282  გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დააკონკრეტა, რომ არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 35-ე პუნქტში მითითებული გარემოებების არარსებობისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი    №2-ის    92-ე    ჰორიზონტალურ    გრაფაში    განსაზღვრული    ნარკოტიკული საშუალება  მარიხუანის     მოხმარებისთვის.     სხვა     შემთხვევაში,     საკონსტიტუციო სასამართლოს   შესაბამისი    მითითების    არარსებობისას    სამართალშემფარდებელს    - ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს სამოტივაციო ნაწილზე აპელირებით დაავიწროვოს  სარეზოლუციო   ნაწილით   იდენტიფიცირებული   არაკონსტიტუციური ნორმის ძალადაკარგულად ცნობის ეფექტი და გამოიყენოს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა.

ამრიგად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევაზე (უხამსობის შემცველი პროგრამის/რეკლამის განთავსება) კომისიის/სასამართლოს რეაგირების შეზღუდვა, რომელიც მოცემული იყო ამავე კანონის მე-14 და 591  მუხლებში, აღარ არსებობს. შესაბამისად, კომისია ამ საფუძვლით უარს ვერ იტყვის აღნიშნულ დარღვევაზე სამართლებრივ რეაგირებაზე.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ საქართველოს პარლამენტს არ მიუღია ანალოგიური შეზღუდვა მაუწყებლის მიერ უხამსობის შემცველი გადაცემების განთავსების საკითხის კომისიაში განხილვის დაუშვებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დღეისათვის კომისიის მიმართ ამგვარი საკანონმდებლო შეზღუდვა არ მოქმედებს. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 70-ე და 71-ე მუხლების გათვალისწინებით, კომისიას, როგორც მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელ ორგანოს არა მხოლოდ უფლებამოსილება, არამედ - ვალდებულებაც კი აქვს, მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება მაუწყებლის ეთერში უხამსობის შემცველი პროგრამის განთავსებაზე. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებლობის თანახმად, ხსენებულ სამართალდარღვევაზე კომისია რეაგირებს როგორც დაინტერესებული პირის საჩივრის საფუძველზე, ისე - საკუთარი ინიციატივით. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით კომისია ვერ გაიზიარებს შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენლის პოზიციას სიუჟეტში დაფიქსირებული ერთ-ერთი პირის - ი. მაჭავარიანის საჩივრის არარსებობასთან ან მის მოწვევასთან დაკავშირებით.

შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ უხამსობის შემცველი პროგრამის განთავსებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება შეეწინააღმდეგება განჭვრეტადობის პრინციპის მოთხოვნებს, ვინაიდან 2009 წლიდან დღემდე არცერთი მაუწყებლის მიმართ ამ საფუძვლით პასუხისმგებლობა არ ყოფილა დაკისრებული. კომისია ვერ გაიზიარებს შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენლის ამ განმარტებას. უპირველეს ყოვლისა, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება ნორმის განუჭვრეტელობის მოტივით უარი თქვას კანონის გამოყენებაზე. თუ მაუწყებელი მიიჩნევს,       რომ       რომელიმე       საკანონმდებლო       ნორმა    განუჭვრეტელია და არაკონსტიტუციურად ზღუდავს მის კონსტიტუციურ უფლებებს მას შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. გარდა ამისა, ნორმის შეფარდების განუჭვრეტელობის არგუმენტად ვერ გამოდგება იმაზე მითითება, რომ აქამდე არ მომხდარა მის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრება. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განმარტებით, ის ფაქტი, რომ ამ ტიპის საქმე პირველი იყო, თავისთავად არ აქცევს კანონს განუჭვრეტლად, ვინაიდან ოდესმე უნდა დადგეს დღე, როდესაც მოცემული სამართლებრივი ნორმა პირველად იქნება გამოყენებული (Sekmadienis Ltd. v. Lithuania, no. 69317/14, § 67 ასევე ამავე გადაწყვეტილებაში ციტირებული სხვა საქმეები).

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ კომისიამ 2020 წლის 7 დეკემბერს  (შესაფასებელი პროგრამის ეთერში განთავსებამდე რამდენიმე დღით ადრე) გაავრცელა განცხადება და მაუწყებლებს მოუწოდა, არ დაარღვიონ კანონმდებლობის მოთხოვნები და ეთერში არ განათავსონ უხამსობის შემცველი პროგრამები (იხ. კომისიის 2020 წლის 7 დეკემბრის განცხადება   https://comcom.ge/ge/yvela-siaxle/komunikaciebis-komisia-movuwodebt- mauwyeblebs-ar-ganatavson-etershi-uxamsobis-shemcveli-programebi-rata-ar-dairgves-

adamianis-dziritadi-uflebebi-da-kanoni.page).     ამავე    განცხადებით    კომისიამ    განმარტა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების სტანდარტები. დასახელებული განცხადების მიზანი იყო მაუწყებლებისათვის შეძლებისდაგვარად განჭვრეტადი ყოფილიყო, რა შემთხვევაში დაეკისრებოდათ პასუხისმგებლობა და წინასწარ განესაზღვრათ უხამსობის შემცველი კონტენტის გავრცელების სამართლებრივი შედეგები. კომისიის განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში კომისიის მიერ ჩატარებული მედიის თვისებრივი მონიტორინგის შედეგად ერთ-ერთ პრობლემად მაუწყებლების მიერ უხამსობის შემცველი გადაცემების განთავსება გამოიკვეთა. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა კომისიის მიერ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენისა და რეაგირების მიზნით აქტიური მონიტორინგის დაწყება.

2.   სიუჟეტის შინაარსი

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის  მოხსენებით  ბარათში  აღნიშნულია,  რომ  შესაფასებელი  სიუჟეტი  შპს „მთავარი არხის“ ეთერში განთავსდა 2020 წლის 12 დეკემბერს, 21:57 საათზე გადაცემაში „მთავარი შაბათს“. სიუჟეტი შეეხებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას. სიუჟეტის პირველ ნაწილში ნაჩვენებია პარლამენტის დარბაზში მყოფი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ივანე მაჭავარიანი. კადრი გადატანილია ახლო ხედით შარვალთან, შარვლის გარედან გენიტალიებზე ფოკუსით, მკაფიოდ ჩანს როგორ იკიდებს ხელს შარვალზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. კადრს მიჰყვება ჟურნალისტის აუდიო ნარატივი „აგერ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მართალია სხეულის ენით, მაგრამ ძალიან გარკვევით და გასაგებად გვაჩვენა რის გაკეთებას აპირებს მეათე მოწვევის პარლამენტი“. სიუჟეტი გრძელდება პარლამენტის დარბაზის კადრებით,

რომლის ფონზეც ჟურნალისტი ამბობს: „ჩვენი პარლამენტი და პრეზერვატივი მხოლოდ იმით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ პრეზერვატივში მხოლოდ ერთი (ისმის ჩახველება) ეტევა და პარლამენტში კიდევ ბევრი.“

შესაძლებელია, სიუჟეტიდან გამოიყოს ორი პრობლემური კომპონენტი (1) გრაფიკული გამოსახულება მამაკაცის გენიტალიების სილუეტის (შარვლის გარედან) ახლო კადრით ჩვენებით, მამაკაცის მიერ გენიტალიის სიახლოვეს შარვალზე უნებლიედ ხელის შეხებით, შესაბამისი აუდიონარატივითა და უხამს გამონათქვამზე კონოტაციით (ჟურნალისტის მითითება იმის თაობაზე, რომ მინისტრმა სხეულის ენით აჩვენა საზოგადოებას რის გაკეთებას აპირებს მეათე მოწვევის პარლამენტი); და (2) ჟურნალისტის გამონათქვამი, რომელშიც იგი პარლამენტს პრეზერვატივს ადარებს და კონტექსტიდან გამომდინარე იკითხება პარლამენტის წევრების შედარება მამაკაცის გენიტალიებთან.

3.   პასუხისმგებლობის დაკისრების კრიტერიუმები

როგორც აღინიშნა, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით (მუხლის სათაურია: „პროგრამული შეზღუდვები) იკრძალება „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“. ამასთან, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ12“ პუნქტის თანახმად, უხამსობა განმარტებულია, როგორც „ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება“.

დასახელებული      ნორმების      სამართლებრივი      კონსტრუქციის      გათვალისწინებით „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის იდენტიფიცირებისათვის პროგრამის განთავსების მართლზომიერება უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების გამოყენებით:

(ა) შეიცავს თუ არა პროგრამა ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს;

(ბ) აქვს თუ არა საზოგადოებაში დამკვიდრებული ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო ქმედებას საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება;

(გ) ილახება თუ არა პროგრამის განთავსებით ადამიანის ან მოქალაქის ღირსება და ძირითადი უფლებები.

აღსანიშნავია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით           დადგენილი,    ზემოთჩამოთვლილი    კრიტერიუმები  მაუწყებლებისათვის დეტალურად განიმარტა კომისიის 2020 წლის 7 დეკემბრის განცხადებაში.

3.1. ეთიკურ ნორმებთან წინააღმდეგობა

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, პროგრამის უხამსად მიჩნევის საკითხის გადასაწყვეტად პირველ რიგში უნდა დადგინდეს, შეიცავს თუ არა იგი ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „ზოგადად მორალის (და, შესაბამისად, უხამსობის) დეფინიციის უნივერსალური ცნება არ არსებობს. თავად უხამსობის კანონისმიერი დეფინიციის მიხედვით, ამა თუ იმ გამოხატვის უხამსობად მიჩნევის საკითხს განსაზღვრავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებული ეთიკური ნორმები“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე № ას-1278-1298-2011).

როგორც აღინიშნა, შესაფასებელ სიუჟეტში პრობლემურია ორი კომპონენტი. პირველი კომპონენტია გრაფიკული გამოსახულება მამაკაცის გენიტალიების ახლო კადრის ჩვენებით, მამაკაცის მიერ გენიტალიის სიახლოვეს უნებლიედ შარვალზე ხელის შეხებით, შესაბამისი აუდიონარატივითა და უხამს გამონათქვამზე კონოტაციით. კომისია მიიჩნევს, რომ მაუწყებლის ეთერში მამაკაცის მიერ შარვალზე ხელის მოკიდების, გენიტალიების (შარვლის გარედან) გამიზნულად ახლო კადრით ჩვენება შესაბამისი აუდიონარატივით, რომელიც ემსახურება ამ ქმედების უხამსი კონოტაციით წარმოჩენას - ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. საქართველოში დამკვიდრებული საზოგადოებრივი ეთიკური ნორმების შესაბამისი არ არის მამაკაცის გენიტალიებსა და შარვალზე ხელის შეხების სცენის ახლო კადრით გამიზნულად ჩვენება და ამ კადრის უხამსი კონოტაციით (უშუალოდ მამაკაცის სასქესო ორგანოებთან დაკავშირებულ ქმედებებზე ირიბი მითითებით) წარმოჩენა.

საქართველოში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობის მხრივ ასევე პრობლემურია ჟურნალისტის გამონათქვამი, რომლითაც იგი პარლამენტს პრეზერვატივს ადარებს და პარლამენტის წევრებს - მამაკაცის გენიტალიებს. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებთან წინააღმდეგობის თვალსაზრისით ფასდება პარლამენტის წევრებისა და მათი პოლიტიკური საქმიანობის კრიტიკის ჟურნალისტის მიერ შერჩეული ფორმა, რომელიც ადამიანის გენიტალიასთან შედარების გზით უკიდურესად შეურაცხმყოფელ კონოტაციას ატარებს.

ცხადია, შინაარსობრივად, პარლამენტის წევრებისა და მათი საქმიანობის კრიტიკა არაეთიკური არ არის და არც ექვემდებარება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრებას. მოცემულ შემთხვევაში არაეთიკურობას განაპირობებს პრეზერვატივზე მითითებით გენიტალიასთან შედარების ფორმა, რაშიც, არანორმატიული, უცენზურო ლექსიკის გამოყენების გარეშე (არანორმატიული ლექსიკის შემცველი ტერმინის გამოტოვებით, იმ მომენტში ჩახველებით) ჟურნალისტი საზოგადოებისათვის მარტივად აღსაქმელს ხდის ადამიანებისა და მამაკაცის გენიტალიასთან შედარებას. იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტი ექსპლიციტურად არ გამოთქვამს მამაკაცის გენიტალიას, დასახელებული შედარება, სიტყვა „პრეზერვატივის“ გამოყენებითა და შესაბამისი კონტექსტით ადვილად მისახვედრს ხდის ადამიანებისა და მამაკაცის გენიტალიების შედარებას. თავის მხრივ, ადამიანებისა და გენიტალიების შედარება ამგვარი, შეურაცხმყოფელი კონოტაციით არ არის თანხვედრაში საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებთან.

3.2. ღირებულება

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, უხამსობის კვალიფიკაციისას ასევე მნიშვნელოვანია, განისაზღვროს აქვს თუ არა არაეთიკურ ქმედებას საზოგადოებრივ- პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო    ან    მეცნიერული    ღირებულება,    იგი    არ    მიიჩნევა    უხამსობად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მიზნებისთვის.

ამ თვალსაზრისით, უნდა შეფასდეს, აქვს თუ არა საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება, არა მთლიანად იმ პროგრამას (ან სიუჟეტს), რომელშიც ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო კონტენტია განთავსებული, არამედ - უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა ამგვარი ღირებულება კონკრეტულ ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო ქმედებას (განცხადებას).

აღსანიშნავია, რომ მაუწყებლის ეთერში უხამსობის განთავსების მარეგულირებელი კანონმდებლობის განმარტების ამგვარი სტანდარტი იკვეთება საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზითაც. კერძოდ, უცხო ქვეყნების მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელი ორგანოები (და სასამართლოები) უხამსი, არაეთიკური კონტენტის შეფასებისას ყურადღებას ამახვილებენ არა მთელი პროგრამის, არამედ - კონტენტის არაეთიკური ნაწილის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო ან მეცნიერულ ღირებულებასა და კონტექსტით გამართლებულობაზე. მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელმა ორგანომ - კომუნიკაციების ოფისმა (Ofcom) ერთ-ერთი რადიოს მიერ სამაუწყებლო სტანდარტების დარღვევა დაადგინა იმის გამო, რომ რადიოს ეთერში განთავსდა მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური ჯგუფის “Radiohead”-ის ნაწარმოები “Creep”. მარეგულირებელმა მიიჩნია, რომ უცენზურო სიტყვის (“fu***king”) რამდენჯერმე ეთერში განთავსება არ იყო კონტექსტით გამართლებული. აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მარეგულირებელს არ შეუფასებია უშუალოდ ნაწარმოებს ჰქონდა თუ არა კულტურული ღირებულება. მარეგულირებლის მიერ შეფასდა რამდენად იყო სახეზე უცენზურო სიტყვების გამოყენების აუცილებლობა და კონტექსტით გამართლება   (Ofcom   Broadcast   and   On   Demand   Bulletin   Issue   Number   393,   9-10 https://www.ofcom.org.uk/data/assets/pdf_file/0025/185551/Issue-393-broadcast-and-on-demand-bulletin.pdf). ანალოგიურად, აშშ-ს ფედერალურმა კომუნიკაციების კომისიამ (FCC) ერთ-ერთი მაუწყებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევა დაადგინა იმის გამო, რომ პირდაპირ ეთერში გადაიცა მსოფლიოში ცნობილი კომიკოსის, ჯორჯ კარლინის იუმორისტული მონოლოგი „შვიდი ბინძური სიტყვა“. იმის მიუხედავად, რომ, კომიკოსის მონოლოგს ერთიანობაში ჰქონდა კულტურული და იუმორისტული ღირებულება, მარეგულირებელმა უცენზურო ტერმინების (7 სიტყვა: s*it, p*ss, f*ck, c*nt, co***ker, motherf***er, t*ts) გამოყენება კონტექსტით გამართლებულად არ მიიჩნია. აღსანიშნავია, რომ ფედერალური კომუნიკაციების კომისიის ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ და უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დღესაც მოქმედ პრეცედენტად მიიჩნევა (FCC v. Pacifica Foundation, 438 U.S. 726 (1978), https://supreme.justia.com/cases/federal/us/438/726/ ).

არაეთიკური ქმედების (განცხადების) ეთერში განთავსებას შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება და იყოს კონტექსტით გამართლებული, როდესაც კონტენტის თავისებურების გათვალისწინებით შეუძლებელია შესაბამისი საზოგადოებრივ- პოლიტიკური აზრის, ახალი ამბის, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული კონტენტის გადაცემა არაეთიკური ქმედების/განცხადების ეთერში განთავსების გარეშე. მაგალითად, კომისია კონტექსტით გამართლებულად მიიჩნევს შეურაცხმყოფელი ლექსიკის  გამოყენებას  მაშინ,  როდესაც  ეს  განპირობებულია  პერსონაჟის მახასიათებლებით  და  ნაწარმოების  მხატვრული  ღირებულებით  (იხ.  mutatis mutandis კომისიის გადაწყვეტილება „შპს „ფორმულასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ (№გ-20-18/966, 31.12.2020).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე უნდა შეფასდეს არა შპს „მთავარი არხის“ ეთერში გასული გადაცემის „მთავარი შაბათს“, ან მასში მოცემული კონკრეტული  სიუჟეტის  საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება, არამედ დადგინდეს - შესაფასებელ სიუჟეტში ეთიკის ნორმების საწინააღმდეგო კომპონენტებს - გრაფიკულ გამოსახულებასა და ჟურნალისტის უცენზურო გამონათქვამებს ჰქონდა თუ არა ამგვარი ღირებულება. კერძოდ, კონტენტის მახასიათებლების გათვალისწინებით არაეთიკური მონაკვეთების გამოყენება იყო თუ არა კონტექსტით გამართლებული და შესაძლებელი იყო თუ არა მასში მოცემული იდეისა თუ ინფორმაციის გადმოცემა არაეთიკური გამოსახულებისა და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენების გარეშე.

კომისია მიიჩნევს, რომ სიუჟეტში არანაკლები სიმწვავით შეიძლებოდა გამოთქმულიყო მასში გატარებული კრიტიკული აზრი იმ შემთხვევაშიც კი თუ არ იქნებოდა გამოყენებული არაეთიკური გრაფიკული გამოსახულებები და გამონათქვამები, თავიდან იქნებოდა აცილებული საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკის ნორმებთან შეუთავსებელი ქმედებები. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, თუ რა საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება აქვს კონტენტის არაეთიკურ ნაწილს ან რატომ შეიძლება ის კონტექსტით გამართლებული ყოფილიყო. კერძოდ, ჟურნალისტს მინისტრის შარვლის ახლო კადრით ჩვენების გარეშეც შეეძლო მწვავედ გადაეცა საზოგადოებისთვის აღნიშნული მინისტრის ან მისი პოლიტიკური გუნდის საქმიანობის შესახებ ნებისმიერი, ყველაზე კრიტიკული შეფასება, ისევე როგორც მამაკაცის გენიტალიებთან შედარების გარეშეც შესაძლებელი იყო პარლამენტის წევრების საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობის კრიტიკა.

სიუჟეტის კულტურულ ღირებულებაზე მიუთითეს შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენელმა თამთა მურადაშვილმა და ჟურნალისტმა ბექა ყორშიამ. შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენლის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ შესაფასებელი სიუჟეტი მიიჩნევა უხამსობად, ასევე უხამსობად შეიძლება ჩაითვალოს გადაცემა რომელშიც ასახულია ქართული ხალხური შაირები, სადაც ასევე არის ეროტიკული კომპონენტები, ან რომელიმე მხატვრის ფერწერული ტილო, რომლებზეც მკაფიოდ ჩანს ადამიანის გენიტალიები. ამასთანავე, მათივე განმარტებით, სიუჟეტის იმ კომპონენტში, რომლითაც ადამიანები გენიტალიებთან არიან შედარებული, სახეზეა ციტირება ჩაკ პალანიკის რომანიდან „მებრძოლთა კლუბი“.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სიუჟეტში არ არის ციტირება ჩაკ პალანიკის ლიტერატურული ნაწარმოებიდან. კერძოდ, რომანში „მებრძოლთა კლუბი“ საერთოდ არ მოიძებნება ფრაზა: „ჩვენი პარლამენტი და პრეზერვატივი მხოლოდ იმით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ პრეზერვატივში მხოლოდ ერთი *** ეტევა და პარლამენტში კი - ბევრი“. სავარაუდოდ, ჟურნალისტი და მაუწყებლის წარმომადგენელი გულისხმობენ შემდეგ პასაჟს: „The security guy asked my name and address and phone number, and then he asked me what was the difference between a condom and a cockpit. "You can only get one p***k into a condom," he said“. („უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა მკითხა სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, და შემდეგ მკითხა ვიცოდი თუ არა, რა განსხვავებაა პრეზერვატივსა და პილოტის კაბინას შორის. „პრეზერვატივში მხოლოდ ერთი *** ეტევა.“ თქვა მან“).

ამავდროულად, იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება ლიტერატურული, ფერწერული თუ სხვაგვარი ნაწარმოებიდან არაეთიკური ეპიზოდის ციტირება თუ პერიფრაზი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნული ციტირებისა თუ პერიფრაზის მიზანს. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი გადმოსცემს სკაბრეზულ ნაწარმოებს (მაგ.: ხალხური შაირები) იმ მიზნით, რომ საზოგადოებას გააცნოს მისი ლიტერატურული შინაარსი, შესაძლებელია, სახეზე იყოს კულტურული ღირებულება, ხოლო მაშინ, როდესაც სკაბრეზული ნაწარმოებები და არანორმატიული ლექსიკა ამა თუ იმ ნაწარმოებიდან გამოიყენება ადამიანებისათვის შეურაცხყოფის მისაყენებლად და არა საზოგადოებისათვის მისი ლიტერატურული არსის გადმოსაცემად, სახეზე არ არის კულტურული ღირებულება და ქმედება შეიცავს უხამსობას. კანონმდებლობის სხვაგვარი განმარტების შემთხვევაში გამართლებული იქნებოდა ლიტერატურული ნაწარმოებების, მაგალითად, ხალხური შაირების გამოყენებით ადამიანების გინება და შეურაცხყოფა, რაც არ გამომდინარეობს უხამსობის განმსაზღვრელი საკანონმდებლო დებულებების მიზნიდან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ მაუწყებელს სურდა საზოგადოებისთვის მიეწოდებინა ჩაკ პალანიკის რომანის შინაარსი. უფრო მეტიც, სიუჟეტის მიხედვით, არც არის შესაძლებელი ჩაკ პალანიკის ნაწარმოების ან მისი რომელიმე ნაწილის შინაარსის გაგება. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ ჩაკ პალანიკის რომანიდან ერთ-ერთი მონაკვეთის პერიფრაზს არ აქვს კულტურული ღირებულება.

ამრიგად, დგინდება, რომ შპს „მთავარი არხის“ მიერ ეთერში განთავსებული სიუჟეტის კომპონენტები: (ა) ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და (ბ) მათ არ გააჩნიათ საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ განთავსებული პროგრამა შეიცავს უხამსობას „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის.

3.3. ღირსების/ძირითადი უფლების დარღვევა

როგორც აღინიშნა, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი ირღვევა მაშინ, როდესაც უხამსობის შემცველი პროგრამის გადაცემა იწვევს ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შელახვას. საქართველოს საკონსტიტუციო     სასამართლოს     განმარტებით,    „აღნიშნულ ნორმაში  არ არის დაკონკრეტებული ის უფლება (უფლებები), რომელიც მაუწყებელმა შესაძლოა ხელყოს უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებით, მაგრამ უნდა ვიგულისხმოთ, რომ კანონმდებელი   პრაქტიკულად   ნებისმიერი   ძირითადი   უფლების   დარღვევის შესაძლებლობას უშვებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-6).

თავის მხრივ, ძირითადი უფლების დარღვევის კონტექსტში მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ კომისიას, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ მარეგულირებელ ორგანოს აკისრია პასუხისმგებლობა, რომ კანონმდებლობის ფარგლებში პოზიტიური ქმედებებით, დარღვევებზე ეფექტური რეაგირების გზით უზრუნველყოს მაუწყებლების მიერ ადამიანების და მოქალაქეების ძირითადი უფლებების დარღვევის აღკვეთა და პრევენცია. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონტექსტში უფლებების შელახვის საკითხი უნდა შეფასდეს იმ პრიზმიდან, გამოიწვევს თუ არა კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტზე კომისიის უმოქმედობა ადამიანისა და მოქალაქის ძირითადი უფლების შელახვას.

გარდა ამისა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს პროგრამის განთავსებით გამოწვეული უფლების დარღვევა (ან დარღვევის საფრთხე) და დაუპირისპირდეს იგი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობას. უნდა განისაზღვროს გამოხატვის ფორმის და შინაარსის ღირებულება, მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობა და ის ზიანი, რომელიც ამ უფლების რეალიზაციამ გამოიწვია (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-6).

ამ  კონტექსტში  მნიშვნელოვანია,  მხედველობაში  იქნეს  მიღებული  ის  გარემოება,  რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედით, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას კომისია განმარტავს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად (იხ. მაგ.: კომისიის გადაწყვეტილება „შპს „ფორმულას“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივართან (№შ-20-6/4151, 13.08.2020) დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის შესახებ“, (გ-20-16 / 656, 27.08.2020).

კომისია იზიარებს შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენლის მითითებას იმის შესახებ, რომ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის „ინფორმაცია“ და „იდეები“, რომლებიც სასურველად არის მიღებული ან აღიქმება როგორც უწყინარი და ინდიფერენტული, არამედ - ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შემაწუხებელი და შოკისმომგვრელია სახელმწიფოსთვის ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისთვის ( Handyside v UK, no.5493/72, § 49). ამავდროულად, სტრასბურგის სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა არ გამორიცხავს ასეთი ტიპის ინფორმაციისა და იდეების გავრცელების შეზღუდვას, მაშინ, როდესაც ილახება სხვა ადამიანის უფლებები და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესები. აღნიშნულზე ისიც მიუთითებს, რომ ჰენდისაიდის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა გამართლებულად მიიჩნია და დარღვევა არ დაუდგენია.

განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელი უხამსობის შემცველი პროგრამის განთავსებით, შესაძლებელია, დარღვეულიყო შემდეგი სუბიექტების ძირითადი უფლებები ა) ადრესატების - პირის ან პირთა ჯგუფის, რომელსაც უშუალოდ მიემართება პროგრამა ან რომლის გამოსახულებაც არის გამოყენებული პროგრამაში; ბ) მაუწყებლის აუდიტორიის.

ა) ადრესატები

შესაფასებელი უხამსობის შემცველი პროგრამის ადრესატები არიან - საქართველოს ფინანსთა მინისტრი (სიუჟეტის ეთერში განთავსების მომენტში - ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი) და საქართველოს პარლამენტის წევრები. მართალია, პარლამენტის წევრებთან მიმართებით ჟურნალისტის გამონათქვამით პირდაპირ არ არის იდენტიფიცირებული კონკრეტული პირები, თუმცა, კონტექსტის, სიუჟეტის შინაარსისა და კადრების გათვალისწინებით, ადვილად იკითხება, რომ ჟურნალისტი ახალარჩეული პარლამენტის წევრებს გულისხმობდა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით გარანტირებულია ყველა ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება. პირადი ცხოვრება სხვა კომპონენტებთან ერთად მოიცავს ადამიანის რეპუტაციის დაცვის უფლებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, რეპუტაციაზე თავდასხმა, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს პირადი ცხოვრების უფლების რეალიზაციას, განიხილება კონვენციით გარანტირებული პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვად (Bédat v. Switzerland [GC], no. 56925/08, §§ 72-73; Axel Springer AG v. Germany [GC], no. 39954/08, § 83).

შესაფასებელ სიუჟეტში ფინანსთა მინისტრის რეპუტაციაზე თავდასხმა განხორციელდა განსაკუთრებით მწვავე, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური ფორმით. ჟურნალისტმა მისი და მისი პოლიტიკური გუნდის საქმიანობის კრიტიკის ფორმად შეარჩია მისივე გამოსახულება, სადაც ფოკუსირებულად ჩანს, როგორ იკიდებს იგი ხელს შარვალზე, გენიტალიებთან. სწორედ ამ კადრს ერთვოდა უხამსი კონოტაციის შემცველი გამონათქვამი. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა მინისტრთან მიმართებით შესაფასებელია არა მხოლოდ უხამსობის შემცველი გამონათქვამით/გრაფიკული გამოსახულებით მის რეპუტაციაზე თავდასხმა, არამედ - უხამსობის შემცველ პროგრამაში მისი გამოსახულების გამოყენება. სიუჟეტში გამოყენებული კადრები გადაღებულია საჯარო სივრცეში - პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც არაერთი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი მუშაობს. ასეთ შემთხვევებში პირს უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მისი ნებისმიერი ქცევა იქნება აღბეჭდილი და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. თუმცა, არ არსებობს გონივრული მოლოდინი, რომ ნებისმიერი, ინტიმურად მიჩნეული ან/და უნებლიე ფიზიოლოგიური მოძრაობა შეიძლება გახდეს უხამსი კონოტაციის შემცველი პროგრამის საგანი.

ამასთანავე, რეპუტაციაზე თავდასხმად უნდა შეფასდეს ჟურნალისტის გამონათქვამი, რომელშიც   იგი    პარლამენტის    წევრებს    გენიტალიებს    ადარებს.    საქართველოში დამკვიდრებული  ეთიკური ნორმების თანახმად, გენიტალიებთან შედარება ადამიანის შეურაცხყოფის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა და განსაკუთრებულად ინტენსიურ გავლენას ახდენს ადამიანის რეპუტაციასა და პირად ცხოვრებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებლის მიერ ეთერში განთავსებული უხამსობის შემცველი პროგრამა ზღუდავს მისი ადრესატების - ფინანსთა მინისტრისა და პარლამენტის წევრების პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სიკეთეს.

როგორც   აღინიშნა,   მაუწყებლობის   სფეროში   კანონმდებლობას   კომისია   განმარტავს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად. ამგვარად, მაუწყებლის მიერ უხამსობის შემცველი პროგრამის განთავსებით მისი ადრესატების უფლების დარღვევა უნდა შეფასდეს პირადი ცხოვრების უფლებასთან და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება განსაკუთრებით მაღალი დაცვის გარანტიით სარგებლობს მაშინ, როდესაც  იგი საჯარო ინტერესის საგანს შეეხება (Bédat v. Switzerland, [GC], no.

56925/08, § 49). ამასთან, კერძო პირებისაგან განსხვავებით პოლიტიკოსების მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები გაცილებით ფართოა. პოლიტიკოსები გარდაუვლად და გაცნობიერებულად აქცევენ საკუთარ ცხოვრებას საზოგადოებისა და ჟურნალისტების ყურადღების ქვეშ, რის შედეგადაც მათ კრიტიკის მიმართ მეტი ტოლერანტობის ვალდებულება აქვთ (Couderc and Hachette Filipacchi Associés v. France, [GC], no. 40454/07, § 121, Lingens v. Austria, no. 9815/82, § 42, Incal v. Turkey, no 22678/93, § 54). ამავდროულად, სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტების მიხედვით, ჟურნალისტის თავისუფლება მოიცავს  გარკვეული  ხარისხის  გადამეტებას  და  პროვოკაციასაც  კი  (E.K.  v.  Turkey,  no. 28496/95, §§ 79-80). სასამართლოს პრაქტიკით მკაფიოდ არის გამიჯნული კრიტიკა და შეურაცხყოფა, ამ უკანასკნელმა, შესაძლოა, პრინციპულად გაამართლოს კიდეც სანქციის დაკისრება, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც საკითხი საჯარო ინტერესის საგანს ეხება (Palomo Sánchez and Others v. Spain [GC], nos. 28955/06, 28957/06, 28959/06 and 28964/06, §§67, 72). გარდა ამისა, შეზღუდვას ექვემდებარება „დაუმსახურებელი პირადი თავდასხმა“ (“gratuitous personal attack”) (Oberschlick v. Austria (no. 2), no. 20834/92, § 33, Lopes Gomes da Silva v. Portugal, no. 37698/97, § 34, Gaunt v UK, no. 26448/12). საჯარო მნიშვნელობის საკითხების განხილვისას, იმ შემთხვევაში, როდესაც გამოხატვა შეეხება პოლიტიკოსის საჯარო საქმიანობას, იგი არ ფასდება „დაუმსახურებელ პირად თავდასხმად“ და მისი ამ საფუძვლით შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლების დარღვევად მიიჩნევა (Lopes Gomes da Silva v. Portugal, § 34, Eon v. France, no. 26118/10, § 61).

განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელი სიუჟეტი უკავშირდებოდა საჯარო დისკუსიის საგანს - ახალარჩეული პარლამენტის სხდომას. ახალარჩეული პარლამენტის სხდომასთან და ზოგადად, პარლამენტისა და პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები უდავოდ მაღალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა. შესაბამისად, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, კომისია ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებით მაღალი ხარისხით დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას.

უშუალოდ სიუჟეტში მოცემული, უხამსობის შემცველი გრაფიკული გამოსახულება და გამონათქვამები შეეხებოდა პოლიტიკოსებს - ფინანსთა მინისტრს და პარლამენტის წევრებს, ზღუდავდა მათ რეპუტაციას. ასეთ შემთხვევებში კიდევ უფრო მაღალია გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესი და სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დაიშვება მაშინ, როდესაც იგი შეფასდება, „დაუმსახურებელი პირადი თავდასხმად“ (“gratuitous personal attack”), რომელიც ემსახურება მხოლოდ ადამიანის პიროვნულ შეურაცხყოფას, კავშირი არ აქვს მის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობასთან და ხელს არ უწყობს საჯარო დისკუსიას. განსახილველ შემთხვევაში სიუჟეტის უხამსობის შემცველი კომპონენტები უკავშირდებოდა ფინანსთა მინისტრის და მისი გუნდის პოლიტიკური საქმიანობის და პარლამენტის წევრების კრიტიკას და ვერ შეფასდება, როგორც „დაუმსახურებელი პირადი თავდასხმა“, რომელიც პირის პოლიტიკური საქმიანობისგან დამოუკიდებლად მხოლოდ მის პიროვნულ შეურაცხყოფას ემსახურება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის მიუხედავად, რომ შპს „მთავარი არხის“ პროგრამაში განთავსებული სიუჟეტი განსაკუთრებით დაბალი ეთიკური და სამაუწყებლო სტანდარტების იყო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლება გადაწონის პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის ინტერესს. შესაბამისად, არ დასტურდება უხამსობის შემცველი პროგრამის განთავსებით ადრესატების უფლების დარღვევა და ამ თვალსაზრისით არ იკვრება სამართალდარღვევის შემადგენლობა.

ბ) აუდიტორია

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების იდენტიფიცირებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელების მედიუმს. სტრასბურგის სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ რადიოსა და ტელევიზიას, როგორც ინტიმურ, ოჯახურ გარემოში ინფორმაციის მიღებისა და გართობის საშუალებებს აქვთ მყისიერი,  ინვაზიური  და  ძლიერი  საზოგადოებრივი  ეფექტი  (Jersild  v.  Denmark,  no. 15890/89, § 31, Murphy v. Ireland, no. 44179/98, §§ 69, 74; Animal Defenders International v. UK, [GC], no. 48876/08, § 119, Centro Europa 7 S.r.l. and Di Stefano v. Italy, [GC], no. 38433/09, § 132). კომისია ვერ გაიზიარებს შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენლის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც „პრესა არის პრესა“ და მაუწყებლობასა და ბეჭდურ მედიაზე თანაბარი სტანდარტი უნდა გავრცელდეს. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ჟურნალისტის „მოვალეობების და პასუხისმგებლობის“ განსაზღვრისას შესაბამისი მედიუმის პოტენციური გავლენა მნიშვნელოვანი ფაქტორია და ჩვეულებრივ მიჩნეულია, რომ აუდიოვიზუალურ მედიას ხშირად აქვს უფრო მყისიერი და ძლიერი ეფექტი, ვიდრე ბეჭდურ მედიას. აუდიოვიზუალურ მედიას აქვს გამოსახულებების მეშვეობით მნიშვნელობის გადაცემის ისეთი საშუალებები, რომლებიც ბეჭდურ მედიას არ გააჩნია (Jersild v. Denmark, no. 15890/89, § 31). აუდიო-ვიზუალური მედიის ბუნებიდან გამომდინარე, მაუწყებლობით გადაცემული კონტენტის შეფასებისას, კონტენტის უშუალო ადრესატების გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული აუდიტორიის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის საკითხი.

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციაა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზაცია, მაუწყებლებისა და მისი აუდიტორიის უფლებების დაცვა. მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის აღსრულებისას კომისიამ განსაკუთრებულად უნდა დაიცვას აუდიტორიის, მსმენელებისა და მაყურებლების ძირითადი უფლებები და კანონიერი ინტერესები. სწორედ აუდიტორიაზე გამოწვეული მყისიერი, ინვაზიური და ძლიერი ეფექტი და აუდიტორიის უფლებების დაცვის ინტერესი განაპირობებს მაუწყებლობის სფეროს რეგულირების საჭიროებას. თავის მხრივ, პროგრამის განთავსებით გამოწვეული აუდიტორიის უფლებების დარღვევისა და დარღვევის საფრთხის სრულყოფილად იდენტიფიცირებისათვის მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პროგრამის ეთერში განთავსების დრო და კონტექსტი, მისი განთავსებით გამოწვეული ზიანის ან ზიანის საფრთხის ხარისხი, პოტენციური აუდიტორიის მოცულობა, შემადგენლობა, მოლოდინი და აუდიტორიაზე გადაცემის ნახვით/მოსმენით გამოწვეული ეფექტი.

განსახილველ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შესაფასებელი კონტენტი მაუწყებლის ეთერში განთავსდა 21:57 საათზე. შესაბამისად, იგი განთავსებულია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საუკეთესო დროს, როდესაც მაუწყებლის პროგრამებს უყურებს ან ესმენს მისი მომსახურების ზონის აუდიტორიის პიკური რაოდენობა. ამასთან, პროგრამის ეთერში განთავსების დროის გათვალისწინებით, აუდიტორიის წევრები შეიძლება ყოფილიყვნენ არასრულწლოვნებიც. შესაბამისად, პირველ რიგში უნდა შეფასდეს მათი უფლების დარღვევის საკითხი.

საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით განმტკიცებულია ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი საგანგებოდ ადგენს, რომ დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „არასრულწლოვანი პირები ასაკის შესაბამისად საჭიროებენ განსაკუთრებულ მზრუნველობას, რათა დაცული იყოს მათი ინტერესები და ეჭვქვეშ არ დადგეს მათი ნორმალური განვითარება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის N2/10/1212 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).

მთელ მსოფლიოში აღიარებულია, რომ უხამსობის შემცველი პროგრამების მაუწყებლის ეთერში განთავსება იმ დროს, როდესაც, შესაძლებელია აუდიტორიის ნაწილი არასრულწლოვნებიც იყვნენ, უარყოფითად აისახება მათ ნორმალურ ფიზიკურ, მენტალურ და მორალურ განვითარებაზე და არღვევს მათ უფლებებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ცალსახად ჩამოყალიბებული პრაქტიკა აქვს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რომელმაც ერთ-ერთი მაუწყებლის საჩივარი მსგავსი შეზღუდვის გამოხატვის თავისუფლებასთან წინააღმდეგობის შესახებ საერთოდ არ ცნო დასაშვებად და აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია (Sigma Radio Television Ltd v. Cyprus, nos. 32181/04 and 35122/05, § 200). ანალოგიურია აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მიდგომაც. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ფედერალური კომუნიკაციების კომისიის მიერ უხამსობის მარეგულირებელი კანონმდებლობის (“indecency rules”) აღსრულება გამოხატვის თავისუფლებასთან  შესაბამისად  მიიჩნია  სწორედ  არასრულწლოვნების  ინტერესებზე მითითებით        (FCC        v.        Pacifica        Foundation,        438        U.S.        726        (1978), https://supreme.justia.com/cases/federal/us/438/726/ ).

როგორც  წესი,  არასრულწლოვნების  ნორმალურ  ფიზიკურ,  მორალურ  და მენტალურ განვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს. საქართველოს საკონსტიტუციო     სასამართლოს     განმარტებით, „არასრულწლოვანი პირების ზედამხედველობისა და აღზრდის კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვანია მშობლების როლი. როგორც წესი, არასრულწლოვანი პირები თავისთავად არ ფლობენ საკუთარი თავის მოვლის სათანადო უნარებსა და შესაძლებლობებს. ისინი ექვემდებარებიან მშობლების მიერ ზედამხედველობას და მზრუნველობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის N2/10/1212 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). მშობლებისა და კანონიერი წარმომადგენლების პირდაპირი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, დაიცვან არასრულწლოვნები მათთვის შეუფერებელი, მათ შორის, უხამსი სამაუწყებლო პროგრამების ყურებისა და მოსმენისაგან. თუმცა, არცერთ მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს არ აქვს/არ უნდა ჰქონდეს გონივრული მოლოდინი, რომ საუკეთესო დროს, მაუწყებლის ეთერში, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში განთავსებული იქნება ისეთი უხამსი გრაფიკული გამოსახულებებისა და გამონათქვამების შემცველი სიუჟეტი, რომელმაც, შესაძლოა, შეაფერხოს არასრულწლოვნების ნორმალური განვითარება. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით დროის იმ მონაკვეთში, როდესაც აუდიტორიის ნაწილი შეიძლება იყვნენ არასრულწლოვნები, მათი ნორმალურ განვითარებისათვის საფრთხის შემქმნელი, უხამსობის შემცველი პროგრამების განთავსებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მაუწყებლებს.

მოცემულ შემთხვევაში სიუჟეტში გამოყენებული არაეთიკური გრაფიკული გამოსახულება და გამონათქვამები შეიცავს ხელშესახებ საფრთხეს არასრუწლოვანი აუდიტორიის ნორმალური ფიზიკური, მენტალური და მორალური განვითარებისათვის. არასრულწლოვანი  აუდიტორიის ნორმალური ფიზიკური,  მენტალური და მორალური განვითარებისათვის ხელისშემშლელია ისეთი სამაუწყებლო პროგრამის ყურება/მოსმენა, რომელიც შეიცავს გენიტალიების (ან მათი სილუეტების) გამოსახულებებს, უხამს შედარებებს ადამიანებსა და გენიტალიებს შორის. შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენლის განმარტებით, „ამ გადაცემის აუდიტორია არის მკაფიოდ განსაზღვრული, ამ სიუჟეტს არასრულწლოვნები ვერც გაიგებდნენ, იმიტომ რომ ეს არის სარკაზმის ენა და აქვს პოლიტიკური შინაარსი“. არასრულწლოვან აუდიტორიაზე არასასურველი გავლენის მოხდენის თვალსაზრისით პრობლემური სწორედ ის არის, რომ არასრულწლოვნებს არ შესწევთ უნარი, სრულყოფილად გააცნობიერონ სიუჟეტის პოლიტიკური შინაარსი, მაღალია მათ მიერ სიუჟეტის არასწორი აღქმის - ადამიანების შეურაცხყოფის, მათი გენიტალიებთან შედარების ნორმალურ მოვლენად წარმოჩენის საფრთხე. მამაკაცის გენიტალიებსა და შარვალზე ხელის შეხების სცენის ახლო კადრით გამიზნულად ჩვენება და ამ კადრის უხამსი კონოტაციით (უშუალოდ მამაკაცის სასქესო ორგანოებთან ირიბი მითითებით) წარმოჩენა, ისევე როგორც ადამიანებისა და გენიტალიების შედარება შეურაცხმყოფელი კონოტაციით ნეგატიურ გავლენას ახდენს არასრულწლოვნების ნორმალურ განვითარებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაფასებელი სიუჟეტის განთავსება არღვევს არასრულწლოვანი აუდიტორიის უფლებებს - მათი ასაკის შესაბამისად განვითარდნენ ფიზიკურად, მენტალურად და მორალურად

გარდა ამისა, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ შესაფასებელი სიუჟეტი განთავსდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში. საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამაში უხამსობის შემცველი კონტენტის განთავსება ასევე პრობლემურია სრულწლოვანი აუდიტორიის უფლებებთან მიმართებითაც.

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი - მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტური პლატფორმაა. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეუფერხებელი, ავტონომიური, ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტურ რეალიზაციას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71,72, ასევე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/6/1311 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-58).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი სახელმწიფოს მიმართ ადგენს გარკვეულ პოზიტიურ ვალდებულებას, რომ უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, მაუწყებლების მეშვეობით ინფორმაციის მიღების გონივრული საშუალება, რათა საზოგადოებამ შეძლოს ინფორმაციისა და საჯარო მნიშვნელობის საკითხზე ყველა მნიშვნელოვანი მოსაზრების მიღება. სწორედ ამ პირობებშია შესაძლებელი აზრისა და გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკული და ეფექტური რეალიზაცია. ასეთსავე პოზიტიურ ვალდებულებაზე მიუთითებს ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ისეთ სენსიტიურ სექტორში, როგორიც არის აუდიო-ვიზუალური მედია, ჩაურევლობის ნეგატიურ მოვალეობასთან ერთად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ პლურალიზმს (Centro Europa 7 S.r.l. and Di Stefano v. Italy, [GC] no. 38433/09, § 134).

დასახელებული  პოზიტიური  ვალდებულების  შესრულების  ერთ-ერთი  გამოვლინებაა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე საერთო მაუწყებელი ვალდებული არიან, საუკეთესო დროს განათავსონ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყონ აუდიტორიის დროული ინფორმირება მათი მომსახურების ზონაში, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე  მოვლენების  შესახებ.  ამასთანავე,  აუდიტორიის  უფლება,  რომ მაუწყებლობის მეშვეობით დროულად იყვნენ ინფორმირებული საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ამ უნიკალური მედიუმის საშუალებით ჰქონდეთ წვდომა პლურალისტურ ინფორმაციაზე, მოსაზრებებზე, ირღვევა იმ შემთხვევაშიც, როდესაც ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები გაჯერებულია უხამსობის შემცველი, არაეთიკური სიუჟეტებით. ასეთ შემთხვევებში სრულწლოვანმა მაყურებელმა, შესაძლებელია, დაკარგოს გონივრული შესაძლებლობა, რომ შეუფერხებლად უყუროს/უსმინოს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს, ინფორმირებული იყოს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია იმ სრულწლოვანი მაყურებლების/მსმენელების ინტერესი, რომლებიც არასრულწლოვნებთან ერთად ცხოვრობენ, უყურებენ/უსმენენ სამაუწყებლო პროგრამებს. როგორც აღინიშნა, არასრულწლოვნების ნორმალურ ფიზიკურ, მორალურ და მენტალურ განვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში მრავლად იქნება უხამსობის შემცველი, არასრულწლოვანისათვის შეუფერებელი სიუჟეტები, პირი, რომელიც მშობელია/კანონიერი წარმომადგენელია ან/და არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრობს, დაკარგავს გონივრულ შესაძლებლობას, მაუწყებლების მეშვეობით მიიღოს სათანადო ინფორმაცია ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების, ისევე როგორც არსებული მოსაზრებების შესახებ ისე, რომ არ შელახოს მასთან ერთად მცხოვრები არასრულწლოვნის ინტერესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში უხამსობის შემცველი კონტენტის განთავსება არღვევს დასახელებული სრულწლოვანი აუდიტორიის უფლებებსაც.

გარდა ამისა, გარკვეული პირებისათვის მიუღებელი და შემაწუხებელია უხამსობის შემცველი პროგრამების ყურება/მოსმენა. რა თქმა უნდა, სრულწლოვან პირებს აქვთ არჩევანი და შესაძლებლობა, სხვა მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს უყურონ/მოუსმინონ. თუმცა, თუ კომისიამ ეფექტურად არ აღასრულა უხამსობის შემცველ პროგრამებზე რეაგირება, შესაძლოა, ნებისმიერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა გახდეს არაეთიკური სიუჟეტებით, უხამსი განცხადებებით და ქმედებებით გაჯერებული. ამ პირობებში აუდიტორიას ვერ ექნება გონივრული მოლოდინი, რომ ახალი ამბების ან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში არ განთავსდება უხამსობის შემცველი კონტენტი. ასეთ შემთხვევაში გარდაუვლად დაზიანდება საზოგადოების ამ ნაწილის ინტერესი, რადგან ისინი საერთოდ დაკარგავენ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკური პროგრამების მეშვეობით დროული ინფორმირებისა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მოსაზრებების გაცნობის შესაძლებლობას მხოლოდ იმის გამო, რომ არ სურთ არაეთიკური სიუჟეტების ნახვა/მოსმენა. ამ თვალსაზრისით ასევე დაიკარგება საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით აღიარებული უფლების სრულყოფილი რეალიზაციის ობიექტური შესაძლებლობა. შესაბამისად, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში უხამსობის შემცველი სიუჟეტების განთავსება არღვევს მათ უფლებებსაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მთავარი არხის“ მიერ საუკეთესო დროს, 21:57 საათზე, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში უხამსობის შემცველი სიუჟეტის განთავსებით დაირღვა როგორც სრულწლოვანი, ისე - არასრულწლოვანი აუდიტორიის უფლებები.

4.   პასუხისმგებლობა

ამრიგად, შპს „მთავარმა არხმა“ ეთერში განათავსა ადამიანისა და მოქალაქის ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამა, რომელიც შეიცავს უხამსობას. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა. შპს „მთავარი არხის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

გარდა  ამისა,  გასათვალისწინებელია  ის  გარემოება,  რომ  ამ  დრომდე  კომისის  მიერ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმე განხილული არ ყოფილა. კომისიის 2020 წლის 7 დეკემბრის  განცხადებით  დეტალურად  განიმარტა  მაუწყებლებისთვის „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის  პასუხისმგებლობის  დაკისრების  სტანდარტები,  თუმცა, კომისია მიიჩნევს, რომ კარგი მმართველობის, განსაზღვრულობისა და თანაზომიერების პრინციპების გათვალისწინებით მიზანშეწონილია, განსახილველ საქმეზე მაუწყებელს არ დაეკისროს პასუხისმგებლობა. შესაბამისად, შპს „მთავარი არხი“ ცნობილი უნდა იქნეს სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

V.        სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ12“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის გათვალისწინებით კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „მთავარი არხი“ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „მთავარი არხისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3.  გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   მისი   დამოწმებული   ასლის   შპს   „მთავარი არხისთვის“ ჩაბარების დღიდან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „მთავარი არხისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

5.  გადაწყვეტილების   შესრულებაზე   კონტროლი   დაევალოს   კომისიის   აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კახი ბექაური თავმჯდომარე 

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ელისო ასანიძე წევრი

მერაბ ქათამაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები