შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 02, 2021 22:29
მიღების თარიღი იანვარი 21, 2021
შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N20-10-2555 21.12.2020) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის და 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N20-10-2555 21.12.2020) თანახმად, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზებისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გამოვლინდა, რომ შპს „ჯიემთივის“ ერთ-ერთი დირექტორი ქეთევან მიქაძე გათავისუფლდა თანამდებობიდან და განხორციელდა დამფუძნებელის ცვლილება, კერძოდ ქეთევან მიქაძემ (50%) სრულად გაასხვისა წილი ნათია კეპაშვილის სასარგებლოდ (საჯარო რეესტრში დირექტორის ცვლილება განხორციელდა 2020 წლის 26 ნოემბერს). შპს „ჯიემთივიმ“ კომისიაში ინფორმაცია დირექტორის და დამფუძნებლის ცვლილების თაობაზე წარმოადგინა 2020 წლის 18 დეკემბერს (Nშ-20-6/6349), ხოლო განახლებული შესაბამისობის დეკლარაცია კომპანიას არ წარმოუდგენია. შესაბამისად დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 21 იანვარს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „ჯიემთივის“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
2021 წლის 21 იანვრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ჯიემთივის“ წარმომადგენელი, თუმცა შპს „ჯიემთივის“ დირექტორმა სხდომამდე ტელეფონით შეატყობინა კომისიას, რომ ვერ შეძლებდა სხდომაზე დასწრებას და თანახმა იყო კომისიას მიეღო გადაწყვეტილება მის დაუსწრებლად.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N20-10-2555 21.12.2020);
2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (: B20096964, 26/11/2020; B20077360, 29/09/2020) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჯიემთივის“ შესახებ მონაცემები;
3. შპს „ჯიემთივისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2020 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ჯიემთივი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს;
2. შპს „ჯიემთივის“ ჰყავდა ორი დირექტორი და ორი დამფუძნებელი - ქეთევან მიქაძე და ნათია კეპაშვილი; მაუწყებლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, 2020 წლის 26 ნოემბერს ერთ-ერთი დირექტორი ქეთევან მიქაძე გათავისუფლდა თანამდებობიდან და განხორციელდა დამფუძნებელის ცვლილება, კერძოდ ქეთევან მიქაძემ (50%) სრულად გაასხვისა წილი ნათია კეპაშვილის სასარგებლოდ შესაბამისად;
3. შპს „ჯიემთივის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილების თაობაზე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიისთვის უნდა ეცნობებინა ცვლილებიდან 10 დღის ვადაში, კერძოდ არა უგვიანეს 6 დეკემბრისა.
4. განხორციელებული ცვლილების თაობაზე ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2020 წლის 18 დეკემბერს;
5. შპს „ჯიემთივის“ არ წარმოუდგენია კომისიაში განახლებული შესაბამისობის დეკლარაცია და არ აუტვირთავს საკუთარ ვებგვერდზე;
6. შპს „ჯიემთივის“ მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ “საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა)ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე;
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად;
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯიემთივის“ მიერ დამფუძნებლისა და დირექტორის ცვლილების განხორციელების თაობაზე ინფორმაციის კომისიაში 2020 წლის 6 დეკემბრამდე წარმოუდგენლობით (ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა ვადების დარღვევით), შესაბამისობის დეკლარაციის წარმოუდგენლობითა და ცვლილების თაობაზე ინფორმაციის საკუთარ ვერგვერდზე გამოუქვეყნელობით, დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და 62-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ჯიემთივის“ მიმართ ბოლო ერთი წლის მანძილზე, მსგავსი ან ანალოგიური დარღვევისთვის კომისიას არ გამოუყენებია ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის არცერთი სახე, შპს „ჯიემთივის“ უნდა დაეკისროს წერილობითი გაფრთხილება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის პირველი პუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99- ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1.შპს „ჯიემთივის“ დაეკისროს გაფრთხილება, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის და 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს შპს „ჯიემთივის“ განახლებული შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენა და საკუთარ ვებგვერდზე ატვირთვა, 10 სამუშაო დღის ვადაში.
3.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) გადაწყვეტილების შპს „ჯიემთივისთვის“ გაგზავნის უზრუნველყოფა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს„ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯიემთივისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
