სს „სილქნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2021 16:56
მიღების თარიღი აპრილი 29, 2021
სს „სილქნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში ,,კომისია“) აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (26.04.2021 N21-10-759) თანახმად, „მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ, კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის Nგ-20-19/775 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თანახმად, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) გამოქვეყნების ვადა გადავადდა და საბოლოო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 27 ნოემბერი.
2021 წლის 17 თებერვალს სს „სილქნეტმა“ კომუნიკაციების კომისიას მიმართა წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/334) და მოთხოვა მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) გამოქვეყნების გადავადება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ 2021 წლის 25 თებერვლის გ-21- 08/472 წერილით სს „სილქნეტს“ აცნობა, რომ აღნიშნული ოფერტის წარმოდგენის ვადის ცვლილება არ მოხდებოდა. გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის 22 მარტს წერილობით (Nგ-21-08/846 ) მიმართა სს „სილქნეტს“ აღნიშნული მოწვევის ოფერტა კომისიაში წარმოედგინა არაუგვიანეს 2021 წლის 23 მარტისა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია დაიწყებდა შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებას. მიუხედავად ყოველივე აღნიშნულისა, სს „სილქნეტს“ დღემდე არ წარმოუდგენია 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილების 3.1 პუნქტით განსაზღვრული მოწვევის ოფერტა.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (26.04.2021 N21-10-759) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2021 წლის 29 აპრილი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება გაეგზავნა სს „სილქნეტს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისიის 2021 წლის 29 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი -თ. ტყეშელაშვილი, რომელმაც აღნიშნა რომ აღნიშნა, რომ სს„სილქნეტმა“ მომართა კომისიას ოფერტის გამოქვეყნების ვადის გადაწევის თხოვნით. პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, სს„სილქნეტს“ მიაჩნია, რომ ოფერტის გამოქვეყნების ვადა უნდა გადაიწიოს წლის ბოლომდე.
2021 წლის 29 აპრილის კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ კახი ბექაურმა განაცხადა, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამუშაო პროცესი ოპერატორებთან, მათ შორის იმ ავტორიზებულ პირებთან, რომლებმაც ოფერტის პირველადი, არასრულყოფილი ვარიანტები წარმოადგინეს კომისიაში. მისი განმარტებით, მიმდინარეობს აღნიშნული ოფერტების დაზუსტება და დამუშავება. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სს „სილქნეტის“ მიერ ოფერტის გამოქვეყნებას კომისია წლის ბოლომდე ვერ გადაავადებს, თუმცა წარმოდგენილი ოფერტების დამუშავებას გარკვეული ვადა კიდევ სჭირდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის თავმჯდომარემ კახი ბექაურმა კომისიას მიმართა წინადადებით, სს „სილქნეტის“ მიერ ოფერტის წარდგენის ვადის პირველ აგვისტომდე გადადების, სს „სილქნეტის“ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (26.04.2021 N21-10-759);
2. სს „სილქნეტის“ წერილი (17.02.2021 Nშ-21-6/334 )კომისიას;
3. კომისიის წერილები (25.02.2021 Nგ-21- 08/472, 22.03.2021 Nგ-21-08/846) სილქნეტს;
4. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან სს „სილქნეტის“ შესახებ;
5. სს „სილქნეტის“ წარმომადგენლის თ.ტყეშელაშვილის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2021 წლის 29 აპრილის სხდომაზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. სს „სილქნეტი“ 2010 წლის 10 მარტიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს;
2. სს „სილქნეტი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. „მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის თანახმად, მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები „SMS“) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქმიანობის განმახორციელებელ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად განისაზღვრნენ: შპს „მაგთიკომი”, სს„სილქნეტი“ და შპს „ვიონი საქართველო”. ამავე გადაწყვეტილების 3.1. პუნქტის შესაბამისად, მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები „SMS“) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრათ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) ქსელთან დაშვების უზრუნველყოფის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობებით: მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია გამოაქვეყნოს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 90 კალენდარული დღის ვადაში. მოწვევის ოფერტა უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას: შეთავაზებული ტექნოლოგიების, მომსახურების ტიპების, ქსელური ელემენტების (ქვესისტემების დონეზე) ჩამონათვალს და მათთან დაშვების პირობებს, ნუმერაციის რესურსის გამოყენების პირობებს.
4. „მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ, კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის Nგ-20-19/775 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თანახმად, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) გამოქვეყნების ვადად ნაცვლად 90 კალენდარული დღისა, განისაზღვრა 9 კალენდარული თვე.
5. კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში შევიდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე, აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2020 წლის 27 თებერვალს. შესაბამისად, სს „სილქნეტის“ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) გამოქვეყნების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 27 ნოემბერი.
6. სს „სილქნეტს“ 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით არ გამოუქვეყნებია ზემოაღნიშნული მოწვევის ოფერტა და 2021 წლის 17 თებერვალს კომისიას წერილობით მომართა (Nშ-21-6/334) და მოთხოვა მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) გამოქვეყნების გადავადება. აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა კომისიის მიერ და სს „სილქნეტს“ წერილობით (25.02.2021 Nგ-21- 08/472) ეცნობა, რომ ოფერტის გამოქვეყნების ვადა არ შეიცვლებოდა;
7. 2021 წლის 22 მარტს კომისიამ კიდევ ერთხელ მიმართა (22.03.2021 Nგ-21-08/846) სს „სილქნეტს“ და აცნობა, რომ მოწვევის ოფერტის 2021 წლის 23 მარტამდე გამოუქვეყნებლობის შემთხვევაში, კომისია დაიწყებდა შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებას;
8. სს „სილქნეტს“ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა) დღემდე არ აქვს გამოქვეყნებული;
9. სს „სილქნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ამოცანაა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა მიერ იმ სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი, რომლებიც მათ შეიძლება დაეკისროს ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალობა და საჯაროდ გამოაქვეყნოს: ა) მისი საქმიანობის ამსახველი ფინანსური საანგარიშგებო დოკუმენტაცია; ბ) ქსელის შესაბამისი ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, ფუნქციონალური რესურსებისა და ინტერფეისების აღწერილობა, აგრეთვე ინფორმაცია თავისუფალი სიმძლავრეების შესახებ; გ) ქსელის ტექნიკური მახასიათებლები, მათ შორის, გამოყენებული ინტერფეისების აღწერილობა, თანალოკაციის ფართობები და ურთიერთჩართვის წერტილები; დ) ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების პირობები, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნების გათვალისწინებით; ე) დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფები, ანგარიშსწორების პირობები;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი - სს „სილქნეტი“ ვალდებული იყო მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა) გამოექვეყნებინა 2020 წლის 27 ნოემბრამდე, რაც კომისიის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად სს „სილქნეტმა“ არ განახორციელა. შესაბამისად, სს „სილქნეტის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, „მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილების 3.1. პუნქტი („მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის Nგ-20-19/775 გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით), რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველია.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სხვა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ ზემოაღნიშნული მოწვევის ოფერტები წარმოდგენილია არასრულყოფილად და კვლავ სამუშაო რეჟიმში სრულყოფის ეტაპზეა, რისთვისაც დამატებითი დრო არის საჭირო, კომისია, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიიღოს გადაწყვეტილება სს „სილქნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე. ამავდროულად, სს „სილქნეტს“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა დაევალოს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) გამოქვეყნება 2021 წლის პირველ აგვისტომდე, „მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილების 3.1. პუნქტის შესაბამისად.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილების 3.1. პუნქტისა და „მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის Nგ-20-19 / 775 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. სს „სილქნეტი“ ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 31-ე მუხლის, „მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილების 3.1. პუნქტის („მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის Nგ-20-19 / 775 გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით) დარღვევის გამო;
2. სს „სილქნეტი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
3. დაევალოს სს „სილქნეტს“ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) გამოქვეყნება 2021 წლის პირველ აგვისტომდე, „მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილების 3.1. პუნქტის შესაბამისად;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების სს„სილქნეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს„სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№64) სს „სილქნეტისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) სს „სილქნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე.სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
