შპს,,ვი–ჯი–ეს ნეთვორქ“-ისთვისმ (ს/კ438724490) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 27, 2021 15:17
მიღების თარიღი მაისი 20, 2021
შპს,,ვი–ჯი–ეს ნეთვორქ“-ისთვისმ (ს/კ438724490) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში -კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№ 21-10/780, 28.04.2021) თანახმად, შპს ,,რადიო იმედის” წერილობითი (კომისიაში რეგისტრირებული № შ-21-6/1760, 19.04.2021) მოთხოვნის საფუძველზე, 110.75 მჰც თანამგზავრულ სიხშირეზე წარმოქმნილი ხელშეშლის აღმოფხვრის მიზნით, 2021 წლის 27 აპრილს, დეპარტამენტის თანამშრომლები მივლინებით იმყოფებოდნენ ქ.მარტვილში (კალამონას მთაზე), რადიომონიტორინგით გათვალისწინებული სამუშაოების ჩასატარებლად. რადიომონიტორინგის პროცესში დაფიქსირებულ იქნა რადიოსარელეო სადგურის უკანონო ფუნქციონირება 110.96 მჰც სიხშირეზე. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 144¹ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით წარმოადგენს სამართალდარღვევას. საპელენგაციო სამუშაოების შედეგად დადგენილ იქნა აღნიშნული რადიოსარელეო გადამცემი სადგურის მფლობელის ვინაობა და ადგილმდებარეობა. რადიოსარელეო გადამცემი სადგური და ანტენა, რომლის მფლობელია შპს „ვი-ჯი-ეს ნეთვორქი“ (ს/კ 438724490. ქ. სამტრედია, ჯავახიშვილის ქ. №8), განთავსებული იყო შპს „ვიონი საქართველოს“ კუთვნილ საკომუნიკაციო ანძაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000339.
შპს ,,ვი–ჯი–ეს ნეთვორქისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 20 მაისს, 15:00 საათზე, რის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა შპს „ვი-ჯი-ეს ნეთვორქს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების გაცნობის უფლება.
კომისიის 2021 წლის 20 მაისის ხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ვი-ჯი-ეს ნეთვორქის” დირექტორი ვ. ჩიგოგიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანია 2011 წლიდან არის ავტორიზებული პირი. მისი განმარტებით, კალამონას მთაზე აქვთ განთავსებული ცენტრალური სარელეო სადგური. სარელეო სადგური არ დაზიანებულა, ფაქტიურად თავისუფალი ზოლი ვერ მოძებნეს. შემდეგ სცადეს ჩანაცვლება არალიცენზირებად სიხშირეზე 24 გჰც-ზე, რამაც არ იმუშავა, ვინაიდან დასავლეთ საქართველოში ეს ნაკლებად მუშაობს. გადაწყვიტეს მწარმოებლისთვის ეთხოვათ 11 გჰც გადამცემი სატესტოდ, რომლის პარალელურადაც 5000 გჰც გადამცემი ჩართული ჰქონდათ. ეს გადამცემი დაახლოებით 10 დღის დაყენებული იყო შემოწმების დროისთვის, რათა გაეგოთ, როგორ იმუშავებდა. კომპანიას დაუკავშირდნენ კომისიის წარმომადგენლები და გადამცემი გათიშეს. ამ გადამცემში ტრაფიკიც არ გადიოდა, იყო ჩართული სატესტო რეჟიმში და დროდადრო ამოწმებდნენ, როგორ იქნებოდა თავისუფალი სიხშირე. ამის შემდეგ კომისიას სიხშირისთვისაც მომართეს.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№ 21-10/780, 28.04.2021).
2. 2021 წლის 27 აპრილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000339.
3. კომისიის სხდომაზე შპს ,,ვი-ჯი-ეს ნეთვორქის“ დირექტორის მიერ მიცემული ახსნა- განმარტება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. 2021 წლის 27 აპრილს, კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ, შპს ,,რადიო იმედის” წერილობითი (კომისიაში რეგისტრირებული № შ-21-6/1760, 19.04.2021) მოთხოვნის საფუძველზე, 110.75 მჰც თანამგზავრულ სიხშირეზე წარმოქმნილი ხელშეშლის აღმოფხვრის მიზნით, ქ. მარტვილში (კალამონას მთაზე), შპს ,,ვიონი საქართველოს“ ანძის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული რადიომონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შპს ,,ვიონი საქართველოს“ საკომუნიკაციო ანძაზე განთავსებული შპს ,,ვი-ჯი-ეს ნეთვორქის“ რადიოსარელეო გადამცემი სადგურის ფუნქციონირება (110.96+/- 20) მგჰ სიხშირეზე სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე, რაზედაც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000339.
მტკიცებულება:
2021 წლის 27 აპრილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000339; კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№ 21-10/780, 28.04.2021).
2. შპს ,,ვი-ჯი-ეს ნეთვორქის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხის (მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა) განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში. 2021 წლის 27 აპრილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000399 შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი, კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლები ნ. კონდოლელი და გ. წიკლაური, ასევე, სამართალდამრღვევი შპს ,,ვი-ჯი- ეს ნეთვორქის“ დირექტორი ვ. ჩიგოგიძე, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში განმარტავს, რომ არსებულ სარელეო მონაკვეთზე დაუზიანდათ 5000 გჰც გადამცემი და სატესტოდ დააყენეს 11 გჰც გადამცემი, რომელიც გათიშეს როგორც კი კომისიის ინჟინრები მას დაუკავშირდნენ.
მტკიცებულება: 2021 წლის 27 აპრილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000339.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის, ლიცენზიის ან ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 35-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 141-ე−142-ე, 1441, 1443–1445 და 14411 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები.
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის 141-ე, 142-ე, 1441 და 1443–1445 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას ორგანო (თანამდებობის პირი) წყვეტს შემდეგ საკითხებს: 1) განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა; 2) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები; 3) ეცნობათ თუ არა საქმის განხილვის მონაწილე პირებს საქმის განხილვის დრო და ადგილი;
4) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები; 5) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, დაზარალებულის, კანონიერი წარმომადგენლების, ადვოკატის შუამდგომლობები.
6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, = ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 27 აპრილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის № 000339 ოქმისა და კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№ 21-10/780, 28.04.2021) შესაბამისად, შპს ,,ვი-ჯი-ეს ნეთვორქი“ სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე სარგებლობდა რადიოსიხშირული სპექტრით, რაც დაადასტურა შპს ,,ვი-ჯი-ეს ნეთვორქის“ დირექტორმა ვ. ჩიგოგიძემ. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ შპს ,,ვი-ჯი-ეს ნეთვორქის“ მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა - სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზეა რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებას სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე, რამაც გამოიწვია შპს ,,რადიო იმედის“ მაუწყებლობისთვის ხელშეშლა, ასევე, ადგილი არ აქვს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, შპს,,ვი-ჯი-ეს ნეთვორქს“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
V. სარეზოლუციო ნაწილი
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის, 1441 მუხლის პირველი ნაწილის, 228-ე, 260-ე, 262-ე, 264-ე და 273-ე მუხლების, შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ვი-ჯი-ეს ნეთვორქ“-ს (ს/კ 438724490) დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
2. შპს ,,ვი-ჯი-ეს ნეთვორქ“-მა უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 300213251 და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში წარმოდგენა.
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს ,,ვი-ჯი-ეს ნეთვორქ“- ისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ).
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ვი-ჯი-ეს ნეთვორქ“- ისთვის ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ვი-ჯი-ეს ნეთვორქ“-ისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
