სს „საქართველოს რკინიგზის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 01, 2021 16:13
მიღების თარიღი მაისი 20, 2021
სს „საქართველოს რკინიგზის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის და სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ერთობლივი მოხსენებითი ბარათის (N 21-10-768, 27/04/2021) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს„საქართველოს რკინიგზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. მოხსენებითი ბარათის თანახმად, სს „საქართველოს რკინიგზა“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე და 2019 წლის Nგ-19-24/ 478 გადაწყვეტილებით სს „საქართველოს რკინიგზას“ მიენიჭა ნუმერაციის რესურსი (2000 სააბონენტო ნომერი ქ. თბილისში) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის.
კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა გადაწყვეტილების დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
2021 წლის 20 და 21 აპრილს კომისიაში შემოვიდა სს „საქართველოს რკინიგზის“ წერილები (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1790, 20.04.2021 და Nშ-21-6/1810, 21.04.2021), სადაც კომპანია აცხადებს, რომ მწყობრიდან გამოვიდა მათი სატელეფონო სისტემის ანგარიშგების ნაწილი, რომელიც ექსპლუატაციაში იყო 2003 წლიდან და ვერ ახდენენ აღნიშნული დაზიანების აღდგენას. სს „საქართველოს რკინიგზამ“ მიიღო გადაწყვეტილება დანერგოს ახალი სატელეფონო სისტემა VOIP ტექნოლოგიაზე დაყრდნობით 2021 წლის ოქტომბრამდე და ითხოვს 2021 წლის მარტიდან-2021 წლის დეკემბრამდე პერიოდში კომისიამ ნება დართოს, რომ არ წარმოადგინონ გამავალი და შემომავალი ზარების CDR მონაცემები, ვინაიდან ფიზიკურად არ აქვთ ეს ინფორმაცია თავისი ბილინგიდან. რაც შეეხება სტატისტიკური ფორმების შევსებას, სს „საქართველოს რკინიგზა“ ითხოვს ნება დართონ 2021 წლის მარტიდან-2021 წლის დეკემბრამდე პერიოდში შეავსონ მხოლოდ ის ნაწილი, რა ინფორმაციაც პარტნიორი ოპერატორების ურთიერთჩართვის მონაცემებზე დაყრდნობით ექნებათ.
2021 წლის მარტის თვის მდგომარეობით სს „საქართველოს რკინიგზას“ სტატისტიკურ ფორმებში უფიქსირდება 1,015 აბონენტი. კომპანიის თქმით აბონენტები წარმოადგენენ სს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებს და ისინი ძირითადად ზარების განსახორციელებლად, სამსახურეობრივი შიდა კომუნიკაციისთვის იყენებენ ფიქსირებული მომსახურების სატელეფონო ნომრებს.
2021 წლის 22 აპრილს შედგა სამუშაო შეხვედრა კომისიის აპარატის დეპარტამენტებს შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ თანამშრომლები ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტიდან, სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტიდან, სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტიდან და სამართლებრივი დეპარტამენტიდან, სადაც განხილული იქნა ზემოაღნიშნული მონაცემების წარმოუდგენლობის საკითხი.
სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2021 წლის 20 მაისი, 15 საათი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება (N გ-21-03/1357, 14/05/2021) გაეგზავნა სს „საქართველოს რკინიგზას“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის წერილით (N გ-21-03/1407, 18/05/2021) სს „საქართველოს რკინიგზას“ ეთხოვა 2021 წლის 21 აპრილის წერილზე (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1810) დართული არასახელმწიფო ენაზე შესრულებული სატელეფონო სისტემის მწარმოებლის წერილის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა 3 დღის ვადაში. ხოლო, 2021 წლის 20 აპრილს კომისიაში შემოვიდა სს„საქართველო რკინიგზის“ წერილი (შ-21-6/226, 20.05.2021), რომლითაც წარმოდგენილ იქნა ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.
„ATOS IT Solutions and Services LTD“, როგორც გერმანიაში, მიუნხენში რეგისტრირებული სატელეკომუნიკაციო პროდუქტების და მომსახურების მწარმოებელი კომპანიის “Unify Software and Solutions Gmbh & Co.KG”-s (ყოფილი მწარმოებელი კომპანიას Siemens Enterprise Communications, Hicom პროდუქციის ხაზის მემკვიდრეობით მწაროებელი), იურიდიული წარმომადგენელი წერილობით ადასტურებს, რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ შენობაში არსებული სატელეფონო სადგური „PBX“-ი: Hicom 300 და ზარების დეტალური ჩანაწერების მონაცემთა მართვის DMS სერვერი (წარმოებული Siemens Enterpriorise Communications-ის მიერ) გაყიდვაში არ არის, აღარ იწარმოება, ამოღებულია მხარდაჭერილი პროდუქციის ხაზიდან. ასევე, სს „საქართველოს რკინიგზის“ ქსელში არსებული ბილინგი, აღრიცხვიანობის სისტემა “Accounting system” პროგრამული უზრუნველყოფა AM-WIN 2.0 ვერსია 4.000 32bit build715 (წარმოებული Siemens Enterpriorise Communications-ის მიერ) ასევე აღარ ექვემდებარება მათ მიერ ტექნიკურ მხარდაჭერას.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ აღნიშნული მოძველებული აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის ნაცვლად, რომელიც დაახლოებით 30 წლის წინ არის წარმოებული, კომპანიას, როგორც Siemens-ის მემკვიდრეს, აქვს თანამედროვე ტექნოლოგიური ბრენდის “OpenScape”-ის ახალი პროდუქცია. ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ მათი მხრიდან გარანტირებული იქნება ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა აღნიშნული ჩანაცვლების დროს და მის შემდგომ ეტაპზე. ასევე კომპანია შეეცდება მაქსიმალურად შეუნარჩუნოს სს „საქართველოს რკინიგზას“ მათ ხელთ არსებული ინფრასტრუქტურა და წინა ინვესტიციები.
კომისიის 2021 წლის 20 მაისის სხდომაზე გამოცხადდა სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელი თ.ჩორბაჩიძე, რომელმაც განაცხადა რომ კომპანიაში ეს სისტემა დანერგილია დაახლოებით 2000 წელს და ექსპლუატაციაში შესულია 2002 წლიდან. კომპანია სიმენსმა მათ 12 სადგური დაუმონტაჟა გრანტის ფარგლებში. ე.წ. ბილინგის სერვერი, რომელიც მათ დააყენეს, არ იყო დუბლირებული. 2016 წელს წერილი მიწერეს მწარმოებლებს დუბლირებული სისტემის დაყენების თხოვნით, პასუხად მიიღეს განმარტება, რომ სისტემა იყო ძალიან მოძველებული და არ ჰქონდათ ამ პრობლემის ტექნიკური გადაწყვეტის შეთავაზების შესაძლებლობა. 2 თვის უკან, როდესაც სისტემა დაზიანდა, სს „საქართველოს რკინიგზამ“ კიდევ მიმართა მწარმოებელს დახმარების თხოვნით, ამავე დროს მოიძიეს სისტემის შეკეთების საშუალება, რაზეც მიიღეს ოფიციალური წერილობითი პასუხი, რომ ერთადერთი გამოსავალი არის სადგურის ახალი ტიპის სადგურით შეცვლა თბილისში მაინც, რათა ჩაირთოს მასზე ბილინგის სისტემა.
თ. ჩორბაჩიძემ ასევე აღნიშნა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ მოითათბირა და გადაწყვიტა, რომ ნაცვლად იმისა, რომ განაახლოს სიმენსის სადგური, შეიძინოს თანამედროვე, IP ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სადგური. ამჟამად მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურა, კომპანია უახლოეს პერიოდში გადავა ამ სადგურზე, რომელსაც ექნება თანამედროვე ბილინგის სისტემაც. ამისთვის ითხოვენ დროს ა/წ ნოემბრამდე. დეკემბრიდან კომპანიას ექნება საშუალება მოაწოდოს კომისიას ახალი საბილინგო მონაცემები სრულფასოვანი ტარიფიკაციით და შეასრულებენ ყველა ვალდებულებას. შესაბამისად, კომპანიის ხელმძღვანელობის თხოვნაა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში კომისია დაეყრდნოს პარტნიორი ოპერატორების მონაცემებს და სტატისტიკურ ინფორმაციასაც შეავსებენ ამ მონაცემების შესაბამისად. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე შიდა ბილინგის სისტემა კომპანიას არ გააჩნია, ვინაიდან არ არსებობს ამის ტექნიკური შესაძლებლობა. თ.ჩორბაჩიძემ ასევე აღნიშნა, რომ კომპანია ძველ მონაცემებს ვერ აღადგენს. სერვერი საერთოდ არ მუშაობს, გამოსულია მწყობრიდან. სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიის თანამშრომლებს შორის საუბრები არის უფასო კომუნიკაცია და არცერთი კომერციული აბონენტი არ ჰყავთ.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის და სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 21-10-768, 27/04/2021);
2. კომისიის შეტყობინება (N გ-21-03/1357, 14/05/2021) სს „საქართველოს რკინიგზას“ კომისიის 2021 წლის 20 მაისის სხდომის თაობაზე;
3. კომისიის წერილი (N გ-21-03/1407, 18/05/2021) სს „საქართველოს რკინიგზას“;
4. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან სს „საქართველოს რკინიგზის“ შესახებ;
5. სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლის თ. ჩორბაჩიძეს მიერ კომისიის 2021 წლის 20 მაისი სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. სს „საქართველოს რკინიგზა“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს;
2. სს „საქართველოს რკინიგზა“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
4. „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 16 მაისის N345 / 22 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის თანახმად, ავტორიზებულმა პირებმა ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე უნდა უზრუნველყონ სატელეფონო ზარების შესახებ დეტალური ინფორმაციის („CDR“) კომისიაში წარმოდგენა, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მოიცავდეს: ა) საზღვარგარეთის პარტნიორი ოპერატორების დასახელებას და შესაბამის ტრაფიკს; ბ) როუმინგული ზარის შემთხვევაში წამომწყები აბონენტის მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდს (IMSI);
5. 2021 წლის 27 აპრილის მდგომარეობით და წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისათვის სს„საქართველოს რკინიგზას“ წარმოსადგენი აქვს 2021 წლის მარტის თვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორა 3.3. კერძოდ, Fixed-onnet-local - საკუთარი ფიქსირებული აბონენტების მიმართულებით განხორციელებული ადგილობრივი სატელეფონო ზარების შესახებ მონაცემები (ფორმა 3.3. ტრაფიკი; ივსება ყოველთვიურად, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა; მხოლოდ გამავალი ტრაფიკი) და 2021 წლის მარტის და აპრილის თვეების სატელეფონო ზარების შესახებ დეტალური ინფორმაცია („CDR“);
6. მწყობრიდან გამოვიდა სს „საქართველოს რკინიგზის“ სატელეფონო სისტემის ანგარიშგების ნაწილი (Siemens-ის წარმოების), რომელიც ექსპლუატაციაში იყო 2003 წლიდან და ვერ ახდენენ აღნიშნული დაზიანების აღდგენას; სს „საქართველოს რკინიგზამ“ მიიღო გადაწყვეტილება დანერგოს ახალი სატელეფონო სისტემა VOIP ტექნოლოგიაზე დაყრდნობით 2021 წლის ოქტომბრამდე; ძველი მონაცემების აღდგენა შეუძლებელია;
7. „ATOS IT Solutions and Services LTD“, როგორც გერმანიაში, მიუნხენში რეგისტრირებული სატელეკომუნიკაციო პროდუქტების და მომსახურების მწარმოებელი კომპანიის “Unify Software and Solutions Gmbh & Co.KG”-ს (ყოფილი მწარმოებელი კომპანია Siemens Enterprise Communications, Hicom პროდუქციის ხაზის მემკვიდრეობით მწარმოებელი), იურიდიული წარმომადგენელი წერილობით ადასტურებს, რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ შენობაში არსებული სატელეფონო სადგური „PBX“-ი: Hicom 300 და ზარების დეტალური ჩანაწერების მონაცემთა მართვის DMS სერვერი (წარმოებული Siemens Enterpriorise Communications-ის მიერ) გაყიდვაში არ არის, აღარ იწარმოება, ამოღებულია მხარდაჭერილი პროდუქციის ხაზიდან. ასევე, სს „საქართველოს რკინიგზის“ ქსელში არსებული ბილინგი, აღრიცხვიანობის სისტემა “Accounting system” პროგრამული უზრუნველყოფა AM-WIN 2.0 ვერსია 4.000 32bit build715 (წარმოებული Siemens Enterpriorise Communications-ის მიერ) ასევე აღარ ექვემდებარება მათ მიერ ტექნიკურ მხარდაჭერას.
8. სს „საქართველოს რკინიგზას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
2. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
3. „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 16 მაისის N345 / 22 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის თანახმად, ავტორიზებულმა პირებმა ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე უნდა უზრუნველყონ სატელეფონო ზარების შესახებ დეტალური ინფორმაციის („CDR“) კომისიაში წარმოდგენა, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მოიცავდეს: ა) საზღვარგარეთის პარტნიორი ოპერატორების დასახელებას და შესაბამის ტრაფიკს; ბ) როუმინგული ზარის შემთხვევაში წამომწყები აბონენტის მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდს (IMSI);
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის 3.3 (Fixed-onnet-local - საკუთარი ფიქსირებული აბონენტების მიმართულებით განხორციელებული ადგილობრივი სატელეფონო ზარების შესახებ მონაცემები) წარმოუდგენლობით და 2021 წლის მარტის და აპრილის თვეების სატელეფონო ზარების შესახებ დეტალური ინფორმაციის („CDR“) წარმოუდგენლობით სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების და „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 16 მაისის N345 / 22 გადაწყვეტილების დარღვევას, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობის ობიექტური მიზეზი არსებობს, კომისიას მიაჩნია, რომ სს „საქართველოს რკინიგზა“ ცნობილ უნდა იქნას სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ სატელეფონო სისტემის ანგარიშგების ნაწილი (Siemens-ის წარმოების) გამოსულია მწყობრიდან იმგვარად, რომ დაზიანება არ ექვემდებარება აღდგენას, ხოლო ახალი სატელეფონო სისტემის დანერგვას სჭირდება ვადა 2021 წლის ოქტომბრამდე, ამასთან, ახალი სისტემის დანერგვის შემდგომაც ზემოაღნიშნული ინფორმაციის აღდგენა ტექნიკურად შეუძლებელი იქნება, შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია სს „საქართველოს რკინიგზას“ მიეცეს გონივრული ვადა ახალი სატელეფონო სისტემის დანერგვისათვის და დაევალოს 2021 წლის ნოემბრის თვიდან განაახლოს კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76- ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 16 მაისის N345 / 22 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „საქართველოს რკინიგზა“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 16 მაისის N345 / 22 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
2. სს „საქართველოს რკინიგზა“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;
3. სს „საქართველოს რკინიგზას“ დაევალოს 2021 წლის ნოემბრის თვიდან განაახლოს კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) სს „საქართველოს რკინიგზის“ სამართალდამრღვად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის სს „საქათველოს რკინიგზისთვის“ ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ორბიტა-2005“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოთ კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ქ. რეხვიაშვილი) და კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
