შპს „ასანეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 03, 2021 17:33
მიღების თარიღი მაისი 27, 2021
შპს „ასანეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N21-10-843, 17/05/2021) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ასანეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N21-10-843, 17/05/2021) ირკვევა, რომ 2021 წლის 13 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს „ასანეტის“ ს/კ 438732695 წერილი (N21-6/2107, 13.05.2021) დირექტორის ცვლილების თობაზე. ზემოაღნიშნული ცვლილება კომპანიაში განხორციელდა 2020 წლის 30 ნოემბერს, ცვლილების თაობაზე ინფორმაცია კომპანიამ კომისიაში წარმოადგინა დაგვიანებით 2021 წლის 13 მაისს. შესაბამისად კომპანიის მიერ დარღვეულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტები
შპს „ასანეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 27 მაისს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა შეტყობინებით (Nგ-21-03/1434, 20/05/2021). შეტყობინებით, შპს „ასანეტი“ მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2021 წლის 27 მაისს სხდომაზე გამოცადდა შპს „ასანეტის“ წარმომადგენელი ქეთევან გოშაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანიას უფიქსირდება დარღვევა. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ასანეტი“ რამდენიმე წელია კომისიაში აგზავნის მხოლოდ ნულოვან გაანგარიშებებს, მოხდა ისე, რომ დაგვიანებით წარმოადგინეს ინფორმაცია ცვლილების შესახებ. მისი თხოვნაა, რომ ამ ეტაპზე კომისია შემოიფარგლოს გაფრთხილებით.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N21-10-843, 17/05/2021) თანდართული მასალით.
2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ( B19074778, 05/07/2019 და B20092662, 30/11/2020) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ასანეტის“ შესახებ მონაცემები.
3. შპს „ასანეტისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-21-03/1434, 20/05/2021) კომისიის 2021 წლის 27 მაისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
4. შპს „ასანეტის“ წარმომადგენლის ქ. გოშაძის მიერ კომისიის 2021 წლის 27 მაისის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1 შპს „ასანეტ“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 23/05/2019). შესაბამისად, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები.
2. 2021 წლის 13 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს „ასანეტის“ ს/კ 438732695 წერილი (N21-6/2107, 13.05.2021) დირექტორის ცვლილების თობაზე. კერძოდ, ხატი კუჭაიძის ნაცვლად შპს „ასანეტის’ დირექტორად დაინიშნა ცირა გელაშვილი. ზემოაღნიშნული ცვლილება კომპანიაში განხორციელდა 2020 წლის 30 ნოემბერს, ცვლილების თაობაზე ინფორმაცია კომპანიამ კომისიაში წარმოადგინა დაგვიანებით 2021 წლის 13 მაისს; შპს „ასანეტს“ კომისიისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია დირექტორის ცვლილების თაობაზე, კანონით განსაზღვრულ 7 სამუშაო დღიან ვადაში;
3. შპს„ასანეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია საფირმო სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, იურიდიული მისამართის (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემების, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელის და გვარის ცვლილების შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები. შესაბამისად, შპს „ასანეტის“ მიერ დირექტორის ცვლილების რეგისტრაციიდან, კანონით განსაზღვრულ 7 სამუშაო დღიან ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობით დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტები. ზემოაღნიშნული
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა იგივე/მსგავს დარღვევას, შპს ასანეტი“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მესამე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.შპს „ასანეტს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ასანეტისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ასანეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ასანეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ასანეტისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარ
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
