შპს „PC&I Networks“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2021 16:47
მიღების თარიღი ივნისი 03, 2021
შპს „PC&I Networks“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N21-10-838, 17/05/2021) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „PC&I Networks“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის შესაძლო დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N21-10-838, 17/05/2021) და თანდართული დოკუმენტაციის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) 2021 წლის 19 აპრილს განცხადებით მიმართა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულმა პირმა შპს „PC&I Networks“-მა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1769
19.04.2021), კომპანიის წილის 100%-ის ფიზიკური პირის ზაირა აფციაურის (პ/ნ12001063257) მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. კომპანიამ განცხადებასა და ნოტარიული წესით დამოწმებულ კრების ოქმთან ერთად წარმოადგინა ნოტარიული წესით დამოწმებული ხელშეკრულება წილის გასხვისების თაობაზე, შესაბამისად, იკვეთება, რომ შპს „PC&I Networks“-ის წილი გასხვისებულია კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, რაც შეიცავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის დარღვევის ნიშნებს.
ასევე, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 21-10-954, 31/05/2021) თანახმად, შპს „PC&I Networks“-ის წილების გასხვისებამდე და გასხვისების შემდგომ, შპს„PC&I Networks“-ის საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება.
შესაბამისად, შპს „PC&I Networks“-ის წილის შეძენა ვერ მოახდენდა რაიმე გავლენას ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
შპს „PC&I Networks“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 3 ივნისს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა შეტყობინებით (N გ-21-03/1560, 31/05/2021). შეტყობინებით, შპს „PC&I Networks“-ი მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2021 წლის 3 ივნისის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „შპს „PC&I Networks”-ის წარმომადგენელი. კომისიის შეტყობინება (N გ-21-03/1560, 31/05/2021) კომპანიას გაეგზავნა, კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე, ასევე გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. შეტყობინების მხარისათვის გაგზავნითა და ასევე კომისიის ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებით კომისიამ, უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი „შპს „PC&I Networks”-ის წარმომადგენლის დაუსწრებლად.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N21-10-838, 17/05/2021) თანდართული მასალით (შპს „PC&I Networks“-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1769 19.04.2021) თანდართული კრების ოქმით და ნოტარიული წესით დამოწმებული ხელშეკრულებები წილის გასხვისების თაობაზე);
2. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-954, 31/05/2021);
3. შპს „PC&I Networks“-ისთვის გაგზავნილი შეტყობინება (N გ-21-03/1560, 31/05/2021)კომისიის 2021 წლის 4 ივნისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;
4. მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „PC&I Networks“-ის შესახებ;
5. ნასყიდობის ხელშეკრულება(სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N210367624, რეგისტრაციის თარიღი:16.04.2021 - სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) გასხვისება);
6. ნასყიდობის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N210367543, რეგისტრაციის თარიღი: 16.04.2021 - სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) გასხვისება);
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „PC&I Networks“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. შესაბამისად, შპს „PC&I Networks“-ი, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
2. 2021 წლის 19 აპრილს კომისიას განცხადებით მიმართა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულმა პირმა შპს„PC&I Networks“-მა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1769 19.04.2021), კომპანიის წილის 100%-ის ფიზიკური პირის ზაირა აფციაურის (პ/ნ 12001063257) მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. კომპანიამ განცხადებასა და ნოტარიული წესით დამოწმებულ კრების ოქმთან ერთად წარმოადგინა ნოტარიული წესით დამოწმებული ხელშეკრულებები წილის გასხვისების თაობაზე;
3. 2021 წლის 16 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N210367624 - სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) გასხვისება) თანახმად, ლევან რეხვიაშვილმა გაყიდა, ხოლო ზაირა აფციაურმა იყიდა შპს „PC&I Networks“-ის კაპიტალის 50%-ი. ასევე, 2021 წლის 16 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N210367543 - სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) გასხვისება) თანახმად, თემურ ბექაურმა გაყიდა, ხოლო ზაირა აფციაურმა იყიდა შპს „PC&I Networks“-ის კაპიტალის 50%-ი. ზემოაღნიშნულის შედეგად შპს „PC&I Networks“-ის კაპიტალის 100%-ის მფლობელი გახდა ზაირა აფციაური;
4. შპს „PC&I Networks“-ს თავისი წილის გაყიდვის განზრახვის შესახებ არ მოუმართავს კომისიისათვის და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით;
5. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, შპს „PC&I Networks“-ის წილების გასხვისებამდე და გასხვისების შემდგომ, შპს „PC&I Networks“-ის საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება. შესაბამისად, შპს „PC&I Networks“-ის წილის შეძენა ვერ მოახდენდა რაიმე გავლენას ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონულ კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება;
6. შპს „PC&I Networks“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება: ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია; გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26- ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა.
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება. ასევე, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან 4 შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი სტრუქტურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა).
12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
13. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება, ხოლო კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები. კერძოდ, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „PC&I Networks“-მა 2021 წლის 19 აპრილს კომისიას აცნობა წილის გასხვისების განზრახვის თაობაზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 16 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებებით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N210367624 და N210367543) კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შპს „PC&I Networks“- ის 50%-ის მფლობელმა ლევან რეხვიაშვილმა და 50%-ის მფლობელმა თემურ ბექაურმა წილი სრულად გაასხვისეს ზაირა აფციაურზე. წილის გაყიდვამდე, აღნიშნული განზრახვის შესახებ შპს „PC&I Networks“-ს არ მოუმართავს კომისიისთვის და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა. შპს „PC&I Networks“-ის მიერ, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე წილის გასხვისებით განზრახვა სისრულეში იქნა მოყვანილი. მართალია, წილის ცვლილების თაობაზე კომპანიას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია ჯერ არ განუხორციელებია, თუმცა ზემოაღნიშნული გარიგება რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველს წარმოადგენს და ადასტურებს წილის გასხვისების/შეძენის ფაქტს. შესაბამისად, შპს„PC&I Networks“-ის მიერ, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, წილის გასხვისებით დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და 26-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები. ზემოაღნიშნული დარღვევები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველს წარმოადგენს.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის წინასწარი თანხმობა სავალდებულოა, როდესაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაყიდვის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები, მათ შორის, მოსთხოვოს წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში ან/და ასევე წილის ან აქციების გასხვისებით შესაძლებელია თუ არა ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტუნარიანობას მიადგეს საფრთხე. ამასთან, კომისია აღნიშნავს იმასაც, რომ არ არის აუცილებელი დადგენილი იყოს კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების უტყუარობა, არამედ კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები (მათ შორის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული წილის ან აქციების გასხვისებამდე არსებული მდოგმარეობის აღდგენა). იმას თუ რამდენად რეალურია საფრთხე და საერთოდ არსებობს თუ არა საფრთხე ავტორიზებული პირის წილის ან აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისებით დაზიანდეს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს წილის ან აქციების გასხვისებაში მონაწილე ავტორიზებული პირ(ებ)ის საქმიანობის არეალი, საბაზრო წილი, აბონენტების რაოდენობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის შესწავლით (სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-954, 31/05/2021) ირკვევა, რომ შპს „PC&I Networks“-ის წილების გასხვისებამდე და გასხვისების შემდგომ, შპს „PC&I Networks“ საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება. შესაბამისად, შპს „PC&I Networks“-ის წილის შეძენა ვერ მოახდენდა რაიმე გავლენას ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „PC&I Networks“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, ის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.
ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „PC&I Networks“-ს განუმარტოს, რომ წილის მფლობელთა ცვლილების თაობაზე ინფორმაციის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში კომპანია ვალდებულია კომისიას შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მესამე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის პუნქტის „ბ“, ქვეპუნქტი, 25-ე, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „PC&I Networks“-ს (ს/კ 426518468) მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო;
2. შპს „PC&I Networks“-ს განემარტოს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში წილის მფლობელთა რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია კომისიას შეატყობინოს აღნიშნული ცვლილების თაობაზე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „PC&I Networks“-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „PC&I Networks“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს„PC&I Networks“-ისთვის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „PC&I Networks“-სთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე.სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
9
