ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 14, 2021 16:14
მიღების თარიღი ივნისი 03, 2021
ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში: „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N21-10-879, 20/05/2021) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N21-10-879, 20/05/2021) თანახმად, კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ განხორციელდა ააიპ„არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ბადის შემოწმება. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ 2021 წლის 23 აპრილს, 22:30 საათზე მაუწყებლის ეთერში განთავსებული იყო გადაცემა „სტუდია N8“, რომელშიც ნაჩვენები იყო ადამიანების წამების და გაუპატიურების კადრები. აღნიშნული კადრები ეთერში განთავსდა 23:00 – 23:05 დროის პერიოდში. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის პირველ პუნქტის ა) ქვეპუნქტის, თანახმად 18 წლამდე არასრულწლოვანისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს „სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას“, ხოლო ამავე მუხლის დ) ქვეპუნქტის თანახმად, 18 წლამდე არასრულწლოვანისთვის შეუფერებლად მიიჩნევა ისეთი პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს „ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით“. აღნიშნულის გათვალისწინებით, მაუწყებლის ეთერში გასული გადაცემა არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც ასეთი პროგრამის განთავსება, რომელიც 18 წლამდე არასრულწლოვანისთვის შეუფერებელია, მაუწყებლისთვის აკრძალულია 6 საათიდან 24 საათამდე.
ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 3 ივნისს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა შეტყობინებით (N გ-21-03/1561, 31/05/2021). შეტყობინებით, ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2021 წლის 3 ივნისის სხდომაზე გამოცხადდა ააიპ „არასაეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წარმომადგენელი ბ. ფერაძე, რომელმაც განაცხადა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან წლების განმავლობაში, ამ საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია ქვეყანაში. ეს საკითხი უკავშირდებოდა სხვადასხვა სუბიექტის მიერ საქართველოს პარლამენტში ამნისტიის კანონის დარეგისტრირებას. ეს კანონპროექტი მიზნად ისახავს წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაულის ამნისტირებას. ააიპ„არასაეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა“ მიიჩნია, რომ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, უნდა შეეხსენებინა საზოგადოებისთვის, თუ რა დანაშაულებები იყო ჩადენილი და ამნისტიის აქტი რამდენად უსამართლოა. ამ გადაცემის მიმართ საზოგადოების ინტერესი ნამდვილად მაღალი იყო. ეს არის საკითხი, რამაც მთელი საქართველო შეძრა. ეს არ არის მხატვრული ღირებულების მქონე, არის საზოგადოებრივი ინტერესის საგანი და ასეთი ფაქტი საქართველოში აღარ უნდა განმეორდეს. აქედან გამომდინარე მიაჩნია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე, უნდა გამოიყენონ საგამონაკლისო წესი, მითუმეტეს, რომ არაერთგზის იყო გაფრთხილება ასეთ კადრებთან დაკავშირებით, ასევე, გადაცემას მითითებული ჰქონდა ნიშანდება +18 და წამყვანმა არაერთხელ გააჟღერა გაფრთხილება, რომ არასრულწლოვნები მოერიდებინათ ეკრანებიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით ბ. ფერაძეს მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს წარმოება „ობიექტივის“ მიმართ და არ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N21-10-879, 20/05/2021) თანდართული მასალით (გადაცემის ვიდეო ჩანაწერი);
2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან ააიპ „არასამეწარმეო მედია- კავშირი ობიექტივის“ შესახებ;
3. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-980, 01/06/2021);
4. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წარმომადგენლის ბ. ფერაძის ახსნა- განმარტება მიცემული კომისიის 2021 წლის 3 ივნისის სხდომაზე.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. ააიპ„არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს.
მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
2. განხორციელდა ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ბადის შემოწმება. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ 2021 წლის 23 აპრილს, 22:30 საათზე მაუწყებლის ეთერში განთავსებული იყო გადაცემა „სტუდია N8“, რომელშიც ნაჩვენები იყო ადამიანების წამების და გაუპატიურების კადრები. აღნიშნული კადრები ეთერში განთავსდა 23:00-დან – 23:05 საათამდე პერიოდში.
გადაცემის მსვლელობისას, წამყვანი აღნიშნავს შემდეგს: „...გაჩნდა ახალგაზრდა ხალხი ვინც მწამებლების აქციაზე დადის და ჰგონიათ, რომ ადამიანის უფლებებს იცავენ“. ამის შემდგომ მიმდინარეობს ქუჩაში გამოკითხვა, სადაც კორესპონდენტი სვამს შემდეგი შინაარსის კითხვას: „პატიმართა წამების კადრები გაქვთ ნანახი?“. თითქმის ყველა გამოკითხული პასუხობს, რომ ინფორმაციას არ ფლობს აღნიშნული დანაშაულის შესახებ. ასევე, გადაცემის მსვლელობისას წამყვანი აღნიშნავს შემდეგს: „...აი რატომ გადავწყვიტე დღეს პატიმრების წამების კადრების ჩვენება. საზოგადოებას მინდა გავახსენო და ახალ თაობასაც მინდა ვაჩვენო რა ბოროტებასთან გვქონდა საქმე. გთხოვთ, ტელეეკრანს მოარიდოთ ბავშვები და არასრულწლოვნები. ვიმეორებ, გთხოვთ, ტელეეკრანს მოარიდოთ ბავშვები და არასრულწლოვანი ახალგაზრდები. სრულწლოვანი ახალგაზრდები კი უნდა დაფიქრდნენ, რატომ დაისაჯა მხოლოდ რამდენიმე კაცი, პირველი პირები კი გადარჩნენ. საზოგადოების დიდი ნაწილიც ამაზე უნდა დაფიქრდეს...“
გადაცემის მსვლელობისას ადამიანების წამების და გაუპატიურების კადრებს ადევს ნიშანდება - „18+“ წრეში, ვიდეო მასალაში ხმა შეცვლილია.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N21-10-879, 20/05/2021) და გადაცემის ვიდეო ჩანაწერი.
3.ააიპ „მედია კავშირი ობიექტივის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ შესახებ.
4. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წლიური შემოსავლის 0,5% ნაკლებია 2500 ლარზე.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-980, 01/06/2021).
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
2.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
3. საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით;
4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები
5. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია ამ კანონის 561 ან 562 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაზე რეაგირებას ახდენს ამავე კანონის IX თავით განსაზღვრული პროცედურების დაცვით.
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად;
7. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლობადე დაგეგმოს შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით: ა)18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე; ბ) 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე; გ) 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე; დ) 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე.
8. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას; ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა);
9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
10. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში,აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.
11. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილოს შესაბამისი დარღვევის საკითხი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა და შესაბამისი დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება, თუ მისი აღმოფხვრა, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია.
12. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.
კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 23 აპრილს, 22:30 საათზე ააიპ „არასამეწარმეო მედია- კავშირი ობიექტივის“ ეთერში განთავსებული იყო გადაცემა „სტუდია N8“, რომელშიც ნაჩვენები იყო ადამიანების წამების და გაუპატიურების კადრები. აღნიშნული კადრები ეთერში განთავსდა 23:00 საათიდან – 23:05 საათამდე პერიოდში.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, თანახმად 18 წლამდე არასრულწლოვანისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას, ხოლო ამავე მუხლის დ) ქვეპუნქტის თანახმად, 18 წლამდე არასრულწლოვანისთვის შეუფერებლად მიიჩნევა ისეთი პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით. ხოლო, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით: 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მიუხედავად, თუ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, სამაუწყებლო ბადეში ასეთი პროგრამა შეიძლება განთავსდეს მხოლოდ სათანადო და მკაფიო გაფრთხილებით, რომ იგი შესაბამისი ასაკის არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ მასალას შეიცავს. გაფრთხილება მოიცავს სპეციალურ ვიზუალურ ნიშანდებას მასალის გადაცემისას განუწყვეტლად, აგრეთვე ტექსტურ და ვერბალურ გაფრთხილებას წინასწარ, მასალის გადაცემამდე.
გადაცემის მსვლელობისას, წამყვანის განმარტების თანახმად, გადაცემის განთავსების და ადამიანის წამებისა და გაუპატიურების კადრების ჩვენების მიზანი იყო იმ ახალგაზრდებისთვის (იგულისხმება სრულწლოვანი პირები), რომლებმაც არ იციან აღნიშნული დანაშაულის შესახებ, ინფორმაციის მიწოდება და საზოგადოებისთვის ამ მძიმე დანაშაულის შეხსენება. მაუწყებლის გაცხადებული მიზანი არ წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ წინაპირობებს.
ზემოაღნიშნული მიზნის (ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება და საზოგადოებისთვის ამ მძიმე დანაშაულის შესახებ შეხსენება) მიღწევა შესაძლებელი იყო კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. „ობიექტივს“ აღნიშნული გადაცემა რომ განეთავსებინა 24 საათის შემდეგ, პროპორციულად იქნებოდა დაცული არასრულწლოვანთა უფლებები და საზოგადოებრივი ინტერესი.
მოცემულ შემთხვევაში ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ ეთერში, პროგრამის ფარგლებში, ძალადობისა და გაუპატიურების ამსახველი სცენების ჩვენებით, უგულვებელყოფილ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და
18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა განთავსებულ იქნა 6 საათიდან 24 საათამდე პერიოდში, კერძოდ 23:00 საათიდან – 23:05-საათამდე პერიოდში, რითაც ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 561 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 562 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართვლოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე. ხოლო, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართვლოს კანონის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა და შესაბამისი დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება, თუ მისი აღმოფხვრა, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა. იმის გათვალისწინებით, რომ ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, ხოლო კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათიდან (№21-10-980, 01/06/2021) დგინდება, რომ ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წლიური შემოსავლის 0,5% ნაკლებია 2500 ლარზე, შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე და 72-ე მუხლების გათვალისწინებით, ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 561 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 562 მუხლის პირველის პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტის დარღვევისთვის უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის, საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ და „ვ“ ქვეპუნქტების, 561 და 562 მუხლების, 71-ე მუხლის, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ დაეკისროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტი „ა“ ქვეპუნქტის, 561 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 562 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
2. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ დაევალოს უზრუნველყოს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 300773251. ბ) ჯარიმის გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) ააიპ„არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);
8. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
