წვდომის მენიუ

შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-21-18 / 36

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 02, 2021 23:55

მიღების თარიღი იანვარი 28, 2021

შპს   ,,ჯი-დი-ეს   თი-ვი“-სთვის   ადმინისტრაციული    პასუხისმგებლობის  დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა გვანცა ჩხეიძემ (შემდგომში - საზოგადოებრივი  დამცველი) კომისიას წერილობით მიმართა (N20-10-2418; 4.12.2020). მიმართვაში აღნიშნულია, რომ ფიზიკურმა პირმა გ. ყიფიანმა საზოგადოებრივ დამცველს განცხადებით (Nშ-20-9/6112, 04.12.2020) მიმართა შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი ფილმის სამაუწყებლო ბადეში განთავსების წესების დარღვევის გამო.

საზოგადოებრივი დამცველის მომართვის საფუძველზე, კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტმა განახორციელა შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი (სამსახურებრივი ბარათი N21-10-51, 25.01.2021), რის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს სამაუწყებლო ბადეში, 2020 წლის 29 ნოემბერს, 19 საათზე, განთავსდა მხატვრული ფილმი „მამაცი გული“ (Brave Heart), რომელიც შეიცავს ძალადობის, მკვლელობის, სექსუალური სცენებისა და სექსუალურ კონტექსტში სიშიშვლის ამსახველ კადრებს. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 562  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ძალადობისა და მკვლელობის კადრების შემცველი პროგრამა 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუსაბამოდაა მიჩნეული, სექსუალური სცენისა და სიშიშვლის ამსახველი კადრების შემცველი პროგრამა კი - 15 წლამდე შეუსაბამოდ.

კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ ამერიკის მხატვრული ფილმების ასოციაციის (Motion Pictures Association – MPA) მიერ, რომელიც მხატვრული ფილმების მწარმოებელი სტუდიების მიერ დაფუძნებული გაერთიანებაა და რომლის ძირითად   საქმიანობასაც   ფილმების   შინაარსობრივი   კატეგორიზაცია  წარმოადგენს, ფილმისათვის მინიჭებულია R კატეგორია, რაც გულისხმობს, რომ ფილმი შეუსაბამოა 17 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის და დამატებით მოითხოვს მშობლის თანდასწრებას ფილმის ყურების პროცესში.

შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 28 იანვარს, რის შესახებ კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მაუწყებლებს ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.

კომისიის 2021 წლის 28 იანვრის სხდომაზე, შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს წარმომადგენელმა ნ. ფაშალიშვილმა აღნიშნა, რომ დარღვევასთან დაკავშირებით არის უმკაცრესი ნორმები და სანქციები, ფაქტიურად ალტერნატივის გარეშე. ერთი მხრივ, ტელეკომპანიის სურვილი არ არის გამოვიდეს ისეთ როლში, თითქოს არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ პროდუქციას გამიზნულად ათავსებს ეთერში და სპეციალურად იმ დროს გადასცემს შეუფერებელ ფილმებს, როდესაც არასრულწლოვნები უყურებენ ტელევიზორს. ძალიან რთულია, თუნდაც ფინანსურად, რომ მაუწყებელმა მოკლე დროში სამაუწყებლო ბადე გადააწყოს იმგვარად, რომ სრულად აკმაყოფილებდეს კანონის მოთხოვნებს და მიზნებს. მისი აზრით, კანონში მართლაც ძალიან რთული მუხლებია, საუკეთესო დროის საპირწონედ დგას მაუწყებლის არსებობა-არარსებობის საკითხი, რაც პირდაპირ კავშირშია შემოსავლებთან. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ეთანხმება კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციას და თხოვნით მიმართავს კომისიას, ისევ მინიმალური ფულადი სანქცია გამოიყენოს ამ შემთხვევაშიც. დიდი ჯარიმა ტელეკომპანიას ურთულეს სიტუაციაში ჩააყენებს. ცდილობენ ბადის გადაწყობას, კომისიის დავალება, გარკვეული კონტენტის ამოღების შესახებ, შესრულებულია, ბადე შეცვლილია, თუმცა ფილმი „მამაცი გული“ ისეთი პროდუქტი იყო, რომელზეც ვერც კი წარმოიდგინეს, რომ ასეთი მძიმე შედეგი მოჰყვებოდა, რადგან ისტორიული ფილმის ჭრილში განიხილავდნენ   და რამდენიმე, ძალიან მცირე ქრონომეტრაჟის კადრი თუ პრობლემას შექმნიდა. მან კიდევ ერთხელ მიმართა კომისიას გულწრფელი თხოვნით, გაითვალისწინოს ეს მდგომარეობა და შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მინიმალური ჯარიმა - 5000 ლარი შეუფარდოს.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. საზოგადოებრივი დამცველის წერილობითი მომართვა (კომისიაში რეგისტრაციის N20-10-2418, 04.12.2020) კომისიას.

2. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (N21-10-51, 25.01.2021. 21-10-58, 26.01.2021).

3. შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო ბადის შესახებ ინფორმაცია და სამაუწყებლო ბადეში განთავსებული ფილმის ვიდეოჩანაწერი.

4.  მონაცემები    შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შესახებ მეწარმეთა და    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

5. შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა- განმარტება.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“  (ს/კ 404947475) წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს  (ავტორიზაციის      თარიღი:      15.07.2015. მაუწყებლობის   სახე: ტელემაუწყებლობა. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა. კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: B.1.2.2 სპეციალიზებული  ტელემაუწყებლობა.        თემატიკა: გასართობი/შემეცნებითი).

მტკიცებულება: შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

2. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს სამაუწყებლო ბადეში, 2020 წლის 29 ნოემბერს, 18:15 საათზე, განთავსებული მხატვრული ფილმი „მამაცი გული“ (Brave Heart) შეიცავს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის გ) და დ) ქვეპუნქტებით 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიჩნეულ სცენებს, კერძოდ, ძალადობის ამსახველ სცენებს ახლო ხედით და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებებს, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია, ასევე სექსუალური    და  სექსუალურ    კონტექსტში    სიშიშვლის    ამსახველ    სცენას,    რაც ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ სცენადაა მიჩნეული. მაუწყებლის მიერ აღნიშნული ფილმი ეთერში განთავსებულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი დროითი შეზღუდვის დარღვევით, კერძოდ, 15 და 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი ფილმი განთავსებულია 6 საათიდან 24 საათამდე პერიოდში. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,ჯი-დი-ეს თი- ვი“-ს მიერ ფილმი ნიშანდებულია როგორც 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი ფილმი, მაუწყებელმა ფილმი განათავსა 18:15 სთ-ზე, მაშინ, როდესაც 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი ფილმი არ შეიძლება განთავსდეს   6 საათიდან 21 საათამდე.

მტკიცებულება:

კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N21-10-51, 25.01.2021. 21-10/58, 26.01.2021); შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო ბადის შესახებ ინფორმაცია და  ვიდეოჩანაწერი.

3. კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის №გ-20-16/891 გადაწყვეტილებით შპს ,,ჯი-დი-ეს თი- ვი“-ს დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის, 561 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-5 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების, 562  მუხლის პირველი პუნქტის ა), გ), დ) და თ) ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

მტკიცებულება: კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის №გ-20-16/891 გადაწყვეტილება

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. საქართველოს კანონი ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით, ხოლო მე-11 ნაწილის თანახმად, მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

2. საქართველოს კანონი ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის თანახმად,  ბავშვისთვის    საფრთხის    შემცველი    ინფორმაცია    არის  ძალადობის  ან დანაშაულის წახალისებისკენ    მიმართული ინფორმაცია,  სექსუალური  შინაარსის ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდას ან რომელშიც ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი.

3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.

4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი, ხოლო ტ2) ქვეპუნქტის თანახმად, ტელემაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოვიზუალური პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია.

5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ მომდევნო კვირის  პროგრამების განრიგი,  პროგრამების   დასახელებისა   და  მოკლე ანოტაციის მითითებით; მოახდინონ პროგრამების, მათ შორის, ფილმების, კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით.

7. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561     მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის სოციალიზაციას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით: ა)18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე; ბ) 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე; გ) 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე; დ) 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე.

8. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562     მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,   18   წლამდე   არასრულწლოვნისთვის   შეუფერებლად   მიიჩნევა  პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას; ბ) ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით ხორციელდება; გ) უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია; დ) ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა); ე) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ახსნა-განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას; ვ) თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას; ზ) ნარკოტიკის, საინექციო ხელსაწყოს, ნარკოტიკული ნივთიერების მომზადების ტექნოლოგიის ან გამოყენების პროცესის ახსნა-განმარტებას; თ) სცენას, რომელიც ეწევა თვითდასახიჩრების ან თვითმკვლელობის პროპაგანდას, აღწერს თვითმკვლელობის პროცესს ან საშუალებას; ი) იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის (დანა, ნაჯახი და სხვა) ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენას;  კ)  აზარტული  თამაშობის  ამსახველ  სცენას,  მისი  პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით; ლ) ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს; მ) ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,    15    წლამდე    არასრულწლოვნისთვის    შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს; ბ) სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენას ან მის გრაფიკულ გამოსახულებას; გ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია; დ) ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, 12 წლამდე  არასრულწლოვნისთვის   შეუფერებლად   მიიჩნევა   პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს; ბ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს, აგრეთვე მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენის მომხდენი შინაარსის მქონე სცენას ან სიუჟეტს.

9. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

10. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561   ან 562   მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილოს შესაბამისი დარღვევის საკითხი.

11. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  მაუწყებლის  მიერ  საქართველოს  კანონმდებლობის  დარღვევის  ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561    ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა და შესაბამისი დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება, თუ მისი აღმოფხვრა, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია.

12. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ავტორიზაციის შესაჩერებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ჯი-დი ეს თი-ვი“-ს მიერ ეთერში განთავსებული მხატვრული ფილმი „მამაცი გული“ (Brave Heart) შეიცავს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის გ) და დ)    ქვეპუნქტებით 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიჩნეულ სცენებს, კერძოდ, ძალადობის ამსახველ სცენებს ახლო ხედით და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებებს, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია, ასევე სექსუალური და სექსუალურ კონტექსტში სიშიშვლის ამსახველ სცენას, რაც   ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ სცენადაა მიჩნეული. იმ შემთხვევაში, როდესაც ფილმი შეიცავს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის შეუფერებელ შინაარს, ფილმს უნდა მიენიჭოს ყველაზე მაღალი ასაკობრივი განსაზღვრული კატეგორია და განთავსდეს შესაბამის დროის შუალედში. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ფიმი მიჩნეულ უნდა იქნას 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად.  მაუწყებლის  მიერ აღნიშნული    ფილმი    ეთერში    განთავსებულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561  მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი დროითი შეზღუდვის დარღვევით, კერძოდ, 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი ფილმი განთავსებულია 6 საათიდან 24 საათამდე პერიოდში. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ ფილმი ნიშანდებულია როგორც 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი ფილმი, მაუწყებელმა ფილმი განათავსა 18:15 სთ-ზე, მაშინ, როდესაც 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი ფილმი არ შეიძლება განთავსდეს  6 საათიდან 21 საათამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ჯი- დი-ეს თი-ვი“-ს მიერ დაირღვა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 53-ე მუხლის პირველი პუნქტი, 561 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტები და მე-5 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტები, 562  მუხლის პირველი პუნქტის გ) და დ) ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები.

კომისია აღნიშნავს, რომ     კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის №გ-20-16/891 გადაწყვეტილებით შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის, 561  მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-5 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების, 562  მუხლის პირველი პუნქტის ა), გ), დ) და თ) ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა და შესაბამისი დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება, თუ მისი აღმოფხვრა, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი ამ მუხლის მე-4 პუნქტით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში  1  წლის განმავლობაში  ამ  კანონის  561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მაუწყებელს უჩერდება ლიცენზიის მოქმედება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტები შეიცავენ სპეციალურ ნორმებს მაუწყებლის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, მათ მიერ ამავე კანონის 561  ან 562  მუხლების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად, როდესაც სახეზეა 71-ე მუხლის მე-4 ან მე-6 პუნქტებით განსაზღვრული შემადგენლობა, მაუწყებლოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება სწორედ ამ პუნქტების შესაბამისად. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სახეზე არ გვაქვს 71-ე მუხლის მე-4 ან მე-6 პუნქტებით განსაზღვრული შემადგენლობა, მაშინ მაუწყებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზოგადი წესით, კერძოდ კი 71-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტებისა და 72-ე მუხლის შესაბამისად.

ვინაიდან, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-6 პუნქტი მაუწყებლის მიერ 561  ან 562  მუხლების 1 წლის განმავლობაში განმეორებით დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის სახედ ითვალისწინებს ლიცენზიის მოქმედების შეჩერებას, აღნიშნული პუნქტი სპეციალურ დანაწესს ადგენს ლიცენზიის მფლობელი მაუწყებლებისთვის, ხოლო ავტორიზებული მაუწყებლების მიმართ კი აღნიშნული პუნქტი არ გამოიყენება და მათ მიმართ მოქმედებს პასუხისმგებლობის დაკისრების საერთო წესი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“ წარმოადგენს ავტორიზებულ მაუწყებელს და ის არ ფლობს მაუწყებლობის ლიცენზიას, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 ან 562  მუხლების 1 წლის განმავლობაში   განმეორებით   დარღვევის  შემთხვევაში,   გამოყენებულ   უნდა   იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის    შესაჩერებლად.    აღნიშნულიდან    გამომდნარე,    მაუწყებლის  მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561  ან 562  მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა და შესაბამისი დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება, თუ მისი აღმოფხვრა, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია. ამავე დროს, კომისიას აქვს დისკრეციული უფლებამოსილება განსაზღვროს მაუწყებლებისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობა, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შეფასების საფუძველზე, სათანადო დასაბუთებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ   ადმინისტრაციულ  ორგანოს  რომელიმე  საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთანავე, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას დაცული უნდა იქნას საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის      პიროვნება,      მისი    ბრალის ხარისხი,      ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის  34-ე  მუხლის  თანახმად,  ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით.

კომისია აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“ აღიარებს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ასევე იმ გარემოებას, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.09.2019, სარეგისტრაციო კოდი: 450140000.05.001.019588) არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების წესთან დაკავშირებით ამოქმედდა 2020 წლის პირველი სექტემბრიდან და შესაბამისად, მაუწყებლებს   სჭირდებათ   გარკვეული   დრო   სამაუწყებლო  ბადეების ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია და შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიმართ გამოყენებულ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 5 000 ლარი.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7, მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) და ვ) ქვეპუნქტების, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის, 561 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, 562 მუხლის მე-2 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71- ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების და 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე და 34-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.. შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის, 561 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების და მე-5 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტის, 562 მუხლის პირველი პუნქტის გ) და დ) ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო.

2. შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-მ უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების  მიხედვით: ხაზინის  ერთიანი  ანგარიში, ანგარიშის  ნომერი  -  200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22; სახაზინო კოდი -  300773251.

ბ) ჯარიმის გადახდის  დამადასტურებელი  დოკუმენტის  გადახდიდან   3 დღის ვადაში კომისიაში  წარმოდგენა.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების ასლის შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“- სთვის ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების დამოწმებული  ასლის    შპს  ,,ჯი-დი-ეს  თი-ვი“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  მე-2  და  მე-3  პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კახი ბექაური          თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე      წევრი

ელისო ასანიძე        წევრი

მერაბ ქათამაძე        წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები