შპს „ტელეიმედის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 08, 2021 16:42
მიღების თარიღი ივნისი 24, 2021
შპს „ტელეიმედის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (N21-10-1007 07.06.2021) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეიმედის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის მიზნით. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა წერილობით (04.06.2021 N16/70926) აცნობა კომისიას, რომ შპს „ტელეიმედს“ 2019 წლის ანგარიშგება კვლავ არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში, თუმცა სუბიექტის წარმომადგენელთან კომუნიკაციით ირკვევა, რომ მიმდინარეობს ანგარიშგების აუდიტის პროცესი, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა და აუდიტირებული ინდივიდუალური ანგარიშგება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის ანგარიშგების პორტალზე - Reportal.ge წარმოდგენილი იქნება მიმდინარე წლის 11 ივნისისთვის.
კომისიის 2020 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-18/976 გადაწყვეტილებით შპს „ტელეიმედს“ დაეკისრა გაფრთხილება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული 2019 წლის აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებების წარუდგენლობისთვის და დარღვევის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ერთთვიანი ვადა. აღნიშნულ ვადაში შპს „ტელეიმედს“ ვალდებულება არ შეუსრულებია.
პანდემიის გათვალისწინებით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და პანდემიის პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის, საწარმოებისთვის შეღავათების მიცემისა და ჯარიმების არ დაკისრებასთან
დაკავშირებული პრაქტიკის გათვალისწინებით, 2021 წლის 15 აპრილის Nგ-21-18/255 გადაწყვეტილებით, კომისიამ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაანთავისუფლა შპს „ტელეიმედი“ ზემოაღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის. ამასთან, განუსაზღვრა ერთთვიანი ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად. შპს „ტელეიმედის“ მიერ ვალდებულება დღემდე არ არის შესრულებული.
შპს „ტელეიმედის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 24 ივნისის კომისიის სხდომაზე. აღნიშნულის თაობაზე შპს
„ტელეიმედს“ ეცნობა შეტყობინებით და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
2021 წლის 23 ივნისს კომისიას წერილობით (Nშ-21-6/2697 23/06/2021) მომართა შპს „ტელეიმედმა“ და აცნობა, რომ კომპანიის აუდიტის პროცესი დასრულებულია, თუმცა ამ ეტაპზე აუდიტის დასკვნის სტატუსი არის უარი მოსაზრების გამოთქმაზე, რის მიზეზსაც წარმოადგენს შპს „ტელეიმედის“ მმართველობის უმაღლესი ორგანოების - სამეთვალყურეო საბჭოსა და პარტნიორთა კრების მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტი, ხოლო დოკუმენტის ხელმოუწერლობა გარკვეული ტექნიკური მიზეზებით არის განპირობებული. შპს „ტელეიმედის“ წერილის თანახმად, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია აუდიტის დასკვნის სტატუსი, რომელიც უნდა გასაჯაროვდეს, აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიამ იშუამდგომლა დამატებით ერთთვიანი ვადის მიცემასთან დაკავშირებით, იმ დათქმით, რომ აღნიშნულ ვადაში კომპანიისთვის სასურველი აუდიტის დასკვნის მიუღებლობის შემთხვევაში, კომპანია წარადგენს აუდიტის დასკვნას არსებული ფორმით. შპს „ტელეიმედმა“ აღნიშნულ წერილთან ერთად კომისიას და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს წარუდგინა აუდიტის დასკვნის სამუშაო ვერსია.
2021 წლის 24 ივნისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი ინგა კობახიძე და შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი ა.ლაშხი.
2021 წლის 24 ივნისის კომისიის სხდომაზე ი.კობახიძემ განაცხადა, რომ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა მიიღო შპს „ტელეიმედის“ წერილი და ანგარიშგების პროექტი, რომელიც არ განუხილავს სამსახურს დეტალურად და განიხილავს მას შემდეგ, რაც ექნება მას სამსახურში წარდგენილის სტატუსი. ვინაიდან, არც რეფორმის და არც სამსახურის მიზანი სუბიექტის დაჯარიმება არ არის, ი.კობახიძის აზრით, შესაძლებელია ერთი თვის ვადა მიეცეს შპს „ტელეიმედს“ ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ი.კობახიძის განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ შპს
„ტელეიმედის“ განცხადებით, აუდიტის მოსაზრების შეუცვლელობის შემთხვევაშიც კომპანია წარადგენს ანგარიშგებებს არსებული ფორმით, რომელსაც სამსახური გაასაჯაროებს. შპს „ტელეიმედის” წარმომადგენელმა ა.ლაშხმა, განაცხადა, რომ თუ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი არ არის წინააღმდეგი და შესაძლებელია ვადების გადაწევა, მისი თხოვნაა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური ვადა განუსაზღვრონ ტელეკომპანიას.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათი N21-10-1007 07/06/2021;
2. კომისიის 2020 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-18/976 გადაწყვეტილება „შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
3. შპს „ტელეიმედისთვის“ კომისიის 2021 წლის 15 აპრილის Nგ-21-18/255
გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. შპს „ტელეიმედის“ წერილი Nშ-21-6/2697 23/06/2021 კომისიას თანდართული დოკუმენტაციით;
5. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის ი.კობახიძის მიერ 2021 წლის 24 ივნისის კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება;
6. შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლის ა.ლაშხის მიერ 2021 წლის 24 ივნისის კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ტელეიმედი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში კომისიის მიერ ავტორიზებულ პირს;
2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბაზის მიხედვით, შპს „ტელეიმედი“ წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ფ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ II კატეგორიის საწარმოს;
3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „ტელეიმედი“ ვალდებულია ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ ორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა რთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინონ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით;
4. კომისიის 2020 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-18/976 გადაწყვეტილებით, შპს „ტელეიმედს“ დაეკისრა გაფრთხილება და განესაზღვრათ ერთთვიანი ვადა, 2019 წლის აუდირებული ანგარიშგებების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარსადგენად.
5. 2021 წლის 15 აპრილის Nგ-21-18/255 გადაწყვეტილებით, კომისიამ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაანთავისუფლა შპს „ტელეიმედი“ ზემოაღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის. ამასთან, განუსაზღვრა ერთთვიანი ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.
6. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, შპს „ტელეიმედს“ დღემდე არ წარუდგენია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული 2019 წლის ფინანსური დოკუმენტი - აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებები;
7. 2021 წლის 23 ივნისს კომისიასა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს წერილობით (Nშ-21-6/2697 23/06/2021) მიმართა შპს „ტელეიმედმა“ , წარადგინა აუდიტის დასკვნის სამუშაო ვერსია და მოითხოვა დამატებით ერთთვიანი ვადის მიცემა კომპანიისთვის, სრულყოფილი ანგარიშგების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარსადგენად. ერთთვიანი ვადის მიცემაზე თანხმობა განაცხადა აღნიშნული სამსახურის წარმომადგენელმა.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით;
2. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სდპ-მა და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოებმა უნდა მოამზადონ და სამსახურს უნდა წარუდგინონ მმართველობის ანგარიშგება. მმართველობის ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესს შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების გათვალისწინებით ადგენს სამსახური. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მმართველობის ანგარიშგება მოიცავს: ა) საქმიანობის მიმოხილვას; ბ) კორპორაციული მართვის ანგარიშგებას; გ) არაფინანსურ ანგარიშგებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობის მიმოხილვას ამზადებენ სდპ დაპირველი და მეორე კატეგორიების საწა რმოები;
3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო;
4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26- ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა – 10 000 ლარის ოდენობით. ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის სამსახურმა შესაძლებელია ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს. სამსახურის წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის ან/და პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტს უორმაგდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა;
5. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს გამოსცემს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ტელეიმედის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2019 წლის შესაბამისი ანგარიშგებების, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარუდგენლობით დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად სანქცირების საფუძველია.
კომისიამ მხედველობაში მიიღო პანდემიის გათვალისწინებით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის პრაქტიკა პანდემიის პერიოდში საწარმოებისთვის შეღავათების მიცემისა და ჯარიმების არ დაკისრებასთან დაკავშირებით. ასევე კომისიამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს „ტელეიმედს“ მომზადებული აქვს აუდირებული ანგარიშგებები, ამ ეტაპზე აუდიტის დასკვნის სტატუსი არის - უარი მოსაზრების
გამოთქმაზე, ხოლო შპს „ტელეიმედმა“ აუდიტის დასკვნის პირობის შესაცვლელად, დამატებით ერთთვიანი ვადის განსაზღვრა მოითხოვა, რასაც დაეთანხმა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, შპს „ტელეიმედი“ სცნოს სამართალდამრღვევად და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისგან, ამავდროულად შპს „ტელეიმედს“ განუსაზღვროს ვადა 2021 წლის პირველ აგვისტომდე, დარღვევის აღმოსაფხვრელად.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „ტელეიმედი“ ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს „ტელეიმედი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
3. უზრუნველყოს შპს „ტელეიმედმა“ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული 2019 წლის აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენა 2021 წლის პირველ აგვისტომდე;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტელეიმედისთვის“ და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ);
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს „ტელეიმედის“ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) კომპანიისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური
თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
