შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 08, 2021 17:54
მიღების თარიღი ივლისი 01, 2021
შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 21-10-1023, 08/06/2021) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (N 21-10-1023, 08/06/2021) აღნიშნულია, რომ დეპარტამენტი ზედამხედველობას უწევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მაუწყებლების ყოველწლიური ანგარიშების წარმოდგენის პროცესს. კერძოდ, კანონის თანახმად, მაუწყებლები ვალდებული არიან ყოველი წლის 1 მაისამდე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოადგინონ და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსონ გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა. ვინაიდან, შპს „რადიო კომპანია პირველი რადიომ“ აღნიშნული ანგარიშით გათვალისწინებული აუდიტის დასკვნა კანონით დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა, მაუწყებელს 2021 წლის 20 მაისს გაეგზავნა წერილი (რეგისტრაციის N გ-21-04/1437) და ეთხოვა 5 სამუშაო დღის ვადაში ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა. 5 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, შპს „რადიო კომპანია პირველი
რადიოს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აუდიტის დასკვნა კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი, შესაბამისად, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 17 ივნისს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით. ამავე შეტყობინებით, კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. ვინაიდან კომისიის 2021 წლის 17 ივნისის სხდომას არ ესწრებოდა კომპანიის წარმომადგენელი სხდომა გადაიდო 2021 წლის 1 ივლისისთვის. 2021 წლის 1 ივლისს, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროსთვის შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (აუდიტის დასკვნა) წარმოდგენილი არ ყოფილა.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-1023, 08/06/2021).
2. კომისიის წერილი (N გ-21-04/1437, 20/05/2021) გაგზავნილი შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსათვის“.
3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ შესახებ მონაცემები.
4. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსათვის“ გაგზავნილი შეტყობინება კომისიის
2021 წლის 17 ივნისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
5. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსათვის“ გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2021 წლის 1 ივლისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიო“ ფლობს რადიომაუწყებლობის ლიცენზიებს №45, №46 და №79. შესაბამისად, იგი ვალდებულია, შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები.
2. შპს „რადიო კომპანია პირველმა რადიომ“ დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლები ვალდებული არიან ყოველი წლის 1 მაისამდე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოადგინონ და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსონ გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა. შესაბამისად, რადგანაც, შპს „რადიო კომპანია პირველი რადიომ“ აღნიშნული ანგარიშით გათვალისწინებული აუდიტის დასკვნა კანონით დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა, დაირღვა კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნა.
3. 2021 წლის 1 ივლისს, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროსთვის შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (აუდიტის დასკვნა) წარმოდგენილი არ ყოფილა.
4. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის
პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიერ ყოველი წლის 1 მაისამდე საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ გასული წლის ანგარიშით გათვალისწინებული აუდიტის დასკვნის კომისიაში წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ უნდა დაევალოს
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (აუდიტის დასკვნის) კომისიაში წარმოდგენა ერთი თვის ვადაში.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე და 71-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
2. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ დაევალოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (აუდიტის დასკვნის) კომისიაში წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს
„რადიო კომპანია პირველი რადიოსათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. კაველიძე) შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსათვის“ ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
