სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2021 12:33
მიღების თარიღი ივლისი 01, 2021
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N 21-10-1075, 14/06/2021) და თანდართული მასალიდან, ირკვევა, რომ 2021 წლის 20 მაისს კომისიაში შემოვიდა „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/2208), რომლის თანახმადაც სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ სამაუწყებლო არხის „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში გავიდა გადაცემა „მე ვარ ფერმერი“, რომელშიც ხდებოდა თამბაქოს ნაწარმის მოყვანა- კულტივაციის პროცესის რეკლამირება, რაც განმცხადებლის აზრით კანონით აკრძალულია.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა განცხადებაში აღნიშნული პროგრამის მონიტორინგი, რის შედეგადაც ირკვევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გადაცემის ფარგლებში 2021 წლის 18 მაისს „აჭარის ტელევიზიის“ ეთერით 20:00 სთ. გავიდა გადაცემა „მე ვარ ფერმერი“, რომლის დროსაც მოხდა თამბაქოს ნაწარმის დემონსტრირება. სიუჟეტში გამოჩნდა თამბაქოს მცენარე, მისი მოყვანის და მოკრეფის პროცესი, იყო საუბარი რეალიზაციის პერსპექტივებზე. გადაცემაში საუბარი იყო იმაზე, რომ ბოლო პერიოდში თამბაქოს ფასმა მოიმატა, მოსავლელად არ არის რთული კულტურა, ასევე ითქვა, რომ 1 კვმ-ზე მოსავლიანობით და მოგებით მოწინავე კულტურაა, მოთხოვნა არის ბაზარზე და ამიტომ ფასი არ კლებულობს. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა არის - „თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ან მისი მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი ან/და საბითუმო მოვაჭრე მეწარმე სუბიექტის რეკლამა, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის, მისი კოლოფის, ყუთის, მოხმარების პროცესის ან მათთან დაკავშირებული ქმედების დემონსტრირება.“ აღნიშნული რეგულაციიდან გამომდინარე თამბაქოს ნაწარმის დემონსტრირება თავისთავად უკვე წარმოადგენს მის რეკლამირებას. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-82 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ყველა სახის რეკლამა, გარდა ექსკლუზიურად თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლისთვის განკუთვნილი ბეჭდური ან ელექტრონული გამოცემისა, რომელიც არაა განკუთვნილი სხვა პირისთვის და არ ვრცელდება სხვა პირზე.“ ასევე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის 21 პუნქტის თანახმად „აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა.“ ზემოაღნიშნული პროგრამის შესწავლის საფუძველზე დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნულ პროგრამა არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის 21 პუნქტს და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-82 მუხლის პირველ პუნქტს. დარღვევა ფიქსირდება, როგორც თამბაქოს ნაწარმის დემონსტრირებით, ისე იმ ფაქტით, რომ სიუჟეტში მონაწილე პირების მიერ ხდება თამბაქოს კულტივაციის პოპულარიზაცია.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N21-10-1075, 14/06/2021) საფუძველზე,
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 24 ივნისს, რის თაობაზეც სსიპ
„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (Nგ-21-03/1788, 17/06/2021) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2021 წლის 24 ივნისის სხდომაზე გამოცხადდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ წარმომადგენელი ნ. უტიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ თამბაქოს მცენარე არ არის თამბაქოს ნაწარმი და ის ვერ მიიჩნევა თამბაქოს ნედლეულად, ვინაიდან მცენარე ნედლეული არ არის, ხოლო „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის ტერმინთა განმარტებაში თამბაქოს ნაწარმის განმარტების არცერთ პუნქტში არ მოიაზრება თამბაქოს მცენარე. მან ასევე დასძინა, რომ რეკლამის მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და იმგვარი გავრცელება, რომ მოახდინოს ინტერესის ფორმირება პროდუქტის მიმართ და ხელი შეუწყოს მის რეალიზაციას. გადაცემაში არ არის აქცენტი გადატანილი საზოგადოების მხრიდან ინტერესის ფორმირებაზე ან თამბაქოს მოსაწევად, ან რეალიზაციისთვის. გადაცემაში ჩანს, სათბურიდან როგორ გადააქვთ ნაკვეთში მცენარის ნერგები, როგორ რგავენ და როგორ უვლიან მცენარეს ქალები. რეკლამა იმ ფორმით, როგორც კანონი განმარტავს, სახეზე არ არის.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 24 ივნისის სხდომა გადაიდო დამატებითი მოკვლევის მიზნით და დაინიშნა 2021 წლის პირველ ივლისს. აღნიშნულის თაობაზე მაუწყებლის წარმომადგენელი სხდომაზევე გაფრთხილდა.
კომისიამ წერილობით (N გ-21-03/1907, 30/06/2021) მიმართა „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციის და მონიტორინგის ცენტრს საქართველოში“ და სთხოვა დამატებით დაეფიქსირებინათ პოზიცია 2021 წლის 24 ივნისის სხდომაზე განხილულ საკითხთან მიმართებით (აჭარის ტელევიზიის ეთერით გადაცემის ფარგლებში განხორციელებული თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების საკითხთან დაკავშირებით).
კომისიის ზემოაღნიშნული წერილის პასუხად „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციის და მონიტორინგის ცენტრის“ წერილში (კომისიაში რეგისტრაციის N21-6/2833, 01.07.2021) აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია „აჭარის“ გადაცემაში „მე ვარ ფერმერი“, რომელიც დასათაურებულია სახელწოდებით „თამბაქოს წარმოება, მოხდა თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება და პოპულარიზაცია, ასევე მისი მწარმოებელი მეწარმე სუბიექტების რეკლამა, რომელიც წარმოადგენს, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი კანონმდებლობის დარღვევას, კერძოდ: საქართველო 2005 წლის 15 მაისიდან არის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (შემდეგში „ჩარჩო კონვენცია“) წევრი, რომლის პირველი მუხლის (c) პუნქტის შესაბამისად, „თამბაქოს რეკლამირება და პოპულარიზაცია ნიშნავს, ნებისმიერი სახის კომერციული ინფორმაციის ან რეკომენდაციის მიწოდებას ან ღონისძიების გატარებას, რომლის მიზანია ან რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან სავარაუდოა, რომ შედეგად მოჰყვეს თამბაქოს ნაწარმის ან მისი მოხმარების ხელშეწყობა პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით“. „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თამბაქოს ნაწარმს წარმოადგენს თამბაქოს ნედლეულიც, რომელსაც სწორედ თამბაქოს მცენარეც წარმოადგენს. შესაბამისად, გადაცემის სათაური პირდაპირ მიუთითებს, რომ გადაცემა ეძღვნებოდა თამბაქოს ნაწარმის წარმოებას და რეკლამირებული იყო ნედლეულის მოყვანა-წარმოების პროცესები და მომგებიანობა. რაც შეეხება „რეკლამის შესახებ“ კანონის, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, თამბაქოს ნაწარმის რეკლამად ითვლება, არამხოლოდ თამბაქოს ნაწარმის, არამედ მისი მწარმოებელი მეწარმე სუბიექტის რეკლამაც. შესაბამისად, სიუჟეტში ნაჩვენები ფერმერები, წარმოადგენენ მწარმოებლის რეკლამას. ხოლო, აგრონომი სოსო შერვაშიძე, პირდაპირ აფრთხილებს მაყურებელს, რომ თამბაქოს ნაწარმი სახიფათო პროდუქტია და მოუწოდებს ჯანმრთელობის გაფრთხილებისაკენ, შესაბამისად, გადაცემის ორგანიზატორები აცნობიერებდნენ იმ კანონდარღვევას, რაზეც ჩვენ მივუთითებთ და თავის დაზღვევის მიზნით, რომ თითქოსდა რეკლამად არ ჩათვლოდათ, აგრონომის ფრაზები გამოიყენეს. ამასთან, ზემოაღნიშნული გადაცემით დაირღვა ჩარჩო კონვენციის მე-13 მუხლის მოთხოვნები თამბაქოს რეკლამისა და პოპულარიზაციის ყოვლისმომცველი აკრძალვის შესახებ. ასევე, ამ გადაცემით დაირღვა კონვენციის მე-17 მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, საქართველო ვალდებულია სათანადოდ შეუწყოს ხელი თამბაქოს წარმოებაში დასაქმებულ, ასევე თამბაქოს მომყვან პირებს, ეკონომიკურად ეფექტური ალტერნატიული საქმიანობის უზრუნველყოფით. ნაცვლად, ამისა, სიუჟეტიდან ჩანს და სახელმწიფო ტელევიზიიდან წახალისებული და რეკლამირებულია არა ალტერნატულ კულტურებზე გადასვლის შესაძლებლობები, არამედ ლეტალური პროდუქტის აჭარაში წარმოების პრიორიტეტულობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩარჩო კონვენციასა და თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის მოთხოვნებსა და მიზნებზე დაყრდნობით, ყოვლად დაუშვებელია თამბაქოს ნებისმიერი სახის ნაწარმის რეკლამა და პოპულარიზაცია, რასაც ადგილი ჰქონდა ზემოაღნიშნულ გადაცემაში.
კომისიის 2021 წლის პირველი ივლისის სხდომაზე გამოცხადდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ წარმომადგენელი ნ. უტიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციის და მონიტორინგის ცენტრის“ წერილში დაფიქსირებული განმარტებები აცდენილია რეკლამის და პოპულარიზაციის რაობას და გასულია საკანონმდებლო განმარტებებიდან. კომისიას ჰქონდა დრო, რომ გადაცემა ენახა. ამ წერილში აბსურდული განცხადებებია გაკეთებული, თითქოსდა ხდება თამბაქოს პოპულარიზაცია და მოწოდება. რაც შეეხება განცხადებები, რომ თამბაქო მავნებელია და თითქოს აცნობიერებენ, რომ თამბაქოს რეკლამირება ხდება, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. გადაცემაში სტანდარტული ფრაზები გამოიყენეს ინტერვიუერებმა ეს არ ყოფილა წამყვანის სპეციალური დაკვეთა. რაც შეეხება ნედლეულს, საკანონმდებლო განმარტებით, საგადასახადო კოდექსით, თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული აღნიშნული კანონის აღსრულების ანგარიშის მიხედვით, მოხსენიებულია თამბაქოს ნედლეული და მითითებულია, მაგალითად, რომ იბეგრება აქციზით წონის მიხედვით, თამბაქოს ნედლეულის მარკირება ხდება ეტიკეტის მიხედვით და ა.შ. ყველა შემთხვევაში თამბაქო განხილული არის, როგორც გარკვეულ კონდიციამდე გადამუშავებული მცენარე, რომლისგანაც იწარმოება მოსაწევი თუ დასაღეჭი თამბაქო. ყველა შემთხვევაში რაღაც კონდიციამდე მიყვანილი მცენარე იგულისხმება და არა მიწაში დარგული ნერგი. ეს გადაცემა რეკლამა არ არის და ვინც ეს ნახა, დაასკვნის, რომ იმავე ტიპით არის მარწყვზეც, მოცვზეც, სიმინდზეც, კარტოფილზეც, მეცხოველეობაზეც, მეთამბაქოებაზე და თაფლზე გადაცემები. ეს გადაცემა არის ერთი სტილის, სადაც აცნობენ მოსავლის მოყვანის და წარმოების პროცესს.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-1075, 14/06/2021) თანდართული მასალით (თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/2208, 20.05.2021) და ვიდეო ჩანაწერი;
2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ გაგზავნილი კომისიის შეტყობინება (Nგ-21-03/1788, 17/06/2021) კომისიის 2021 წლის 24 ივნისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;
3. კომისიის წერილი (N გ-21-03/1907, 30/06/2021) „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციის და მონიტორინგის ცენტრს საქართველოში“;
4. „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციის და მონიტორინგის ცენტრის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N21-6/2833, 01.07.2021);
5. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის და პირველი ივლისის სხდომებზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“ არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს მაუწყებელს;
2. გადაცემის ფარგლებში 2021 წლის 18 მაისს „აჭარის ტელევიზიის“ ეთერით 20:00 სთ. გავიდა გადაცემა „მე ვარ ფერმერი“. სიუჟეტში გამოჩნდა თამბაქოს მცენარე, მისი მოყვანის და მოკრეფის პროცესი, იყო საუბარი რეალიზაციის პერსპექტივებზე. გადაცემაში საუბარი იყო იმაზე, რომ ბოლო პერიოდში თამბაქოს ფასმა მოიმატა, მოსავლელად არ არის რთული კულტურა, ასევე ითქვა, რომ 1 კვმ-ზე მოსავლიანობით და მოგებით მოწინავე კულტურაა, მოთხოვნა არის ბაზარზე და ამიტომ ფასი არ კლებულობს; სიუჟეტში ნაჩვენებია თამბაქოს გადარგვის პროცესი, ნაჩვენებია, თამბაქოს ნერგები, მათი ამოღებისა და სხვა ადგილას გადარგვის პროცესი და ამის ფონზე არის საუბარი სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, სიუჟეტში პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ ეს თამბაქო გამიზნულია მოსაწევად (ერთ-ერთი რესპოდენტი ამბობს, რომ ეს ჯიში იმით გამოირჩევა, რომ იგი უფრო რბილია მოსაწევად), ასევე საუბარია იმაზე, რომ თამბაქოს მოყვანა არც თუ ისე ძნელი პროცესია, რომ მოთხოვნა დიდია და მოგებაც კარგია. სიუჟეტში ასევე არის საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფოს მხრიდან რაიმე დახმარებას ხომ არ საჭიროებს მეთამბაქოება და რამე სიძნელეები ხომ არ არსებობს. ასევე, საუბარია თამბაქოს დადებით თვისებებზე, როგორც პროდუქტის/ნედლეულის, რომელიც არ არის მალფუჭებადი და შესაბამისად ადვილია მისი შენახვა და შემდგომში რეალიზაცია.
3. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიმართ იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი;
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
8. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამა – საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში – საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.
9. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა არის თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ან მისი მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი ან/და საბითუმო მოვაჭრე მეწარმე სუბიექტის რეკლამა, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის, მისი კოლოფის, ყუთის, მოხმარების პროცესის ან მათთან დაკავშირებული ქმედების დემონსტრირება;
10. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-82 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ყველა სახის რეკლამა, გარდა ექსკლუზიურად თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლისთვის განკუთვნილი ბეჭდური ან ელექტრონული გამოცემისა, რომელიც არაა განკუთვნილი სხვა პირისთვის და არ ვრცელდება სხვა პირზე;
11. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, თამბაქოს ნაწარმი არის თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნაწარმი (გარდა ნიკოტინის შემცველი სამკურნალწამლო საშუალებისა), რომელიც განკუთვნილია მოსაწევად, დასაღეჭად, საწუწნად ან შესასუნთქად, მათ შორის: ა.ა) ფილტრიანი სიგარეტი, უფილტრო სიგარეტი; ა.ბ) პაპიროსი, სიგარა, სიგარილა; ა.გ) საჩიბუხე თამბაქო, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო; ა.დ) შესახვევი თუთუნი; ა.ე) დასაღეჭი თამბაქო, საწუწნი თამბაქო, შესასუნთქი თამბაქო; ა.ვ) ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალა/კარტრიჯი/კაფსულა;
ა.ზ)თამბაქოს ახალი ნაწარმი − თამბაქოს შემცველი პროდუქტი, რომელიც არ შედის ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თამბაქოს ნაწარმის არცერთ სხვა კატეგორიაში; ა.თ) თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები; ა.ი) გასახურებელი თამბაქო − თამბაქოს ნაწარმი (გარდა ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალისა/კარტრიჯისა/კაფსულისა), რომელიც განკუთვნილია მხოლოდ გახურების გზით მოხმარებისთვის;
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა.
13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.
კომისია აღნიშნავს, რომ სიუჟეტში ნაჩვენებია თამბაქოს გადარგვის პროცესი, ნაჩვენებია, თამბაქოს ნერგები, მათი ამოღებისა და სხვა ადგილას გადარგვის პროცესი და ამის ფონზე არის საუბარი სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, სიუჟეტში პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ ეს თამბაქო გამიზნულია მოსაწევად (ერთ-ერთი რესპოდენტი ამბობს, რომ ეს ჯიში იმით გამოირჩევა, რომ იგი უფრო რბილი მოსაწევია), ასევე საუბარია იმაზე, რომ თამბაქოს მოყვანა არც თუ ისე ძნელი პროცესია, რომ მოთხოვნა დიდია და მოგებაც კარგია. სიუჟეტში ასევე არის საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფოს მხრიდან რაიმე დახმარებას ხომ არ საჭიროებს მეთამბაქოება და რამე სიძნელეები ხომ არ არსებობს. ასევე, საუბარია თამბაქოს დადებით თვისებებზე, როგორც პროდუქტის/ნედლეულის, რომელიც არ არის მალფუჭებადი და შესაბამისად ადვილია მისი შენახვა და შემდგომში რეალიზაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ყველა სახის რეკლამა. თავის მხრივ, ამავე კანონის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის რეკლამა ნიშნავს, როგორც რეკლამას კლასიკური გაგეგებით (ანუ საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში – საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას), ასევე უბრალოდ დემონსტრირებასაც. ეს განპირობებულია თამბაქოს სპეციალური კონტროლით. აქედან გამომდინარე როგორც თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია ნებისმიერი ფორმით, ასევე მხოლოდ დემონსტრირებაც კი მიიჩნევა თამბაქოს ნაწარმის რეკლამად.
კომისია აღნიშნავს, რომ თამბაქოს ნაწარმი განმარტებულია, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და იგი საკმაოდ მრავლისმომცველია. საერთაშორისო დეფინიციებიც მსგავსია საქართველოს კანონმდებლობისა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თამბაქო ნაწარმის დეფინიციისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თავად ამ კანონის მიზნები და პრინციპები. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოში თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კრიტერიუმები, მოთხოვნები, პირობები და წესები უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს: ა) თამბაქოს ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქტად აღიარებას; ბ) არამწეველთა თამბაქოს მავნე ზემოქმედებისაგან დაცვის უფლების აღიარებას; გ) თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებას და თამბაქოს ნაწარმის თაობაზე ინფორმაციის გამჭვირვალობას; დ) თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისა და მოხმარების დაწყების პრევენციის ხელშეწყობას; ვ) თამბაქოს ნაწარმის წარმოებისა და რეალიზაციის კონტროლს; ზ) თამბაქოს ნაწარმზე მოთხოვნილებისა და ამ ნაწარმის ხელმისაწვდომობის შემცირებას; თ) თამბაქოს ნაწარმის დაუბეგრავი და გაუპიროვნებელი გაყიდვის აკრძალვას; ი) არამწეველობის, როგორც ცხოვრების ნორმის, აღიარებას; კ) თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავებაში, განხორციელებასა და შეფასებაში საზოგადოების მონაწილეობას; ლ) თამბაქოს რეკლამისაგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებისა და მისი ზემოქმედებისაგან დაცვის უფლების აღიარებას; მ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას; ნ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესის თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ჩარევისაგან დაცვას, აგრეთვე თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან სახელმწიფოს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით ურთიერთობას; ო) თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტის, თამბაქოს ნაწარმისგან გამოფრქვეული ნივთიერების და თამბაქოს შეფუთვის კონტროლს; პ) თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ქმედებების საქართველოში თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედ ნორმებთან შესაბამისობის მიუხედავად, მათი სისხლისსამართლებრივი ან სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების შეუძლებლობას ამგვარი პასუხისმგებლობისთვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში; ჟ) კანონით დაშვებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას ამ კანონის მიზნის, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის ამოცანებისა და პრინციპების შესრულებისთვის.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენციის“ (შემდგომში „კონვენცია“) პირველი მუხლის თანახმად, (c) „თამბაქოს რეკლამირება და პოპულარიზაცია“ ნიშნავს ნებისმიერი სახის კომერციული ინფორმაციის ან რეკომენდაციის მიწოდებას ან ღონისძიების გატარებას, რომლის მიზანია ან რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან სავარაუდოა, რომ შედეგად მოჰყვეს თამბაქოს ნაწარმის ან მისი მოხმარების ხელშეწყობა პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით; ამავე კონვენციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეები აღიარებენ, რომ რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის ყოვლისმომცველი აკრძალვა მნიშვნელოვნად შეამცირებს თამბაქოს ნაწარმის მოხმარებას. ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, თითოეული მხარე, თავისი კონსტიტუციისა ან კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისად, კისრულობს ვალდებულებას უზრუნველყოს თამბაქოს რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის ყოვლისმომცველი აკრძალვა. თითოეული მხარის საკანონმდებლო სისტემისა და მის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებების
გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული მოიცავს ასევე თამბაქოს ტრანსსასაზღვრო რეკლამირებისა და თამბაქოს ნაწარმის სპონსორობის აკრძალვას, რომელიც მომდინარეობს მხარის ტერიტორიიდან. ამასთან დაკავშირებით, კონვენციის ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში, თითოეული მხარე გაატარებს შესაბამის საკანონმდებლო, აღმასრულებელ, ადმინისტრაციულ და/ან სხვა ზომებს და წარმოადგენს მოხსენებებს 21-ე მუხლის შესაბამისად.
ამავე კონვენციის მე-17 მუხლი თანახმად, მხარეები როგორც ერთმანეთთან, ისე უფლებამოსილ საერთაშორისო და რეგიონულ მთავრობათშორის ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, სათანადოდ შეუწყობენ ხელს თამბაქოს წარმოების სფეროში დასაქმებულ, ასევე თამბაქოს მომყვანი პირების და ცალკეული გამსაღებლების ეკონომიკურად ეფექტური ალტერნატიული საქმიანობით უზრუნველყოფას.
ჩარჩო კონვენციასა და თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო რეგულაციებიდან და მიზნებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ თამბაქოს ნებისმიერი სახის რეკლამა აკრძალულია. წარმოდგენილ სიუჟეტში ნაჩვენებია თამბაქოს მცენარე, ნერგები და ამასთან მოყვება ვერბალური განმარტება იმისა თუ რა სახეობის მცენარეა და ასევე საუბარია იმაზე, რომ ეს სახეობა მოსაწევად უფრო მსუბუქია. ასევე, საუბარია თამბაქოს დადებით თვისებებზე, როგორც პროდუქტის/ნედლეულის, რომელიც არ არის მალფუჭებადი და შესაბამისად მოსავლის აღების შემდგომ ადვილია მისი შენახვა და შემდგომში რეალიზაცია. სიუჟეტი, ზემოთ მოყვანილი ფრაზების და კონტექსტის გამო შეიცავს თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციის ელემენტებს, კერძოდ კი მის მიმართ ინტერესის ფორმირებას და შენარჩუნებას, აგრეთვე რეალიზაციის ხელშეწყობას. იმ მოცემულობაში, როდესაც სახელმწიფოს გაცხადებული ნებაა, რომ ებრძოლოს თამბაქოს მოხმარებას და ხელი შეუწყოს მისი ხელმისაწვდომობის შემცირებას, ამის საწინააღმდეგოდ სიუჟეტი, ხელს უწყობს თამბაქოს მცენარის, როგორც კულტურის (რომლის დანიშნულებაა და უპირატესობა სიუჟეტის მიხედვით სწორედ მისი მოსაწევად გამოყენებაა) მიმართ ინტერესის გაზრდას და მოწოდებასაც კი, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს მას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ გადაცემის ფარგლებში 2021 წლის 18 მაისს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ ეთერით 20:00 საათზე გასულ გადაცემაში - „მე ვარ ფერმერი“ თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებით დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის 21 პუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-82 მუხლის პირველი პუნქტი. ზემოაღნიშნული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.
კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე კომისიას არ უმსჯელია ზემოაღნიშნულ საკითხზე და საკითხის სირთულიდან გამომდინარე, საკითხისადმი ერთგვაროვანი მიდგომისა და პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს სამართალდარღვევის პრევენციას, მიზანშეწონილად მიაჩნია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად და განთავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის , მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 351 მუხლის პირველი პუნქტის, 63-ე მუხლის პირველი პუნქტის და 21 პუნქტის , 70-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და 71-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის, 82 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის 21 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 82 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კახი ბექაური
თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
