ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანასთვის“ (ს/კ 236686412) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2021 17:52
მიღების თარიღი აგვისტო 05, 2021
ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანასთვის“ (ს/კ 236686412) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში -კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№ 21-10/1344, 22.07.2021) თანახმად, 2021 წლის 21 ივლისს, დეპარტამენტის თანამშრომლები მივლინებით იმყოფებოდნენ სამცხე-ჯავახეთში ტელე და რადიო სამაუწყებლო სიხშირეებზე გეგმიური რადიომონიტორინგით გათვალისწინებული სამუშაოების ჩასატარებლად. რადიომონიტორინგის შედეგად ქ. ნინოწმინდაში დაფიქსირდა ანალოგური ტელემაუწყებლობა მე-8 სატელევიზიო არხზე (194 მჰც +/- 4 მჰც) სათანადო ლიცენზიის/სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 144¹ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით წარმოადგენს სამართალდარღვევას. საპელენგაციო სამუშაოების შედეგად დადგინდა მე-8 სატელევიზიო არხის გადამცემი სადგურის განთავსების ადგილი - ქ. ნინოწმინდა, თავისუფლების ქ. №39 და მფლობელი - ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანა“ (ს/კ 236686412). აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000343.
ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილულ იქნა კომისიის 2021 წლის 29 ივლისის და 5 აგვისტოს სხდომებზე, რის შესახებ ეცნობა ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო- ტელევიზია ფარვანას“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების გაცნობის უფლება.
კომისიის 2021 წლის 29 ივლისის სხდომაზე ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო- ტელევიზია ფარვანას“ დირექტორმა ა. ვარტანიანმა დაადასტურა ტელემაუწყებლობა სიხშირული სპექტრის გამოყენებით ლიცენზიის/სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე და განმარტა, რომ სიგნალს იღებდნენ დამალას ანძიდან, ასევე ახალქალაქიდან. გარკვეულ პერიოდში შეუწყდათ ციფრული სიგნალის მიწოდება და რომ არ დარჩენილიყვნენ აუდიტორიის გარეშე, იძილებული გახდნენ გადასულიყვნენ ანალოგურ მაუწყებლობაზე. მან, ასევე აღნიშნა, რომ დღეისათვის შეწყვეტილი აქვთ მაუწყებლობა.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№ 21-
10/1344, 22.07.2021).
2. 2021 წლის 21 ივლისს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000343.
3. კომისიის 2021 წლის 29 ივლისის სხდომაზე ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო- ტელევიზია ფარვანას“ დირექტორის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. 2021 წლის 21 ივლისს, კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მიერ ქ. ნინოწმინდაში ჩატარებული რადიომონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ ტელემაუწყებლობა მე-8 სატელევიზიო არხზე სიხშირული სპექტრის (194 მჰც +/- 4 მჰც) გამოყენებით ლიცენზიის/სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე, ქ. ნინოწმინდაში, თავისუფლების ქ. №39-ში განთავსებული გადამცემი სადგურის მეშვეობით, რაზედაც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000343.
მტკიცებულება: 2021 წლის 21 ივლისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000343; კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№ 21-10/1344, 22.07.2021).
2. 2021 წლის 21 ივლისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000343 შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნათა დაცვით. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი, კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლები ნ. კონდოლელი და გ. წიკლაური, ასევე, სამართალდამრღვევი ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ დირექტორი ალბინა ვარტანიანი. ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ ეცნობა საქმის განხილვის დრო და ადგილი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა განეკუთვნება კომისიის კომპეტენციას.
მტკიცებულება: 2021 წლის 21 ივლისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000343.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
2. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 35-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 141-ე−142-ე, 1441, 1443–1445 და 14411 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები.
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის 141-ე, 142-ე, 1441, 1443–1445 და 14411 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას ორგანო (თანამდებობის პირი) წყვეტს შემდეგ საკითხებს: 1) განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა; 2) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები; 3) ეცნობათ თუ არა საქმის განხილვის მონაწილე პირებს საქმის განხილვის დრო და ადგილი; 4) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები; 5) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, დაზარალებულის, კანონიერი წარმომადგენლების, ადვოკატის შუამდგომლობები.
7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
8. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 21 ივლისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის № 000343 ოქმის, კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№21-10/1344, 22.07.2021) და ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ დირექტორის ახსნა-განმარტების შესაბამისად, ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო- ტელევიზია ფარვანა“ ახორციელებდა ტელემაუწყებლობას სიხშირული სპექტრის გამოყენებით ლიცენზიის/სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე, რაც წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზეა სახელმწიფო რესურსის - რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება სათანადო ლიცენზიის/სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე, ამასთან, ადგილი არ აქვს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო- ტელევიზია ფარვანას“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს რადიოსიხშირული სპექტრით, როგორც მნიშვნელოვანი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის წინაპირობებს, რაც გულისხმობს დადგენილი წესით ლიცენზიის ან/და სარგებლობის მინიჭებას. შესაბამისად, სწორედ კანონმდებლობით დადგენილი წესით არის შესაძლებელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა. მულტიპლექსპლატფორმის ფუნქციონირების შეფერხება ან/და სხვა პირის მიერ შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენა არ გამორიცხავს სიხშირული რესურსით უკანონოდ სარგებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას. კომისია აღნიშნავს, რომ საეთერო მულტიპლექსპლატფორმის ფუნქციონირების შეჩერების გამო, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ ავტორიზებულ პირთან, კერძოდ, ააიპ „სამცხე- ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდთან“ დავის არსებობის შემთხვევაში, ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანა“ უფლებამოსილი იყო კომისიის 2016 წლის 30 ივნისის №5 დადგენილებით დამტკიცებული ,,ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის“ მე-9 მუხლის შესაბამისად, დავის განხილვის მიზნით საჩივრით მიემართა კომისიისთვის, რომელიც დავას განიხილავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
V. სარეზოლუციო ნაწილი
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის, 228-ე მუხლის, 260-ე, 262-ე, 264-ე, 266-ე და 273-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ (ს/კ 236686412) დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
2. ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანამ“ უზრუნველყოს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
სახაზინო კოდი - 300633251
ბ) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში წარმოდგენა.
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანასთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ).
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანასთვის“ ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი
№64) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანასთვის“ ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
6. კონტროლი გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე).
კახი ბექაური
თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
