შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2021 16:33
მიღების თარიღი ოქტომბერი 15, 2021
შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,შპს ,,კავკასუს ონლაინის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21- 18/291 გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინი“ (ს/კ 211380833) ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის და კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაევალა შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2021 წლის 20 აგვისტომდე.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N21-10-1866; 11.10.2021) ირკვევა, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინს“ სამართალდარღვევის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინს“ კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-18/291 გადაწყვეტილება კომისიის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართიდან - post@comcom.ge კომპანიის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@co.ge გაეგზავნა და ჩაბარდა 2021 წლის 27 მაისს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-18/291 გადაწყვეტილების შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის მიზნით და კომისიის სხდომა დაინიშნა 2021 წლის 15 ოქტომბერს, რის თაობაზეც კომისიის შეტყობინებით (Nგ-21-03/2891; 12.10.21) ეცნობა შპს ,,კავკასუს ონლაინს“.
კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ დირექტორი რ. კოპალაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ შპს „კავკასუს ონლაინს“ და მის ხელმძღვანელობას არ აქვს შესაძლებლობა და ბერკეტი დამოუკიდებლად შეასრულონ კომისიის გადაწყვეტილებები. მისი განცხადებით, ერთადერთი, რისი შესაძლებლობაც კომპანიას გააჩნია, არის ის, რომ ჰქონდეს დროული და შესაბამისი კომუნიკაცია რეგისტრირებულ ბენეფიციარებს შორის. ეს კომუნიკაცია განხორციელდა, თუმცა, უკუკავშირი ამ საკითხზე არ ყოფილა, რის შესახებაც კომისიას აცნობეს წერილობით.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N21-10-1866; 11.10.2021);
2. ,,შპს ,,კავკასუს ონლაინის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-18/291 გადაწყვეტილება და მისი შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ დირექტორის რ. კოპალაძის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,,კავკასუს ონლაინი“ (ს/კ 211380833) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს;
2. შპს „კავკასუს ონლაინი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის შესაბამისად, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წილის მფლობელებია: უცხოური საწარმო International Online Networks LLC, 1502554 /ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) წილის 63,8 პროცენტის მფლობელი და ნელგადო ლიმითედი, 1565890/ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) წილის 36.2 პროცენტის მფლობელი; შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული კომპანიათა მონაცემების შესახებ სერთიფიკატებით დგინდება, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წილის 63,8 პროცენტის მფლობელის უცხოური საწარმო International Online Networks LLC-ის წილის 100 პროცენტის მფლობელია კომპანია ,,ნელგადო ლიმითედი“;
4. კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N57/9 გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინი“ განისაზღვრა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე. ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, შპს ,,კავკასუს ონლაინს“, როგორც საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, დაეკისრა ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება და სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება;
5. შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის 44%-ის „ნელგადო ლიმითედის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინის“ ბოლო ბენეფიციარ მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის განზრახვის შემთხვევაში, თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი, შპს „კავკასუს ონლაინმა“ წინასწარი თანხმობის მოპოვების მიზნით უნდა აცნობოს კომისიას მოსალოდნელი ტრანზაქციის თაობაზე;
6. 2019 წლის 20 მარტს, კომისიის 2019 წლის 17 იანვრის N14/11 გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ კომისიას წერილობით (Nშ19-6/1143; 20.03.2019) აცნობა, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ პარტნიორ კომპანიაში, შპს ,,ნელგადო ლიმითედში“ განხორციელდა ფიზიკურ პირ თემური კობახიძის კუთვნილი 19.5 % წილის ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას მიერ შეძენა. შესაბამისად, ,,ნელგადო ლიმითედში“ აქციების 100 % წილის მფლობელი პარტნიორი და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ერთადერთი ბენეფიციარი მესაკუთრე გახდა ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია;
7. 2019 წლის 23 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/3523 23.08.2019), რომლის თანახმად, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ კაპიტალში 36,2 % წილის მფლობელი პარტნიორია კომპანია ,,ნელგადო ლიმითედი“ (Nelgado Ltd) რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 1565890. კომპანია ,,ნელგადო ლიმითედში“ წილების მფლობელი პარტნიორები არიან: ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია - საქართველოს მოქალაქე, ,,ნელგადო ლიმითედში“ 32506 აქციის მფლობელი და კომპანია „Weco Investments and Finance S.A.“, რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 596511. კომპანია „Weco Investments and Finance S.A.“-ის 100% წილის მფლობელი პარტნიორი არის კომპანია ,,HARRIMAN HOLDINGS LTD”, რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 379092. კომპანია ,,HARRIMAN HOLDINGS LTD”-ი კომპანია „Weco Investments and Finance S.A.“-ში წილებს ფლობს ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის (აზერბაიჯანის მოქალაქე) სასარგელოდ ტრასტის საფუძველზე. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ კაპიტალში 63,8% წილის მფლობელი პარტნიორია კომპანია ,,ინთერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდ“ (International Online Network), რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სარეგისტრაციო ნომრით 1502554. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია, დაახლოებით 51 % წილის მფლობელი (32506 აქცია) და ფიზიკური პირი ნასიბ ჰასანოვი, დაახლოებით 49% წილის მფლობელი (31230 აქცია);
8. შპს „კავკასუს ონლაინს“, მისი ბენეფიციარი მესაკუთრის წილის შეძენის განზრახვის შესახებ ინფორმაცია შეძენის განხორციელებამდე კომისიაში არ წარმოუდგენია და შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობა არ მიუღია, რის გამოც კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605 გადაწყვეტილებით მას მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 26-ე მუხლისა და კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაევალა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის (31230 აქცია) ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში.
9. 2019 წლის 17 ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში, სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიმართ რამდენჯერმე იქნა გამოყენებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა. კერძოდ, კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87, 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320, 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/527 და 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-18/652 გადაწყვეტილებებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაეკისრა ჯარიმები, ხოლო 2020 წლის პირველი ოქტომბრის Nგ-20-18/747 გადაწყვეტილებით კომისიამ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის შესაბამისად დანიშნა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველი კომისიის მიერ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით;
10. შპს „კავკასუს ონლაინმა“ 2021 წლის 22 მარტს კომისიაში წარმოადგინა წერილი (Nშ-21-6/1371), რომლითაც ირკვევა, რომ კომპანიამ შეცვალა ბენეფიციარი მესაკუთრეები, კერძოდ, კომპანიის 49% წილის უკანონოდ გასხვისების შემდეგ, ასევე უკანონოდ გასხვისდა შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის მფლობელ კომპანიაში „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკური პირის ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი 51% წილი, კომპანია „Weco Investments and Finance S.A“-ს სასარგებლოდ, რომლის ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრე, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2021 წლის 22 მარტის წერილზე თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით, არის ფიზიკური პირი ნასიბ ჰასანოვი. შპს „კავკასუს ონლაინს“, მისი ბენეფიციარი მესაკუთრის წილის გასხვისების განზრახვის შესახებ ინფორმაცია წილის გასხვისებამდე კომისიაში არ წარმოუდგენია და წილის სხვა პირის მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობა არ მიუღია, რის გამოც კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-18/291 გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინი“ (ს/კ 211380833) ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის და კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N677/11 გადაწყვეტილების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაევალა შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 2021 წლის 20 აგვისტომდე, რაც შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ არ შეასრულა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, ხოლო მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ- ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ33“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულება არის ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა, რომელსაც შეუძლია უშუალო გავლენა მოახდინოს მათ შორის გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება, კერძოდ, ურთიერთობები, რომელთა დროსაც: პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი თანამდებობრივი მდგომარეობით ექვემდებარება მეორე პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; პირები არიან ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან (ამ კანონის მიზნებისთვის ნათესავებად ითვლებიან: ოჯახის წევრები, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავები, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები);
6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთი მიზანია რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება, ხოლო მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაციის გარდა, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება: ა) ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) ორი ან ორზე მეტი პირის, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია, შერწყმის შედეგად გაერთიანება; გ) ავტორიზებული პირის წილის ან აქ[ციების შეძენა, რის შედეგადაც შემძენი პირის მფლობელობაში ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი აღმოჩნდება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა;
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად, კომისია ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით, 2026 წლის 1 იანვრამდე შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება ამ კანონით გათვალისწინებული ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის წილის ან აქციების ან/და აქტივების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეძენა ან იმ პირთა შერწყმა, რომელთაგან ერთი მაინც არის ამ პუნქტით განსაზღვრული პირი, ხოლო მეორე არ არის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა აღნიშნული ოპერაცია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაცია;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;
10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი სტრუქტურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა);
12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
14. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან დასტურდება, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინს“ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის არ აქვს წარმოდგენილი ჩადენილი სამართალდარღვევის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რითაც მის მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-18/291 გადაწყვეტილება.
იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-18/291 გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინი“ ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად, თუმცა მას არ დაკისრებია პასუხისმგებლობა, ასევე ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინს“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-18/291 გადაწყვეტილების დარღვევის გამო უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ ელექტრონული კომუნიკაციები სფეროში საქმიანობა რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით, კერძოდ, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით. კომისიის, როგორც აღნიშნულ სფეროში საქმიანობაზე ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილება ვრცელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებზე და კანონის მოთხოვნების აღსრულების უზრუნველმყოფი ბერკეტი კომისიას გააჩნია უშუალოდ ავტორიზებულ პირებთან მიმართებით, რომლებიც ვალდებული არიან დაიცვან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის გადაწყვეტილებები.
შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ იდენტური სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე კომპანიის მიმართ 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-1918/697, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87, 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320, 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/527 და 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-18/652 გადაწყვეტილებების მიღებისას, კომისიამ დაადგინა, რომ კომპანიის წილის 49%-ის გასხვისების უკანონო ტრანზაქციის შედეგად უკვე დადგა ზიანის მიყენების რეალური საფრთხე, როგორც თავად საქართველოში ინტერნეტ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტუნარიანი გარემოსთვის, საქართველოში ინტერნეტ მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებლებისთვის, მომსახურების სატარიფო პოლიტიკის თვალსაზრისით, ასევე, საქართველოს რეგიონალური კონკურენტუნარიანობისთვის, საქართველოში რეგიონალური ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის კონტექსტში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის ბენეფიციარ მესაკუთრეთა ცვლილების დროს, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მომსახურების მიწოდების სტრატეგიამ შესაძლებელია განიცადოს მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებმაც შეიძლება არსებითი, შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს ქვეყნის სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი და მისსავე რეგულირების სფეროში დაქვემდებარებული კომპანიაა, რომელიც არის სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე. შპს ,,კავკასუს ონლაინი“ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც პირდაპირი მაგისტრალური ინფრასტრუქტურით აკავშირებს ჯერ საქართველოს, შემდეგ რეგიონის 2 ქვეყანას და სხვა ქვეყნებს ევროპასთან და რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე შეიცვალა კანონმდებლობის დარღვევით. შპს „კავკასუს ონლაინისგან“ გლობალური ინტერნეტის შესყიდვას საქართველოში ახორციელებენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და შემდგომ საცალო ინტერნეტს აწვდიან მომხმარებლებს, მათ შორის, სხვადასხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს და სახელმწიფო უწყებებს (ჯამში დაახლოებით 2.5 მილიონზე მეტი საცალო აბონენტი).
შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ 49% წილის უკანონოდ გასხვისების შემდეგ, ასევე უკანონოდ გაასხვისა წილის 51 პროცენტი. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი 51 პროცენტი წილის უკანონო გასხვისების შედეგად, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წილის 100 პროცენტის მფლობელი გახდა ფიზიკური პირი ნასიბ ჰასანოვი, რაც კიდევ უფრო ზრდის მის უფლებამოსილებებს შპს „კავკასუს ონლაინში“ და შესაბამისად, ამჯერად უკვე კომპანიის 100%-ის უკანონოდ შეძენა კიდევ უფრო ზრდის რისკებს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგიონული კონკურენტუნარიანობის შესუსტებისა.
შესაბამისად, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ უნდა დაევალოს შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტების, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების, 45-ე მუხლის, 64-ე მუხლის 21-ე პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,კავკასუს ონლაინს“ (ს/კ 211380833) მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-18/291 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
2. დაევალოს შპს ,,კავკასუს ონლაინს“ შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
