წვდომის მენიუ

შპს „დატანეტისთის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-21-18 / 571

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2021 16:42

მიღების თარიღი ოქტომბერი 15, 2021

შპს „დატანეტისთის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის  მოხსენებითი  ბარათის    (N21-10-1755,    27/09/2021) საფუძველზე, „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული     კომისიის     საქმიანობის მარეგულირებელი  წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს     „დატანეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების დარღვევის  გამო.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N 21-10-1755,   27/09/2021) ირკვევა,   რომ   კომისიის   აპარატის   სამართლებრივი   დეპარტამანეტის ავტორიზებისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გამოვლინდა, რომ შპს „დატანეტმა“ (ს/კ405473376) 2021 წლის 25 აგვისტოს განახორციელა იურიდიული მისამართის ცვლილება, რის შესახებაც არ ეცნობა კომისიას. კერძოდ, კომისიის უწყებრივი რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (B21073193, 20/07/2021) თანახმად, 2021 წლის 20 ივლისის მდგომარეობით შპს „დატანეტის“ იურიდიულ მისამართად ფიქსირდებოდა საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ი. აბაშიძის ქუჩა, N38, ბინა 33, ხოლო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (B21085988, 25/08/2021) თანახმად, 2021 წლის 25 აგვისტოდან შპს „დატანეტის“ იურიდიულ მისამართად დაფიქსირებულია საქართველო, ქ. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, N 98.

შპს „დატანეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 7 ოქტომბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა შეტყობინებით. შეტყობინებით (Nგ-21-03/2801, 01/10/2021), შპს „დატანეტი“ მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2021 წლის 7 ოქტომბრის სხდომა არ შედგა კვორუმის არარსებობის გამო. შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2021 წლის 15 ოქტომბერი, 15:00 საათი, რის შესახებაც შეტყობინებით (N გ-21-03/2877, 11/10/2021) ეცნობა შპს „დატანეტს“.

კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „დატანეტის“ წარმომადგენელი გ.ტრაპაიძე, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიის მფლობელიც და დირექტორიც არიან უცხოელები, მალაიზიის მოქალაქეები. ყველანაირად ცდილობდნენ, რომ კანონმდებლობა არ დაერღვიათ. ფიზიკურად მისამართის ცვლილების შემდეგ შეცვალეს იურიდიული მისამართი, თუმცა გამორჩათ კომისიისთვის შეტყობინება, რისთვისაც ბოდიშს იხდიან და მომართავენ კომისიას თხოვნით, გამოიყენოს სანქციის მინიმალური სახე - გაფრთხილება.

II.  გამოკვლეული მტკიცებულებები

1.   კომისიის  აპარატის  სამართლებრივი  დეპარტამენტის  მოხსენებითი  ბარათი  (N21-10- 1755, 27/09/2021) თანდართული მასალით;

2.   შპს  „დატანეტისთვის“   გაგზავნილი შეტყობინება    (Nგ-21-03/2801,    01/10/2021) კომისიის2021  წლის   7 ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

3. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან   (B21073193,    20/07/2021 და    B21085988,    25/08/2021)    და    კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „დატანეტის“ შესახებ მონაცემები;

4.   შპს „დატანეტისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება  (Nგ-21-03/2877,  11/10/2021)  კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

5.   შპს „დატანეტის“ წარმომადგენლის გ. ტრაპაიძის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე.

III.   დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „დატანეტი“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი. შესაბამისად, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები.

2.   შპს  „დატანეტს“  კომისიისათვის  არ უცნობებია კომპანიის  იურიდიული  მისამართის ცვლილება, რომელიც განახორციელა 2021 წლის 25 აგვისტოს. კერძოდ, კომისიის უწყებრივი რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (B21073193, 20/07/2021) თანახმად, 2021 წლის 20 ივლისის მდგომარეობით შპს „დატანეტის“ იურიდიულ მისამართად ფიქსირდებოდა საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ი. აბაშიძის ქუჩა, N38, ბინა 33, ხოლო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (B21085988, 25/08/2021) თანახმად, 2021 წლის 25 აგვისტოდან შპს „დატანეტის“ იურიდიულ მისამართად დაფიქსირებულია საქართველო, ქ. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, N 98.

3. შპს „დატანეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  ავტორიზებულ   პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  საქართველოს  კანონმდებლობის, მათ   შორის,  კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით   განსაზღვრული  მოთხოვნებისა  და  ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია   ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს  იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად,  ავტორიზებული პირის   მიერ  ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საფირმო სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, იურიდიული მისამართის (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემების, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელის და გვარის ცვლილების შემთხვევაში კომპანიამ კომისიას წერილობით უნდა აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები. შესაბამისად, შპს „დატანეტის“ მიერ იურიდიული მისამართის ცვლილების რეგისტრაციიდან, კანონით განსაზღვრულ 7 სამუშაო დღიან ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის   წარმოუდგენლობით    დარღვეულ    იქნა    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტები. ზემოაღნიშნული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, ავტორიზებული პირის   სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან  ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა იგივე/მსგავს დარღვევას, შპს „დატანეტი“  წერილობით უნდა გაფრთხილდეს.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მესამე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის   „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების,

43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   შპს „დატანეტს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო.

2.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „დატანეტისთვის“ ჩაბარების დღიდან.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს  „დატანეტისთვის“ გადაწყვეტილების    დამოწმებული    ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

4. დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (მ.გამჯაშვილი)  წინამდებარე გადაწყვეტილების  შპს „დატანეტისთვის“    გაგზავნა და კომისიის  ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილების  შესრულებაზე  კონტროლი  (გარდა  მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტის (ი. ბუთბაია).

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე

წევრი

ვახტანგ აბაშიძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები