წვდომის მენიუ

შპს „ეარნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-21-18 / 572

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2021 16:47

მიღების თარიღი ოქტომბერი 15, 2021

შპს „ეარნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N21-10-1755, 27/09/2021) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „კორპორაცია რედნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების დარღვევის  გამო.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N21-10-1755, 27/09/2021) ირკვევა, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამანეტის ავტორიზებისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გამოვლინდა, რომ შპს „ეარნეტმა“ (ს/კ437058103) 2020 წლის 22 დეკემბერს   განახორციელა დამფუძნებლის ცვლილება, კერძოდ თემურ კაკრიაშვილმა თავისი კუთვნილი 33%-იანი წილიდან   16,5% გაასხვისა ლაშა ტუღუშის და 16,5% შოთა მიქაძის სასარგებლოდ. თანხმობა წილის გასხვისების თაობაზე კომპანიას მიღებული აქვს კომისიის 2020 წლის 10 დეკემბრის Nგ-20-11/900 გადაწყვეტილებით. განხორციელებული ცვლილებების შესახებ არ აცნობა კომისიას.

ასევე, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2020 წლის 10 დეკემბრის Nგ-20-11/900 გადაწყვეტილებით შპს „ეარნეტს“ განემარტა, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ეარნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

შპს „ეარნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 7 ოქტომბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას   ეცნობა   შეტყობინებით   (Nგ-21-03/2800,  01/10/2021).   შეტყობინებით,   შპს „ეარნეტი“ მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიაში 2021 წლის 4 ოქტომბერს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4428, 04.10.2021) შემოვიდა შპს „ეარნეტის“ წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „ეარნეტში“ განხორციელებული წილის ცვლილების შესახებ შეტყობინება, როგორც ჩანს არ მივიდა ადრესატამდე, ელ. ფოსტის სერვისზე მათი მხრიდან, ან ადრესატის მხარეს იმ დროისთვის არსებული სავარაუდო ტექნიკური გაუმართაობის გამო. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ გაგზავნილ მეილზე შეცდომა არ დაბრუნებიათ. მზად არიან თავიდან გამოაგზავნონ წილის გასხვისების შესახებ ინფორმირების წერილი. ასევე, ვინაიდან იმ დროს კომუნიკაცია მხოლოდ ონლაინ მიმდინარეობდა, ფოსტის მომსახურებით სარგებლობის საჭიროება არ განუხილიათ. ასევე, რადგან წესების სრული დაცვით და თანხმობის მიღებიდან მალევე მოახდინეს რეესტრში ცვლილების რეგისტრაცია, ცხადია წინ არაფერი ედგა ამ მარტივი მეილის გაგზავნას. შპს „ეარნეტი“ ითხოვს ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებას და აღნიშნავს, რომ მათი მხრიდან ვადები დაცული იყო. სამწუხაროდ მოხდა სავარაუდო ტექნიკური ხარვეზი და მათ ახლა, თითქმის ერთი წლის შემდეგ გაიგეს, რომ ზემოაღნიშნული მეილი არ მისულა ადრესატამდე. წერილში წუხილს გამოთქვამენ აღნიშნულის გამო, და მზად არიან დადასტურებული მეილი ხელახლა გამოაგზავნონ.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2021 წლის 5 ოქტომბერს შემოვიდა შპს „ეარნეტის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4459, 05.10.2021), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიაში აგზავნიან წერილს, რომელიც 2020 წლის 24 დეკემბერს შეიქმნა და გამოიგზავნა. ასევე, წერილში აღნიშნულია, რომ  სხვა მტკიცებულება არ გააჩნიათ.

კომისიის 2021 წლის 7 ოქტომბრის სხდომა არ შედგა კვორუმის არარსებობის გამო. შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2021 წლის 15 ოქტომბერი,  15:00  საათი,  რის   შესახებაც   შეტყობინებით  (N  გ-21-03/2874,  11/10/2021) ეცნობა შპს „ეარნეტს“.

 კომისიის 2021 წლის 15    ოქტომბრის სხდომაზე  გამოცხადდა შპს „ეარნეტის“ წარმომადგენელი შ.მიქაძე, რომელმაც განაცხადა, რომ იზიარებენ კომისიის შენიშვნას. გადაამოწმეს თავის მხრივ, დოკუმენტი ნამდვილად შექმნილი ჰქონდათ, მაგრამ წერილის გამოგზავნის ჩანაწერი ვერ იპოვეს. მისი თქმით, სავარაუდოდ, ამ წერილის გადმოგზავნის მომენტში ან უყურადღებობა გამოიჩინეს, ან ქსელის გაუმართავობას ჰქონდა ადგილი. შპს „ეარნეტის“ წამომადგენელმა აღიარა შეცდომა, ბოდიში მოიხადა შექმნილი პრობლემის გამო.

 II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1.   კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N21-10-1755, 27/09/2021) თანდართული მასალით.

2.   „შპს „ეარნეტის“ (ს/კ 437058103) წილის 16,5%-ის ფიზიკურ პირ შოთა მიქაძის და 16,5%- ის ფიზიკურ პირ ლაშა ტუღუშის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიის 2020 წლის 10 დეკემბრის Nგ-20-11/900 გადაწყვეტილება;

3.  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან  (B19130063, 19/11/2019 და B20105358,  22/12/2020)    და    კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ეარნეტის“ შესახებ მონაცემები.

4.   შპს „ეარნეტისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-21-03/2800, 01/10/2021) კომისიის 2021 წლის 7 ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

5.   შპს „ეარნეტის“ წერილები (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4428, 04.10.2021 და Nშ- 21-6/4459, 05.10.2021) თანდართული დოკუმენტაციით;

6.   შპს „ეარნეტისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (N გ-21-03/2874, 11/10/2021) კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

7.   შპს „ეარნეტის“ წარმომადგენლის შ.მიქაძის მიერ  კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III.  დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1.   შპს „ეარნეტი“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი. შესაბამისად, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი  კანონმდებლობით,    მათ    შორის,    კომისიის    დადგენილებებითა    და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები.

2.   „შპს „ეარნეტის“ (ს/კ 437058103) წილის 16,5%-ის ფიზიკურ პირ შოთა მიქაძის და 16,5%- ის ფიზიკურ პირ ლაშა ტუღუშის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის  შესახებ“ კომისიის 2020 წლის 10  დეკემბრის Nგ-20-11/900 გადაწყვეტილებით შპს „ეარნეტს“ (ს/კ 437058103) მიეცა თანხმობა შპს „ეარნეტის“ (ს/კ 437058103) წილის 16,5%-ის ფიზიკურ პირ შოთა მიქაძის და 16,5%-ის ფიზიკურ პირ ლაშა ტუღუშის მიერ შეძენაზე; ამავე გადაწყვეტილებით შპს „ეარნეტს“ განემარტა, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ეარნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. კომისიის   აპარატის   სამართლებრივი   დეპარტამანეტის   ავტორიზებისა   და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გამოვლინდა, რომ შპს „ეარნეტმა“ (ს/კ437058103) 2020 წლის 22 დეკემბერს   განახორციელა დამფუძნებლის ცვლილება, კერძოდ თემურ კაკრიაშვილმა თავისი კუთვნილი 33%-იანი წილიდან 16,5% გაასხვისა ლაშა ტუღუშის და 16,5% შოთა მიქაძის სასარგებლოდ (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან B20105358,

22/12/2020); შპს „ეარნეტს“ წილის მფლობელთა ცვლილების   რეგისტრაციიდან, კანონით განსაზღვრულ 7 სამუშაო დღის ვადაში ინფორმაცია/დოკუმენტაცია კომისიისთვის არ  წარმოუდგენია;

4. შპს „ეარნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების   შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის  არც ერთი სახე  მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად  ახორციელებს    ავტორიზებული  პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით  ან/და  ნუმერაციის რესურსით  სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი  სანქციების  დაკისრებას.  ამავე  მუხლის  მე-3  პუნქტის  „ზ“  ქვეპუნქტის მიხედვით, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის   დადგენილებებითა   და   გადაწყვეტილებებით   განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის   შესაბამისად,   ავტორიზებულ   პირთა   მიერ   ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  საქართველოს  კანონმდებლობის,  მათ  შორის,  კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

4.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის   „ბ“    ქვეპუნქტის    შესაბამისად,    ავტორიზებული    პირი    ვალდებულია შეასრულოს   ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში        საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

5.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

6.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს   იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული   მისამართი    (ადგილსამყოფელი),    მეწარმეთა    და    არასამეწარმეო (არაკომერციული)    იურიდიული    პირების    რეესტრში    რეგისტრაციის    შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების,  დარღვევის  ან/და  ლიცენზიის  მფლობელის  მიერ  სალიცენზიო პირობების     დარღვევის     შემთხვევაში     კომისია     უფლებამოსილია     დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

9.   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,  ავტორიზებული  პირი  ვალდებულია,  წილის  ან  აქციების  მფლობელთა ცვლილების  თაობაზე  7  სამუშაო  დღის  ვადაში  შეატყობინოს  კომისიას,  რომელსაც  ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში. კომისია აქვე განმარტავს, რომ შპს „ეარნეტის“ მიერ კომისიაში მტკიცებულების სახით, 2020 წლის 24 დეკემბრით დათარიღებული   წერილის    წარმოდგენა,    ვერ    ადასტურებს    აღნიშნული    წერილის კომისიაში გამოგზავნის ფაქტს. შესაბამისად, შპს „ეარნეტის“ მიერ, წილის მფლობელთა ცვლილების    რეგისტრაციიდან,   კანონით   განსაზღვრულ   7   სამუშაო   დღის   ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის  წარმოუდგენლობით  დარღვეულ  იქნა  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტები. ზემოაღნიშნული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის   45-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის    შესაბამისად,   ავტორიზებული   პირის სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან  ბოლო ერთი წლის   განმავლობაში   ადგილი   არ   ჰქონდა   იგივე/მსგავს   დარღვევას,   შპს   „ეარნეტი“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე,   99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მესამე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    შპს „ეარნეტს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

2. გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  მისი  დამოწმებული  ასლის  შპს  „ეარნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;

3.  გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი,  №64) შპს „ეარნეტისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

 

4.    დაევალოს   კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციას   (მ.გამჯაშვილი)   წინამდებარე გადაწყვეტილების   შპს    „ეარნეტისთვის“    გაგზავნა    და    კომისიის    ოფიციალურ ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5.  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  კონტროლი  (გარდა  მე-4  პუნქტისა)    დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები