წვდომის მენიუ

შპს „ბრეძას“ (ს/კ440886926) სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-21-18 / 573

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2021 16:52

მიღების თარიღი ოქტომბერი 15, 2021

შპს „ბრეძას“ (ს/კ440886926) სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 21-10-1755, 27/09/2021) საფუძველზე კომისიაში  დაიწყო             ადმინისტრაციული წარმოება შპს

„ბრეძასთვის“   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ)  ქვეპუნქტების, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაძლო დარღვევის გამო, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 7 ოქტომბერს,

15:00 საათზე, რის შესახებ კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით. შეტყობინებით (Nგ-21-03/2803, 01/10/2021) მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N 21-10-1755,   27/09/2021) ირკვევა,   რომ   კომისიის   აპარატის   სამართლებრივი   დეპარტამანეტის ავტორიზებისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გამოვლინდა, რომ შპს „ბრეძამ“ (ს/კ440886926) 2021 წლის 17 ივნისს (ამონაწერი თან ერთვის) განახორციელა დირექტორის და დამფუძნებლის ცვლილება, კერძოდ, შალიკო მეყანწიშვილის ნაცვლად დირექტორად და 100%-იანი წილის მფლობელად განისაზღვრა ელიკო მეყანწიშვილი. აღნიშნული ტრანზაქციის განსახორციელებლად კომისიისგან წინასწარი თანხმობა არ აქვს მიღებული. განხორციელებული ცვლილებების შესახებ არ აცნობა კომისიას.

კომისიაში 2021 წლის 6 ოქტომბერს შემოვიდა შპს „ბრეძას“ დირექტორის ელიკო მეყანწიშვილის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/4481, 06.10.2021), რომელშიც აღნიშნულია, რომ მისი შვილის შალიკო მეყანწიშვილის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ, მემკვიდრეობით გადაეცა კომპანია და დაინიშნა   შპს „ბრეძას“ დირექტორად. წერილის თანახმად, მან არ იცოდა, რომ უნდა ეცნობებინა კომისიისთვის აღნიშნულის თაობაზე, რისთვისაც იხდის ბოდიშს. ასევე, ითხოვს კომისიამ გაითვალისწინოს მისი მდგომარეობა, ის ვერ დაესრება კომისიის 2021 წლის 7 ოქტომბრის სხდომას და ითხოვს საკითხის მის დაუსწრებლად განხილვას.

კომისიის 2021 წლის 7 ოქტომბრის სხდომა არ შედგა კვორუმის არარსებობის გამო. შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2021 წლის 15 ოქტომბერი, 15:00 საათი, რის შესახებაც შეტყობინებით (N გ-21-03/2879, 11/10/2021) ეცნობა შპს „ბრეძას“.

კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ბრეძას“ წარმომადგენელი. კომპანიას არ წარმოუდგენია წერილობითი შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე. შპს „ბრეძასთვის“ შეტყობინების გაგზავნით კომისიამ შეასრულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და უფლებამოსილია საკითხი განიხილოს შპს „ბრეძას“ დაუსწრებლად.

კომისიის აპარატის  სატელეკომუნიკაციო  ბაზრების რეგულირების    დეპარტამენტის სამსახურებრივი  ბარათის  (N21-10-1841,  06/10/2021)  შესაბამისად,  შპს  „ბრეძას“  წილის შეძენა ვერ მოახდენდა რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე   და   აღნიშნული   ტრანზაქცია   შეიძლება   მიჩნეულ   იქნეს   თავსებადად ელექტრონულ      საკომუნიკაციო  ბაზარზე არსებულ  კონკურენტულ      გარემოსთან. სატელეკომუნიკაციო   ბაზრის   რეგულირების   დეპარტამენტის   დასკვნით,   არ   დგება   ის აუცილებელი   გარემოებები,   რომლის   თანახმადაც,   საჭირო   იქნება   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  კანონის  27-ე  მუხლის  შესაბამისად,  შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1.   კომისიის  აპარატის  სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 21-10-1755, 27/09/2021) თანდართული დოკუმენტაციით;

2. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-1841, 06/10/2021).

3.  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (B16160445, 28/11/2016 და B21061190, 17/06/2021) და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერი შპს „ბრეძას“ შესახებ;

4.   კომისიის შეტყობინება (Nგ-21-03/2803, 01/10/2021) შპს „ბრეძას“ კომისიის 2021 წლის 7 ოქტომბრის სხდომის თაობაზე;

5.   შპს „ბრეძას“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/4481, 06.10.2021);

6.   სსიპ  ,,საჯარო  რეესტრის  ეროვნული  სააგენტოს“  ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული  შპს „ბრეძას“ დირექტორისა და 100 % წილის მფლობელის ელიკო მეყანწიშვილის განცხადება სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ (B21061190/1 17 ივნისი 2021) თანდართული დოკუმენტაციით და მისი მიღების ბარათი (B21061190/2 17 ივნისი 2021);

7.   კომისიის შეტყობინება (N გ-21-03/2879, 11/10/2021) შპს „ბრეძას“ კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის სხდომის თაობაზე.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.  შშპს „ბრეძა“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. შესაბამისად, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ის ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს  მთავრობის  დადგენილებები,  აგრეთვე  კომისიის  დადგენილებები  და გადაწყვეტილებები.

2.   შპს „ბრეძამ“ (ს/კ440886926) 2021 წლის 17 ივნისს (B21061190, 17/06/2021) განახორციელა დირექტორის და დამფუძნებლის ცვლილება, კერძოდ შალიკო მეყანწიშვილის ნაცვლად დირექტორად და 100%-იანი წილის მფლობელად განისაზღვრა ელიკო მეყანწიშვილი. განხორციელებული ცვლილების შესახებ შპს „ბრეძას“ კომისიისთვის არ უცნობებია. ასევე, შპს „ბრეძას“ წილის შეძენის განზრახვის შესახებ ინფორმაცია წინასწარ, შეძენის განხორციელებამდე, კომისიაში არ წარმოუდგენია და კომისიისაგან წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობა არ მიუღია;

3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების მიხედვით, ფიზიკური პირი ელიკო მეყანწიშვილი შპს ,,ბრეძას“ 100 % წილის მფლობელი და დირექტორი გახდა წილის მფლობელის გარდაცვალების გამო,   წილის მემკვიდრეობით მიღების საფუძველზე;

4. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 21-10-1841, 06/10/2021) შესაბამისად, შპს „ბრეძას“ (ს/კ440886926)  წილის შეძენა  ვერ  მოახდენდა რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ  იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე  არსებულ კონკურენტულ  გარემოსთან.  სატელეკომუნიკაციო ბაზრის  რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით,  არ დგება  ის აუცილებელი გარემოებები,  რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“ საქართველოს კანონის  27-ე  მუხლის   შესაბამისად,  შეძენის  გამოკვლევის     მიზნით  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

5.   შპს „ბრეძას“  (ს/კ440886926) მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით         გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

 IV.  სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

 1.   ,,ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ”   საქართველოს   კანონის    მე-11   მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული  უფლებამოსილებების    ფარგლებში    ამავე   კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

2.   ,,ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  მე-11  მუხლის  მე-3 პუნქტის ზ)    ქვეპუნქტის    თანახმად,    კომისია    უფლებამოსილია     ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში    საქმიანობის    ავტორიზებისა    და    სალიცენზიო    ან/და სანებართვო  პირობების    დაცვაზე    განახორციელოს    ზედამხედველობა    და    მათი დარღვევისას   გაატაროს   კანონით   გათვალისწინებული   ღონისძიებები,   ხოლო   43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ  საქმიანობას,    ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის  დადგენილებებითა  და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა  და  ვალდებულებების შესრულებას.   ამავე  კანონის   44-ე   მუხლის პირველი  პუნქტის    შესაბამისად,  ავტორიზებულ  პირთა მიერ    ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში  საქართველოს   კანონმდებლობის,  მათ  შორის,  კომისიის დადგენილებებითა  და    გადაწყვეტილებებით    განსაზღვრული    მოთხოვნებისა    და ვალდებულებების  შესრულების  მონიტორინგს  კომისია   ახორციელებს  მუდმივად  და სისტემატურად.

3.  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; გ)ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში; მ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.

4.  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ)   ქვეპუნქტის     შესაბამისად,  იურიდიული  პირის მიერ   დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი  (ადგილსამყოფელი),   მეწარმეთა  და  არასამეწარმეო  (არაკომერციული) იურიდიული   პირების რეესტრში     რეგისტრაციის  შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.

5.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება: ა)თუ ხდება ავტორიზებული პირის    საოპერაციო    აქტივის    შეძენა;    ბ)თუ    შერწყმის    შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია; გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26- ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ      (აფილირებულ)      პირთა      მიერ      ერთობლივად      ხდება ავტორიზებული  პირის  5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა.

6. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  26-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის     შესახებ    კომისიას   უნდა ეცნობოს    შერწყმის    ან    შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

7.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული  (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ)შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.

8. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის 27-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა   შერწყმაზე  ან   შეძენაზე  ან  ბაზრის შესაბამის    სეგმენტზე  არსებულ კონკურენციაზე  შესაძლო   გავლენის  მოხდენის დადგენის      მიზნით  მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი  სტრუქტურული    ერთეულების    ცალკე    იურიდიულ    პირად/პირებად გამოყოფა).

9.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის   შესაბამისად,  ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ  შორის,  კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით   განსაზღვრული   მოთხოვნებისა   და   ვალდებულებების დარღვევის ან/და  ლიცენზიის მფლობელის მიერ      სალიცენზიო    პირობების დარღვევის  შემთხვევაში,  კომისია  უფლებამოსილია  დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს,  ხოლო  დენადი  ხასიათის  დარღვევის  კომისიის  გადაწყვეტილებით განსაზღვრულ   ვადაში   აღმოუფხვრელობის   ან   ერთი   წლის   განმავლობაში   ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ბრეძას“ წილის შეძენის (წილის მფლობელის      ცვლილების) განზრახვის    შესახებ    ინფორმაციის    წინასწარ,    შეძენის    (100%    წილის    მფლობელის ცვლილების) განხორციელებამდე კომისიაში წარმოუდგენლობით და წილის მფლობელისა და   დირექტორის   ცვლილების   შესახებ   ინფორმაციისა   და   სათანადო   დოკუმენტაციის ცვლილებების       რეგისტრაციიდან  7  სამუშაო დღის   ვადაში კომისიისთვის წარმოუდგენლობით    შპს   „ბრეძას“   (ს/კ440886926)   მიერ    დაირღვა   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტები და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის წინასწარი თანხმობა სავალდებულოა, როდესაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაყიდვის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები, მათ შორის, მოსთხოვოს წილის გასხვისებამდე  არსებული     მდგომარეობის  აღდგენა.  კომისიის  მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში ან/და ასევე წილის ან აქციების  გასხვისებით  შესაძლებელია  თუ  არა  ელექტრონული  საკომუნიკაციო  ბაზრის კონკურენტუნარიანობას  მიადგეს საფრთხე. ამასთან, კომისია აღნიშნავს იმასაც, რომ არ არის აუცილებელი დადგენილი იყოს კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების უტყუარობა, არამედ კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები (მათ შორის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული წილის ან აქციების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა). იმას თუ რამდენად რეალურია საფრთხე და საერთოდ არსებობს თუ არა საფრთხე ავტორიზებული პირის წილის ან აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისებით დაზიანდეს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს წილის ან აქციების გასხვისებაში მონაწილე ავტორიზებული პირ(ებ)ის საქმიანობის არეალი, საბაზრო წილი, აბონენტების რაოდენობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების    დეპარტამენტის    შესწავლით    (სამსახურებრივი    ბარათი    N21-10-1841, 06/10/2021) ირკვევა, რომ შპს „ბრეძას“  (ს/კ440886926) წილის შეძენა ვერ მოახდენდა რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული  კომუნიკაციების    შესახებ“    საქართველოს    კანონის    27- ე    მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

კომისია ასევე, ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების მიხედვით, ფიზიკური პირი ელიკო მეყანწიშვილი შპს ,,ბრეძას“ 100 % წილის მფლობელი და დირექტორი გახდა წილის მფლობელის გარდაცვალების გამო,  წილის მემკვიდრეობით მიღების საფუძველზე, რაც დასტურდება სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული შპს ,,ბრეძას“ 100% წილის მფლობელისა და დირექტორის ელიკო მეყანწიშვილის განცხადებით  (B21061190/1, 17  ივნისი  2021)  და  მისი  მიღების  ბარათით  (B21061190/2 ,17 ივნისი 2021). აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შპს ,,ბრეძასთვის“ წილობრივი მფლობელობის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გამოირიცხება   და ობიექტურად შეუძლებელია ბაზარზე კონკურენტული გარემოსთვის ზიანის მიყენების საფრთხის არსებობის შემთხვევაშიც კი.

კომისია იღებს რა მხედველობაში იმ გარემოებას, რომ ფიზიკური პირი ელიკო მეყანწიშვილი შპს ,,ბრეძას“ წილის 100 %-ის მფლობელი გახდა მემკვიდრეობის საფუძველზე  და ამასთანავე,  კომისიის  ავტორიზებულ   პირთა   უწყებრივი   მონაცემების  მიხედვით  ბოლო ერთი წლის განმავლობაში  არ გამოყენებულა ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის არცერთი  სახე მსგავსი/იდენტური დარღვევისთვის, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ბრეძა“ ცნობილ უნდა იქნეს სამართალდამრღვევად  ,,ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტების, 26-ე მუხლების პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო  და გათავისუფლდეს        ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის ბრალის ხარისხი,  ქონებრივი      მდგომარეობა,  პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლით რეგლამენტირებულია კონკრეტული, ამომწურავი შემთხვევები, რაც შეიძლება ჩაითვალოს დამამძიმებელ გარემოებებად, რომლებსაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება შემამსუბუქებელ გარემოებებს, მათი ჩამონათვალი 34-ე მუხლით ამომწურავი არ არის და ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ბრეძას“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწევა ის მიზანი, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით, საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე,  99-ე მუხლების,   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ), გ) და მ) ქვეპუნქტების, 25-ე, 26-ე, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების,

,,საქართველოს    ადმინისტრაციულ    სამართალდარღვევათა    კოდექსის“    23-ე    და 33-ე მუხლების,   საქართველოს   კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის   ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შპს  „ბრეძა“    (ს/კ440886926)  ცნობილ  იქნას  სამართალდამრღვევად   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო.

2. შპს „ბრეძა“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;

3. გადაწყვეტილება ძალაში  შედის  გადაწყვეტილების    დამოწმებული  ასლის  შპს „ბრეძასთვის“ ჩაბარების დღიდან.

4.  გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ.თბილისის   საქალაქო   სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)  შპს „ბრეძასთვის“  გადაწყვეტილების     დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას  (მ. გამჯაშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ბრეძასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6. კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   (მე-5   პუნქტის   გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

ეკატერინე იმედაძე 

წევრი

ნათია კუკულაძე

წევრი

ვახტანგ აბაშიძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები