შპს „შონი ტვ“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2021 17:01
მიღების თარიღი ოქტომბერი 15, 2021
შპს „შონი ტვ“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 21-10-1755, 27/09/2021) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „შონი ტვ“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათის მიხედვით, შპს „კატევე 1“-მა 2021 წლის 22 აპრილს განახორციელა სახელწოდების ცვლილება, კერძოდ, კომპანიის სახელწოდებად შპს „კატევე 1“-ის ნაცვლად განისაზღვრა შპს „შონი ტვ“.
შპს „შონი ტვ“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 7 ოქტომბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა შეტყობინებით. შეტყობინებით, შპს „შონი ტვ“ მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2021 წლის 7 ოქტომბრის სხდომა გადაიდო 2021 წლის 15 ოქტომბრისთვის, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა შეტყობინებით. კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდა შპს „შონი ტვ“-ის დირექტორი, კ. ციმაკურიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ა/წ იანვრიდან საკაბელო ტელევიზია აღარ ფუნქციონირებს, თანამშრომლებიც გადავიდნენ სხვა კომპანიებში სამუშაოდ, მათ შორის ის თანამშრომელი, რომელსაც დავალებული ჰქონდა კომისიასთან კომუნიკაცია და დოკუმენტების მოწესრიგება. რადგანაც თავად მარტო დარჩა კომპანიაში, გამორჩა მხედველობიდან კომისიისთვის ინფორმაციის გამოგზავნა.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-1755, 27/09/2021) თანდართული მასალით.
2. შპს „შონი ტვ“-ისათვის გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2021 წლის 7 ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
3. შპს „შონი ტვ“-ისათვის გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „შონი ტვ“-ის შესახებ მონაცემები.
5. შპს „შონი ტვ“-ის წარმომადგენლის მიერ კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „შონი ტვ“ არის ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი. შესაბამისად, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები.
2. შპს „შონი ტვ“-ის კომისიისათვის არ უცნობებია კომპანიის სახელწოდების, კერძოდ, შპს „კატევე 1“-ის შპს „შონი ტვ“-ით შეცვლის შესახებ, რაც განახორციელა 2021 წლის 22 აპრილს.
3. შპს „შონი ტვ“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება -გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი. ამასთან, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
შესაბამისად, კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიზებული პირის ვალდებულებაა სახელწოდების ცვლილებისას კომისიას წერილობით ეცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში კომისიას წარედგინოს სათანადო დოკუმენტები. კომისიას მიაჩნია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში კომპანიის სახელწოდების შეცვლის შესახებ ინფორმაციის კანონით განსაზღვრულ ვადაში კომისიისათვის შეუტყობინებლობითა და ცვლილების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში სათანადო ცვლილების ამსახველი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოუდგენლობით, შპს „შონი ტვ“-იმ დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტები, რაც წარმოადგენს მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „შონი ტვ“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების და VII თავის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მესამე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „შონი ტვ“-ის (ს/კ 202371922) მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. გამჯაშვილი) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „შონი ტვ“-ისათვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. კაველიძე) შპს „შონი ტვ“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „შონი ტვ“-ისათვის ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „შონი ტვ“-ისათვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე
წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
