წვდომის მენიუ

შპს „ვანბოქსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-21-18 / 578

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2021 17:20

მიღების თარიღი ოქტომბერი 15, 2021

შპს „ვანბოქსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 21-10-1755, 27/09/2021) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ვანბოქსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების დარღვევის  გამო.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათის მიხედვით, შპს „ვანბოქსის“ მიერ 2021 წლის 17 ივნისს განხორციელდა კომპანიის იურიდიული მისამართის ცვლილება, რის შესახებაც კანონით განსაზღვრულ ვადაში არ ეცნობა კომისიას. კერძოდ, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემებით შპს „ვანბოქსის“ იურიდიული მისამართია, საქართველო, საჩხერის რაიონი, სოფ. ორღული, ხოლო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში კომპანიის იურიდიულ მისამართად ფიქსირდება, საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, აკაკი წერეთლის გამზირი, N 116, III სართული, ოთახი N317.

შპს „ვანბოქსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 7 ოქტომბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა შეტყობინებით. შეტყობინებით, შპს „ვანბოქსი“ მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში       მონაწილეობის     მისაღებად     და     განემარტა     საქართველოს     ზოგადი ადმინისტრაციული      კოდექსის     98-ე     და     99-ე     მუხლებით     გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2021 წლის 7 ოქტომბრის სხდომა გადაიდო 2021 წლის 15 ოქტომბრისთვის, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა შეტყობინებით. კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდნენ კომპანიის დირექტორი გ. ნადირაძე და წარმომადგენელი თ გოჩელაშვილი. თ. გოჩელაშვილმა აღნიშნა, რომ კომპანიის დირექტორმა და დამფუძნებელმა გიორგი ნადირაძემ კომპანია საკუთარ მისამართზე დაარეგისტრირა. გაუფრთხილებლობის გამო ჰქონდა აღნიშნულ ფაქტს ადგილი. აღიარებენ დარღვევას, იხდიან ბოდიშს და ვინაიდან ასეთი დარღვევა პირველი შემთხვევაა კომპანიისთვის, მისი თხოვნაა, კომისიამ გამოიყენოს სანქციის მინიმალური ზომა.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1.   კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-1755, 27/09/2021) თანდართული მასალით.

2.   შპს „ვანბოქსისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2021 წლის 7 ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

3.   შპს „ვანბოქსისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

4.   მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ვანბოქსის“ შესახებ მონაცემები.

5.   შპს „ვანბოქსის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III. დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „ვანბოქსი“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი. შესაბამისად, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები.

2.   შპს „ვანბოქსს“ კომისიისათვის არ უცნობებია კომპანიის იურიდიული მისამართის ცვლილება, რომელიც განახორციელა 2021 წლის 17 ივნისს.

3.   შპს   „ვანბოქსის“   მიმართ   ბოლო   ერთი   წლის   განმავლობაში   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  კანონით         გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო  პირობების,  აგრეთვე  ამოწურვადი  რესურსით  სარგებლობის  პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი  პუნქტის    შესაბამისად,    ავტორიზებულ    პირთა    მიერ    ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში   საქართველოს   კანონმდებლობის,   მათ   შორის,   კომისიის დადგენილებებითა და    გადაწყვეტილებებით    განსაზღვრული    მოთხოვნებისა    და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია   ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს   იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის    შესაბამისად,    ავტორიზებული    პირის    მიერ    ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა    და    გადაწყვეტილებებით    განსაზღვრული    მოთხოვნებისა    და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს    იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი. ამასთან, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

შესაბამისად, კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიზებული პირის ვალდებულებაა იურიდიული პირის იურიდიული მისამართის შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით ეცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში კომისიას წარედგინოს სათანადო დოკუმენტები. კომისიას მიაჩნია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში კომპანიის იურიდიული მისამართის შეცვლის შესახებ ინფორმაციის კანონით განსაზღვრულ ვადაში კომისიისათვის შეუტყობინებლობითა და ცვლილების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში სათანადო დოკუმენტების კომისიაში წარმოუდგენლობით, შპს „ვანბოქსმა“ დაარღვია   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტები, რაც წარმოადგენს მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

გამომდინარე  იქიდან,  რომ  შპს  „ვანბოქსის“  მიმართ  ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების და VII თავის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მესამე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის   „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   შპს „ვანბოქსს“ (ს/კ 439400970) მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. გამჯაშვილი) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ვანბოქსისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3.  დაევალოს  კომისიის  აპარატის  სამართლებრივ  დეპარტამენტს  (თ.  კაველიძე)  შპს „ვანბოქსისთვის“     ადმინისტრაციული     პასუხისმგებლობის     დაკისრების     თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.

4.  გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  მისი  დამოწმებული  ასლის  შპს  „ვანბოქსისთვის“ ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ვანბოქსისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6.   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   კონტროლი   (გარდა   მე-2   და   მე-3   პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე

წევრი

ვახტანგ აბაშიძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები