შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 02, 2021 18:18
მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2021
შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№21-10-2065, 17.11.2021) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის საფუძველზე, საერთო მაუწყებლები ვალდებულნი არიან გადასცენ წინასაარჩევნო დებატები მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ასევე, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე საერთო მაუწყებელი ვალდებული არიან, საუკეთესო დროს განათავსონ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყონ აუდიტორიის დროული ინფორმირება მათი მომსახურების ზონაში, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. კომუნიკაციების კომისიის მიერ განხორციელებული მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ ეთერში, 2021 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები განთავსებული არ ყოფილა. 2021 წლის 02 ნოემბერს, კომისიამ წერილობით მიმართა მაუწყებელს და მოსთხოვა ახსნა-განმარტების წარმოდგენა. მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი განმარტების თანახმად, სხვადასხვა ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა გადაცემის - თოქ შოუს გამართვა. ასევე, დროულად ვერ მოხერხდა ავტორიზაციის შეცვლა, რამაც გამოიწვია პრობლემები. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების დარღვევას.
შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2021 წლის 25 ნოემბერს, 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე, შპს „ტელეკომპანია ქართული არხს“ გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მაუწყებელს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2021 წლის 25 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ტელეკომპანია ქართული არხის“ დირექტორი გ. შარაშენიძემ, რომელმაც აღიარა სამართალდარღვევა და განმარტა, რომ რიგ მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების განთავსება. მისი განმარტებით, როდესაც შპს „ტელეკომპანია ქართული არხი“ ჩაიბარეს, იყო ძალიან ბევრი ტექნიკური პრობლემა, ამას დაემთხვა ის, რომ კომპანიის ტექნიკური ჯგუფის წევრებს დაემართათ COVID19. გარდა ამისა, სტუმრებს არ სურთ ტელეკომპანიაში მოსვლა და დებატებში მონაწილეობა. საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდათ ასეთი გადაცემები, თუმცა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების დროს ამის ორგანიზება ძალიან გაუჭირდათ.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№21-10-2065, 17.11.2021).
2. კომისიის 2021 წლის 2 ნოემბრის წერილი (№გ-21-04/3047, 2.11.2021) შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“.
3. შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ 2021 წლის 3 ნოემბრის წერილი (№შ-21-6/4883,3.11.2021) კომისიას.
4. შპს ,,ტელეკომპანია ქართული არხის“ დირექტორის გ. შარაშენიძის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
5. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ შესახებ.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ტელეკომპანია ქართული არხი“ წარმოადგენს კერძო საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს (BR-264, 15.07.2015).
მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები
2. შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ ეთერში 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები განთავსებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№21-10-2065, 17.11.2021); შპს„ტელეკომპანია ქართული არხის“ 2021 წლის 3 ნოემბრის წერილი (№შ-21-6/4883, 3.11.2021); შპს ,,ტელეკომპანია ქართული არხის“ დირექტორის გ. შარაშენიძის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
3. შპს „ტელეკომპანია ქართული არხი“ თავის წერილში (№შ-21-6/4883, 3.11..2021) აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ტექნიკური მიზეზების გამო, წინასაარჩევნო პერიოდში ვერ მოხერხდა თოქ-შოუს წარმართვა, ასევე დროულად ვერ მოხერხდა ავტორიზაციის შეცვლა.
მტკიცებულება: შპს „ტელეკომპანია ქართულ არხის“ 2021 წლის 3 ნოემბრის წერილი (№შ-21-6/4883, 3.11.2021).
4. შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იგივე/მსგავსი დარღვევისათვის არ დაკისრებია.
მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები
IV. კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.
2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე საერთო მაუწყებელი ვალდებული არიან, საუკეთესო დროს განათავსონ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყონ აუდიტორიის დროული ინფორმირება მათი მომსახურების ზონაში, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების განუთავსებლობით შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტი, 59-ე მუხლი, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად, კომპანიის სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. ვინაიდან, შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ მიმართ ბოლო ერთი წლის მანძილზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ იყო, მას უნდა მიეცეს გაფრთხილება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 59-ე მუხლის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“ მიეცეს გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 59-ე მუხლის და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) ამ გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ ჩაბარების დღიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
5. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
