წვდომის მენიუ

შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-21-18 / 625

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 02, 2021 18:23

მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2021

შპს „ტელეიმედისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№21-10-2063, 17.11.2021) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით.

კომისიის აპარატის   აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის საფუძველზე, საერთო მაუწყებლები ვალდებულნი არიან გადასცენ წინასაარჩევნო დებატები მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. კომუნიკაციების კომისიის მიერ განხორციელებული მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ შპს „ტელეიმედის“ ეთერში 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები განთავსებული არ ყოფილა. 2021 წლის 02 ნოემბერს, კომუნიკაციების კომისიამ წერილობით მიმართა მაუწყებელს და მოსთხოვა ახსნა- განმარტების წარმოდგენა. მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი განმარტების თანახმად, კანონმდებლობის მოთხოვნები მოძველებული და არარელევანტურია, მის მოთხოვნებთან შესაბამისობა მოითხოვს მაუწყებლის მიერ დამატებითი ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყოფას. მაუწყებელი, ასევე მიიჩნევს, რომ ეს საკანონმდებლო ნორმები გადახედვას საჭიროებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ტელეიმედის“ მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების დარღვევას.

შპს ,,ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2021 წლის 25 ნოემბერს, 15:00 საათზე.     აღნიშნულის თაობაზე, შპს ,,ტელეიმედს“ გაეგზავნა  შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში  მონაწილეობის  მისაღებად.  მაუწყებელს,  ასევე  განემარტა  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი განიხილა 2021 წლის 25 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელი ნ. ფაშალიშვილი.

II. კომისიის მიერ გამოკვლეული  მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№21-10-2063, 15.11.2021).

2. კომისიის 2021 წლის 2 ნოემბრის წერილი (№გ-21-04/3072, 2.11.2021) შპს ,,ტელეიმედს“.

3. შპს ,,ტელეიმედის“ 2021 წლის 3 ნოემბრის  წერილი (№შ-21-6/4886, 3.11.2021) კომისიას.

4. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „ტელეიმედის“ შესახებ.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „ტელეიმედი“ წარმოადგენს კერძო საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს (BR-264, 15/07/2015).

 მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები

 2. შპს „ტელეიმედის“ ეთერში 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები განთავსებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტის  სამსახურებრივი  ბარათი  (№21-10-2063,  17.11.2021);  შპს ,,ტელეიმედის“ 2021 წლის 3 ნოემბრის  წერილი (№შ-21-6/4886, 3.11.2021).

3. შპს  „ტელეიმედი“ თავის წერილში  (№შ-21-6/4886, 3.11..2021) აღიარებს იმას, რომ 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები მის ეთერში არ განთავსებულა და განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლისთვის დადგენილია არაერთი მკაცრი   მოთხოვნა, რომელთა შესრულება კომპანიის მხრიდან დამატებითი ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყოფას მოითხოვს. გარდა ამისა, დადგენილი მოთხოვნების უმეტესობა მაუწყებელს იძულებულს ხდის გადააწყოს საკუთარი სამაუწყებლო ბადე და შეუსაბამოს ის საკანონმდებლო მოთხოვნებს. აღნიშნული ვრცელდება როგორც უფასო პოლიტიკური რეკლამის გავრცელების ვალდებულებაზე, ისე პროგრამირების კუთხით (მათ შორის დებატების) დადგენილ მოთხოვნებზე. შპს ,,ტელეიმედის“ განმარტებით, საკანონმდებლო მოთხოვნები გარკვეულ შემთხვევაში მოძველებული და დღევანდელობასთან მიმართებით არარელევანტურია, კერძოდ, საქართველოში მედიაპლურალიზმის პრობლემების აღმოფხვრის შედეგად, მაშინ,   როდესაც   მაუწყებლობს   არაერთი ტელევიზია   განსხვავებული   სარედაქციო პოლიტიკითა და მრავალფეროვანი კონტენტით, კანონმდებლობის ასეთი მკაცრი მოთხოვნების სჭიროება არ დგას და ნორმები გადახედვას საჭიროებენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ შორის პროგრამირების გადაწყობით გამოწვეული სირთულეებიდან გამომდინარე, შპს ,,ტელეიმედის“ გადაწყვეტილებით 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა    არჩევნების    წინასაარჩევნო    პერიოდში    წინასაარჩევნო    დებატები    შპს ,,ტელეიმედის“ ეთერში არ განთავსებულა.

მტკიცებულება:   შპს  ,,ტელეიმედის“  2021  წლის  3  ნოემბრის     წერილი   (№შ-21-6/4886,3.11.2021).

4. კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის  № გ-20-18/884 გადაწყვეტილებით შპს ,,ტელეიმედს“ მიეცა  გაფრთხილება  „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.

მტკიცებულება: კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის №გ-20-18/884  გადაწყვეტილება

IV. კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები    და გადაწყვეტილებები  მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში  ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის  მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ  ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება  ამ  კანონის  561 და 562 მუხლებით  გათვალისწინებული  ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან  არ    შეასრულა  კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ამ გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატების განუთავსებლობით შპს „ტელეიმედის“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტი, 451  მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად, კომპანიის სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. ვინაიდან, კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის №გ-20-18/884 გადაწყვეტილებით შპს ,,ტელეიმედს“ უკვე ჰქონდა მიცემული წერილობითი  გაფრთხილება და გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა მსგავსი ახალი დარღვევა, შპს ,,ტელეიმედს“, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის   პირველი პუნქტის თანახმად, უნდა დაეკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება სამართალდამრღვევისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ    ადმინისტრაციულ   ორგანოს   რომელიმე   საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთანავე, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას დაცული უნდა იქნას საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება,  მისი  ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის  34-ე  მუხლის  თანახმად,  ორგანოს, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ტელეიმედი“ აღიარებს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გაფრთხილების მიღებიდან მაუწყებლების მიერ    ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია მაუწყებლების მიმართ ძირითადად იყენებს ჯარიმის მინიმალურ ოდენობას, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ    შპს    „ტელეიმედის“    მიმართ გამოყენებულ იქნას „მაუწყებლობის    შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 2500 ლარი.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის     პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს   „ტელეიმედს“   დაეკისროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით „მაუწყებლობის   შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.

 2. შპს ,,ტელეიმედმა“  უზრუნველყოს:

 ა) წინამდებარე   გადაწყვეტილების   პირველი   პუნქტით   გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი  რეკვიზიტების  მიხედვით:  ხაზინის  ერთიანი  ანგარიში,  ანგარიშის  ნომერი  -200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;

ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.

3.  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) ამ გადაწყვეტილების  შპს „ტელეიმედისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და  გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ.თბილისის   საქალაქო   სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების შპს „ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური

თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები