შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 02, 2021 18:31
მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2021
შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№21-10-2064, 17.11.2021) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის საფუძველზე, საერთო მაუწყებლები ვალდებულნი არიან გადასცენ წინასაარჩევნო დებატები მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. კომუნიკაციების კომისიის მიერ განხორციელებული მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ ეთერში, 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები განთავსებული არ ყოფილა. 2021 წლის 02 ნოემბერს, კომისიამ წერილობით მიმართა მაუწყებელს და მოსთხოვა ახსნა-განმარტების წარმოდგენა. მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი განმარტების თანახმად, კანონმდებლობის მოთხოვნები მოძველებული და არარელევანტურია, მის მოთხოვნებთან შესაბამისობა მოითხოვს მაუწყებლის მიერ დამატებითი ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყოფას. მაუწყებელი, ასევე მიიჩნევს, რომ ეს საკანონმდებლო ნორმები გადახედვას საჭიროებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების დარღვევას.
შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2021 წლის 25 ნოემბერს, 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე, შპს „სტუდია მაესტროს“ გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მაუწყებელს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი განიხილა 2021 წლის 25 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ,,სტუდია მაესტროს“ წარმომადგენელი ნ. ფაშალიშვილი.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№21-10-2064, 17.11.2021).
2. კომისიის 2021 წლის 2 ნოემბრის წერილი (№გ-21-04/3055, 2.11.2021) შპს „სტუდია მაესტროს“.
3. შპს „სტუდია მაესტროს“ 2021 წლის 3 ნოემბრის წერილი (№შ-21-6/4882, 3.11.2021) კომისიას.
4. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „სტუდია მაესტროს“ შესახებ.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „სტუდია მაესტრო“ წარმოადგენს კერძო საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს (BR-385, 13.07.2012).
მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები
2. შპს „სტუდია მაესტროს“ ეთერში 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები განთავსებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№21-10-2064, 17.11.2021); შპს „სტუდია მაესტროს“ 2021 წლის 3 ნოემბრის წერილი (№შ-21-6/4882, 3.11.2021) კომისიას.
3. შპს „სტუდია მაესტრო“ თავის წერილში (№შ-21-6/4882, 3.11..2021) აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლისთვის დადგენილია არაერთი მკაცრი მოთხოვნა, რომელთა შესრულება კომპანიის მხრიდან დამატებითი ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყოფას მოითხოვს. გარდა ამისა, დადგენილი მოთხოვნების უმეტესობა მაუწყებელს იძულებულს ხდის გადააწყოს საკუთარი სამაუწყებლო ბადე და შეუსაბამოს ის საკანონმდებლო მოთხოვნებს. აღნიშნული ვრცელდება როგორც უფასო პოლიტიკური რეკლამის გავრცელების ვალდებულებაზე, ისე პროგრამირების კუთხით (მათ შორის დებატების) დადგენილ მოთხოვნებზე. საკანონმდებლო მოთხოვნები გარკვეულ შემთხვევაში მოძველებული და დღევანდელობასთან მიმართებით არარელევანტურია, კერძოდ, საქართველოში მედიაპლურალიზმის პრობლემების აღმოფხვრის შედეგად, მაშინ, როდესაც მაუწყებლობს არაერთი ტელევიზია განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკითა და მრავალფეროვანი კონტენტით, კანონმდებლობის ასეთი მკაცრი მოთხოვნების სჭიროება არ დგას და ნორმები გადახედვას საჭიროებენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ შორის პროგრამირების გადაწყობით გამოწვეული სირთულეებიდან გამომდინარე, შპს „სტუდია მაესტროს“ გადაწყვეტილებით 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა საარჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო დებატები მის ეთერში არ განთავსებულა.
მტკიცებულება: შპს „სტუდია მაესტროს“ 2021 წლის 3 ნოემბრის წერილი (№შ-21-6/4882,3.11.2021).
4. კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის №გ-20-18/885 გადაწყვეტილებით შპს „სტუდია მაესტროს“ მიეცა გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის გამო.
მტკიცებულება: კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის № გ-20-18/885 გადაწყვეტილება
5. კომისიის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს ,,სტუდია მაესტროს“ ბოლო 12 კალენდარული თვის წლიური შემოსავლის 0.5% არ აღემატება 2500 ლარს.
მტკიცებულება: კომისიის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (№ 21-10-2074, 18.11.2021)
IV. კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ამ გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.
კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატების განუთავსებლობით შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტი, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71- ე მუხლის შესაბამისად, კომპანიის სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. ვინაიდან, კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის №გ-20-18/885 გადაწყვეტილებით შპს „სტუდია მაესტროს“ უკვე ჰქონდა მიცემული წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო და ამ გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა იგივე/მსგავსი ახალი დარღვევა, შპს „სტუდია მაესტროს“, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უნდა დაეკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა. ვინაიდან, შპს ,,სტუდია მაესტროს“ ბოლო 12 კალენდარული თვის წლიური შემოსავლის 0.5% არ აღემატება 2500 ლარს, შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 2500 ლარი.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „სტუდია მაესტროს“ დაეკისროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
2. შპს „სტუდია მაესტრომ“ უზრუნველყოს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი -200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 300773251;
ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) ამ გადაწყვეტილების შპს „სტუდია მაესტროსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
6. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური
თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
