წვდომის მენიუ

შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-21-18 / 634

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 06, 2021 17:50

მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2021

შპს „მთავარი არხისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნულ  კომისიაში  (შემდგომში  „კომისია“)  დაიწყო წარმოება   აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის N21-10-2090 19.11.2021 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე. სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ 2021 წლის 17 და 18 ნოემბერს კომუნიკაციების კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური  მედია  მომსახურების  რეგულირების  დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა შპს „მთავარი არხის“ მონიტორინგი, რომლის შედეგად გამოვლინდა, რომ მაუწყებლის ეთერში განთავსებულია ვიდეორგოლები, რომლებიც თავიანთი შინაარსით განეკუთვნებიან პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამის კატეგორიას. კერძოდ, ვიდეორგოლები განთავსებულია 17 ნოემბერს 14:58; 17:00; 20:57; 21:58 საათებსა და 18 ნოემბერს 13:00 საათზე. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ვიდეორგოლებში ნაჩვენებია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ლიდერების, სასამართლო და პენიტენციური სისტემის წარმომადგენლებისა და პრეზიდენტის განცხადებები, რომლებსაც კომენტარის სახით მოსდევს ფრაზა „კლავს“ და „უთხარი მკვლელებს არა“. მაუწყებლის ეთერში ასევე განთავსებულია ვიდეორგოლი, სადაც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის მუსიკის ფონზე ფიგურირებენ პარტიის ლიდერები, ხოლო კლიპის დასასრულს მათი ფოტოები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახის კონტურში ერთიანდება.

კომისიის    აპარატის    აუდიო-ვიზუალური    მედია    მომსახურებების    რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, მაუწყებლის მიერ პოლიტიკური რეკლამის განთავსება მოხდა არაწინასაარჩევნო პერიოდში, ანუ   ისეთ დროს, როდესაც აღნიშნული აკრძალული იყო მოქმედი კანონმდებლობით.

შპს „მთავარი არხის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაძლო დარღვევის საკითხის გახილვა კომისიაში დაინიშნა 2021 წლის 25 ნოემბერს,  რის  თაობაზეც  შპს  ,,მთავარ  არხს“  ეცნობა  წერილობითი  შეტყობინებით  და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მაუწყებელს განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

2021 წლის 25 ნოემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენელი თამთა მურადაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლი არის ძალიან ზოგადი და ბლანკეტური ნორმა და არასათანადო რეკლამა ძალიან ბევრ რამეს მოიცავს. მისი განმარტებით, კანონი პირდაპირ არ ამბობს, რომ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამა აკრძალულია, როდესაც საქმე   გამოხატვის თავისუფლების და რეკლამის აკრძალვას ეხება, კანონი ყოველთვის მკაფიო და პირდაპირია და ამასთან, არა მხოლოდ კანონის ჩანაწერი,  არამედ, აკრძალულიაც - არ არის საკმარისი. ასევე უნდა იყოს მისი აკრძალვა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ასეთია საქართველოს კონსტიტუციის და ევროპული კონვენციის სტანდარტი. შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენლის განმარტებით, პოლიტიკური რეკლამის დეფინიციაში,  საუბარია პოლიტიკურ სუბიექტებზე, საარჩევნო სუბიექტებზე, რეკლამაზე, რომელიც მიმართულია წინასაარჩევნო მიზნებისთვის. კომისიამ რომც ჩათვალოს, რომ სადავო კლიპი იყო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა, კლიპში საუბარია არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისთვის ხელშეშლაზე ან ხელშეწყობაზე, არამედ კლიპში საუბარია მაუწყებლის მიერ, საკუთარი გამოხატვის თავისუფლებაზე და ხაზგასმით აცხადებს, რომ არავის აქვს უფლება აკრძალოს თუნდაც პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება. ეს პირდაპირ წერია სპეციალურ კანონში, საქართველოს კონსტიტუციაშიც და ევროპულ კონვენციაშიც. არავის აქვს უფლება აუკრძალოს აქტივისტებს საკუთარი გამოხატვის თავისუფლება.

თ.მურადაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რატომ ეშინიათ სიტყვის - პოლიტიკური, მაგრამ მისი აზრით, ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი პოლიტიკაა. კომისიის საქმიანობაც პოლიტიკაა და სამოქალაქო აქტივიზმიც პოლიტიკაა. ამიტომ გაუგებარია, რატომ ურევენ ამ ცნებებს. როდესაც კომისია საუბრობს, რომ ეს პოლიტიკური რეკლამაა, არ იცის, რა იგულისხმება პოლიტიკურ რეკლამაში. თ.მურადაშვილმა აღნიშნა, რომ რეკლამა არის გამოხატვის ფორმა. სამოქალაქო აქტივისტებს, ადამიანთა ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფიზიკურ პირებს აქვთ გამოხატვის უფლება. მისი განმარტებით, სოციალური რეკლამაც პოლიტიკური რეკლამაა თუ ზოგადად პოლიტიკაზე საუბრობენ, სოციალური უფლებებიც პოლიტიკაა. ყველა სხვა უფლება, განათლების თუ სხვა ტიპის, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებიც, ასევე პოლიტიკაა. თუ ამ ჭრილში გულისხმობს კომისია, მაშინ გამოდის, რომ კრძალავს პოლიტიკური აზრის გამოხატვის თავისუფლებას.  თ.მურადაშვილის განცხადებით, თუ კომისია გულისხმობს იმ პოლიტიკურ რეკლამას, რაზეც კანონი საუბრობს, ითხოვს მუხლის მითითებას, რომლითაც აკრძალულია ამგვარი პოლიტიკური რეკლამის განთავსება, ასევე, ითხოვს იმ მუხლის მითითებას, სადაც წერია, რომ აკრძალულია პოლიტიკური აზრის გამოხატვის თავისუფლება. თუ საუბარია ზოგად პოლიტიკურ უფლებაზე, არსად წერია, რომ მათ შორის რეკლამის ფორმით უნდა იყოს აკრძალული. წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა განსაზღვრულია  მხოლოდ წინასაარჩევნო  მიზნებისთვის.       თ.მურადაშვილის განმარტებით, რეკლამა არის გამოხატვის ფორმა. სამოქალაქო აქტივისტებს, ადამიანთა ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფიზიკურ პირებს აქვთ გამოხატვის უფლება. მისი აზრით, სოციალური რეკლამაც პოლიტიკური რეკლამაა თუ ზოგადად პოლიტიკაზე საუბრობენ, სოციალური უფლებებიც პოლიტიკაა. ყველა სხვა უფლება, განათლების თუ სხვა ტიპის, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებიც, ასევე პოლიტიკაა. თუ ამ ჭრილში გულისხმობს კომისია, მაშინ გამოდის, რომ კრძალავს პოლიტიკური აზრის გამოხატვის თავისუფლებას.

2021 წლის 25 ნოემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა სამოქალაქო აქტივისტი, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ დამფუძნებელი წევრი ნოდარ რუხაძე, რომელმაც განმარტა, რომ ის ვიდეო რგოლი, სადაც „ქართული ოცნების“ წევრების ფოტოკოლაჟიდან პუტინის გამოსახულება იქმნება, არის პირადად მისი გაკეთებული, მისი მოფიქრებული, იდეა მისი იყო და მან მიმართა შპს „მთავარ არხს“ აღნიშნული ვიდეო რგოლის ეთერში განსათავსებლად. ნ. რუხაძის განცხადებით, ვიდეო რგოლში გაპროტესტებულია მმართველი პარტიის, პოლიტიკური ხელისუფლების მიერ, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლა. მისი განმარტებით, ამ ვიდეო რგოლში „ქართული ოცნების“ ყოფილი და ახლანდელი წევრების ფოტოებით იქმნება ვლადიმერ პუტინის, ჩვენი ქვეყნის მთავარი საგარეო მტრის გამოსახულება, რაც კიდევ ერთხელ გამოხატავს მათი სამოქალაქო ორგანიზაციის, მათი მოძრაობის სამოქალაქო აქტივისტების პოზიციას, რომ ქვეყანა შორდება ჩრდილოატლანტიკურ და ევროატლანტიკურ ასპირაციებს, თავის მიზნებს და ამაში მთავარი როლი და ფუნქცია აკისრია მმართველ პარტიას. მისი ორგანიზაცია, ამის გამოხატვას ცდილობა ამ ვიდეო რგოლით, რომელიც არ არის პოლიტიკური დატვირთვის მქონე, როგორც ამას კანონიც კი განმარტავს, არამედ არის საინფორმაციო დატვირთვის მქონე. ამ ვიდეო რგოლს აქვს საინფორმაციო დატვირთვა, რომლის საშუალებითაც ცდილობდნენ საზოგადოების ინფორმირებას. ახლა კომისია ცდილობს, რომ ეს წყარო, ეს არხი შეუზღუდონ სამოქალაქო აქტივისტებს. სამოქალაქო აქტივისტებს, ასევე, ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, ეზღუდებათ ბანერების, ბილბორდების განთავსება, რადგან ეს სისტემა არის მონოპოლიზებული მთლიანად, მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ბიზნესმენების მიერ. აქტივისტებმა რომ მოინდომონ თუნდაც პოლიტიკური შინაარსის, თუნდაც საინფორმაციო დატვირთვის ბანერის გამოქვეყნება თბილისის ან საქართვლოს რეგიონის ქუჩებში, ამის შესაძლებლობა ფიზიკურად არ ექნებათ. ახლა კი კომისია ამბობს, რომ მათ ტელეარხებსაც არ უნდა მიმართონ იმისთვის, რომ საინფორმაციო რგოლები, თუნდაც პოლიტიკური მნიშვნელობის, დატვირთვის მქონე ვიდეო რგოლები განათავსონ და გამოიყენონ ტელეარხების საეთერო ბადე.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის  აპარატის  აუდიო-ვიზუალური  მედია  მომსახურების  რეგულირების დეპარტამენტის  სამსახურებრივი  ბარათები   (N21-10-2090   19.11.2021,   N21-10-209622/11/2021);

2. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N21-10-2102 22/11/2021);

3.  შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენლის თ.მურადაშვილისა და სამოქალაქო აქტივისტის ნ. რუხაძის   მიერ კომისიის 2021 წლის 25 ნოემბრის სხდომაზე გაკეთებული ახსნა- განმარტებები;

4. კომისიის 2020 წლის 13 თებერვლის Nგ-20-18/115 და 2020 წლის 3 დეკემბრის Nგ-20-18/889 გადაწყვეტილებები;

5. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „მთავარ არხთან“ დაკავშირებით.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „მთავარი არხი“   წარმოადგენს ავტორიზებულ პირს მაუწყებლობის სფეროში (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა. თარიღი: 5.09.2019). შესაბამისად, შპს „მთავარი არხი“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები;

მტკიცებულება:              შპს   „მთავარი   არხის“   შესახებ   მონაცემები   კომისიის   უწყებრივი რეესტრიდან.

2. 2021 წლის 17 და 18 ნოემბერს კომუნიკაციების კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა შპს „მთავარი არხის“ მონიტორინგი, რომლის შედეგად გამოვლინდა, რომ მაუწყებლის ეთერში განთავსებულია ვიდეორგოლები, რომლებიც თავიანთი შინაარსით განეკუთვნებიან პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამის კატეგორიას. ვიდეორგოლები განთავსებულია 17 ნოემბერს 14:58; 17:00; 20:57; 21:58 საათებსა და 18 ნოემბერს 13:00 საათზე;

მტკიცებულება:     კომისიის    აპარატის    აუდიო-ვიზუალური    მედია    მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (N21-10-2090 19.11.2021,  N21-10-2096 22/11/2021);

3. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ერთ ვიდეორგოლში ნაჩვენებია: პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს   მესამე   პრეზიდენტის   მიხელ   სააკაშვილის   ფოტო,   რომელსაც   აწერია #თავისუფლებამიშას, რასაც მოსდევს საქართველოს პენიტენციური სამსახურის იმ ხელმძღვანელი პირებისა და იმ მოსამართლეების ფოტოები, რომელთაც შეხება ჰქონდათ სააკაშვილის საქმესთან მისი დაპატიმრების შემდეგ და თითოეული ფოტოს ბოლოს ისმის სიტყვა -„კლავს“, აღნიშნული სიტყვა წერილობით ისახება ეკრანზე, ვიდეო რგოლის ბოლოს კი ისმის მოწოდება: „გაათავისუფლე მიხეილ სააკაშვილი“. მეორე ვიდეო რგოლში წარმოდგენილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, სხვა მინისტრების, საქართველოს პრეზიდენტის,  პოლიტიკური  გაერთიანება  „ქართული  ოცნების“  ლიდერების, დეპუტატის, თბილისის მერის მიერ სააკაშვილის პატიმრობასთან და შიმშილობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიდან ამონარიდები და თითოეული განცხადების ბოლოს ისმის ხმა- „კლავს“,  რასაც  ახლავს იგივე სიტყვა გამოსახური  ეკრანზე,  ვიდეო რგოლის ბოლოს ისმის მოწოდება „უთხარი მკვლელებს არა“, „#თავისუფლებამიშას“. მაუწყებლის ეთერში ასევე განთავსებულია ვიდეორგოლი, სადაც „ქართული ოცნების“ პარტიის წევრების ფოტოები პარტიის სიმბოლიკისა და „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის მუსიკის ფონზე არის წარმოდგენილი ეკრანზე, ხოლო კლიპის დასასრულს, როდესაც ისმის, წინასაარჩევნო რეკლამებში გამოყენებული სიმღერის სიტყვები „ჩემი საქართველო აქ არის“ მათი ფოტოები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის    ვლადიმერ    პუტინის    სახის    კონტურში    ერთიანდება    და    ეწერება „სირცხვილია“.

მტკიცებულება:     კომისიის    აპარატის    აუდიო-ვიზუალური    მედია    მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (N21-10-2090 19.11.2021,  N21-10-2096 22/11/2021);

4. ზემოაღნიშმნული ვიდეო რგოლები, შპს „მთავარი არხის“ ეთერში, სარეკლამო ჭრაში, განთავსებულია არაწინასაარჩევნო პერიოდში;

მტკიცებულება:     კომისიის    აპარატის    აუდიო-ვიზუალური    მედია    მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (N21-10-2090 19.11.2021,  N21-10-2096 22/11/2021);

5. ორი ვიდეო რგოლი, რომლებიც სრულდება მოწოდებებით „გაათავისუფლე მიხეილ სააკაშვილი“ და „უთხარი მკვლელებს არა“, შპს „მთავარი არხის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსებული იქნა მაუწყებლის მიერ, საკუთარი სარედაქციო პასუხისმგებლობით; სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ წარდგენილი ვიდეო რგოლი, რომელიც სრულდება წარწერით „#სირცხვილია“,    მაუწყებლის ეთერში განთავსდა როგორც სოციალური რეკლამა.

მტკიცებულება: 2021 წლის 25 ნოემბრის სხდომაზე შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენლის თ.მურადაშვილისა  და  სამოქალაქო  აქტივისტის  ნ.რუხაძის  მიერ   გაკეთებული  ახსნა- განმარტებები

6. „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 13 თებერვლის გ-20-18/115 გადაწყვეტილებით, მაუწყებელს მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, ხოლო „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის Nგ-20-18/ 889 გადაწყვეტილებით, მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის კომპანიას დაეკისრა ჯარიმა 58 066.71 ლარის ოდენობით.

მტკიცებულება:   კომისიის  2020  წლის  13  თებერვლის  Nგ-20-18/115  და  2020   წლის 3 დეკემბრის Nგ-20-18/889 გადაწყვეტილებები.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას  შეადგენს  საქართველოს  კონსტიტუცია,  საქართვლოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების  დაკისრება,    ხოლო  ი)  ქვეპუნქტის  შესაბამისად,  საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან    და   ლიცენზიის/ავტორიზაციის   პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში    განხორციელებული   ზედამხედველობისა  და კონტროლისა;

4. „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   63-ე   მუხლის   მე-2  პუნქტის შესაბამისად,  იკრძალება  არასათანადო,  არაკეთილსინდისიერი,      არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება;

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

6. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არასათანადო რეკლამა არის არაკეთილსინდისიერი,    არასარწმუნო,    არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

7. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის თანახმად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ14) ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამა არის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევის ხელშეწყობას. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის თანახმად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

9. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო ვალდებულია ცესკოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გადასცეს ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. ეს ტარიფები ძალაში შედის კენჭისყრამდე 50-ე დღიდან. შესაბამისი ტარიფის შეცვლა დასაშვებია ერთხელ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 35-ე კალენდარული დღისა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. ტარიფის შეცვლის შემთხვევაში ახალი ტარიფი ეგზავნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. ეს ტარიფი ძალაში შედის კენჭისყრამდე 30-ე კალენდარულ დღეს. ამ პუნქტში აღნიშნული შესაბამისი პირი ვალდებულია კენჭისყრამდე 50-ე დღიდან დაიწყოს რეკლამის განთავსება შემდეგი პირობების დაცვით:ა) მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცეს შემდეგი ინფორმაცია: ა) რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, გაწეული მომსახურება; ბ) ტელე- ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს; გ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. ასეთ რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფაც რეკლამის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა; დ) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ დაუშვას პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.

10. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 186-ემუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნების დროს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნების დღემდე 50- ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში 7,5 წუთი გამოყოს წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად  განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს  შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

11. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებლობის განმახორციელებელი ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს თავის ეთერში ყოველ 3 საათში არანაკლებ 90 წამით უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის;

12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 761 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისას გამოიყენება ამ კანონის 66-ე მუხლი, თუ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 185-ე და 186-ე მუხლებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.

14. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და საერთაშორისო პრაქტიკა

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული და დაცულია გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება. ამ უფლებათა განხორციელება შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას გარკვეული პირობების დაცვით.

საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია        დემოკრატიულ        საზოგადოებაში        სახელმწიფო        უშიშროების,

ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს   გამოხატვის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყოველგვარი ინფორმაცია ზეპირად, წერილობით ან პრესის და გამოხატვის მხატვრული საშუალებებით ან საკუთარი არჩევანით სხვა საშუალებებით,       ხოლო    მე-3    პუნქტის    თანახმად,    ამ    მუხლის    მე-2    პუნქტით გათვალისწინებული        უფლებებით   სარგებლობა   განსაკუთრებულ   მოვალეობასა   და განსაკუთრებულ            პასუხისმგებლობას      გულისხმობს.      ამიტომ,      იგი      შეიძლება დაექვემდებაროს   გარკვეულ   შეზღუდვებს,   რომლებიც   დადგენილია   კანონით   და აუცილებელია: a) სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის დასაცავად; b) სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის დასაცავად.

,,ჩარევა“  ნიშნავს  ,,ფორმალობებს“,  ,,პირობებს“,  ,,შეზღუდვებს“,  ან  ,,სანქციებს“,  ხოლო ,,გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით“ გულისხმობს იმას, რომ გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვები უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ კანონმდებლობას. როგორც წესი, ეს ნიშნავს, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიულ კანონიერებას, რაც მხოლოდ საპარლამენტო განხილვებისა და ხმის მიცემის პროცედურის გზით მიიღწევა. სწორედ ეროვნულმა პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, შესაძლებელია თუ არა ამგვარი შეზღუდვა1.

1  M. Novak, UN Covenant on Civil and Political Rights (Strasbourg, N.P. Engel Publisher, 1993), p. 351

თუმცა,    არ    არის    გამორიცხული,    რომ    გამოხატვის    თავისუფლება    შეიზღუდოს პრეცედენტული სამართლის ნორმებით.2

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლიდან გამომდინარე ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ თავისუფალი შეფასების ფარგლებით ამავე მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის აუცილებლობისა და ფარგლების შეფასებისას.3

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით განსაზღვრული დაცვა ვრცელდება არა მხოლოდ გამოხატული იდეებისა და ინფორმაციის შინაარსზე, არამედ ასევე მათი გამოხატვის ფორმაზე.4

დემოკრატიის   არსი  მდგომარეობს   განსხვავებული პოლიტიკური     პროგრამების შეთავაზებისა და დებატების დაშვებაში იმის უზრუნველყოფით, რომ ისინი თავის მხრივ არ ავნებენ დემოკრატიას. არ არსებობს დემოკრატია პლურალიზმის გარეშე. ამასთან მიმართებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვს აუდიოვიზუალურ მედიას, როგორიცაა რადიო და ტელევიზია5.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებს მაუწყებელი მედიის დაუყოვნებლივ და გავლენიან მოქმედებას, რადიოსა და ტელევიზიის მუდმივი ფუნქციონირებით გამოწვეულ ეფექტს6. შესაბამისად, ვითარება, როდესაც საზოგადოებაში ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერი ჯგუფები უფლებამოსილი არიან მოიპოვონ დომინანტური პოზიცია აუდიოვიზუალურ მედიაში და შესაბამისად ზეწოლა განახორციელონ მაუწყებლებზე და ფაქტიურად შეზღუდონ მათი სარედაქციო თავისუფლება, ასუსტებს დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ როლს7. იმისთვის, რომ გავლენიან მედიაზე პრივილეგირებული წვდომის მქონე ძლიერ საფინანსო ჯგუფებს არ შეეძლოთ მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა ფასიანი რეკლამის სფეროში და შესაბამისად, შეზღუდონ თავისუფალი და პლურალისტული დებატი, საჯარო ინტერესის თემაზე დებატის გაშუქების რეგულირება აუცილებელია კონვენციის 10.2 მუხლის მნიშვნელობით8.

შესაბამისად, ისეთ სენსიტიურ სექტორში, როგორიცაა აუდიოვიზუალური მედია, ჩაურევლობის უარყოფით ვალდებულებასთან ერთად სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულება, მიიღოს სათანადო კანონმდებლობა და ადმინისტრაციული რეგულირების ჩარჩო ეფექტიანი პლურალიზმის უზრუნველსაყოფად.9 აუდიოვიზუალურ სექტორში ეფექტიანი პლურალიზმის გარანტიის შექმნისთვის ჩარევის პოზიტიური ვალდებულების აღიარება არ შემოიფარგლება გარკვეული პერიოდით, ვინაიდან დემოკრატიული პროცესი

2 The Sunday Times v. UN, 1979

3 Tammer v. Estonia, no. 41205/98, § 60, ECHR 2001-I

4  Jersild v. Denmark, 1994, § 31; Animal Defenders International v. the United Kingdom [GC] - 48876/08

5 Centro Europa 7 S.R.L. and Di Stefano v. Italy ; Animal Defenders International v. the United Kingdom [GC] - 48876/08

6 Animal Defenders International v. the United Kingdom [GC] - 48876/08 §119

7 Centro Europa 7 S.R.L. and Di Stefano v. Italy ; Animal Defenders International v. the United Kingdom [GC] -

48876/08

8 Animal Defenders International v. the United Kingdom [GC] - 48876/08 §112

9 Animal Defenders International v. the United Kingdom [GC] - 48876/08 § 101

განგრძობადია და მუდმივ მხარდაჭერას საჭიროებს თავისუფალი და პლურალისტული საჯარო დებატით10.

საქმეზე Animal Defenders International გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ11, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაცია ასაჩივრებდა პოლიტიკური რეკლამის ტელევიზიითა და რადიოთი გავრცელების აკრძალვას, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა:  „ხელშემკვრელ  სახელმწიფოებს  შორის არ  არსებობს ევროპული კონსესუსი პოლიტიკური   რეკლამის ფასიანი საეთერო დროის  რეგულირების   შესახებ ...   და პარტიებისთვის ეს   მისაღებია.    ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის    შესაბამისი კონსესუსის არარსებობა მეტყველებს  ფართო შეფასების ფარგლების დაშვებაზე ვიდრე ჩვეულებრივ არის  ხელმისაწვდომი საჯარო    ინტერესის საკითხების გამოხატვაზე შეზღუდვების დადგენასთან მიმართებით... ამ კონსესუსის არარსებობა ასევე აფართოვებს საჯარო ინტერესის საკითხებზე გამოხატვის  შეზღუდვებთან მიმართებით თავისუფალი შეფასების ფარგლებს.“

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პოლიტიკური რეკლამის ტელევიზიითა და რადიოთი გავრცელების აკრძალვა დასაშვებად მიიჩნია

12.2016 წელს ირლანდიის მარეგულირებელმა ორგანომ BAI-მ აკრძალა Irish Wind Energy Association (IWEA)-ის რეკლამა და მიიჩნია, რომ ის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. კერძოდ, რეკლამა შეეხებოდა ქარის ენერგიის დადებით მხარეებს და მისი უფრო აქტიურად ათვისების მნიშვნელობას ირლანდიის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ვიდეორგოლში გამოყენებულია აშშ-ს პრეზიდენტის, კენედის 1963 წლის მიმართვა ირლანდიის პარლამენტისადმი და ირლანდიის კადრები, ქარის ენერგიაზე კონოტაციებით. რგოლის კონტექსტი ის იყო, რომ ირლანდიას უფრო მეტად უნდა გამოეყენებინა ახალი და განახლებადი ენერგია, მათ შორის ქარის ენერგია. ვიდეორგოლის ბოლოში მითითებულია - „რატომ ვახდენთ ირლანდიის ენერგოსაჭიროებების 85%-ის იმპორტს და ქვეყნის შიგნით ვაწარმოებთ მხოლოდ 15%-ს, როცა გარშემორტყმული ვართ რესურსით, რომელმაც შეიძლება წაგვიყვანოს ენერგოდამოუკიდებლობისკენ - ქარის ენერგია - ძალა, რომ გავაძლიეროთ საკუთარი თავი.13.

ერთ-ერთი მაუწყებელი, რომელმაც ეს რეკლამა ეთერში განათავსა (TV3) აღნიშნავდა რომ Irish Wind Energy Association (IWEA) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, საწარმოა და მას არ აქვს პოლიტიკური მიზნები და კონკრეტული ვიდეო რგოლიც არ ემსახურებოდა პოლიტიკურ მიზანს. კიდევ ერთმა მაუწყებელმა RTE-მ განმარტა, რომ ქარის ენერგია არ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური დებატების საგანი და ვიდეორგოლი ემსახურება მხოლოდ იმის ჩვენებას, თუ რა სარგებელი შეუძლია მოუტანოს ქარის ენერგიამ ირლანდიის ენერგო სისტემას.

10 Centro Europa 7 S.R.L. and Di Stefano v. Italy;  Bowman v. the United Kingdom, Animal Defenders International v. the United Kingdom [GC] - 48876/08 § 111

11 Animal Defenders International v. the United Kingdom [GC] - 48876/08 § 123

12 Animal Defenders International v. the United Kingdom [GC] - 48876/08

13 https://www.youtube.com/watch?v=eqKZkcxeKR8

მარეგულირებელმა - BAI-მ მოიშველია „პოლიტიკური მიზნის“ (political end) განმარტების პრინციპები და ყურადღება გაამახვილა დასახელებულ 3 კრიტერიუმზე:

    შინაარსი;

    კონტექსტი;

    რეკლამის განმათავსებლის და სარეკლამო კამპანიის მიზანი;

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მარეგულირებელმა მიიჩნია, რომ სარეკლამო კამპანიას პოლიტიკური მიზანი გააჩნდა, ის ცდილობდა გავლენა მოეხდინა სახელმწიფო პოლიტიკაზე ქარისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებით და ვიდეორგოლი განეკუთვნებოდა პოლიტიკურ რეკლამას.14.

ამდენად, კომისია ვერ გაიზიარებს შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენლის განმარტებებს, რომ          მაუწყებლის   ეთერში   არაწინასაარჩევნო   პერიოდში   პოლიტიკური   შინაარსის რეკლამის          განთავსების    შეზღუდვა,    მაუწყებლის    გამოხატვის    უფლების    უკანონო შეზღუდვაა.

არაწინასაარჩევნო პერიოდში  წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის  განთავსების აკრძალვის დასაბუთება

კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის რეგულირება განეკუთვნება საჯარო სამართლის სფეროს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებლობა უნდა განხორციელდეს კანონით ზუსტად დადგენილი წესებისა და პრინციპების დაცვით. მაუწყებელი მაუწყებლობას ვერ განახორციელებს იმ სახით, რაც არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონმდებლობით. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველივე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს კანონის მიზანსა და რეგულირების სფეროს, ცალსახად და მკაფიოდ ადგენს, რომ ეს კანონი სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს მაუწყებლობის განხორციელების წესს, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის რეგულირების პირობებს, მაუწყებლობის განხორციელების უფლების მოპოვების წესსა და პროცედურებს, ხოლო კანონის ერთ-ერთ მიზანს კი წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის რეგულირება გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მეშვეობით. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ კანონი ადგენს მაუწყებლობის განხორციელების წესს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებლობა ამ კანონის საფუძველზე უნდა განხორციელდეს და იგი, როგორც რეგულირებადი საქმიანობა, ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს კანონით დადგენილ წესს.

მაუწყებლობის ერთ-ერთი ფუნდამენტური და კანონმდებლობით გარანტირებული პრინციპია გამოხატვის თავისუფლება, რომელსაც მაუწყებელი ახორციელებს სამაუწყებლო პროგრამების მეშვეობით. კონკრეტული ვიდეორგოლი უდავოა, რომ არ წარმოადგენს არც კონკრეტულ სამაუწყებლო პროგრამას და არც პროგრამის ანონსს, იგი 14 BAI - Broadcasting Complaint Decisions, September 2016, 8 https://www.bai.ie/media/sites/2/2016/09/201609_CCECF_Decisions_Sept16_vFinal1.pdf https://www.irishtimes.com/news/ireland/irish-news/wind-energy-advert-held-to-have-broken-broadcasting- law-1.2759752 თავისი  შინაარსით  წარმოადგენს  რეკლამას,  კერძოდ  კი  რეკლამის  ერთ-ერთ  სახეს  - პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამას.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის,  საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას. წინასაარჩევნო რეკლამა არის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა   და   მერის   არჩევის   ხელშეწყობას.   საქართველოს   ორგანული   კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლი ჯ) ქვეპუნქტის თანახმად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრავს როდის ხდება როგორც ფასიანი, ასევე უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსება. კერძოდ, კოდექსის 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ცხადად განსაზღვრავს, რომ მაუწყებლების მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის და კომუნიკაციების კომისიისთვის წარდგენილი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის ტარიფები ძალაში შედის კენჭისყრამდე 50-ე დღიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ 50-ე დღემდე ფასიანი პოლიტიკური რეკლამა ეთერში ვერ განთავსდება, ვინაიდან საფასურის გარეშე შეუძლებელია ფასიანი რეკლამის განთავსება. რაც შეეხება უფასო პოლიტიკურ რეკლამას, ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ კანონმდებელმა განსაზღვრა მაუწყებლების ვალდებულება, რომ კენჭისყრამდე 50-ე დღიდან დაუთმოს კონკრეტული ოდენობის დრო უფასო პოლიტიკურ რეკლამას. წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსება მაუწყებლის ეთერში ნებადართულია კენჭისყრის დღემდე.

2020   წლის   2   ივლისს   განხორციელებული   ცვლილების   (N6727-რს)   შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 761 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ   საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისას გამოიყენება ამ კანონის 66-ე მუხლი, თუ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 185-ე და 186-ე მუხლებით  სხვა  რამ  არ  არის  დადგენილი.  აღნიშნული  ცვლილება  ძალაში  შევიდა გამოქვეყნებისთანავე (03.07.2020). საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 186-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კი ზუსტადაა განსაზღვრული წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების დრო, კერძოდ, საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნების დროს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნების დღემდე  50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში 7,5 წუთი გამოყოს წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. ამასთან,   არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

„საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის დადგენილი რეგულაციების თანახმად დადგინდა, რომ დაუშვებელია მაუწყებლის მიერ კენჭისყრამდე 50-ე დღემდე ფასიანი ან უფასო წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის განთავსება.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს კანონმდებლობა მკაცრად არეგულირებს წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის მაუწყებლის ეთერში განთავსების (დაწყებისა და დასრულების) თარიღს, ასეთი რეკლამის განთავსების ფორმას, რეკლამის ფასების გამოქვეყნების წესს, რეკლამის ხანგრძლივობასა და რეკლამებს შორის დროის ინტერვალებს, რომელიც თანაბარი, მიუკერძოებელი და არადისკრიმინაციული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტებისთვის. ამდენად, როგორც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“, ასევე „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის   მიხედვით, როგორც ფასიანი, ისე უფასო წინასაარჩევნო რეკლამის მაუწყებლის ეთერში განთავსება, იკრძალება კენჭისყრამდე 50-ე დღემდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, კომისიას მიაჩნია, რომ არაწინასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსება სამაუწყებლო ეთერში, ეწინააღმდეგება და აზრს უკარგავს კანონის მიზანს, რასაც ემსახურება წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის დადგენილი საკანონმდებლო რეგულაციები.

წინასაარჩევნო/პოლიტიკურირეკლამები მაუწყებლის ეთერში

შპს „მთავარი არხის“ სამაუწყებლო ეთერში 17 და 18 ნოემბერს, მაუწყებლის სარედაქციო პასუხისმგებლობით   განთავსებული პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლები, მისი შინაარსიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის და ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური პარტიისა და იდეისადმი ინტერესის ფორმირებას და მიზნად ისახავს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის არჩევისთვის ხელის შეშლას. სარეკლამო რგოლები შეიცავს მმართველი პარტიის, ხელისუფლების წარმომადგენელთა და საჯარო მოხელეთა უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას, მკვლელებად მოხსენიებას და ემსახურება მათ მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირებას. სარეკლამო რგოლების ბოლოს ისმის მოწოდებები საზოგადოების წევრების/ამომრჩევლების მისამართით: „გადაარჩინე მიხეილ სააკაშვილი“, „უთხარი მკვლელებს არა“. აღნიშნული სარეკლამო რგოლები თავისი შინაარსით აშკარად და ცხადად ახდენენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის იდენტიფიცირებას ნებისმიერი საშუალო სტატისტიკური ადამიანისთვისაც კი. აღნიშნული ვიდეორგოლები კონკრეტული პარტიის სახეებზე მითითებით, ყველაზე მკაფიო ფორმით (რაც კი თეორიულად შეიძლება არსებობდეს) ახდენს აღნიშნულ პარტიაზე მითითებას და მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში აღნიშნული პარტიის არჩევისთვის ხელის შეშლას.

შპს „მთავარი არხის“ სამაუწყებლო ეთერში, სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებულ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ სარეკლამო რგოლში წარმოდგენილია პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წევრების წინასაარჩევნოდ გავრცელებული ფოტოების კოლაჟი, და აღნიშნული პარტიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებული სიმღერის ფონზე, როდესაც ისმის სიტყვები „ჩემი საქართველო აქ არის“ ფოტოების კოლაჟი ერთიანდება რუსეთის ფედერაციის ვლადიმერ პუტინის სახის გამოსახულებაში. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის დროს, რეკლამის დამკვეთმა ნ.რუხაძემ დაადასტურა, რომ ვიდეო რგოლი არის პოლიტიკური შინაარსისა და მიზნის მატარებელი.

კომისია აღნიშნავს, რომ სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის თანახმად პირდაპირ და ექსპლიციტურად არის განსაზღვრული, რომ რეკლამა, რომელიც არის პოლიტიკური, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება სოციალური რეკლამა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვიდეორგოლი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს სოციალურ რეკლამას და არ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამისთვის დადგენილ არცერთ კრიტერიუმს, მსგავსად დანარჩენი სარეკლამო რგოლებისა, მიზნად ისახავს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ საზოგადოებაში კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ უარყოფითი აზრის  ჩამოყალიბებას და მომდევნო არჩევნებში ამ პოლიტიკური პარტიის არჩევის ხელშეშლას.

კომისია    აღნიშნავს,    იმისათვის,    რომ    დადგინდეს    კონკრეტული    ვიდეორგოლი წარმოადგენს თუ არა პოლიტიკურ რეკლამას აუცილებელია მხედველობაში იქნას მიღებული მისი შინაარსი, კონტექსტი და მიზანი. იმის გათვალისწინებით, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ვიდეო რგოლებში ფიგურირებენ პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ასევე ვიდეო რგოლი ეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პატიმრობას, რაც ბოლო პერიოდში პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია და შეიცავს კონკრეტულ პოლიტიკურ მოწოდებებს, აღნიშნული ვიდეორგოლები თავისი შინაარსის, კონტექსტისა  და  მიზნის  გათვალისწინებით  წარმოადგენენ  პოლიტიკური  შინაარსის ვიდეორგოლებს. ასევე, პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლები მაუწყებლის ეთერში განთავსებულია პროგრამებს შორის, სარეკლამო ჭრაში, არაერთჯერადად და მოიცავს კონკრეტულ მოწოდებებს/სლოგანებს. შესაბამისად, აღნიშნული ვიდეორგოლები როგორც ფორმით, ასევე შინაარსით წარმოადგენენ პოლიტიკურ რეკლამას.

შპს „მთავარი არხის“ სამაუწყებლო ეთერში 2021 წლის 17 და 18 ნოემბერს, როდესაც წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობდა, განთავსდა წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამები, რაც წარმოადგენს რეკლამის შინაარსის, ასევე გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას. შესაბამისად, შპს „მთავარმა არხმა“  განათავსა და გაავრცელა არასათანადო რეკლამა, რითაც მის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მთავარ არხს“   იდენტური დარღვევისთვის, კერძოდ, არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლების განთავსების გამო, რითაც დარღვეულ იქნა   რეკლამის განთავსების დროისა და გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის № გ-19-18/727 გადაწყვეტილებით დაეკისრა წერილობითი გაფრთხილება, რის შემდეგაც, მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის, კომისიის 2020 წლის 13 თებერვლის (Nგ-20-18/115) გადაწყვეტილებით დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, ხოლო კომისიის 2020 წლის 3 დეკემბერს N გ-20-18/889 გადაწყვეტილებით დაეკისრა ჯარიმა 58066.71 ლარის ოდენობით. დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში მაუწყებლის მიერ ჩადენილია იგივე სახის დარღვევა, შესაბამისად, შპს „მთავარ არხს“   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა დაეკისროს ჯარიმა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის   შემთხვევაში   კომისია   უფლებამოსილია   მაუწყებელს   დააკისროს   ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო  ადმინისტრაციული             წარმოება ლიცენზიის   მოქმედების შესაჩერებლად/ავტორიზაციის  შესაჩერებლად.  კომისია  ასევე  აღნიშნავს,  რომ  გააჩნია დისკრეციული  უფლებამოსილება  ჯარიმის  ოდენობასთან  დაკავშირებით,  რა  დროსაც კომისიამ   სრულყოფილად   უნდა   შეაფასოს   საქმის   გარემოებები   და   ისე   მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯარიმის ოდენობასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თუ ადმინისტრაციულ  ორგანოს  რომელიმე  საკითხის  გადასაწყვეტად  მინიჭებული  აქვს დისკრეციული      უფლებამოსილება,  იგი  ვალდებულია ეს  უფლებამოსილება განახორციელოს  კანონით  დადგენილ  ფარგლებში.“  ამასთანავე,  ამავე  კოდექსის  მე-7 მუხლის  თანახმად,  დისკრეციული  უფლებამოსილების  განხორციელებისას  დაცული უნდა იქნას საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ    კოდექსის    33-ე    მუხლის    თანახმად    „სახდელის    დადებისას მხედველობაში   მიიღება   ჩადენილი   სამართალდარღვევის   ხასიათი,   დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის  ხარისხი,  ქონებრივი მდგომარეობა,

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.“ ამავე კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ ერთ-ერთ გარემოებად ითვლება  „წლის  განმავლობაში  ერთგვაროვანი    სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი“. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას სანქციის მიზანი, მიზანშეწონილია, რომ სანქციის სახით გამოყენებულ იქნას ჯარიმის ზედა ზღვარი, კერძოდ,      მაუწყებლის   წლიური   შემოსავლის   1%. კომისიის   აპარატის   საფინანსო- საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (N21-10-2102; 22/11/2021) თანახმად, შპს „მთავარი არხის“ წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობა შეადგენს 111,903.43 (ასთერთმეტი ათას ცხრაას სამი მთელი ორმოცდასამი მეასედი) ლარს. შესაბამისად, შპს „მთავარ არხს“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 111,903.43 (ასთერთმეტი ათას ცხრაას სამი მთელი ორმოცდასამი მეასედი) ლარის ოდენობით.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის, მე-7, მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების და VII თავის,  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-2  მუხლის  „წ“  და  „ჰ14“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, 63-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  72-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, 761 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა   კოდექსის   33-ე   მუხლისა   და   35-ე   მუხლის   მე-2   ნაწილის,

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „მთავარ არხს“ დაეკისროს ჯარიმა 111,903.43 (ასთერთმეტი ათას ცხრაას სამი მთელი ორმოცდასამი მეასედი) ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო.

2.   შპს „მთავარმა არხმა“  უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი  რეკვიზიტების  მიხედვით:  ხაზინის  ერთიანი  ანგარიში, ანგარიშის  ნომერი  -200122900;  ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 300773251.

ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „მთავარი არხისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4.   გადაწყვეტილება    ძალაში    შედის    მისი    დამოწმებული    ასლის    შპს  ,,მთავარი არხისთვის” ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,  №64)  შპს  ,,მთავარი  არხისთვის”  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6.  კონტროლი     აღნიშნული     გადაწყვეტილების    შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები