სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2021 16:48
მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2021
სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - „კომისია“) აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N21-10-2195, 07/12/2021) თანახმად, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სამაუწყებლო ბადის შემოწმება, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ 2021 წლის 15 – 17 ნოემბრის პერიოდში ეთერში განთავსდა მხატვრული ფილმები: „მეშვიდე ბეჭედი“, „მარწყვის მდელო“ და „მგლის საათი“.
2021 წლის 24 ნოემბრის წერილით (N გ-21-04/3294, 24/11/2021) კომისიამ მიმართა სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს“ და მოსთხოვა 3 სამუშაო დღეში სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
2021 წლის 30 ნოემბერს მაუწყებლისგან კომისიაში შემოვიდა საპასუხო წერილი (შ-21-6/5208,30.11.2021), რომლის თანახმად, ფილმების ფრაგმენტები სალექციო მიზნებისთვის იყო ეთერში განთავსებული. ასევე, წერილში აღნიშნული იყო, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, „საავტორო უფლება წარმოიშობა ნაწარმოების შექმნისთანავე და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგ 70 წლის განმავლობაში“. ფილმების ჩვენების მართლზომიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კი მაუწყებელს არ გააჩნდა.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ეთერში განთავსებული არ იყო ფილმის ფრაგმენტები, სამივე ფილმის მიმდინარეობა აღემატებოდა 90 წუთს, რაც ფილმის ფრაგმენტის ჩვენებად ვერ ჩაითვლება. „მეშვიდე ბეჭედი“, ხანგრძლივობა - 96 წთ, ეთერში გაშვების დრო - 21:43 – 23:40; „მგლის საათი“, ხანგრძლივობა - 90 წთ, ეთერში გასვლის დრო - 21:48 – 23:35; „მარწყვის მდელო“, ხანგრძლივობა - 91 წთ, ეთერში გასვლის დრო - 21:53 – 23:40. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფილმის გამოშვების წლებია 1957 და 1968 წლები, ფილმების რეჟისორი კი 2007 წელს გარდაიცვალა. არც ერთი ამ მოვლენის შემდეგ 70 წელი გასული არ არის. შესაბამისად, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიერ შესაბამისი უფლებების მოპოვების გარეშე ფილმების ეთერში განთავსებით, დაირღვა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 16 დეკემბერს, რის შესახებაც ორგანიზაციას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით (N გ-21-03/3477, 10/12/2021) მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ს.ვახტანგოვი და ს.სახვაძე.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა კ.ქორიძემ, კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე აღნიშნა, რომ სამსახურებრივი ბარათის მომზადების შემდეგ დეპარტამენტმა სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისგან“ გამოითხოვა არქივი იმ სამ დღეზე, როდესაც ეს ფილმები იყო ეთერში განთავსებული. წარმოდგენილი ჩანაწერები არ არის უწყვეტი სახით, არის 3 დღის ჩანაწერის 10-11 საათიანი მონაკვეთი. წარმოდგენილი ჩანაწერებიდანაც ირკვევა, რომ ეს ფილმები (თუ გამოაკლდება სრულ ქრონომეტრაჟს სარეკლამო ჭრების ხანგრძლივობა) 1 საათზე მეტი დროის განმავლობაში იყო განთავსებული, რაც ფრაგმენტებად ვერ ჩაითვლება და ვერ განიხილება გამონაკლისად, რასაც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს.
ა.ვახტანგოვმა, სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ დირექტორმა აღნიშნა, რომ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რაც მომავალში აღარ განმეორდება. ტელევიზიას ნამდვილად არ ჰქონდა აღნიშნული ფილმების გაშვების საავტორო უფლებები, თუმცა რადგანაც მათი ტელევიზია შეიქმნა, როგორც სტუდენტური არხი, პლატფორმა, კონსერვატორიისთვის, აკადემიისთვის და თეატრალური უნივერსიტეტისთვის, მისი მთავარი დატვირთვა არის სალექციო კურსი, რა დროსაც უნებლიედ გაუშვეს აღნიშნული ფილმები. მან დაამატა, რომ მომავალში აღარ დაუშვებენ მსგავს შეცდომას. ხოლო, ს.სახვაძემ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მიაჩნიათ, რომ უნდა იქნეს გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლი და უნდა მიეცეთ გაფრთხილება.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N21-10-2195, 07/12/2021);
2. კომისიის წერილი (N გ-21-04/3294, 24/11/2021) სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს“;
3. სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის (შ-21-6/5208, 30.11.2021);
4. მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ შესახებ;
5. სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (N გ-21-03/3477, 10/12/2021) კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი გზავნილი;
6. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის კ.ქორიძის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე;
7. სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წარმომადგენლების ს.სახვაძის და ა.ვახტანგოვის ახსნა- განმარტებები.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირს წამოადგენს. შესაბამისად, იგი, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები;
2. 2021 წლის 15-17 ნოემბრის პერიოდში სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ეთერში, მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე განთავსდა შემდეგი მხატვრული ფილმები: “ „მეშვიდე ბეჭედი“, „მარწყვის მდელო“ და „მგლის საათი“. კერძოდ, მხატვრული ფილმები განთავსებულია შემდეგი ხანგრძლივობით: „მეშვიდე ბეჭედი“, ხანგრძლივობა - 96 წთ, ეთერში გაშვების დრო - 21:43 – 23:40; „მგლის საათი“, ხანგრძლივობა - 90 წთ, ეთერში გასვლის დრო - 21:48 – 23:35; „მარწყვის მდელო“, ხანგრძლივობა - 91 წთ, ეთერში გასვლის დრო - 21:53 – 23:40. ამასთან, ფილმების გამოშვების წლებია 1957 და 1968, ფილმების რეჟისორი კი 2007 წელს გარდაიცვალა. არც ერთი ამ მოვლენის შემდეგ 70 წელი გასული არ არის.
3. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქცია და ვალდებულებაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა, კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება. ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციაა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმა, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
5. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და „საავტორო უფლებების შესახებ“ 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის და ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებების გატარების ვალდებულება.
6. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებით, ნება დართონ თავისი ნაწარმოებების ეთერით გადაცემაზე, ან ამ ნაწარმოებების საყოველთაო გაცნობაზე ნიშნების, ხმების ან გამოსახულებების უსადენო გადაცემის ნებისმიერი საშუალებით;
7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციისა და ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების დასახელებულ დებულებებს შეესატყვისება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული უფლებაა. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიატს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. ამავე კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.
9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაშვებულია შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლო-ბის ორგანიზაციის გადაცემისა და მათი ჩანაწერების გამოყენება შემსრულებლის, ფო- ნოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმო- ბისა და მათთვის ჰონორარის გადახდის გარეშე, შემდეგ შემთხვევებში:
ა) შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გა- დაცემიდან ციტირებისას, სამეცნიერო, კვლევითი, პოლემიკური, კრიტიკული და საინ- ფორმაციო მიზნებისათვის – მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზნით;
ბ) შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან მოკლე ნაწყვეტების ილუსტრაციის სახით გამოყენებისას სწავლებისათვის ან მეცნიერული გამოკვლევებისათვის – მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული მიზნით;
გ) შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან მოკლე ნაწყვეტების ჩართვისას მიმდინარე მოვლენათა მიმოხილვაში.
10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. ამავე მუხლის მე-
2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა;
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 15-17 ნოემბრის პერიოდში სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ეთერში, მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე განთავსდა შემდეგი მხატვრული ფილმები: “ „მეშვიდე ბეჭედი“, „მარწყვის მდელო“ და „მგლის საათი“. კერძოდ, მხატვრული ფილმები განთავსებულია შემდეგი ხანგრძლივობით: „მეშვიდე ბეჭედი“, ხანგრძლივობა - 96 წთ, ეთერში გაშვების დრო - 21:43 – 23:40; „მგლის საათი“, ხანგრძლივობა - 90 წთ, ეთერში გასვლის დრო - 21:48 – 23:35; „მარწყვის მდელო“, ხანგრძლივობა - 91 წთ, ეთერში გასვლის დრო - 21:53 – 23:40. ამასთან, ფილმების გამოშვების წლებია 1957 და 1968, ფილმების რეჟისორი კი 2007 წელს გარდაიცვალა. არც ერთი ამ მოვლენის შემდეგ 70 წელი გასული არ არის.
კომისია აქვე განმარტავს, რომ იმისათვის, რომ აღნიშნული ფილმები საგამონაკლისო ნორმაში მოექცეს უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს, კერძოდ, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაშვებულია შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადა- ცემისა და მათი ჩანაწერების გამოყენება შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის და- მამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობისა და მათთვის ჰონორარის გა- დახდის გარეშე, შემდეგ შემთხვევებში: ა) შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან ციტირებისას, სამეცნიერო, კვლევითი, პოლემი- კური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისათვის – მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზნით; ბ) შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან მოკლე ნაწყვეტების ილუსტრაციის სახით გამოყენებისას სწავლებისათვის ან მეცნიერული გამოკვლევებისათვის – მხოლოდ იმ მოცუ- ლობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული მიზნით; გ) შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან მოკლე ნაწყვეტების ჩართვი- სას მიმდინარე მოვლენათა მიმოხილვაში.
არცერთ ზემოაღნიშნულ გარემოებას ფილმის ჩვენებისას ადგილი არ ქონია, ფილმები სამაუწყებლო ბადეში განთავსებული იყო 90 წთ. და მეტი ხანგრძლივობით, შესაბამისად, იკვეთება სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ ფილმებზე საავტორო უფლების მფლობელი სუბიექტის ნებართვის აუცილებლობა. ამასთან, სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს“ კანონით დადგენილი წესით საავტორო უფლების მფლობელი სუბიექტისაგან არ მოუპოვებია ზემოთხსენებული ნაწარმოებების საჯარო გადაცემის უფლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიერ 2021 წლის 15-17 ნოემბრის პერიოდში მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე მხატვრული ფილმების განთავსებით დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლები, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. ამავდროულად, სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. შესაბამისად, სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე,
38-ე და 42-ე მუხლების, 58-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ორგანიზაციისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.გოშუა) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
6. წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
