შპს „სქაიტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2022 10:54
მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2021
შპს „სქაიტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ( შემდგომში „კომისია“) ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (07/12/2021; N21-10-2197) საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სქაიტელის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხის განხილვის თაობაზე.
აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2021 წლის 30 ნოემბერს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა კომისიას წერილობით (N16/141519) აცნობა, რომ კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტების გარკვეულ ნაწილს, მათ შორის შპს „სქაიტელს“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისათვის არ წარუდგენია ფინანსური ანგარიშგება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. კერძოდ, აღნიშნული წერილის მიხედვით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.“ ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სამსახური ვალდებულია სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებები (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგებები) და აუდიტორული დასკვნები, გარდა მეოთხე კატეგორიის საწარმოების ანგარიშგებებისა, გამოაქვეყნოს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში. პირს უფლება აქვს, სამსახურის მიერ დადგენილი წესით მოითხოვოს მეოთხე კატეგორიის საწარმოს ანგარიშგება. სამსახური უზრუნველყოფს სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებების ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შერჩევით გადამოწმებას რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია სუბიექტს მოსთხოვოს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა.“ ასევე, ამავე კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/ საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.”
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო- საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (07/12/2021; N21-10-2197) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სქაიტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დადგენილ ვადაში ფინანსური ანგარიშგების წარმოუდგენლობის გამო.
შპს „სქაიტელის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 16 დეკემბერს, 15:00 საათზე. კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე კომისიის შეტყობინებით ასევე მოწვეულ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური.
კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი, ი. კობახიძე და შპს „სქაიტელის“ წარმომადგენლები, ი. ხაბეიშვილი და თ. შალიკაშვილი. ი. კობახიძემ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლმა, აღნიშნა, რომ გუშინ, 2021 წლის 15 დეკემბერს გადაგზავნა შპს „სქაიტელმა“ ანგარიშგება, რაზეც სამსახურის მიერ დაიწერა ხარვეზის აქტი, ანუ დაიდენტიფიცირდა ანგარიშგების წარდგენის წესთან შეუსაბამობები. სუბიექტს განესაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ანგარიშგების წარუდგენლობა სახეზე აღარ არის, მაგრამ არის სხვა ტიპის დარღვევა, რაზეც სამსახურმა მოახდინა რეაგირება. ეს ინფორმაცია კომისიაშიც გადმოიგზავნა დღეს, დღის პირველ ნახევარში, ამიტომაც ვერ აისახებოდა მონაცემებში.
კომისიის გადაწყვეტილებით, სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაციიდან გამომდინარე, ვინაიდან კომპანიის მიერ წარდგენილ ანგარიშგებას აქვს ხარვეზი, კომისიის სხდომა გადაიდო 2 კვირით, 2021 წლის 30 დეკემბრისთვის, რათა კომპანიას მისცემოდა საშუალება ხარვეზის აღმოფხვრის და გამოსწორების.
კომისიის 2021 წლის 30 დეკემბრის სხდომას ესწრებოდნენ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი, ი. კობახიძე და შპს „სქაიტელის“ წარმომადგენელი თ. შალიკაშვილი. ი. კობახიძემ განაცხადა, რომ ფინანსური ანგარიშგება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შპს „სქაიტელის“ მიერ ხარვეზი არ არის აღმოფხვრილი. თ. შალიკაშვილმა განმარტა, რომ ხარვეზი მდგომარეობდა იმაში, რომ ანგარიშგება იყო წარდგენილი არა IFRS-ით არამედ წარდგენილი იყო სპეციალური დანიშნულების აუდიტი, რადგანაც არ შეეძლოთ სხვაგვარი აუდიტის დასკვნის წარდგენა. კომპანიას ან საერთოდ არ უნდა წარედგინა ანგარიშგება, ან უნდა წარედგინა სპეცდანიშნულების ანგარიშგება, რადგანაც შპს „სქაიტელს“ 2020 წელს შეერწყა 40-მდე კომპანია. იმისთვის რომ IFRS-ით გაკეთდეს ფინანსური აუდიტი, საჭიროა 3 წლის ნაშთების დადასტურება და 2 წლის მოგება-ზარალის გაკეთება. შპს „სქაიტელში“ 2021 წლიდან არის მთლიანად ახალი ფინანსური გუნდი, ახალი ფინანსური დირექტორი. აუდიტორულმა კომპანიამ შეუფასა შპს „სქაიტელს“ აქტივები და შეუძლებელი აღმოჩნდა 2018 წლის მონაცემების აუდიტის გაკეთება. შესაბამისად, ფიზიკურად ვერ შეძლებენ ხარვეზის აღმოფხვრას ამის გამო. თუმცა, მომავალი წლის პირველი კვარტლის დასასრულისთვის 2021 წლის ანგარიშგებას მოამზადებენ IFRS-ით და 3 წლის სრულყოფილი დასკვნა ექნებათ წარდგენილი. აუდიტორულ კომპანიასთან უკვე აქვთ მოლაპარაკება და მომავალი წლის თებერვლის შუა რიცხვებიდან სურთ 2021 წლის აუდიტის დაწყება, რომელსაც მოყვება 2020 და 2019 წლების მონაცემები და სრული IFRS- ით მომზადდება 2021 წლის აუდიტი. ხოლო 2020 წლის აუდიტის გაკეთება სრული IFRS- ით, იყო შეუძლებელი. ასეთ შემთხვევაში უნდა წარედგინათ აუდიტორული კომპანიის უარი დასკვნის მომზადებაზე. ამას არჩიეს ჩაებარებინათ 1 წლის აუდიტი, რომელიც არის სპეცდანიშნულების, ხოლო 2021 წლის ანგარიშგებას ჩააბარებენ სრული IFRS-ით, ისევე როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები;
1. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (07/12/2021; N21-10-2197) თანდართული დოკუმენტაციით.
2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომისიაში გამოგზავნილი წერილი (30/11/2021; N 16/141519).
3. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომისიაში გამოგზავნილი წერილი (13/12/2021; N 16/146756).
4. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომისიაში გამოგზავნილი წერილი (16/12/2021; N16/148212).
5. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდანდა კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „სქაიტელის“ შესახებ მონაცემები.
6. შპს „სქაიტელისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება კომისიის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
7. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისათვის გაგზავნილი შეტყობინება კომისიის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
8. შპს „სქაიტელის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის სხდომებზე.
9. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგელის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის სხდომებზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „სქაიტელი“ (ს/კ 400013748) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.
2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, შპს „სქაიტელი“ მიეკუთვნება მეორე ზომითი კატეგორიის საწარმოს („ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მეორე კატეგორიის საწარმოს).
3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „სქაიტელი“ ვალდებულია ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინონ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.
4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, „მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, გამოიყენონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS)“.
5. შპს „სქაიტელის“ მიერ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სამსახურში გადმოგზავნილ იქნა ანგარიშგება დარღვევებით, რაზეც სამსახურის მხრიდან დაიწერა შესაბამისი ხარვეზის აქტი და აღმოსაფხვრელად სუბიექტს განესაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა. გარდა ანგარიშგების წარდგენის წესთან შეუსაბამობისა (რაზეც სამსახურმა დაადგინა ხარვეზი), ანგარიშგება არაა სტანდარტის შესაბამისად მომზადებული. კერძოდ, შესადარის პერიოდზე არაა ინფორმაცია სრულად. ასევე, ციფრულად შვილობილი არ არის მითითებული (რაც თავის მხრივ გულისხმობს, რომ სუბიექტს კონსოლიდირებული ანგარიშგება არ აქვს წარდგენილი).
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.
2. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება უნდა შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს.
3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, გამოიყენონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS).
4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.
5. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26- ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა – 10 000 ლარის ოდენობით. ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის სამსახურმა შესაძლებელია ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს. სამსახურის წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის ან/და პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტს უორმაგდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა.
6. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სქაიტელის“ მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2020 წლის ანგარიშგების 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე წარუდგენლობით, ასევე ანგარიშგების კანონით დადგენილი სტანდარტის დაუცველად წარდგენით დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად სანქცირების საფუძველია.
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ შპს „სქაიტელის“ მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, უნდა განესაზღვროს ერთთვიანი ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „სქაიტელს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო.
2. უზრუნველყოს შპს „სქაიტელიმა“ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად 2020 წლის ანგარიშგების, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენა, ერთი თვის ვადაში.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სქაიტელისათვის“ და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. კაველიძე) შპს „სქაიტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სქაიტელისათვის“ ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „სქაიტელისათვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური
თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
