ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2022 11:01
მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2021
ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N21-10-2378, 24.12.2021) საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით, მის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათში (N21-10-2378, 24.12.2021) აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ სამაუწყებლო ბადის შემოწმება, რის შედეგად აღმოჩნდა, რომ 2021 წლის 26-30 ნოემბრის პერიოდში ეთერში განთავსებული იყო მხატვრული ფილმები: „მოდილიანი“, „ქალის სურნელი“ და „შეხვედრა მთაში“. აღნიშნულ აუდიო-ვიზუალურ პროდუქციაზე მაუწყებელს გადაცემის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიას კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი. 2021 წლის 20 დეკემბერს, კომისიამ წერილობით მიმართა ა(ა)იპ
„ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ და მოსთხოვა 3 სამუშაო დღეში სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა, რაზედაც კომისიას კომპანიისაგან პასუხი არ მიუღია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მიერ შესაბამისი უფლების მოპოვების გარეშე მხატვრული ფილმების ეთერში განთავსებით დაირღვა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
2021 წლის 29 დეკემბერს, ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ კომისიაში წარმოადგინა წერილობითი პოზიცია, სადაც აღნიშნავს, რომ 2021 წლის 26 – 30 ნოემბრის პერიოდში ტელეკომპანია ,,PKTV“ - ის ეთერში მხატვრული ფილმების: „მოდილიანი“, „ქალის სურნელი“ და „შეხვედრა მთაში“ გაშვებით არ შელახულა ავტორთა უფლებები. აღნიშნული ფილმები არ არის საქართველოს კონოაკადემიის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და კინოსტუდია ,,ქართული ფილმის" მფლობელობაში. კინოფილმები: „მოდილიანი“ და „ქალის სურნელი“ დუბლირებულია პროვაიდერ ,,Adjaranet“ - ის მიერ, რომელსაც არანაირი პრეტენზია არა აქვს ამ ფილმების ,,PKTV“ - ის ეთერში გაშვებასთან დაკავშირებით, რისი წერილობით დოკუმენტირებას ხელი შეუშალა კორონავირუსის პანდემიამ. ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ განმარტავს, რომ აღნიშნული ფილმები ქართულ ენაზეა გახმოვანებული და საჯაროდ დევს. ფილმების ეთერში განთავსება მოხდა მაყურებელთა თხოვნით. საქართველოს პარლამენტის პირველი კინოკომისიის თავმჯდომარემ, ქართული ეროვნული კინოცენტრის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, აწ განსვენებულმა ბატონმა ა. ჟღენტმა ,,PKTV” - ის გადასცა აღნიშნული ფილმების შემცველი ვიდეოკასეტა, საიდანაც გადმოწერეს ფილმები მფლობელის ნებართვით. როდესაც ქვეყანაში ამდენი სიკვდილიანობა და ასეთი მძიმე მდგომარეობაა, ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ შეეცადა შეძლებისდაგვარად დაეკმაყოფილებინა ხალხის მოთხოვნა. მხატვრულ ფილმთან ,,შეხვედრა მთაში" დაკავშირებით კომპანია განმარტავს, რომ ფილმის გაშვებაზე სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდა მთავარი როლის შემსრულებელ, აწ გარდაცვლილ ლ. აბაშიძესთან, რომელმაც გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე ტელევიზიაში ინტერვიუს დროს საჯაროდ განაცხადა თანხმობა მისი მონაწილეობით გადაღებული ნებისმიერი პროდუქციის ,,PKTV“ - ის ეთერში ჩვენებაზე.
ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 30 დეკემბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც წერილობითი შეტყობინებით ეცნობა ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“. ამავე შეტყობინებით, მაუწყებელს განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისიის 2021 წლის 30 დეკემბრის სხდომაზე ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელმა მ. დემეტრაშვილმა განმარტა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია კომუნიკაციების კომისიამ შეამოწმოს მაუწყებლები, რათა არ დაირღვეს რომელიმე ავტორის უფლება.
,,PKTV" - ის მიერ მხატვრული ფილმები: „მოდილიანი“, „ქალის სურნელი“ და „შეხვედრა მთაში“ გაშვებულია შემეცნებითი მიზნით, ხოლო შემეცნება განათლებას უკავშირდება, ამასთან, ფილმების ეთერში განთავსებით კომპანიას არანაირი შემოსავალი ან მოგება არ მიუღია. შესაბამისად, არ დარღვეულა ავტორთა და საავტორო უფლებების მფლობელთა უფლებები. კომპანიის წარმომადგენელმა თხოვნით მიმართა კომისიას ,,PKTV“-ის სანქციისაგან და მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრებისსგან გათავისუფლების თაობაზე და განმარტა, რომ მომავალში შეეცდებიან არ ასცდნენ ტელეკომპანიის ძირითად მიზანს, რაც არის შემეცნებითი მაუწყებლობა და არცერთი ავტორის უფლება არ დაარღვიონ.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 21-10-2378, 24.12.2021) თანდართული დოკუმენტაციით.
2. კომისიის მიერ ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ გაგზავნილი წერილი (N გ-21-04/3582, 20.12.2021).
3. ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ 2021 წლის 29 დეკემბრის წერილობითი ახსნა-განმარტება და მისი წარმომადგენლის მიერ 2021 წლის 30 დეკემბრის კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა- განმარტება.
4. კომისიის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N21-10-2410, 28.12.21).
5. ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის” შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის” წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა - კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა - სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი:16.02.2016).
2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ სამაუწყებლო ბადის შემოწმება, რის შედეგად გამოვლინდა, რომ 2021 წლის 26-30 ნოემბერის პერიოდში მაუწყებლის ეთერში განთავსებული იყო მხატვრული ფილმები: „მოდილიანი“, „ქალის სურნელი“ და „შეხვედრა მთაში“ საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე.
3. კომისიის 2021 წლის 15 ივლისის № გ-21-18/438 გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის” მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
4. კომისიის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის” ბოლო 12 კალენდარული თვის წლიური შემოსავლის 0.5% არ აღემატება 2500 ლარს.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.
5. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი.
6. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები.
7. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.
9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.
10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემისჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა.
11. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტისშესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლებასაავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია.
კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ამ გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.
14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წლის 26 – 30 ნოემბრის პერიოდში, ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე მხატრული ფილმების:
„მოდილიანი“, „ქალის სურნელი“ და „შეხვედრა მთაში“ გადაცემით დარღვეულ იქნა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლები, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მუხლები, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც კომპანიის სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2021 წლის 15 ივლისის №გ-21-18/438 გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მიცემული ჰქონდა წერილობითი გაფრთხილება და წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა მსგავსი ახალი დარღვევა, კომპანიას, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა დაეკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა. ვინაიდან, კომპანიის ბოლო 12 კალენდარული თვის წლიური შემოსავლის 0.5% არ აღემატება 2500 ლარს, ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 2500 ლარი.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 58-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის მესამე პუნქტის და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ დაეკისროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით .„ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს ,,საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების“ მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
2. ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და უფლებებისათვის“ უზრუნველყოს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251; ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) ამ გადაწყვეტილების ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და უფლებებისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და უფლებებისათვის“ ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და უფლებებისათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
6. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
