„შპს „მაგთიკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2021 16:38
მიღების თარიღი მარტი 11, 2021
„შპს „მაგთიკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2019 წლის 13 ივნისს კომისიის მიერ მიღებულ იქნა №გ-19-6/358 გადაწყვეტილება, „შპს „მაგთიკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“. გადაწყვეტილების შესაბამისად, დადგენილ იქნა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა, თანხის გადახდის გრაფიკი და ასევე რიგი ვალდებულებები.
კომისიის მიერ 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ იქნა ის გარემოებები, რომ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების დროს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიით შპს „მაგთიკომის“ მიერ CDMA ტექნოლოგიის გამოყენებით 100 000-ზე მეტ აბონენტს მიეწოდებოდა საკომუნიკაციო მომსახურება. მომსახურება აქტიურად გამოიყენებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საზღვრისპირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში. შესაბამისად, აღნიშნული ტექნოლოგიით მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, მომხმარებლები დარჩებოდნენ საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების გარეშე, რაც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ რიგში იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და ასევე კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ფაქტორების გათვალისწინებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადანაწილება განხორციელდა ლიცენზიის მოქმედების მთელ ვადაზე, 10 წელზე და კომპანიას განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის შემდეგი გრაფიკი:
პირველი წლის გადასახადის ოდენობა - 100 000.00 ლარი - 2019 წლის 13 ივლისამდე. მეორე წლის გადასახადის ოდენობა - 100 000.00 ლარი – 2020 წლის 13 ივლისამდე; მესამე წლის გადასახადის ოდენობა - 2,012 014.66 ლარი – 2021 წლის 13 ივლისამდე; მეოთხე წლის გადასახადის ოდენობა - 2,012 014.66 ლარი – 2022 წლის 13 ივლისამდე;მეხუთე წლის გადასახადის ოდენობა - 2,012 014.66 ლარი – 2023 წლის 13 ივლისამდე;; მეექვსე წლის გადასახადის ოდენობა - 2,012 014.66 ლარი – 2024 წლის 13 ივლისამდე; მეშვიდე წლის გადასახადის ოდენობა - 2,012 014.66 ლარი – 2025 წლის 13 ივლისამდე; მერვე წლის გადასახადის ოდენობა - 2,012 014.66 ლარი – 2026 წლის 13 ივლისამდე; მეცხრე წლის გადასახადის ოდენობა - 2,012 014.66 ლარი – 2027 წლის 13 ივლისამდე; მეათე წლის გადასახადის ოდენობა - 2,012 014.66 ლარი – 2028 წლის 13 ივლისამდე;
მომხმარებელთა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე შპს „მაგთიკომს“ კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის თანახმად განესაზღვრა შემდეგი ვალდებულებები:
ა) ყოველკვარტალურად წარმოადგინოს ინფორმაცია წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი N2-ში მითითებული ცხრილის შესაბამისად;
ბ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს კომისიის და ყველა აბონენტის ინდივიდუალური შეტყობინება მომსახურების მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე მომსახურების შეწყვეტამდე 3 თვით ადრე. მომსახურების შეწყვეტამდე, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს აბონენტების მიგრაცია შპს „მაგთიკომის“ იმავე გეოგრაფიულ ზონაში არსებულ ალტერნატიულ საკომუნიკაციო მომსახურებებზე. მიგრაცია არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში თუ:
ბ.ა) აბონენტი თავად აცხადებს უარს შეთავაზებულ ალტერნატიულ მომსახურებაზე;
ბ.ბ) მიუხედავად კომპანიის მიერ მიღებული გონივრული ზომებისა, ვერ მოხერხდა აბონენტებთან დაკავშირება;
ბ.გ) მიუხედავად კომპანიის მიერ მიღებული ზომებისა, ვერ ხერხდება აბონენტისათვის ალტერნატიული მომსახურების შეთავაზება;
ბ.დ) შპს „მაგთიკომის“ მომსახურებებისგან დამოუკიდებლად არსებობს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული საკომუნიკაციო მომსახურება იმავე გეოგრაფიულ ზონაში;
გ) იმ შემთხვევაში თუ კომისიამ ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი 21 თვის განმავლობაში განახორციელა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის საფასურის გადაანგარიშება ე.წ „დიდ ოთხეულში“ შემავალი აუდიტორული კომპანიის მიერ შემუშავებული ბიზნეს მოდელირებით და განახორციელა წინამდებარე გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა ლიცენზიის საფასურის გადაანგარიშების კუთხით და შპს „მაგთიკომს“ მოცემული პერიოდისთვის უფიქსირდება აქტიური აბონენტები, კომპანია ვალდებულია გააგრძელოს მომსახურების მიწოდება ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე ან აქტიური აბონენტების სრულ მიგრაციამდე წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის პირობების დაცვით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 13 ივნისს №გ-19-6/358 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტში მითითებული დათქმის განხორციელების მიზნით 2020 წლის 7 სექტემბერს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის (NAT200013806) ფარგლებში გამარჯვებული კომპანიის („ერნსტ ენდ იანგის“) მიერ, შემუშავდა შესაბამისი ბიზნესმეთოდოლოგია და განხორციელდა 453,0 მჰც - 457,5 მჰც და 463,0 მჰც - 467,5 მჰც რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საბაზრო ღირებულების შეფასება. შეფასების თანახმად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2029 წლის 17 ივნისამდე (ლიცენზიის მოქმედების ვადის ბოლომდე) განისაზღვრა 161,000.00 (ასსამოცდაერთი ათასი) ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან №F10 ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი 21 თვის განმავლობაში განხორციელდა №F10 ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშება და ამასთანავე, შპს „მაგთიკომს“ 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით CDMA ტექნოლოგიაზე უფიქსირდება 10,000-ზე მეტი აქტიური აბონენტი, შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება „შპს „მაგთიკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით და საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2021 წლის 4 მარტი. შპს „მაგთიკომს“, საკითხის განხილვის თაობაზე შეტყობინება (წერილის №გ-21-03/556) გაეგზავნა 2021 წლის 2 მარტს ელექტრონულ მისამართზე კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით.
კომისიის 2021 წლის 4 მარტის სხდომაზე აღინიშნა, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№21-10-400, 04.03.2021) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადაანგარიშების თაობაზე. სამსახურებრივი ბარათის თანახმად 2021 წლის 4 მარტის მდგომარეობით კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს „მაგთიკომს“ ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი აქვს ლიცენზიით განსაზღვრული პირველი წლის (2019 წლის 17 ივნისიდან 2020 წლის 17 ივნისამდე პერიოდი) და მეორე წლის (2020 წლის 17 ივნისიდან 2021 წლის 17 ივნისამდე პერიოდი) საფასური - 200,000.00 (ორასი ათასი) ლარი. შესაბამისად, კომპანია „ერნსტ ენდ იანგის“ მიერ გადაანგარიშებულ საფასურს 161,000.00 (ასსამოცდაერთი ათასი) ლარს უნდა გამოაკლდეს შპს„მაგთიკომის“ მიერ 2020 წლის პირველი იანვრიდან, 2021 წლის 17 ივნისამდე პერიოდზე გადახდილი საფასურის ოდენობა. შპს „მაგთიკომის“ მიერ გადახდილი საფასურის მიხედვით ერთი დღის საფასური შეადგენს (200,000/731) 273.598 (ორასსამოცდაცამეტი და 598) ლარს. 2020 წლის პირველი იანვრიდან, 2021 წლის 17 ივნისამდე დღეების რაოდენობა შეადგენს 533 (ხუთასოცდაცამეტი) დღეს და ამ პერიოდზე გადახდილი თანხა შეადგენს 145 827.63 (ასორმოცდახუთი ათას რვაასოცდაშვიდი და 63) (533 x 273,598) ლარს. შესაბამისად, 161 000.00 (ასსამოცდაერთი ათასი) ლარს გამოკლებული 145 827.63 (ასორმოცდახუთი ათას რვაასოცდაშვიდი და 63) ლარი არის 15 172.37 (თხუთმეტი ათას ასსამოცდათორმეტი და 37) ლარი, რომელიც უნდა გადაიხადოს კომპანიამ. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ კომისიის მიერ 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული დათქმის შინაარსიდან გამომდინარე, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადაანგარიშებასთან ერთად მიზანშეწონილია განახლებული რედაქციით ჩამოყალიბდეს კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი და ასევე შპს „მაგთიკომს“ განესაზღვროს აბონენტების მიგრაციის და ქსელის დაზიანების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება.
2021 წლის 4 მარტის სხდომაზე ასევე გამოქვეყნდა შპს „მაგთიკომის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-6/1012, 04.03.2021), რომლითაც კომპანია ითხოვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას, 2021 წლის 11 ივნისამდე კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის გაუქმებას.
სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ აღნიშნა რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც კომპანია ითხოვს ლიცენზიის გაუქმებას არის შემდეგი - ტექნიკური საშუალებები და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც „მაგთიფიქსის“ მომსახურების მისაწოდებლად არის გამოყენებული, არის მოძველებული, აღარ იწარმოება და მწარმოებელიც მხარდაჭერაზე უარს ამბობს. მან განმარტა, რომ სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა ამ შემთხვევაში, მეორეხარისხოვანია და თანხის ოდენობას კომპანიის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია. შპს „მაგთიკომი“, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია ფიქრობს იმაზე, შეძლებს თუ არა შესაბამისი მომსახურების მიწოდებას აბონენტებისთვის. შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს ის ფაქტი, რომ მოულოდნელად „სვიჩმა“ შეწყვიტოს ფუნქციონირება და აბონენტები დარჩნენ მომსახურების გარეშე. კომპანიის გადაწყვეტილება ეფუძნება ანალიზს, მათ შორის მწარმოებელთან კონსულტაციას. როდის დადგება სერვისის შეწყვეტის და ტექნიკური პრობლემის საფრთხე, ამის განსაზღვრა რთულია და არ არსებობს გარანტია, რომ ასეთი გარემოება არ დადგება. ამ მოცემულობის გათვალისწინებით მიაჩნიათ, რომ შპს „მაგთიკომის“ უფრო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იქნება დაიცვას კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილებაში გაწერილი პირობები, აბონენტების ინფორმირების და მიგრაციის კუთხით, სანამ ამის ტექნიკური შესაძლებლობა არსებობს.
სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს და იმსჯელეს კომისიის წევრებმა და კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა. სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ კომისიისთვის გასაგებია წარმოდგენილი ახსნა-განმარტება, რომ ტექნიკური საშუალებები აღარ იწარმოება, არც პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაა შესაძლებელი და არც მომსახურების გაფართოებაა კომპანიის ბიზნესისთვის მომგებიანი. ამის ინიცირებას არც კომისია აპირებს. შესაბამისად, ყველა აბონენტის მიგრირება უნდა მოხდეს და ეს მომსახურება აღარ იარსებებს ბაზარზე. მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი მოხდეს ისე, რომ არ დაზიანდეს არც იმ 10000 აბონენტის ინტერესები და უფლებები და არც შპს „მაგთიკომს“ დარჩეს მაღალი პასუხისმგებლობის რისკი. მისი აზრით, შესაძლებელია ეს თემები მოლაპარაკების საგანი გახდეს და თუ ეს რისკი არის გადაწყვეტილებაში, მისი პასუხისმგებლობის ნაწილი შერბილდეს. მან შესთავაზა შპს„მაგთიკომის“ წარმომადგენელს აღნიშნული საკითხის სამუშაო ფორმატში განხილვა, რაზეც ლევან გიორგაძემ თანხმობა განაცხადა. 2021 წლის 4 მარტის კომისიის სხდომაზე, საკითხის განხილვა გადაიდო 2021 წლის 11 მარტის სხდომისთვის.
კომისიის 2021 წლის 11 მარტის სხდომაზე აღინიშნა, რომ 2021 წლის 4 მარტის შემდეგ შპს„მაგთიკომთან“ გაიმართა სამი სამუშაო შეხვედრა, შერბილდა გადაწყვეტილების პროექტში მითითებული შპს „მაგთიკომის“ ვალდებულებები, თუმცა მიუხედავად ამისა კომპანიასთან შეთანხმება ვერ შედგა. კომპანია წინააღმდეგია კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის და ითხოვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის გაუქმებას.
სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ აღნიშნა რომ კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა იმ ფონზე, როდესაც კომისიაში წარმოდგენილია შპს„მაგთიკომის“ წერილობითი განცხადება ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით, სამართლებრივად არარელევანტურია. კერძოდ:
1) გადაწყვეტილების მოდიფიცირებისთვის კომისიას ესაჭიროება შპს „მაგთიკომის“ მკაფიოდ გამოხატული ნება, რომელიც კომისიას არ აქვს;
2) ლიცენზიის მოდიფიცირებას და მასში ცვლილებების შეტანას ესაჭიროება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო მიმდინარე წარმოება არის მარტივი ადმინისტრაციული წარმოება.
შესაბამისად მისი აზრით, ერთადერთი სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა და კანონით დადგენილ ვადაში ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნის თაობაზე კომპანიის განცხადების განხილვა იქნება.
სხდომაზე მან ასევე აღნიშნა, რომ კომისიამ სამართლებრივი საფუძველი იმ საკითხისა, რასაც დღეს იხილავს შექმნა 2020 წლის 12 ნოემბრს, როდესაც მიიღო №7 დადგენილება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული დადგენილების თანახმად, CDMA ტექნოლოგიით მომსახურების ლიცენზიის (რასაც შპს „მაგთიკომი“ ფლობს), საფასურის კუთხით მოდიფიცირება ან მასში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ბიზნესმოდელირების მეთოდით. მან გამოაქვეყნა მითითებული დადგენილების მე-2 მუხლი და აღნიშნა, რომ მისი აზრით კომისიას არ აქვს უფლება ცვლილება შეიტანოს კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილებაში, თუ არ იქნება შპს „მაგთიკომის“ ნება და კომპანიის მომართვა. მან ასევე განმარტა, რომ მისი განცახდების სამართლებრივ საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა უნდა განხორციელდეს საჯარო და არა მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, წარმოადგენს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტია. აღნიშნული დოკუმენტის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად - “ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების, აგრეთვე ტარიფების დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით. ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია”. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავი არის - საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
კომისია ვერ გაიზიარებს შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის არგუმენტაციას შემდეგი გარემოებების გამო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით. ამავე კოდექსის, 115-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებით გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების, აგრეთვე ტარიფების დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით. ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
როგორც აღინიშნა, წინამდებარე გადაწყვეტილება ემსახურება კომისიის მიერ უკვე მიღებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას. თავის მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის მიერვე მიღებულ აქტში ცვლილების შეტანის უფლებამოსილების დამდგენ სამართლებრივ საფუძველს ქმნის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი დადგენილია ზოგადი წესი, რომლის მიხედვითაც, აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით. როგორც უკვე აღინიშნა, კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილებით გაგრძელდა შპს „მაგთიკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის მოქმედების ვადა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წესით, ვინაიდან, არცერთი აქტი არ ითვალისწინებს ასეთი გადაწყვეტილების მიღების სხვა წარმოების სახეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილება მიღებულია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამრიგად, ზოგადი წესის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით,
აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ცვლილება შეიტანება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისია ვერ გაიზიარებს შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის მითითებას, რომლის მიხედვითაც, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. წარმომადგენელი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ „შპს„მაგთიკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ლიცენზიის მოდიფიცირებაა რაც ქმნის მისი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღების სამართლებრივ წინაპირობას. წინამდებარე გადაწყვეტილება არ განეკუთვნება ლიცენზიის მოდიფიცირებას „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის. წინამდებარე გადაწყვეტილებით არ დგინდება 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიის პირობების ისეთ ცვლილება, რომელიც არ იყო მოაზრებული 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებაში. კერძოდ, პრინციპული გადაწყვეტილება წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საფასურის გადაანგარიშების თაობაზე მიღებულ იქნა 2019 წლის13 ივნისის№გ-19-6/358 გადაწყვეტილებით და კომისიამ გარკვეულწილად ვალდებულება აიღო, რომ ლიცენზიის საფასური გადაანგარიშდებოდა. უფრო მეტიც, 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილება დეტალურად აღწერს აღნიშნული ვალდებულებისა და გადაწყვეტის აღსრულების ფორმებს, ადგენს საფასურის გადაანგარიშების მეთოდს („დიდ ოთხეულში“ შემავალი აუდიტორული კომპანიის მიერ შემუშავებული ბიზნეს მოდელირება). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე გადაწყვეტილება, თავისი არსით, კომისიის მიერ 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილებით აღებული ვალდებულების შესრულებაა და არ განეკუთვნება ლიცენზიის მოდიფიცირებას. შესაბამისად, არ არსებობს ამ გადაწყვეტილების საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღების სამართლებრივი საფუძველი.
შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი ასევე მიუთითებდა, რომ კომისიას არ აქვს უფლება, მიიღოს წინამდებარე გადაწყვეტილება შპს „მაგთიკომის“ მიერ გამოხატული ნების გარეშე. როგორც აღინიშნა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ცვლილება შეიტანოს მის მიერ მიღებულ ადმინისტრაციულ აქტში. დასახელებული უფლებამოსილება არ არის პირობადებული რომელიმე სხვა სუბიექტის, მათ შორის, დაინტერესებული პირების თანხმობით. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის მოსაზრება არ გამომდინარეობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან.
შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა თავისი მოსაზრება დააფუძნა კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N7 დადგენილებაზე. აღნიშნული დადგენილებით ცვლილება შევიდა რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში და, მათ შორის, განისაზღვრა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის ჩატარებისას, CDMA კოდური დაყოფისა და მრავალჯერადი დაშვების ტექნოლოგიისთვის 453-457.5 მჰც და 463-467.5 მჰც რადიოსიხშირული ზოლით სარგებლობის საწყისი საფასურის გამოთვლა შესაბამისი რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთისათვის ბენჩმარკინგის ან/და ბიზნესმოდელირების მეთოდოლოგიებით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულების საფუძველზე.
კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №7 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, „ამ დადგენილების მოქმედება შესაძლებელია გავრცელდეს მის ამოქმედებამდე გაცემულ/ვადაგაგრძელებულ ლიცენზიებზეც, თუ ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას წერილობითი განცხადებით და მოითხოვს ლიცენზიის გადაუხდელი საფასურის გადაანგარიშებას ამ დადგენილების შესაბამისად და თუ ლიცენზიის გაცემიდან/ვადის გაგრძელებიდან არ გასულა ლიცენზიის მოქმედების ვადის ნახევარზე მეტი. ლიცენზიის გადახდილი საფასური გადაანგარიშებას არ ექვემდებარება“. აღნიშნული დებულება ერთი მხრივ, გამორიცხავს დადგენილებით განსაზღვრული წესისათვის უკუძალის მინიჭებას ისეთ შემთხვევებში, როდესაც დადგენილებით შეტანილი ცვლილება აუარესებს ლიცენზიის მფლობელის უფლებრივ მდგომარეობას და, მეორე მხრივ, ადგენს მისი უკუძალით გამოყენების სამართლებრივ საფუძველს ისეთ შემთხვევებში, როდესაც უმჯობესდება ლიცენზიის მფლობელი პირის უფლებრივი მდგომარეობა. დადგენილებით გათვალისწინებული წესის გამოყენების წინაპირობაა ლიცენზიის მფლობელის წერილობითი განცხადება საფასურის გადაანგარიშების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში აშკარაა, რომ დადგენილებით განსაზღვრული წესით უმჯობესდება ლიცენზიის მფლობელის უფლებრივი მდგომარეობა, მცირდება ლიცენზიის საფასური, ამავდროულად, ლიცენზიის საფასურის გაანგარიშების თაობაზე ლიცენზიის მფლობელი პირის წერილობითი პოზიცია უკვე გაცხადებულია 2019 წელს, როდესაც ლიცენზიის მფლობელის შუამდგომლობითვე განისაზღვრა კომისიის მიერ საფასურის გაანგარიშების წესი და მეთოდი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში არსებობს კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N7 დადგენილებით გათვალისწინებული წესის საფუძველზე ლიცენზიის საფასურის გაანგარიშების წინაპირობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: ა) გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შპს „მაგთიკომი“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის ფარგლებში ვალდებულია:
ა) გააგრძელოს მომსახურების მიწოდება ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე ან აქტიური აბონენტების სრულ მიგრაციამდე, ან ქსელის სრულ გათიშვამდე, თუ მისი აღმოხვრა შეუძლებელია კომპანიის ხელთ არსებული ქსელის კომპონენტების მეშვეობით, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფის წუნის შემთხვევაში, კომპანიის შიდა რესურსების მეშვეობით;
ბ) შეინახოს და აბონენტის/აბონენტების მიგრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს აბონენტის/აბონენტების მიგრაციის დამადასტურებელი ინფორმაცია;
გ) წარმოადგინოს ინფორმაცია ქსელის დაზიანების თაობაზე წინამდებარე გადაწყვეტილების დანართ N2-ში მითითებული ცხრილის და პირობების შესაბამისად; პრობლემის მოგვარებიდან 24 საათის განმავლობაში წარმოადგინოს ინფორმაცია პრობლემის მოგვარების თაობაზე პრობლემის გამომწვევი მიზეზის დეტალური მითითებით;“
ბ) გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური, 2020 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 17 ივნისამდე (ლიცენზიის მოქმედების ვადის ბოლომდე) განისაზღვროს - 161,000.00 (ასსამოცდაერთი ათასი) ლარით.“
გ) გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის - 15 172.37 (თხუთმეტი ათას ასსამოცდათორმეტი და ოცდაჩვიდმეტი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა 2021 წლის 31 დეკემბრამდე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
-მიმღები- ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900
-ბანკი-სახელმწიფო ხაზინა
-ბანკის კოდი-TRESGE22
-საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი-N300773402“ დ) გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნას;
ე) გადაწყვეტილების მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე);“
ვ) გადაწყვეტილების დანართი N2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):
ა) კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის ფინანსთა სამინისტროში გაგზავნა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა.
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი მიღებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
