მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ კომისიის 2020 წლის 25 ივნისის გ-20-9 / 559 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2021 14:37
მიღების თარიღი ივლისი 01, 2021
მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ კომისიის 2020 წლის 25 ივნისის გ-20-9 / 559 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში: „კომისია“) მიერ 2021 წლის 27 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება Nგ-21-23/302 „მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ კომისიის 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9 /559 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.“
აღნიშნული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვრა 3 (სამი) თვე. საკითხის ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 1 ივლისი.
კომისიის გ-21-23/302 გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდეგში „კომისია“) შპს „მაგთიკომის“ (2021 წლის
14 მაისის წერილი, კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/2124), სს „სილქნეტის“ (2021 წლის 17 მაისისა და 24 მაისის წერილები, კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/2152 და Nშ-21-6/2285) და შპს „ვიონი საქართველოს“ (2021 წლის 24 მაისის წერილი, კომისიაში რეგისტრაციის Nშ-
21-6/2284) მიერ წარმოდგენილი წერილები, სადაც კომპანიები აფიქსირებენ პოზიციას კომისიის 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9/559 „მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის საჭიროებაზე და ითხოვენ მობილური ქსელით მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განსაზღვრულ მნიშვნალოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებისთვის სატარიფო კონტროლის კუთხით დაკისრებული ვალდებულებების გაუქმებას. კომპანიები
აღნიშნული ცვლილების სამოტივაციოდ სხვა მიზეზთა შორის მიუთითებენ იმ გარემოებებზე, რომლებიც, მათი აზრით, მნიშვნელოვან დამაბრკოლებელ გავლენას ახდენენ სატელეკომუნიკაციო სფეროს და კომპანიების განვითარებაზე, მათ სტაბილურობაზე და საინვესტიციო მიმზიდველობაზე, კერძოდ, ასახელებენ შექმნილ მძიმე ეკონომიკურ გარემოს, ინფლაციას - ეროვნული ვალუტის არსებით გაუფასურებას და Covid-19 პანდემიით გამოწვეულ არსებით ზიანს.
ამასთან, სს „სილქნეტი“ და შპს „ვიონი საქართველო“ დამატებით განმარტავენ, რომ სატელეკომუნიკაციო ოპერატორისათვის საოპერაციო ხარჯების გარკვეული ნაწილი, ხოლო კაპიტალური დანახარჯების დიდი წილი არის უცხოურ ვალუტაში, შესაბამისად, ლარის კურსის ზრდასთან ერთად იზრდება ოპერატორების ხარჯებიც. ასევე, ისინი მიუთითებენ, რომ შექმნილი ეკონომიკური ფაქტორები ნეგატიურ გავლენას ახდენენ კომპანიებში ინვესტიციების მოზიდვის და მე-5 თაობის ქსელების განვითარებაში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაზე. ასევე აღნიშნვენ, რომ Covid-19 პანდემიის შედეგად კერძო კომპანიების დიდი ნაწილის ვირტუალურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლამ გამოიწვია მათი ქსელის დატვირთვის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელთან გამკლავებაც დამატებით საოპერაციო და კაპიტალურ ინვესტიციებს საჭიროებს. აღნიშნული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის პარალელურად სატელეკომუნიკაციო საცალო ბაზრის სატარიფო კონტროლი არ აძლევს საშუალებას კომპანიებს ოპერატიულად განახორციელონ ტარიფების კორექტირება, რაც, მათი აზრით, საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება საქართველოში საკომუნიკაციო მომსახურებების მომხმარებლებზე და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
შესაბამისად, კომისიამ განიხილა კომპანიების მიერ ზემოთაღნიშნულ წერილებში წარმოდგენილი არგუმენტაცია კომისიის 2020 წლის 25 ივნისისს #გ-20-9/559 გადაწყვეტილებაში არსებული სატარიფო კონტროლის ვალდებულებების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნევს დეტალურად შეისწავლოს ის მოცემულობა, რაც შესაძლოა წარმოადგენდეს დარგის განვითარების დამაბრკოლებელ ფაქტორებს და შეაფასოს ამ სფეროს გამოწვევების დასაძლევად რამდენად ეფექტურ ქმედებად შეიძლება იყოს მიჩნეული სატარიფო მოქნილობის უზრუნველყოფა.
ასევე, კომისიას მნიშვნელოვნად მიაჩნია შეფასდეს კომისიის ხელთ არსებული ის მარეგულირებელი მექანიზმები, რომლითაც კომისია 2020 წლის 25 ივნისის #გ-20-9 / 559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ცვლილების შემთხვევაში შეძლებს უზრუნველყოს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გრძელვადიანი და ქმედუნარიანი კონკურენცია, ბოლო მომხმარებლების ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება და არ დაუშვას მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება ან სატარიფო ზეწოლა.
„მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“ კომისიის 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9/559 გადაწყვეტილებით, ასევე 2019 წლის 30 აპრილის N267/9 და N268/9 გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, შპს „მაგთიკომს“, სს „სილქნეტს“ და შპს „ვიონი საქართველოს“ ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაკისრებული აქვთ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:
ა) არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე;
ბ) კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მიხედვით მომზადებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა;
კომისიის 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9/559 გადაწყვეტილების მე-3 მუხლით კი სამივე ოპერატორს ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრათ სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:
ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირი ვალდებულია მის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას დაწესებულმა ტარიფმა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გრძელვადიანი და ქმედუნარიანი კონკურენცია, ბოლო მომხმარებლების ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება, არ დაუშვას მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება ან სატარიფო ზეწოლა.
ბ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დროისთვის მოქმედი ნებისმიერი ტარიფის, პაკეტის ან/და შეთავაზების ცვლილება ან /და გაუქმება (გარდა აქციის ფარგლებში 3 თვეზე ნაკლები ვადით გაკეთებული შეთავაზებებისა) წინასწარ შეათანხმოს კომისიასთან, შესაბამისი დასაბუთებით. ამასთანავე, საჭიროების შემთვევაში, კომისია უფლებამოსილია გამოითხოვოს დასაბუთების ნაწილში შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა და ცვლილებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია. კომისია ვალდებულია მნიშვნიელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების მიერ სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
კომისიის 2020 წლის 25 ივნისის გ-20-9/559 გადაწყვეტილების ფარგლებში მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების ინიცირებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 11 მარტის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის კომისიისთვის მიმართვა შპს „მაგთიკომის“ მიერ დაანონსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის 6 აპრილიდან პაკეტი „მარტივი 25-ის“, რომლის ღირებულებაც იყო 25 ლარი, გააქტიურება აღარ იქნებოდა შესაძლებელი და აბონენტებისთვის შეთავაზებული იქნებოდა პაკეტი „მარტივი 30“, რომლის ღირებულებაც განისაზღვრებოდა 30 ლარს, რაც მომხმარებელთა მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევდა.
კომისიამ შეისწავლა კომპანიების მიერ წარმოდგენილი ზემოთ აღნიშნული წერილები (2021 წლის 14 მაისს შპს „მაგთიკომის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/2124);
2021 წლის 17 მაისსა და 24 მაისს სს „სილქნეტის“ წერილები (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/2152 და Nშ-21-6/2285); 2021 წლის 24 მაისს შპს „ვიონი საქართველოს“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/2284).
კომისიაში 2021 წლის 14 მაისს (კომისიაში რეგისტრაციის #შ-21-6/2124) შემოსულ შპს
„მაგთიკომის“ წერილში, აღნიშნულია საკომუნიკაციო დარგში არსებული გამოწვევები და ის კონკრეტული ქმედებები, რომელიც, მათ დასაძლევად აუცილებელია განხორციელდეს კომისიის მხრიდან. სხვა საკითხთა შორის, შპს „მაგთიკომი“ მიუთითებს, რომ სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებისა და სტაბილურობისთვის, საინვესტიციო მიმზიდველობისა და პანდემიითა და ინფლაციით გამოწვეული ეკონომიკური ფაქტორების დასაძლევად, კომპანიის აზრით, აუცილებელია კომუნიკაციების კომისიამ განახორციელოს საცალო ბაზრის სრული დერეგულაცია (როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული/კორპორატიული პირებისთვის), მათ შორის, გაუქმედეს 2020 წლის 25 ივნისის #გ-20-9/559 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები;
2021 წლის 17 მაისსა და 24 მაისს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/2152 და Nშ-21-6/2285) კომისიაში სს „სილქნეტისგან“ შემოსული წერილში კომპანია აღნიშნავს, რომ კომისიის Nგ-20-9/559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით მობილურ საცალო ბაზარზე მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს დაკისრებული აქვთ სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება, მათ შორის მოქმედ სატარიფო გეგმებსა და პაკეტებში დაგეგმილი ნებისმიერი ცვლილების მარეგულირებელ კომისიასთან წინასწარ შეთანხმების ვალდებულება. კომპანია მიუთითებს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას კომპანია და მიმართავს კომისიას თხოვნით, უზრუნველყოს კომისიის #გ-20-9/559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით შესაბამის პირებზე დაკისრებული ვალდებულების გაუქმება.
კერძოდ, აღნიშნული თხოვნის საფუძვლად კომპანია ასახელებს იმ გარემოებებს, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის სერიოზულ გამოწვევად რჩება ლარის გაცვლითი კურსის ვარდნა, რომლის მიმართ სექტორის მგრძნობელობა ძალიან მაღალია, რაც თავის მხრივ განპირობებულია ა)სექტორის მაღალი კაპექს-ინტენსიურობით (კაპიტალური დანახარჯების წილი შემოსავლების 25%-30% შეადგენს) და ბ) შემოსავლების 95%-ის ეროვნულ ვალუტაში, ხოლო კაპიტალური დანახარჯების 80%-ის და ნაწილი საოპერაციო ხარჯების, ასევე, როგორც კომპანიების მიერ აღებული სესხებისა და მოზიდული ინვესტიციების უდიდესი წილის უცხოურ ვალუტაში ფორმირებით.
ასევე, კომპანია ამავე წერილში აღნიშნავს, რომ Covid-19 პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზიანა როგორც ინდუსტრია, ასევე სს „სილქნეტი“. შექმნილმა კრიზისულმა მდგომარეობამ გამოიწვია კონკრეტული ტიპის მომხმარებელთა (როუმერები და ბიზნეს სექტორი) რაოდნეობის შემცირება და ზეგავლენა იქონია მომხმარებელთა გადახდისუნარიანობაზე; ამასთან, კომპანიების დიდი ნაწილის ვირტუალურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლამ გამოიწვია ქსელის დატვირთვის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელთან გამკლავებაც დამატებით საოპერაციო და კაპიტალურ ინვესტიციებს საჭიროებს, თუმცა ყოველივე აღნიშნული დადებითად არ მოქმედებს შემოსავალზე.
სს „სილქნეტი“ ასევე აღნიშნავს, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის პარალელურად საცალო ბაზრის სატარიფო კონტროლი (რაც შესაძლებლობას არ აძლევს კომპანიებს ოპერატიულად განახორციელონ ტარიფების კორექტირება), ნეგატიურად მოქმედებს, ხოლო მომავალში კრიტიკულ ზეგავლენას იქონიებს არსებული კომპანიების სიცოცხლისუნარიანობაზე, ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობაზე, ფართოზოლოვანი ქსელების განვითარებასა და ახალი, მე-5 თაობის ქსელებში ინვესტიციების განხორციელებაზე, დანერგილი ქსელების ფარგლებში გამტარუნარიანობის შემდგომ ზრდასა და მიწოდებული მომსახურების ხარისხზე (რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება საქართველოს მომხმარებლებზე და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე), შესაბამისად, მიმართავს კომისიას თხოვნით, უზრუნველყოს კომისიის #გ-20-9/559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით მობილური
საცალო მომსახურებების ბაზარზე შესაბამისი პირებისთვის დაკისრებული ვალდებულებების გაუქმება.
ასევე, კომისიაში 2021 წლის 24 მაისის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/2284) წერილში შპს „ვიონი საქართველო“ მიუთითებს, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან, მათ შორის არის ლარის კურსის ვარდნა, რაც არ აძლევს კომპანიას საშუალებას დაგეგმოს ხარჯები, იმის გათვალისწინებით, რომ სატელეკომუნიკაციო ოპერატორისათვის მიმდინარე და კაპიტალური დანახარჯების უმეტესობა არის უცხოურ ვალუტაში, შესაბამისად ეროვნული ვალუტის კურსის ზრდასთან ერთად იზრდება ოპერატორის ხარჯებიც. აგრეთვე, კომპანია მიუთითებს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განზრახული აქვს 5G ტექნოლოგიის ქსელის განვითარების ხელშეწყობა, რაც აგრეთვე დიდ კაპიტალურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და აღნიშნული ხარჯების 90% წარმოადგენს ხარჯს უცხოურ ვალუტაში.
ამავე წერილში შპს „ვიონი საქართველო“ მოუთითებს რომ კომპანიის ხარჯების ზრდა გამოიწვია ელექტროენერგიისა და საწვავის ფასის ზრდამ, კერძოდ, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან განხორციელებულმა ელექტროენერგიის ფასის წინა წლის ფასთან შედარებით 66%-ით ზრდამ, რომელიც არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, კომპანიის აზრით, სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება, კომპანიის ელექტროენერგიის ხარჯების წილი კომპანიის ხარჯებში 6%-დან 10%-მდე გაზარდა, ხოლო საწვავის ფასის გასულ წელთან შედარებით 50%-ით ზრდამ (2 ლარიდან 3 ლარამდე), ძალიან დიდი გავლენა იქონია შპს „ვიონი საქართველოს“ როგორც ქსელის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ, ასევე ტრანსპორტირების ხარჯებზე.
ასევე, კომპანია აღნიშნავს, რომ Covid-19 პანდემიის შედეგად კერძო კომპანიების დიდი ნაწილის ვირტუალურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლამ გამოიწვია მათი ქსელის დატვირთვის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელთან გამკლავებაც დამატებით საოპერაციო და კაპიტალურ ინვესტიციებს საჭიროებს.
შპს „ვიონი საქართველო“ აღნიშნავს, რომ კომისიის Nგ-20-9 / 559 („მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“) გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს დაკისრებული აქვთ ვალებულება მოქმედ სატარიფო გეგმებსა და პაკეტებში დაგეგმილი ნებისმიერი ცვლილების მარეგულირებელ კომისიასთან წინასწარ შეთანხმების შესახებ. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის პარალელურად, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე საცალო ბაზრის სატარიფო კონტროლი შესაძლებლობას არ აძლევს კომპანიებს ოპერატიულად განახორციელონ ტარიფების კორექტირება, რაც უარყოფითად მოქმედებს კომპანიაზე და კომპანიის მიერ განსახორციელებელ ინვესტიციებზე, რაც მომავალში ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს არსებული ქსელის, ტექნოლოგიებისა და 5G ქსელის დანერგვასა და განვითარებაზე, აგრეთვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კომპანიების სიცოცხლისუნარიანობის საკითხსა და ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას შესაბამისად, შპს „ვიონი საქართველო“ მიმართავს კომისიას თხოვნით უზრუნველეყოს კომისიის Nგ-20-9 / 559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით შესაბამის პირებზე დაკისრებული ვალდებულების გაუქმება.
ამასთანავე, მობილური ქსელის ოპერატორი სამივე კომპანია - შპს „მაგთიკომი“, სს„სილქნეტი“ და შპს „ვიონი საქართველო“ ადასტურებენ მზადყოფნას ავტორიზებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში ურთიერთხელსაყრელი პირობებით უზრუნველყონ საკუთარ ქსელთან ვირტუალური მობილური ოპერატორის დაშვებასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია საჭიროდ თვლის შეაფასოს ის ახალი გარემოებები და გამოწვევები ბაზარზე, რაც შეიძლება გახდეს კომისიის 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9/559 გადაწყვეტილებით დაკისრებული სატარიფო კონტროლის გაუქმების საფუძველი და მისცეს ოპერატორებს სატარიფო მოქნილობა ბაზრის მოთხოვნებზე დროული რეაგირებისთვის, ახალ მოცემულობასთან გასამკლავებლად.
პირველი ასეთი ფაქტორი არის Covid 19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტი. პანდემიის გავლენა დიდია სატელეკომუნიკაციო სფეროზე, ისევე როგორც, ეს აისახა მრავალი სხვა დარგის განვითარებაზე მსოფლიოში და ასევე, საქართველოში. სატელეკომუნიკაციო კომპანიები გადამწყვეტ ფუნქციას ასრულებენ პანდემიაზე რეაგირების საქმეში. მნიშვნელოვანია და კრიტიკული კომუნიკაციების როლი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში, ჯანდაცვის მართვის, განათლების, ეკონომიკური განვითარების და კიდევ მრავალი სხვა მიმართულებით. მსგავსი გამოწვევების პირობებში არსებითად მნიშვნელოვანია ოპერატორებმა უზრუნველყონ ქსელის სტაბილურობა და უწყვეტი კავშირი.
სატელეკომუნიკაციო სექტორის ანალიზმა აჩვენა, რომ მთლიანობაში სატელეკომუნიკაციო ბაზარი უფრო მდგრადი აღმოჩნდა პანდემიის მიმართ, ვიდრე სხვა დარგები, თუმცა მისი მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე დიდია მასზე ზეწოლა, მნიშვნელოვნად და მკვეთრად გაიზარდა საკომუნიკაციო მომსახურებების მომხმარება, ინტერნეტის ტრაფიკი და შესაბამისად ოპერატორების ქსელის დატვირთვა და მასთან დაკავშირებული ხარჯები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დამატებითი ტრაფიკის და კონტენტის უმეტესობა საბოლოო მომხმარებლებს შეღავათიანი პირობებით მიეწოდებოდა, მსგავს მკვეთრ ზრდას ადგილი არ ჰქონია ქსელის ოპერატორი კომპანიების შემოსავლებში, განსაკუთრებით მობილური კავშირის სექტორში, ვინაიდან შემცირდა როუმინგული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები ქვეყნებს შორის მიმოსვლის შეზღუდვის გამო და ასევე, მონაცემთა ტრაფიკმა გადაინაცვლა მობილურიდან ფიქსირებულ ქსელებზე (ფიქსირებული ინტერნეტის შიდა/ლოკალური Wi-Fi ქსელით მოხმარება), რამაც ასევე იმოქმედა მონაცემთა გადაცემის მომსახურებიდან მიღებულ შემოსავალზე.
Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის მოკლე და საშუალოვადიანი გავლენა მობილურ ოპერატორებზე დიდია, თუმცა გრძელვადიანი პროგნოზები დამაიმედებელია ტელეკომუნიკაციის სექტორზე სხვადასხვა ინდუსტრიებში ტელეკომუნიკაციის სექტორისადმი გაზრდილი მოთხოვნისა და ნდობის გამო.
მსგავსად მსოფლიო ტენდენციისა, კოვიდ-19-ს დიდი გავლენა აქვს საქართველოში ტელეკომუნიკაციის ბაზარზე. პანდემიის დაწყებიდან მკვეთრად გაიზარდა მობილური ინტერნეტის ტრაფიკი, შესაბამისად მოიმატა გაზრდილი დატვირთვის უზრუნველსაყოფად საჭირო დანარჯებმა, თუმცა აღნიშნული ზრდა შესაბამისად არ ასახულა შემოსავლებზე.
მობილური ინტერნეტ მომსახურება
30
25
20
15
1
-
შემოსავალი (მლნ. ლარი) ტრაფიკი (ათასი ტბ)
ამასთან, 2020 წელს წინა წელთან შედარებით 1.9%-ით შემცირდა მობილური მომსახურებებიდან მიღებული მთლიანი შემოსავლები.
პანდემიის პერიოდში სატელეკომუნიკაციო ოპერატორებმა გამოიჩინეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. მომხმარებლების მხარდასაჭერად მობილურმა ოპერატორებმა გაატარეს რამდენიმე ინიციატივა, მათ შორის შემოიღეს ულიმიტო ინტერნეტის პაკეტები, რაც იყო მობილური ინტერნეტ ტრაფიკის მკვეთრი ზრდის ერთ- ერთი მიზეზი.
მობილურმა ოპერატორებმა ასევე შეძლეს მომსახურების ხარისხის შენარჩუნება, Covid-19- ის გავლენით მობილური ინტერნეტის ტრაფიკის მკვეთრი ზრდის მიუხედავად საქართველოში ინტერნეტის სიჩქარე ოდნავ შეამცირდა, ხარისხზე უმნიშვნელო ეფექტით.
კიდევ ერთი ფაქტორი, რაზეც ოპერატორები აღნიშნულ წერილებში მიუთითებენ, არის ის, რომ სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს Covid-19-ით გამოწვეულ გაზრდილ მოხმარებასთან/დატვირთვასთან გამკლავების პარალელურად უწევთ ამ პერიოდში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ფაქტორებისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებულ ნეგატიურ ეფექტებთან გამკლავება. როგორც სს „სილქნეტი“ და შპს „ვიონი საქართველო“ თავიან წერილებში განმარტავენ, სატელეკომუნიკაციო ოპერატორისათვის საოპერაციო ხარჯების გარკვეული ნაწილი, ხოლო კაპიტალური დანახარჯების დიდი წილი არის ნომინირებული უცხოურ ვალუტაში, შესაბამისად, ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან ერთად იზრდება ოპერატორების ხარჯებიც. ტელეკომ სექტორის/დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე საოპერაციო ხარჯების საშუალოდ 25% და კაპიტალური დანახარჯების საშუალოდ 70% უცხოური ვალუტის მიმართ მგძნობიარეა, რაც ოპერატორებისგან მიღებული ინფორმაციითაც დასტურდება. კომისიამ საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით გააკეთა რაოდენობრივი შეფასება, თუ რა გავლენა აქვს საქართველოში მობილური ოპერატორების (შპს „მაგთიკომი“, სს
„სილქნეტი“ და შპს „ვიონი საქართველო“) დანახარჯებსა და მოგების მაჩვენებელზე ეროვნული ლარის გაუფასურებას. კერძოდ, შეაფასა აღნიშნული ოპერატორების უცხოური ვალუტის მიმართ მგრძნობიარე ხარჯებზე 2019-2020 წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების გავლენა და აღმოჩნდა, რომ სხვა თანაბარ პირობებში სავალუტო რყევებით გამოწვეული დანაკარგის წილი შემოსავლის 1.5 - 4.4%-ს შეადგენს.
კომისია ასევე აღნიშნავს, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში მიმდინარე ტენდენციების კვლდაკვალ 5G ქსელის განვითარება არსებით მნიშვნელობას იძენს. 2021 წლის ბოლომდე კომისია გეგმავს 5G ქსელის აუქციონის გამართვას. ამ მიმართულებით კომისიას უკვე გადადგმული აქვს ქმედითი ნაბიჯები, რაც გამოიხატება სიხშირული რესურსის გამოყოფაში, აუციონის საწყისი ფასის გაანგარიშებაში და პირობების დადგენაში. შესაბამისად, კომპანიები დგანან იმ გამოწვევის წინაშე, რომ მოიზიდონ ინვესტიციები 5G ქსელის განვითარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დანახარჯებისთვის.
აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად მნიშვნელოვანია კომპანიებმა სწორად წარმართონ მობილური მომსახურებების ბაზრის საცალო სეგმენტზე საფასო პოლიტიკა, კერძოდ, ჰქონდეთ მოქნილობა ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭიროებისამებრ დროული და ეფექტური რეაგირებისთვის.
სექტორის გამოწვევებზე რეაგირებასთან ერთად, მნიშვნელოვანია კომისიამ განახორციელოს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამოცანების შესრულება, რაც გულისხმობს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
აღნიშნულთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია კომისიამ შეაფასოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმები, რომლებსაც გამოიყენებს 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9 / 559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში.
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ კომისიის Nგ-20-9 / 559, ხოლო შპს „მაგთიკომს“ და სს „სილქნეტს“ 2019 წლის 30 აპრილის N267/9 და N268/9 გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, დაკისრებული აქვთ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობებით:
ა) არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე;
ბ) კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მიხედვით მომზადებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა;
ამასთან აღვნიშნავთ, რომ მრავალ ევროპულ ქვეყანაში საცალო სატარიფო კონტროლის გაუქმების საფუძველი სწორედ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების(MVNO) დაშვება და MVNO ბაზრის სეგმენტის განვითარება გახდა. სწორედ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების დაშვებით მოხდა ევროპის სატელეკომუნიკაციო ბაზრების ლიბერალიზაცია და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესება, რაც თავის მხრივ აისახა მომხმარებლისთვის მობილური საცალო მომსახურებების ლიბერალურ სატარიფო განაკვეთებზე. ზემოთ აღნიშნულ წერილებში სს „სილქნეტი“ და შპს „ვიონი საქართველო“ ადასტურებენ მზადყოფნას ავტორიზებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში ურთიერთხელსაყრელი პირობებით უზრუნველყონ საკუთარ ქსელთან ვირტუალური მობილური ოპერატორის დაშვებასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც კომისიის აზრით იქნება კიდევ ერთი ხელშემწყობი პირობა ბაზარზე კონკურენტული გარემოს უზრუნველსაყოფად.
ამჟამად 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9 / 559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპანიებს აქვთ ვალდებულება კომისიასთან წინასწარ შეათანხმონ სატარიფო ცვლილებები, კერძოდ, „მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დროისთვის მოქმედი ნებისმიერი ტარიფის, პაკეტის ან/და შეთავაზების ცვლილება ან /და გაუქმება (გარდა აქციის ფარგლებში 3 თვეზე ნაკლები ვადით გაკეთებული შეთავაზებებისა) წინასწარ შეათანხმოს კომისიასთან, შესაბამისი დასაბუთებით. ამასთანავე, საჭიროების შემთვევაში, კომისია უფლებამოსილია გამოითხოვოს დასაბუთების ნაწილში შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა და ცვლილებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია. კომისია ვალდებულია მნიშვნიელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების მიერ სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“. რაც შეიძლება განვიხილოთ, როგორც დამაბრკოლებელი გარემოება და შემაფერხებელი ფაქტორი ბაზარის მოთხოვნების შესაბამისად დაუყოვნებელი და დროული რეაგირების თვალსაზრისით.
ის გარემოება, რომ საქართველოს მობილურ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კვლავ რჩება სამი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი და ამასთან, აღნიშნული კომპანიების საბაზრო წილები ერთწლიან პერიოდში, 2020 წლის პირველი კვარტლიდან
2021 წლის პირველ კვარტლამდე, უმნიშვნელოდ შეიცვალა, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ გასულ წელთან შედარებით ბაზარზე კონკურენტული გარემო არსებითად არ შეცვლილა.
ბაზრის წილი შემოსავლების მიხედვით
I კვ. 2021
|
|||||||||||||||||||||||||
I კვ. 2020
0.0% 20.0% 40.0% 60.0% 80.0% 100.0%
მაგთიკომი სილქნეტი ვიონი საქართველო
2021 წლის 3 ივნისს კომისიის ვებ-გვერდზე საჯარო-ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოქვეყნდა გადაწყვეტილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა კომისიის 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9 / 559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის მხოლოდ„ბ“ ქვეპუნქტის გაუქმებას.
გამოქვეყნებულ პროექტთან დაკავშირებით კომისიაში წერილობითი პოზიცია წარმოადგინეს შპს „მაგთიკომმა“ და სს „სილქნეტმა“.
2021 წლის 16 ივნისს შემოვიდა სს „სილქნეტის“ წერილი #2637/05-8 (კომისიაში რეგისტრაციის #შ-21-6/2625), რომლითაც სს „სილქნეტმა“ მიმართა კომისიას გაითვალისწინოს კომპანიის მიერ კომისიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი დასაბუთებული წინადადება და 2021 წლის 1 ივლისის დანიშნულ ზეპირ მოსმენაზე განიხილოს 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9 / 559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გაუქმების საკითხი.
2021 წლის 29 ივნისს შპს „მაგთიკომმა“ კომისიაში წარმოადგინა წერილი, #ED-21/06/29-007 (კომისიაში რეგისტრაციის შ-21-6/2625), რომლითაც კიდევ ერთხელ მიმართა კომისიას სრულად გააუქმოს 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9 / 559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი.
კომისიამ აღნიშულ წერილებზე პასუხად კომპანიებს დაუდასტურა (შპს „მაგთიკომს“ წერილით #გ-21-08/1913, ხოლო სს „სილქნეტს“ წერილით #21/06/2021), რომ კომისია ზეპირი მოსმენის სხდომაზე იმსჯელებდა აღნიშნულ საკითხზე.
ზეპირი მოსმენა გაიმართა 2021 წლის 1 ივლისს. კომისიამ სხდომაზე სიტყვა დაუთმო ოპერატორების წარმომადგენლებს, რომ დაესაბუთებინათ 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9/ 559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გაუქმებაზე გაკეთებული მოთხოვნა, შემდეგ კი თავიანთი აზრი გამოთქვეს კომისიის წევრებმა (ე. იმედაძემ და ვ. აბაშიძემ) და კომისიის თავმჯდომარემ.
ლ. გიორგაძემ, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დააფიქსირა მოსაზრება, რომ 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9/559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შინაარსი ზოგადია და სუბიექტური მიდგომის საშუალებას იძლევა და სასურველია საცალო ბაზარზე არ არსებობდეს ისეთი ვალდებულება, რომელიც ბაზრის მოთამაშეებს არ მისცემს სწორად დაგეგმვის საშუალებას. ამასთან, ოპერატორის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას დაწესებულმა ტარიფმა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გრძელვადიანი და ქმედუნარიანი კონკურენცია“ - ეს ფრაზა გაუგებარია და კარგი იქნება, თუ კომისია სრულად გააუქმებს 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9/559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტს.
ლ. ბუჩუკურმა, სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სს „სილქნეტის“ მოთხოვნაა მთლიანად გაუქმდეს 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9/559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი. მათი აზრით, საცალო ტარიფების რეგულირება არ მოდის შესაბამისობაში ევროპულ რეგულაციასთან. არ არსებობს, არც წარსულში იყო და არც მომავალში იქნება ასეთი რეგულაციის არსებობის საჭიროება. მან იმედი გამოთქვა, რომ კომისია გაიზიარებს ყველა ოპერატორის ერთობლივ პოზიციას;
ი. ესართიამ, შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მიზანშეწონილი იქნება 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9/559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის მთლიანად გაუქმება. ასევე დააფიქსირა, რომ გასაგებია, ის მიზანი, თუ რატომ სურს კომისიას გადაწყვეტილებაში 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9/559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დატოვება - არ მოხდეს არაგონივრული ტარიფების შემოღება, თუმცა, აღნიშნა, რომ კომისიას ამ სამართლებრივი აქტის გარეშეც აქვს მექანიზმები მიიღოს შესაბამისი ზომები. შესაბამისად, შპს „ვიონი საქართველოც“ პოზიციაა, რომ უფრო სწორი იქნება 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9/559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის მთლიანად გაუქმება;
ე. იმედაძემ, კომისიის წევრმა, აღნიშნა, რომ მისი სურვილი იყო მოესმინა ოპერატორების პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო „ა“ პუნქტის გაუქმების დამაბრკოლებელი გარემოება, თუმცა ეს პოზიცია ვერ მოისმინა.
მან აღნიშნა, რომ 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9/559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ძირითადი მიზანია უზრუნველყოფილი იყოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას ბოლო მომხმარებლების ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება და არ დაუშვას მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება ან სატარიფო ზეწოლა - ეს არის ის მთავარი პრინციპი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ ოპერატორებმა. ამ ამოცანის შესრულებას სუბსიდირების აკრძალვის ნაწილში ემსახურება ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებისთვის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების წარმოდგენის ვალდებულებაც.
ე. იმედაძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ ოპერატორებს დამაბრკოლებლად მიაჩნიათ სატარიფო კონტროლის ვალდებულების „ა“ პუნქტი, ასეთ შემთხვევაში კომისიამ უნდა შეაფასოს, რამდენად არსებობს ახალი მექანიზმები, ან განსხვავებული საშუალებები იმისთვის, რომ კომუნიკაციების კომისიამ, როგორც დარგის მარეგულირებელმა, მისთვის განსაზღვრული ფუნქციების და ამოცანების ფარგლებში კვლავაც უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანი და სატარიფო ხელმისაწვდომობა.
მან ასევე ისაუბრა, იმ ახალ მოცემულობაზე და ქმედით მექანიზმებზე, რომელიც „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (დოკუმენტის ნომერი: 7126-Iს) საქართველოს კანონის შესაბამისად ამოქმედდა, და სექტორულ მარეგულირებლებს შესაძლებლობას აძლევს იხელმძღვანელონ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტებით, ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის განხილვისას. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიაში მიმდინარეობს„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და მის საფუძველზე, კომისიას 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9/559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ჩამნაცვლებელ მექანიზმად ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მექანიზმები, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მომსახურების მიმწოდებელი სუბიექტების მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში. კერძოდ, ისეთი ქმედებებისას როგორიცაა მომსახურების ბაზრის მომხმარებლის ინტერესების საზიანოდ შეზღუდვა.
ვ. აბაშიძემ, კომისიის წევრმა ისაუბრა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგომ ახალი, მკაფიო ინსტრუმენტების გაჩენის შესახებ. ასევე დაეთანხმა კომპანიების წარმომადგენლებს, რომ 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9/559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, აღსრულების კუთხით გარკვეულ ბუნდოვანებას შეიცავს და აღნიშნა, რომ იმ მოცემულობის პირობებში, როდესაც არსებობს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი ახალი რედაქციით, მხარს დაუჭერს კომისიას 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9/559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის სრულად გაუქმებას;
კ. ბექაურმა, კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, მობილური მომსახურებების და მითუმეტეს ფიქსირებული მომსახურებების ბაზარზე კონკურენცია არ არის სასურველ დონეზე, თუმცა ამას აქვს მეორე მხარე, რაც დაფიქსირებულია ოპერატორების მიერ კომისიისთვის წარდგენილ წერილებში, რომელშიც მათ სურვილი გამოთქვეს კომისიას გადაეხედა 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9/559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები. კომისიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მათ მიერ წამოჭრილი პრობლემური ფაქტორები რეალურად არსებობს და ყურადსაღებია, რის გამოც მიზანშეწონილია ოპერატორებს გაეზარდოთ სატარიფო მოქნილობა ბაზრის მოთხოვნებზე დროული და ეფექტური რეაგირებისთვის, თუმცა, იმ დათქმით და პირობებით, რომ კომისია მუდმივად ადევნებს თვალყურს ბაზარზე არსებულ მდგომარეობას და კონკურენტულ გარემოს. კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები ეყრდნობა ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას და ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სრულად ჰარმონიზებულია ევროპულ კანონმდებლობასთან. კანონის ახალმა რედაქციამ კომისიას გაუჩინა რეაგირების ახალი მექანიზმები სატელეკომუნიკაციო ბაზარზე დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში.
კომისიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ კომისია ახორციელებს აქტივობებს იმ მიზნით რომ კონკურენცია გაიზარდოს როგორც მობილური, ისე ფიქსირებული კომუნიკაციების ბაზარზე, კერძოდ, ეს არის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა ნაწილი უკვე მიღებულია. კერძოდ, ეს არის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებისთვის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების წარმოდგენის ვალდებულების დაკისრება და ფიქსირებული კომუნიკაციების ნაწილში დაშვების ვალდებულება. ასევე, არის კიდევ განსახორციელებელი აქტივობები, რაც ორივე, როგორც მობილური, ასევე ფიქსირებული მომსახურებების ბაზარზე კონკურენციის ზრდას შეუწყობს ხელს. ბაზარზე უნდა გამოჩნდნენ ოპერატორები, რომლებიც ქსელის მფლობელი ოპერატორების ქსელის გამოყენებით, ბარიერების გარეშე შეძლებენ მომსახურების მიწოდებას. თავის მხრივ, ქსელის მფლობელი ოპერატორებიც გამოთქვამენ მზაობას, რომ გახსნიან ბაზარს ვირტუალური ოპერატორებისთვის, არ შექმნიან ხელოვნურ ბარიერებს და შევლენ მათთან პირდაპირ კომერციულ მოლაპარაკებებში. კომისია დააკვირდება ამ პროცესს და შესაბამის აქტივობებს განახორციელებს.
კომისიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ კომისიას აქვს ქმედითი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ბაზარზე არსებული მდგომარეობა, რომელიც კონკურენციის კუთხით ნამდვილად შორსაა სასურველისგან, გაუმჯობესდეს და, მეორე მხრივ, ოპერატორებმა გარკვეული მოქნილობა შეინარჩუნონ საცალო ბაზარზე და შეძლონ ზემოთ აღნიშნულ პრობლემებთან გამკლავება და ამასთან, მოახდინონ სათანადო რეაგირება ბაზრის ახალ გამოწვევებზე. უახლოეს მომავალში იგეგმება 5G ტექნოლოგიის დანერგვა, რომელსაც სერიოზული სახსრების მობილიზება სჭირდება. შესაბამისად, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, კომისია მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დადგა 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9/559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გაუქმების საჭიროება. ამასთან, ოპერატორების მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც ეხება „ა“ ქვეპუნქტის, ანუ მთლიანად მე-3 პუნქტის გაუქმებას, კომისიამ იმსჯელა ამ ნაწილზეც, ჩამოაყალიბა ხედვა და მოსაზრება, რომ შესაძლებლად მიაჩნია 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9/559 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის სრულად გაუქმება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-63-ე მუხლებისა და ამავე კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება „მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“ კომისიის 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9/559 გადაწყვეტილებაში და ძალადაკარგულად გამოცხადდეს გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი;
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“, სს „სილქნეტისთვის“ და შპს „ვიონი საქართველოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარეებისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
