არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,მედიააკადემიის“ წესდების ცვლილების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 19, 2021 17:43
მიღების თარიღი ნოემბერი 11, 2021
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,მედიააკადემიის“ წესდების ცვლილების თაობაზე
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე კომისიისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულების მიზნით, კერძოდ, საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის კვლევების ჩატარების, საზოგადოების სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისა და სხვა ჯგუფებისათვის, სპეციალური სასწავლო კურსების ჩატარების/პროგრამების განხორციელების მიზნით, კომისიამ 2018 წლის 2 აგვისტოს N455/22 გადაწყვეტილებით, დააფუძნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მედიააკადემია“ და მიიღო ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ წესდება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია კომისიის ბიუჯეტიდან გამოყოს შესაბამისი თანხები, მოიპოვოს გრანტები და დაფინანსების სხვა წყაროები, აგრეთვე კომისიის ბიუჯეტიდან დააფინანსოს მედიაწიგნიერების ხელშეწყობის პროგრამები/პროექტები.
ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აკადემიის ქონება იქმნება დამფუძნებლის დაფინანსების, შემოწირულობების, გრანტების, დამხმარე სამეწარმეო საქმიანობითა და სხვა კანონიერი გზით მიღებული შემოსავლებისაგან. კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ გარდა დაფინანსებისა, საჭიროების შემთხვევაში, ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ პროგრამებისა და პროექტების ხელშეწყობის მიზნით, განახორციელოს ა(ა)იპ „მედიააკადემიისთვის“ ქონების გადაცემა და შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ წესდებაში.
ცვლილება განხორციელდება და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდება ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ წესდების მე-5 მუხლში (აღმასრულებელი დირექტორი) აღმასრულებელ დირექტორთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტისა და 141 მუხლის შესაბამისად, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის რ) ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 25-ე - 29-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე და 56-ე მუხლებისა და VII თავის შესაბამისად, კომისიამ ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,მედიააკადემიის“ წესდებაში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
2. დაევალოს ა(ა)იპ „მედიააკადემიას“, წესდების ახალი რედაქციის რეგისტრაციაში გატარების მიზნით, დოკუმენტაციის სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარდგენა (შ.შავერდაშვილი);
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი