კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 05, 2021 17:40
მიღების თარიღი აპრილი 01, 2021
კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს რომ 2020 წლის მაისში კომისიის მიერ შემუშავდა და კომისიის ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) საკონსულტაციოდ გამოქვეყნდა სტრატეგიის პროექტი - კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების თაობაზე. დოკუმენტი ასევე გაეგზავნა რადიომაუწყებლებს შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოსადგენად.
შემუშავებული დოკუმენტი განსაზღვრავს კომისიის ხედვას კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადებასთან დაკავშირებით. მისი დამტკიცებით კომისია მიზნად ისახავს უზრუნველყოს ამოწურვადი სიხშირული რესურსის მაქსიმალურად ეფექტურად, რაციონალურად, ოპტიმალურად გამოყენება და ასევე კონკურსების გამოცხადებასთან დაკავშირებით კომისიის გეგმების, ხედვის და მიზნების გაცნობა დაინტერესებული მხარეებისთვის.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI და VII თავების შესაბამისად კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტრატეგია კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების თაობაზე“ თანდართული სახით;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. შოვნაძე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ამ გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი