წვდომის მენიუ

„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-21-23 / 262

გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2021 16:15

მიღების თარიღი აპრილი 29, 2021

ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

კომუნიკაციების კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ იგეგმება   „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანა. ცვლილება შეეხება მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირების სააბონენტო ნომრების პორტირების წესს. „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის შესახებ“ დებულებაში შესაბამისი   ცვლილებების განხორციელების შემდგომ, მობილურ სატელეფონო ქსელში პორტირების პროცესი საქართველოში გახდება ავტომატიზირებული, რაც გაუადვილებს მომხმარებლებს განახორციელოს პორტირება მომსახურების მიმწოდებლის ოფისში მიუსვლელად. ამასთან პორტირების პროცესის გამარტივება თავის მხრივ ხელს შეუწყობს კონკურენციის გაზრდას, რაც დადებითად აისახება მომხმარებლებზე. გამატივებული პორტირების დანერგვის შემდგომ, პორტირების მსურველი დონორ ოპერატორთან განაცხადს დააფიქსირებს მოკლე ტექტური შეტყობინების საშუალებით, რისთვისაც აუცილებელია მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს მიენიჭოს ტექსტური შეტყობინების ერთიანი ნომრით სარგებლობის უფლება (99999).

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილების „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ თანახმად,   9XXXX ფორმატის ნომრები განკუთვნილია მოკლე ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების გასაგზავნად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად კომისიის სამართლებრივი აქტები განისაზღვრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,„კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება ამ კანონის,   „ეროვნული მარეგულირებელი  ორგანოების  შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებისა  და  სხვა  საკანონმდებლო  აქტების საფუძველზე,   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით   დადგენილი წესით.“

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები.“ ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.“„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად „ნორმატიული აქტის ცვლილების მომზადება, მიღება (გამოცემა) და ძალაში შესვლა ხდება იმ ნორმატიული აქტის მომზადების, მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისთვის დადგენილი წესით, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება.“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების, 63-ე მუხლის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  დაიწყოს  საჯარო  ადმინისტრაციული  წარმოება  ,,ნუმერაციის  რესურსის  გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;

2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2021 წლის 17 ივნისს, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ო.ვოტ)

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და დადგენილების პროექტის კომისიის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   ინტერნეტში   (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექმოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე         წევრი

ეკატერინე იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე       წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები