წვდომის მენიუ

სს „მედია ჰოლდინგის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ თ.მურღულიას საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

ნომერი: გ-21-23 / 287

გამოქვეყნების თარიღი მაისი 27, 2021 14:54

მიღების თარიღი მაისი 20, 2021

სს „მედია ჰოლდინგის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ თ.მურღულიას საჩივრის  განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ელენე მიროტაძემ (კომისიაში რეგისტრაციის N21-10-822 14.05.2021).  აღნიშნული   წერილობითი   მიმართვიდან   ირკვევა,   რომ   მომხმარებელთა ინტერესების    საზოგადოებრივ დამცველს (შემდგომში ,,საზოგადოებრივი დამცველი“)  საჩივრით (Nშ-21-9/2109 14.05.21) მიმართა ფიზიკურმა პირმა თ.მურღულიამ სს      ,,მედია    ჰოლდინგის“  სამაუწყებლო  არხი  -  „კომედი არხის“  მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების ნიშანდების წესების დარღვევით ჩვენების გამო.

თ.მურღულიას საჩივრის თანახმად, სამაუწყებლო არხის -„კომედი არხის“ ეთერში 2021 წლის  8 მაისს 21:30 საათზე, განთავსდა გადაცემა  ანეგდოტები, სადაც გამოყენებული იყო უხამსი სიტყვები და გადაცემას არ ჰქონდა ნიშანდება.

თ.მურღულია ითხოვს მაუწყებლის დაჯარიმებას, ან გადაცემის წამყვანის ნ.არაბიძის მიერ საჯარო ბოდიშის მოხდას.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561   მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მაუწყებელს ეკრძალება 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამის სამაუწყებლო ბადეში განთავსება 6-24 საათის პერიოდში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „მედია ჰოლდინგის“ მიმართ, ფიზიკურ პირ თ.მურღულიას საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2021 წლის 20 მაისს, რის თაობაზეც შეტყობინებებით   ეცნობა ფიზიკურ პირ თ.მურღულიას, საჩივრებში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ასევე ეცნობა სს ,,მედია ჰოლდინგს“. საჩივრის  ავტორს  ასევე,  ეთხოვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლისა და შვილის დაბადების მოწმობის ასლის კომისიაში წარმოდგენა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

კომისიის 2021 წლის 20 მაისის დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდნენ საჩივრის ავტორი თ.მურღულია და სს „მედია ჰოლდინგის“ წარმომადგენელი ს.ჭელიძე, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს თ.მურღულიას საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით.

II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით, ხოლო მე-11 ნაწილის თანახმად, მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

2. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის თანახმად, ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია არის ძალადობის ან დანაშაულის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია, სექსუალური შინაარსის ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდას ან რომელშიც ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი;

3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება; ამავე მუხლის კ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს, ხოლო 21-ე პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით;

5.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14  მუხლის მე-3 პუნქტისა  და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“   45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას და იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.

6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561   მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562   მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით: ა)18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე; ბ) 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე; გ) 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე; დ) 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე;

7. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

8. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561 ან 562  მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილოს შესაბამისი დარღვევის საკითხი;

9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  177-ე მუხლის  მე-4  ნაწილის შესაბამისად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული   ადმინისტრაციული   ორგანოს   გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.

კომისია აღნიშნავს, რომ თ.მურღულია ასაჩივრებს მაუწყებლის, კერძოდ, სს „მედია ჰოლდინგის“ სამაუწყებლო არხი - ,,კომედი არხის“ მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის ეთერში განთავსებას შესაბამისი ნიშანდების გარეშე.

კომისიამ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა განსაზღვროს წარმოადგენს თუ არა სადაო საკითხი კომისიის რეგულირების სფეროს და წარმოადგენს თუ არა საჩივრის ავტორი  დაინტერესებულ    პირს    „მაუწყებლობის    შესახებ“    საქართველოს    კანონის შესაბამისად.

მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვის ზოგად წესებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებების კოდექსი“, რომლის მიხედვით ბავშვისთვის საფრთხის შემცველი  ინფორმაციისგან ბავშვის  დაცვას  ზედამხედველობს  კომისია  (იხ. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლი). „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების დროით შეზღუდვებს, ხოლო 562 მუხლი განსაზღვრავს არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების კატეგორიებს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის   ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი      შეიძლება    იყოს    არასრულწლოვანი    პირის    მშობელი  ან  სხვა კანონიერი წარმომადგენელი.

საჩივრის ავტორის თ.მურღულიას მიერ წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შვილის დაბადების მოწმობის საფუძველზე დგინდება, რომ იგი წარმოადგენს დაინტერესებულ პირს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მას აქვს უფლება საჩივრით მიმართოს კომისიას და მოითხოვოს მაუწყებლის მიმართ შესაბამისი ზომების მიღება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება სს „მედია ჰოლდინგის“ წინააღმდეგ თ.მურღულიას საჩივრის განხილვის მიზნით.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური   მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს უნდა დაევალოს თ.მურღულიას საჩივარში მითითებულ პროგრამასთან დაკავშირებით დასკვნის წარმოდგენა.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-14 მუხლის, 561 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   დაიწყოს   ფორმალური   ადმინისტრაციული   წარმოება   სს   „მედია   ჰოლდინგის“ (სამაუწყებლო არხი „კომედი არხი“) წინააღმდეგ თ.მურღულიას საჩივრის (Nშ-21-9/2109 14.05.21)  განხილვის მიზნით;

2. თ.მურღულიას საჩივრის განხილვის მიზნით ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2021 წლის 3 ივნისს 15:00 საათზე;

3. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს დაევალოს თ.მურღულიას საჩივარში მითითებული პროგრამის შესწავლა და დასკვნის წარმოდგენა 2021 წლის 31 მაისამდე;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge);

ბ)  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის   სს   „მედია   ჰოლდინგისთვის“   საჩივრის ავტორისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება  ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებიდან;

6.   გადაწყვეტილება   ცალკე   გასაჩივრებას   არ ექვემდებარება;

7.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს    კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი.ბუთბაია).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე         თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე        წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები