სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ შ.შოთაძის საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 27, 2021 15:34
მიღების თარიღი მაისი 20, 2021
სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ შ.შოთაძის საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ შოთა შოთაძემ კომისიას სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ საჩივრით (შ-21-9/1743, 16.04.2021) მიმართა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სს ,,სილქნეტი“ არღვევს ,,ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ (შემდგომში - რეგლამენტი) 24-ე მუხლს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, გაფრთხილებით განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ, დააჯარიმოს მომხმარებელი სააბონენტო გადასახდელის ან/და წუთობრივი მომსახურების საფასურის გადაუხდელობისათვის ან/და განვადების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს გადასახდელი საფასურის ოდენობის 20%-ს.
საჩივარში მითითებულია, რომ სს ,,სილქნეტის“ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდების სტანდარტული სააბონენტო ხელშეკრულების (ფიზიკური პირი აბონენტებისთვის) (შემდგომში - ხელშეკრულება) 7.1.4. პუნქტის შესაბამისად, აბონენტი ვალდებულია მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მიღებული მომსახურება და არ დაუშვას კომპანიისაგან მიღებული მომსახურების შემდგომი გადაყიდვა პირდაპირი ან ირიბი ფორმით (მაგალითად, აბონენტების აყვანა ან სხვ.)/ან ნებისმიერი სხვა ფორმით გადაცემა მესამე პირზე; აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართზე განთავსებული უძრავი ნივთი გაქირავებულია და გამქირავებელს დამქირავებლისთვის გადაცემული აქვს მომსახურების მიღების უფლება); ამ პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია დააკისროს აბონენტს ჯარიმა, კომპანიისგან მიღებული მომსახურების შემდგომი გადაყიდვის შემთხვევაში - 20000, ხოლო შემდგომი გადაცემის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით და მოითხოვოს კომპანიისთვის მიყენებული ზიანის/ზარალის ანაზღაურება. მომჩივანი აღნიშნავს, რომ რეგლამენტით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეუძლია მომსახურების მიმწოდებელს მომხმარებლის დაჯარიმება და ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა. შესაბამისად, ხელშეკრულების 7.1.4 პუნქტი არღვევს რეგლამენტის 24-ე მუხლს და ხელშეკრულების 1.11. და 7.1.4. პუნქტები კაბალურია. მომჩივანი განმარტავს, რომ სს ,,სილქნეტის“ აბონენტების უმრავლესობა იძულებულია დაარღვიოს ხელშეკრულების 7.1.4 პუნქტი მესამე პირისთვის გადაცემის ნაწილში, ვინაიდან, კაბალური ხელშეკრულებით მხოლოდ აბონენტს აქვს უფლება გამოიყენოს ინტერნეტი და ყველა სხვა პირი, მათ შორის ოჯახის წევრები/სტუმრები, წარმოადგენენ მესამე პირებს და შეუძლებელია და უსამართლობაა ინტერნეტის მესამე პირისთვის გადაცემის შეზღუდვა. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რეგლამენტი, ასევე სხვა კანონები არ უკრძალავენ მომხმარებლებს მესამე პირისთვის ინტერნეტის გადაცემას/გამოყენებას. კანონი მხოლოდ ავტორიზაციის გარეშე საქმიანობას კრძალავს და მხოლოდ კომისიაა ვალდებული კანონის დარღვევაზე რეაგირება მოახდინოს და დააჯარიმოს კანონდამრღვევი. მომჩივანი აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა საზოგადოებრივი დამცველი და კომუნიკაციების კომისია ვალდებულია მომხმარებლები დაიცვას მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებული კომპანიების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან და კაბალური ხელშეკრულებისაგან და ითხოვს საჩივრის განხილვას ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით საჯარო ადმინისტრაციული წესით და სს ,,სილქნეტის“ ხელშეკრულების უკანონო და კაბალური მუხლების გაუქმებას.
2021 წლის 21 აპრილს, შ. შოთაძემ საჩივართან დაკავშირებით კომისიაში წარმოადგინა წერილობითი (შ - 21-9/1800, 21.04.2021) განმარტება, სადაც აღნიშნავს, რომ ის წარმოადგენს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო“ და ,,ჰ9“ ქვეპუნქტების შესაბამისად მომხმარებელს/ბოლო მომხმარებელს, ვინაიდან, განზრახული აქვს გამოიყენოს სს ,,სილქნეტის“ საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება და გახდეს აბონენტი. მას არ სურს სს ,,სილქნეტის“ კაბალურ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, დაარღვიოს და მერე დაიწყოს ხელშეკრულების პირობაზე დავა. შ. შოთაძე, ასევე განმარტავს, რომ საჩივრის დასაშვებობა განხილული უნდა იქნეს კომისიის საჯარო სხდომაზე.
2021 წლის 28 აპრილს, სს ,,სილქნეტმა“ წარმოადგინა წერილობითი პოზიცია, სადაც აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტის“ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ სააბონენტო ხელშეკრულების N2 დანართის 7.1.4. ქვეპუნქტით განსაზღვრულია შემდეგი პირობა: „7.1.4. მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მიღებული მომსახურება და არ დაუშვას კომპანიისაგან მიღებული მომსახურების შემდგომი გადაყიდვა პირდაპირი ან ირიბი ფორმით (მაგალითად, აბონენტების აყვანა ან სხვ.)/ ან ნებისმიერი სხვა ფორმით გადაცემა მესამე პირზე; აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართზე განთავსებული უძრავი ნივთი გაქირავებულია და გამქირავებელს დამქირავებლისათვის გადაცემული აქვს მომსახურების მიღების უფლება); ამ პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია დააკისროს აბონენტს ჯარიმა, კომპანიისგან მიღებული მომსახურების შემდგომი გადაყიდვის შემთხვევაში - 20000, ხოლო შემდგომი გადაცემის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით და მოითხოვოს კომპანიისთვის მიყენებული ზიანის/ზარალის ანაზღაურება. აღნიშნული ქვეპუნქტის მიზნობრიობასა და მოქმედ კანონმდებლობასთან (მათ შორის რეგლამენტთან) მის შესაბამისობაზე სს „სილქნეტს“ არაერთხელ აქვს მოცემული როგორც ზეპირი, ისე წერილობითი განმარტებები როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აღნიშნულ საკითხთან კავშირში მყოფ დავებთან დაკავშირებით გამართულ სხდომებზე, ისე კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვისაც. მეტიც, იგივე პირის - შოთა შოთაძის 2019 წლის ივლისის განცხადების საფუძველზე, სს „სილქნეტის“ სააბონენტო ხელშეკრულების 7.1.4. ქვეპუნქტის განმარტების საკითხთან დაკავშირებით საქმე წარმოებაში იყო მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში (თან ერთვის უფლებადამცველის სამსახურის 2019 წლის 16 ივლისის მიმართვა და სს „სილქნეტის“ საპასუხო წერილი. დანართები: N1, N2). აღნიშნული წარმოების ფარგლებში, მოქალაქე შოთაძეს სხვა სახის პრეტენზია მოცემულ პირობასთან დაკავშირებით არ დაუფიქსირებია და არც კომისიასთან არსებული მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მხრიდან მომხდარა სს „სილქნეტისთვის“ რაიმე სახის დამატებითი მითითების ან რეკომენდაციის გაცემა კომპანიისთვის. სს ,,სილქნეტს“ მიაჩნია, რომ იმავე მხარეებს შორის, იმავე საკითხზე და იმავე საფუძვლით ერთხელ უკვე განხილული საკითხი (არა დავის წარმოების ფორმატში), ახლა უკვე დავის ფორმატში ხელმეორედ არ უნდა იქნას განხილული, ხოლო შოთა შოთაძის ამა წლის 22 აპრილის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან განმცხადებელი არ წარმოადგენს სს „სილქნეტის“ აბონენტს. სს,,სილქნეტი“ განმარტავს, რომ შ. შოთაძის საჩივარში მოყვანილი რეგლამენტის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ლ) ქვეპუნქტით განსაზღვრული მომხმარებლის მომჩივანისეული ინტერპრეტირების შემთხვევაშიც კი, შ. შოთაძე ვერ ჩაითვლება სს „სილქნეტის“ პოტენციურ აბონენტად, რომელსაც გაცხადებული აქვს მომსახურების სს „სილქნეტისაგან“ მიღების სურვილი. შ.შოთაძეს არ მოუმართავს განცხადებით კომპანიისთვის მომსახურების მიღების მიზნით და მასსა და კომპანიას შორის ხელშეკრულების პირობებზე შეუთანხმებლობასა და დავას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, არ იკვეთება მისი არც „სილქნეტის“ მომსახურებებით სარგებლობის ფაქტი და არც მომხმარებლად ყოფნის განზრახულობა. შესაბამისად, საჩივარში ვერ და არ არის მითითებული და დასაბუთებული, თუ რა სახის ზიანი მიადგა ან შესაძლოა მიადგეს განმცხადებელს სს„სილქნეტის“ სააბონენტო ხელშეკრულების აღნიშნული ჩანაწერით ან რა კუთხით დაირღვა მისი უფლებები (და კონკრეტულად რომელი უფლება), მაშინ როცა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის 26-ე მუხლის შესაბამისად, მომხმარებელს საჩივარი მომსახურების გაწევისას ან მომსახურების გაწევით დარღვეული უფლების აღდგენის, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მექანიზმია. აქედან გამომდინარე, სს ,,სილქნეტს“ მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე და 63-ე მუხლების თანახმად, შოთა შოთაძის საჩივრის საუძველზე დავა არ უნდა იქნას განხილული, ხოლო დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ შ. შოთაძის საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 29 აპრილს, 15:00 საათზე. კომისიის სხდომაზე გამოცხადნენ საჩივრის ავტორი შ. შოთაძე და სს ,,სილქნეტის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი კ. ყურაშვილი.
კომისიის 2021 წლის 29 აპრილის სხდომაზე შ. შოთაძემ აღნიშნა, რომ ის არ არის სს„სილქნეტის“ აბონენტი, არის მომხმარებელი. საჩივარი წარმოდგენილია რეგლამენტის დარღვევაზე და არა პირადი ზარალის ანაზღაურებაზე. კანონში განმარტებულია „აბონენტი“ და „მომხმარებელი“. თუ რეგლამენტი ირღვევა, ყველას აქვს საჩივრის შემოტანის უფლება. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ განმარტავს სს ,,სილქნეტი“ ხელშეკრულებას, მთავარია რა წერია ხელშეკრულებაში და რას ნიშნავს ეს ჩანაწერი სამართლებრივად. სს „სილქნეტს“ შეუძლია დღეს სხვაგვარი განმარტება გააკეთოს, ხვალ კი განსხვავებული.
კომისიის 2021 წლის 29 აპრილის სხდომაზე სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელმა კ. ყურაშვილმა აღნიშნა, რომ სს „სილქნეტი“ ყოველთვის ღიაა სააბონენტო ხელშეკრულებაში შეტანილ ნებისმიერ ნორმასთან დაკავშირებით სიცხადე შეიტანოს. ის რედაქცია, რომელიც დღეს არის მოცემული, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურთან ზეპირი კომუნიკაციის საფუძველზე დაკორექტირდა და მასში მოქირავნეები და ა.შ. ჩაიწერა. კონტრაქტში არსად წერია, რომ ოჯახის წევრებმა არ გამოიყენონ კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებული ინტერნეტი და გამოიყენოს მხოლოდ სააბონენტო ხელშეკრულებაზე ხელმომწერმა პირმა. აკრძალვა ეხება მომსახურების გადაყიდვას. როდესაც პირი რეგისტრირებულია ბოლო მომხმარებლად და სააბონენტო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, მომსახურება ავტორიზებადი საქმიანობისთვის არ უნდა გამოიყენოს და მეორე, რისი დაზღვევაც ხდება, არის ის, რომ არა მხოლოდ არ უნდა გადაყიდოს, არამედ არ უნდა გაუნაწილოს ეს მომსახურება ნახევარ სადარბაზოს ან გვერდითი სადარბაზოს მეზობლებს და არ უნდა მიიბას ისინი ამ სერვისებზე. საუბარი არ არის არც ოჯახის წევრებზე, არც სტუმრებზე, არც მომქირავებელზე, დამქირავებელზე და გამქირავებელზე. თუ ეს ნორმა კიდევ უფრო მეტი სიცხადის შეტანას საჭიროებს, კომპანია მზად არის კიდევ ერთხელ იმსჯელოს ამაზე საზოგადოებრივი დამცველის სამსახურთან და კიდევ უფრო დააზუსტოს ნორმის შინაარსი. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურთან სააბონენტო ხელშეკრულების რიგი ნორმების დაზუსტების მიზნით, სს „სილქნეტს“ პერმანენტულად აქვს და ამის შედეგად არაერთი ცვლილებაა შეტანილი სააბონენტო ხელშეკრულებაში, მათ შორის ბატონი შოთაძის მიერ დასახელებული ნორმაც იყო განხილვის საგანი, თუმცა არა დავის ფარგლებში. მისთვის არ არის ცნობილი, საზოგადოებრივმა დამცველმა ბატონი შოთაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო თუ არა ამ საკითხის შესწავლა თუ საკუთარი ინიციატივით (ორივე ქმედების უფლება ჰქონდა), მაგრამ ეს თემა განიხილეს მასთან, იყო წერილობითი კომუნიკაცია და დამატებითი რეკომენდაცია ამ საკითხზე საზოგადოებრივ დამცველს სს „სილქნეტისთვის“ არ მიუცია. სს ,,სილქნეტის” წარმომადგენელმა კ. ყურაშვილმა განმარტა, რომ საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული, ვინაიდან, ბატონი შ. შოთაძე არ ბრძანდება სათანადო მომჩივანი. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისია განიხილავს საჩივრებს საზოგადოებრივი დამცველის ინიციატივის ან აბონენტის/ბოლო მომხმარებლის მომართვის საფუძველზე.
„მომხმარებელი“ განმარტებულია „რეგლამენტით“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით - მომხმარებელი არის ბოლო მომხმარებელი, რომელიც საკუთარი მოხმარებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება. ბატონმა შოთამ ფრაზა - „განზრახული აქვს გამოიყენოს...“ განმარტა იმგვარად, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე და ყველა მოქალაქე, ვინც ტურისტად აპირებს ჩამოსვლას, ანუ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გადაწყვეტს, რომ სს „სილქნეტთან“ გააფორმოს ხელშეკრულება წინასწარ უკვე ხდება კომპანიის მომხმარებელი. ამ ლოგიკით გამოდის, რომ სს „სილქნეტს“ 8 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს. მან განმარტა, რომ აბონენტს საჩივრის დაწერის უფლება გააჩნია მაშინ, როდესაც ირღვევა მისი უფლებები, ანუ მომსახურების მიმწოდებელმა დაარღვია მისი უფლებები ან მიაყენა მას მორალური ან მატერიალური ზიანი. ასე წერია დღეს მოქმედ, ძველი რედაქციის რეგლამენტში. რაც შეეხება მომხმარებელს, როგორც პირს, რომელსაც განზრახული აქვს მომსახურების მიღება, ბუნებრივია, კანონმდებლის ან კომისიის მიერ ვერ იქნება ნაგულისხმევი მსოფლიოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელმაც ოდესმე შეიძლება გადაწყვიტოს სს „სილქნეტის“ მომსახურების მიღება. აქ საუბარია წინარე სახელშეკრულებო ურთიერთობებზე. მაგალითად, ბატონ შოთაძეს მომართული რომ ჰქონდეს სს „სილქნეტისთვის“, რომ განზრახული აქვს მიიღოს კომპანიის სერვისები, კომპანიამ მას წარუდგინა ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებაში ის რაიმეს არ ეთანხმება. ამ შემთხვევაში, ინტერპრეტირებით კიდევ შესაძლებელი იქნებოდა იმის თქმა, რომ აღნიშნული პიროვნება არის პირი, რომელსაც განზრახული აქვს კომპანიის მომსახურების მიღება. ბატონ შოთაძეს არც კი მოუმართავს სს „სილქნეტისთვის“ რაიმე სერვისის მიღების მიზნით სააბონენტო ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით. დღეს, როდესაც ბატონი შოთაძე არ წარმოადგენს არც სააბონენტო ხელშეკრულების მეორე მხარეს, არც აბონენტს, საკითხავია რამდენად არის ის პირი, ოპერატორის ბოლო მომხმარებელი, რომელთა შორის დავის განხილვა კომისიის კომპეტენციაში და უფლებამოსილებებში შედის. საზოგადოებრივი დამცველის მომართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით შეუძლია კომისიას განიხილოს საკითხები, მაგრამ რაც შეეხება დავას მომხმარებელსა და ოპერატორს შორის, როგორც არის დაწყებული მიმდინარე წარმოება ბატონი შოთაძის მოთხოვნით, კომპანიის პოზიციაა, რომ ბატონი შოთაძე არ წარმოადგენს სათანადო მოსარჩელეს, ვინაიდან ის არ არის სს „სილქნეტის“ ბოლო მომხმარებელი, აბონენტი და არც განზრახვა გამოუხატავს, რომ გახდეს სს „სილქნეტის“ სააბონენტო მომსახურების მიმღები პირი. აქედან გამომდინარე და კანონის შესაბამისად, მიაჩნია, რომ დავის ფორმატში აღნიშნული საკითხი არ უნდა განიხილებოდეს და ბატონ შოთაძეს უარი უნდა ეთქვას დავის განხილვის დღის დანიშვნაზე. სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუ ნორმა კიდევ საჭიროებს დაზუსტებას, რათა ის არ ჩანდეს, როგორც კაბალური (ცალსახაა, რომ ნორმა კაბალური არ არის), იყოს უკეთ გასაგები, სს „სილქნეტი“ მზად არის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან კიდევ ერთხელ იმსჯელოს ამ საკითხზე. ბატონი შოთაძე საჩივარში მიუთითებს, რომ სს „სილქნეტის“ მხრიდან დარღვევაა და კაბალურია ნორმა, როდესაც მომსახურების გადასახდელის გადაუხდელობისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტით დაწესებული ჯარიმის ოდენობაზე მაღალი ჯარიმა აქვს დაწესებული, მაგრამ თვითონვე აღნიშნავს საჩივარში, რომ ეს ჯარიმები არ არის სააბონენტო გადასახადის გადაუხდელობის გამო დაწესებული. ამ ნაწილში რეგლამენტი მკაფიო და ხისტია და ზუსტად განსაზღვრავს, რამდენ პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს ჯარიმა, თუ ის უზრუნველყოფის საშუალებად იქნება გამოყენებული. საუბარია ორ შემთხვევაზე, როდესაც ფიზიკური პირი, ბოლო მომხმარებელი პრაქტიკულად ეწევა ავტორიზებულ საქმიანობას, ანუ ბოლო მომხმარებლის ამპლუაში მიღებული მომსახურების გადაყიდვას ან ამ მომსახურების გავრცელებას, რითაც პრაქტიკულად იგივე შედეგი დგება კომპანიისთვის, როდესაც ბოლო მომხმარებლის სამეზობლო ხდება პოტენციური მომხმარებელი. საკუთარი მოხმარება იმას ნიშნავს, რომ ბოლო მომხმარებელმა, არა მხოლოდ ერთმა ფიზიკურმა პირმა, არამედ მისმა ოჯახმა, სადაც ინსტალირებულია მომსახურება და ამ ოჯახში მყოფმა პირებმა უნდა ისარგებლონ სერვისით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,სილქნეტი“ ითხოვს შეწყდეს დავის წარმოება, ვინაიდან ბატონი შოთა შოთაძე არც კანონის და არც რეგლამენტის შესაბამისად არ წარმოადგენს პირს, რომელთანაც დავა უნდა განიხილებოდეს, ვინაიდან ის არ ბრძანდება სს „სილქნეტის“ აბონენტი და არც აბონენტად გახდომის განზრახვა აქვს დაფიქსირებული.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2021 წლის 29 აპრილის სხდომაზე მხარეთა ახსნა- განმარტებების მოსმენის შემდეგ, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვის გაგრძელება კომისიის 2021 წლის 20 მაისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საჩივრის ავტორი შ. შოთაძე და სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელი კ. ყურაშვილი.
II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, აგრეთვე დაკავშირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებთან, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავა განიხილება კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციულ წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა ის განცხადებები და საჩივრები, რომლებიც ეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისიის მიერ განიხილება მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წესით. ამავე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესაბამისად.
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომხმარებელი არის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, ხოლო ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბოლო მომხმარებელი არის მომხმარებელი, რომელიც საკუთარი მოხმარებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებლისათვის. ამავე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აბონენტი არის ბოლო მომხმარებელი, რომელსაც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელთან წინასწარ გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე მიეწოდება საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება.
5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ძ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ან მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან ან რესურსებთან დაშვებული ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს ქსელის ამ ელემენტებით ან რესურსებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, ხოლო ,,ც“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი არის ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ან ქსელის შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფას და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ავტორიზებული პირის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვებას, ასევე მათი გამოყენებით მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას.
კომისია აღნიშნავს, რომ ფიზიკური პირი შ. შოთაძე სადავოდ ხდის ფიზიკური პირი აბონენტებისთვის განკუთვნილ სს ,,სილქნეტის“ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდების სტანდარტული ხელშეკრულების პუნქტების კანონიერებას და მოითხოვს მათ გაუქმებას. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა დადგინდეს წარმოადგენს თუ არა საჩივრის ავტორი მომხმარებელს, ხოლო სს ,,სილქნეტი“ მომსახურების მიმწოდებელს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ასევე, უკავშირდება თუ არა დავის საგნის განხილვა კომისიისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ,,სილქნეტს“ გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების, მათ შორის, ინტერნეტის მომსახურების მიწოდებაზე და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ძ“, ,,ც“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად წარმოადგენს მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირს.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით მომხმარებელი არის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, ხოლო ბოლო მომხმარებელი არის მომხმარებელი, რომელიც საკუთარი მოხმარებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებლისათვის. კანონმდებლობა მომხმარებლის განსაზღვრისას არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ პირებით, რომლებიც უკვე იყენებენ ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებებს. კანონის მიხედვით, მომხმარებლებს ასევე განეკუთვნებიან პირები, რომლებსაც განზრახული აქვთ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიღება. ცხადია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დასაბუთებული უნდა იყოს, რომ საკომუნიკაციო მომსახურების მიღების განზრახვა რეალურია. ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელია, განზრახვის რეალურობის დასასაბუთებლად მოთხოვნილი იყოს იმის დადასტურება, რომ პირი აკმაყოფილებს შესაბამისი საკომუნიკაციო მომსახურების მიღების წინაპირობებს, ან/და პირს დაევალოს წარმოადგინოს ცნობა, რომ მიმართული აქვს მომსახურების მიმწოდებლისთვის შესაბამისი მომსახურების მიღების მოთხოვნით. განსახილველ შემთხვევაში საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მას სურს მიიღოს სს „სილქნეტის“ საერთო სარგებლობის საკომუნიკაციო მომსახურება, თუმცა მომსახურების მიღებაზე უარს აცხადებს იმის გამო, რომ უკანონოდ მიიჩნევს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს. საერთო სარგებლობის საკომუნიკაციო მომსახურება საზოგადოებისათვის შეუზღუდავად ხელმისაწვდომი მომსახურებაა და მის მისაღებად არ არის აუცილებელი რაიმე განსაკუთრებული წინაპირობების დაკმაყოფილება. ამავე დროს, იმ პირობებში, როდესაც მომხმარებელი უკანონოდ მიიჩნევს საერთო სარგებლობის საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების სტანდარტულ პირობებს და მისთვის ცნობილია, რომ მომსახურების მიმწოდებელი არ ცვლის ასეთ პირობებს, არაგონივრული იქნებოდა მომსახურების მიღების განზრახვის დასადასტურებლად მომსახურების მიმწოდებლისთვის მიმართვის ცნობის წარმოდგენის მოთხოვნა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის გარემოებების გათვალისწინებით საჩივრის ავტორი, შ. შოთაძე, რომელიც მიუთითებს, რომ განზრახული აქვს გამოიყენოს სს ,,სილქნეტის“ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, რასაც ვერ ახერხებს, ვინაიდან უკანონოდ მიიჩნევს შესაბამისი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ“ და ,,ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად წარმოადგენს მომხმარებელს.
კომისია აღნიშნავს, რომ მომხმარებელი შ. შოთაძე სადავოდ ხდის მომსახურების მიმწოდებლის - სს ,,სილქნეტის“ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდების სტანდარტული სააბონენტო ხელშეკრულების 7.1.4. პუნქტით განსაზღვრულ მომსახურების მიღების ერთ-ერთ ძირითად წესსა და ვალდებულებას (აღნიშნული პუნქტი გათვალისწინებულია ხელშეკრულების დანართი 2-ის, რომელიც განსაზღვრავს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ძირითად წესს და ვალდებულებას, პუნქტ 7-ში, რომლის სათაურია .„აბონენტისა“ და „კომპანიის“ ძირითადი უფლებები და ვალდებულებები, „მომსახურების“ მიღების/ცვლილების ძირითადი პირობები), რომელიც, მისივე განმარტებით, კაბალური და უკანონოა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში. შესაბამისად, უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ შ. შოთაძის საჩივრის განხილვის მიზნით, ხოლო ზეპირი მოსმენა უნდა გაიმართოს 2021 წლის 3 ივნისს, 15:00 საათზე.
კომისია ვერ გაიზიარებს შ. შოთაძის მოსაზრებას მისი საჩივრის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წესით განხილვასთან დაკავშირებით იმ საფუძვლით, რომ ის ეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს. კომისია აღნიშნავს, რომ სს ,,სილქნეტის“ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ხელშეკრულების 7.1.4. პუნქტის გაუქმებასთან დაკავშირებით სხვა მომხმარებლებისაგან და აბონენტებისაგან კომისიაში განცხადებები ან საჩივრები არ შემოსულა, ამასთან, არც შ. შოთაძეს არ წარმოუდგენია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მომხმარებელთა ფართო წრის ინტერესს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
კომისია ვერ გაიზიარებს სს ,,სილქნეტის“ განცხადებას იმის შესახებ, რომ საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან იმავე მხარეებს შორის, იმავე საკითხზე და იმავე საფუძვლით ერთხელ უკვე იყო განხილული საკითხი საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს თავად ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს ან/და კომისიას ან პირდაპირ სასამართლოს. ამდენად, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად მარეგულირებელ ორგანოსთან მარეგულირებელი კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელება, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, არ ზღუდავს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოსა და მისი აპარატის უფლება-მოვალეობას, დაიცვან მომხმარებლები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კომისია აქვე აღნიშნავს, რომ შ. შოთაძის საჩივარში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიას არ განუხილავს შ. შოთაძესა და სს ,,სილქნეტსა“ შორის დავა და არ მიუღია გადაწყვეტილება. შესაბამისად, არ არსებობს არც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის (ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესი) პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადების (საჩივრის) მიღების შეზღუდვის საფუძვლები, რომლის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის ,,ვ“, ,,ო“, ,,ც“ და ,,ძ“ ქვეპუნქტების, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ შ. შოთაძის საჩივრის განხილვის მიზნით.
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2021 წლის 3 ივნისს, 15:00 საათზე.
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge)
ინტერნეტში გამოქვეყნებისთანავე.
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შ. შოთაძისთვის და სს ,,სილქნეტისთვის“ გაგზავნა და საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ო. ვოტ).
6. აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-3 პუნქტის გარდა) შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
